x
სომატური პათოლოგიით აუხსნელი სომატური სიმპტომები

image
ისეთი სომატური სიმპტომები, რომლებიც მკაფიოდ არ უკავშირდება რომელიმე ფიზიკურ პათოლოგიას, გავრცელებულია როგორც ზოგად პოპულაციაში, ისე სამედიცინო დაწესებულებების პაციენტებში. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმპტომების უმეტესობა დროებითი ხასიათისაა, მათი მცირე ნაწილი დიდ ხანს ნარჩუნდება და პაციენტის დაუძლურებას იწვევს, რაც ხშირი სამედიცინო კონსულტაციების მიზეზი ხდება. ყველაზე ხშირად ეს სიმპტომები გვხვდება შფოთვითი და დეპრესიული აშლილობის დროს, ხოლო ზოგ ვითარებაში პაციენტის მდგომარეობა უფრო სომატოფორმული აშლილობის კრიტერიუმებს შეესაბამება.ამ ტიპის პაციენტებიდან რამდენიმეს აღენიშნება პათომიმიკრიული აშლილობა და ძალიან მცირე ნაწილს _ სიმულაცია. თუმცა, მრავალი ადამიანი, რომელიც აკითხავს ექიმს აუხსნელი სომატური სიმპტომების გამო, არც ერთი ამ აშლილობის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. არადიაგნოსტირებულ შემთხვევებშიც კი, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები ხშირად სიმპტომების მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს, ისევე, როგორც დახმარების ძიების მოტივს. ამის გამო სასარგებლოა ფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენება.სამედიცინო თვალსაზრისით აუხსნელი სიმპტომების აღსაწერად მრავალ ტერმინს იყენებენ, მაგრამ მათგან არც ერთი არ არის ბოლომდე დამაკმაყოფილებელი. ეს ტერმინებია: ისტერია, იპოქონდრია, სომატიზაცია, სომატოფორმული სიმპტომები, ფუნქციონალური სომატოფორმული სიმპტომები და არსებულ დაავადებასთან ახალი დაავადების ფუნქციონალური დაკავშირება.

სომატიზაცია-მოცემული ტერმინი მეოცე საუკუნის დასაწყისში შემოიტანა გერმანელმა ფსიქოანალიტიკოსმა შტეკელმა სხეულებრივი სიმპტომების სახით გამოხატული ემოციური დისტრესის აღსაწერად. მოგვიანებით ამ ტერმინს იყენებდნენ როგორც აშლილობის, ისე მისი გამომწვევი პროცესის აღსანიშნად. ამ ტერმინის დღევანდელი მნიშვნელობა უფრო ფართოა. ის გულისხმობს სხეულებრივი შეგრძნებების სომატურ სიმპტომებად აღქმას და ამის გამო სამედიცინო დახმარების ძიებას; მოცემული ტერმინის მნიშვნელობათა უმეტესობაში განცხადებული ან ნაგულისხმევია შტეკელის საწყისი იდეა, რომლის თანახმად, ფიზიკური სიმპტომები წარმოადგენს ფსიქოპათოლოგიის გამოხატულებას.
ზოგიერთი დეფინიცია უარყოფს შტეკელის შეხედულებას და შემოაქვს
ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც მოითხოვს, რომ ფიზიკურ სიმპტომებს თან ახლდეს შფოთვითი ან გუნებ-განწყობის აშლილობა, რაც სტანდარტული კრიტერიუმების შესაბამისად იქნება დიაგნოსტირებული. თანამედროვე კვლევებით ემოციური დისტრესი და სომატური სიმპტომები პოზიტიურად და არა საპირისპიროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, როგორც იმ შემთხვევაში იქნებოდა, ისინი რომ ძირითადი ფსიქოპათოლოგიის ალტერნატიულ კლინიკურ გამოხატულებას წარმოადგენდნენ. ერთიანი დადგენილი განსაზღვრების არარსებობისა და დაუსაბუთებელი ეტიოლოგიური დაშვებების გამო, ტერმინი "სომატიზაცია" არ არის დამაკმაყოფილებელი.
სომატოფორმული აშლილობა-ეს ტერმინი თავიდან გამოიყენეს DSM-III კლასიფიკაციაში აშლილობათა ისეთი ჯგუფის აღსაწერად, რომელშიც შედიოდა ტრადიციული ფსიქიატრიული კატეგორიები (ისტერია და იპოქონდრია) და ახალი კატეგორიები, სომატიზაციის აშლილობის ჩათვლით.
ფუნქციონალური სომატური სიმპტომები ესაა ტერმინი, რომელსაც მხოლოდ ზოგადი პროფილის ექიმები იყენებენ. ის მიუთითებს სხეულის ფუნქციის დარღვევაზე სტრუქტურული პათოლოგიის გარეშე. ეს ტერმინი შედარებით მისაღებია პაციენტებისთვის, მაგრამ სიტყვა "ფუნქციონალურის" გამოყენება (ორგანულის საპირისპიროდ)არ მიიჩნევა მისაღებად.
სამედიცინო თვალსაზრისით აუხსნელი სიმპტომები-ამ ტერმინის უპირატესობა შემდეგში მდგომარეობს: იგი მხოლოდ და მხოლოდ აღწერს კლინიკურ პრობლემებს და
არანაირ მინიშნებას არ აკეთებს მათ საფუძვლადმდებარე მიზეზებზე. მოცემული ტერმინი გააკრიტიკეს, რადგან ის გულისხმობს, რომ პაციენტის მდგომარეობის გაგება შეუძლებელია.
სამედიცინო თვალსაზრისით აუხსნელი სიმპტომები გავრცელებულია ზოგად პოპულაციასა და პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებების პაციენტებში.
მამაკაცებთან შედარებით, უფრო ხშირად ქალებთან გვხვდება.მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიმპტომების უმეტესობა არ მიიჩნევა სერიოზულად, და ისინი, ჩვეულებრივ, დიდ ხანს არ გასტანს, მათი საგრძნობი უმცირესობა იწვევს დისტრესს და იმას, რომ პაციენტი აცდენს სამსახურს, კონსულტაციისთვის მიმართავს ექიმს, იწყებს მედიკამენტების მიღებას მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული სიმპტომები არ აიხსნება ფიზიკური ხასიათის პათოლოგიით, ამ სიმპტომების მიზეზების შესახებ მაინც არსებობს გარკვეული ინფორმაცია. მათი უმეტესობა აღმოცენდება ნორმალური სხეულებრივი შეგრძნებების მნიშვნელობის მცდარი ინტერპრეტაციის გამო და დაავადების
ნიშნებად აღიქმება. ეს იწვევს ყურადღების კონცენტრაციას ამ შეგრძნებებზე, რაც კიდევ
უფრო აძლიერებს მათთან დაკავშირებულ წუხილს, იწვევს ცუდ წინათგრძნობას და შფოთვას, რაც ხელს უწყობს სიმპტომების შენარჩუნებას. მაგალითად, შფოთვისას ან აღელვებისას გულის ცემის აჩქარების გაცნობიერებამ შეიძლება გამოიწვიოს წუხილი გულის დაავადების თაობაზე, ყოველდღიური აქტივობის შეზღუდვა და მრავალჯერადი გამოკვლევების ჩატარება ექიმებისგან დამაიმედებელი ინფორმაციის მისაღებად. კლინიცისტების მიერ ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა ეხმარება პაციენტს, გაუმკლავდეს ასეთი მცდარი ინტერპრეტაციის შედეგებს.

