x
ჰალუცინაციის ტიპები და მათი კლინიკური გამოვლინება

image

ჰალუცინაცია უობიექტო აღქმაა, რომელიც გრძნობათა ორგანოების მიერ ისეთივე ხარისხით განიცდება, როგორც რეალურად არსებული ობიექტის ზემოქმედება. ილუზიისაგან განსხვავებით იგი აღიქმება, როგორც გარე სამყაროს ან პიროვნების სხეულიდან წამოსული იმპულსი. ჰალუცინაციის გაქრობა სურვილზე არ არის დამოკიდებული. ჰალუცინაცია უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვან ფსიქიკურ აშლილობაზე მიუთითებს.ჰალუცინაციებმა შეიძლება ჯანმრთელ ადამიანებშიც იჩინოს თავი, რაც, ჩვეულებრივ, ჩაძინებისას (ჰიპნოგოგიური ჰალუცინაციები) ან გამოღვიძებისას (ჰიპნოპომპიური ჰალუცინაციები) ხდება. ჰალუცინაციის ეს ორი სახეობა შეიძლება მხედველობითიც იყოს და სმენითიც. სმენითი ჰალუცინაციის დროს
ადამიანს ზოგჯერ ისეთი განცდა ეუფლება, რომ მას ვიღაც ეძახის.ამგვარი ჰალუცინაციები გავრცელებულია ნარკოლეფსიის დროს. ზოგიერთ ადამიანს, რომელმაც ახლახან დაკარგა ახლობელი, გარდაცვლილი პიროვნების ჰალუცინაცია აღენიშნება.ჰალუცინაციები შეიძლება დაფიქსირდეს სენსორული დეპრივაციის შემდეგ; პერიფერიული წარმოშობის სიყრუის ან სიბრმავის მქონე ადამიანებთან; ნევროლოგიური დარღვევებისას, რომლებიც გავლენას ახდენს მხედველობითი გადაცემის გზებზე და, აგრეთვე, ეპილეფსიისა და შარლ ბონეს სინდრომის დროს.
ჰალუცინაციები შეიძლება აღვწეროთ მათი სირთულისა და სენსორული
მოდალობების მიხედვით.სირთულის მიხედვით არსებობს მარტივი და რთული ჰალუცინაციები.მარტივი სმენითი ჰალუცინაციის დროს, ადამიანს ესმის ხმაური (მაგ. ჯახუნის ხმები) ან სტვენა, ხოლო რთულის დროს - ხმები ან მუსიკა; მარტივი მხედველობითი ჰალუცინაციის დროს, ადამიანი ხედავს სინათლის გაელვებას, ხოლო რთული დროს -ადამიანების სახეებს ან სხვადასხვა სცენებს. სმენითი ჰალუცინაციების დროს ადამიანს შეიძლება ესმოდეს ხმაური, მუსიკა ან ხმები. ხმები შეიძლება იყოს მკვეთრი ან ბუნდოვანი და მას სიტყვების, ფრაზების ან წინადადებების ფორმა ჰქონდეს. ისინი შეიძლება პირდაპირ პაციენტს მიმართავდნენ (მეორე პირის ჰალუცინაციები)
ან ერთმანეთში საუბრობდნენ და პაციენტს მესამე პირში იხსენიებდნენ (მესამე პირის ჰალუცინაციები). ზოგჯერ პაციენტი ამბობს, რომ ხმებმა წინასწარ იციან ის, რის გაფიქრებასაც ის ცოტა ხნის შემდეგ აპირებს. ზოგჯერ ხმები პაციენტის ფიქრებს პარალელურად ახმოვანებენ ან იმეორებენ იმას, რაც პაციენტმა ცოტა ხნის წინ
გაიფიქრა.მხედველობითი ჰალუცინაციები შეიძლება იყოს მარტივი და რთული, ხოლო ჰალუცინაციის ობიექტის ზომის მიხედვით - ნორმალური ან ანომალიური. ისეთ ჰალუცინაციას, რომლის დროსაც პიროვნებას ჯუჯა ფიგურები ეჩვენება, ზოგჯერ ლილიპუტურს უწოდებენ. ხანდახან პაციენტი აღწერს მხედველობით ჰალუცინაციას, რომლის დროსაც ის რაიმეს ან ვინმეს საკუთარი მხედველობის არის მიღმა, ჩვეულებრივ, თავს უკან ხედავს (ექსტრაკამპინური ჰალუცინაციები).ყნოსვითი და გემოვნებითი ჰალუცინაციები ხშირად ერთად განიცდება. სუნი და გემო უმეტეს შემთხვევაში უსიამოვნოა. ტაქტილური ჰალუცინაციების დროს, რომელსაც ზოგჯერ ჰაპტურ ჰალუცინაციებს უწოდებენ, ადამიანი შეიძლება გრძნობდეს შეხებას, ჩხვლეტას ან დახრჩობას. ზოგჯერ შეიძლება ისეთი შეგრძნება ჰქონდეს, თითქოს მის კანქვეშ რაღაც მოძრაობს, რასაც პაციენტი ტანსაცმლის ქსოვილში დამალულ მწერებს, ჭიებს ან სხვა მცირე ზომის ქმნილებებს მიაწერს. ვისცერალური შეგრძნებების ჰალუცინაციების დროს შეიძლება პაციენტს ეჩვენებოდეს, რომ შინაგანი ორგანოები გაწელილი ან დაბერილი აქვს. ასევე შესაძლოა, აღენიშნებოდეს სასქესო ორგანოების სტიმულაციის
ან ელექტროშოკის შეგრძნებები.აუტოსკოპიური ჰალუცინაციის დროს პაციენტი ხანმოკლე დროის მანძილზე თავის სხეულს ხედავს გარე სივრცეში პროეცირებულად, ჩვეულებრივ, საკუთარი თავის წინ. სენსორული დეპრივაციის დროს ასეთი სახის გამოცდილებას, ხანდახან, ჯანმრთელი ადამიანებიც აღწერენ. ასეთ განცდას სხეულის მიღმა ყოფნის განცდას უწოდებენ. აუტოსკოპიური ჰალუცინაციები ადამიანებს სერიოზული ავარიის ან გული შეტევის შემდეგაც აღენიშნებათ (ორივე შემთხვევაში
ადამიანს ისეთი განცდა აქვს, თითქოს სიკვდილს თვალებში ჩახედა). იშვიათ შემთხვევაში, ასეთი გამოცდილების დროს, პაციენტი შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ მას ორეული ჰყავს. რეფლექტორული ჰალუცინაციები იშვიათი ფენომენია, რომლის დროსაც ერთი რომელიმე მოდალობის სტიმული მეორე მოდალობაში იწვევს ჰალუცინაციას. მაგ., მუსიკამ შეიძლება მხედველობითი ჰალუცინაციები გამოიწვიოს.ჰალუცინაციებს ვხვდებით სხვადასხვა სახის დარღვევებისას,
განსაკუთრებით შიზოფრენიის, მწვავე აფექტური აშლილობის, ორგანული დარღვევებისა და დისოციაციური მდგომარეობების დროს. ამიტომაც, ჰალუცინაციის არსებობის დადგენა თავისთავად დიდად ვერ დაგვეხმარება დიაგნოზის დასმაში.
სმენითი ჰალუცინაციები-დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ნათლად გამოხატული ხმები (და არა ხმაური ან მუსიკა). მესამე პირის ჰალუცინაციები
მჭიდროდ არის დაკავშირებული შიზოფრენიასთან. ასეთი სახის ხმები შეიძლება განიცდებოდეს, როგორც პაციენტის განზრახვათა ან ქმედებათა კომენტარი .გარდა ამისა, ხმებს შეიძლება კრიტიკული შენიშვნების სახეც ჰქონდეთ. მეორე პირის სმენითი ჰალუცინაციები (ხმები, რომლებიც თავად პაციენტს მიმართავენ) არ მიუთითებს რომელიღაც კონკრეტულ დიაგნოზზე, თუმცა მათი შინაარსი და პაციენტის რეაქცია შეიძლება გარკვეულ მინიშნებას იძლეოდეს. მაგ: შეურაცხმყოფელი შინაარის მქონე ხმები მძიმე დეპრესიულ დარღვევაზე მიუთითებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტი ამ შეფასებებს სამართლიანად მიიჩნევს. შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში ასეთი კომენტარები უფრო ხშირად აღშფოთებას იწვევს. შიზოფრენიაზე მიგვანიშნებს ისეთი ხმებიც, რომლებიც წინასწარ განჭვრეტს, ბაძავს ან იმეორებს პაციენტის აზრებს. მხედველობითი ჰალუცინაციები ყოველთვის ზრდის ორგანული
დარღვევების არსებობის ალბათობას. თუმცა, გვხვდება მწვავე აფექტური აშლილობის, შიზოფრენიის და დისოციაციური აშლილობის დროსაც. ვიზუალური ჰალუცინაციის შინაარსი არცთუ ისე მნიშვნელოვანია და ასევე მიუთითებს ორგანული დარღვევების (მაგ., საფეთქლის წილის ეპილეფსიის) არსებობის შესაძლებლობაზე. ყნოსვითი და
გემოვნებითი ჰალუცინაციები იშვიათად გვხვდება. ისინი შეიძლება აღინიშნებოდეს შიზოფრენიის, მძიმე დეპრესიული დარღვევების და საფეთქლის წილის ეპილეფსიის დროს. აგრეთვე, ისეთი სიმსივნის შემთხვევაში, რომელიც გემოვნებით რეცეპტორებზე მოქმედებს. ტაქტილური და სომატური ჰალუცინაციები შიზოფრენიაზე მიგვანიშნებს,
განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი შინაარსი ან ინტერპრეტაცია უცნარია. კანქვეშ მწერების
ცოცვის შეგრძნება (ფორმიკაცია) აქვთ ადამიანებს, რომლებიც ბოროტად იყენებენ კოკაინს.





0
738
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ტაბიძე
ნათია ტაბიძე
738
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0