პრედისპოზიციური ფაქტორები:
შეხედულებები ავადმყოფობის შესახებ აყალიბებს პიროვნების რეაქციას საკუთარ შეგრძნებებსა და სიმპტომებზე. ასეთ შეხედულებებს შეიძლება განაპირობებდეს ცხოვრების ადრეულ ეტაპზე გადატანილი დაავადების გამოცდილება, ავადმყოფობაში ოჯახისა და მეგობრების ჩართულობა, ან დაავადების ის სურათი, რომელსაც მედია წარმოგვიდგენს.
ბავშვობისდროინდელი უარყოფითი გამოცდილება-სამედიცინო
თვალსაზრისით აუხსნელი სიმპტომებისმქონე ზრდასრულ ადამიანებს, ჩვეულებრივ, აქვთ უარყოფითი ბავშვობისდროინდელი გამოცდილება (არასაკმარისი მზრუნველობა მშობლების მხრიდან ან ამა თუ იმ სახის სასტიკი მოპყრობა)
სოციალური მდგომარეობა-სამედიცინო თვალსაზრისით აუხსნელი სიმპტომები დაკავშირებულია ცუდ სოციალურ მდგომარეობასთან და მწვავე ან ქრონიკულ უარყოფით მოვლენებთან;
პერსონოლოგიური მახასიათებლები-სამედიცინო თვალსაზრისით აუხსნელი სიმპტომების მქონე ზოგ ადამიანს ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები მოზარდობიდან ან უფრო ადრეული ასაკიდან აღელვებს, რაც მათ პერსონოლოგიურ მახასიათებლად უნდა ჩაითვალოს.
არსებობს ძალიან მწირი მონცემები სამედიცინო თვალსაზრისით აუხსნელი სიმპტომების მკურნალობის შესახებ. რამდენჯერმე იყო მცდელობა მედიკამენტური მკურნალობისა და კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის გამოყენებისა. ზოგი მათგანი მოხსენიებულია მოცემულ თავში. ნაჩვენებია, რომ ანტიდეპრესანტები შველის სამედიცინო თვალსაზრისით აუხსნელ ზოგიერთ სიმპტომს, მათ შორის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომსა და ფიბრომიალგიას. ფაციალურ ტკივილზე კარგად მოქმედებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. სამედიცინო თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებით რეკომენდებულია აუხსნელი სიმპტომების მქონე ისეთი პაციენტებისთვის, რომელთა სიმპტომებს თან ახლავს აშკარად გამოხატული დეპრესია თუმცა, მოცემული პრეპარატების ეფექტურობა ამ ტიპის პაციენტებით არ შემოიფარგლება. კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია იძლევა საშუალო ხარისხის ეფექტს გულმკერდის არაკარდიალური ტკივილის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს/
ახსნა-განმარტების მიცემა და პაციენტის დარწმუნება. როდესაც სიმპტომები უფრო დიდი ხნის მანძილზეა გამოვლენილი, დარწმუნება და დამშვიდება იშვიათად არის საკმარისი; თუ ჩვენ გავაგრძელებთ პაციენტის დამშვიდებას, ამან შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს მისი სურვილი მოისმინოს უფრო მეტი დამამშვიდებელი არგუმენტი. ფსიქოსოციალურ მიზეზებთან სიმპტომების დასაკავშირებლად უფრო დამაჯერებელი და ეფექტური იქნება დღიურის წარმოება, ვიდრე დამატებითი ახსნა-განმარტების მიცემა.
პროგნოზი დადებითია ახლად გამოვლენილი შედარებით მარტივი შემთხვევების დროს, მაგრამ ის ბევრად უარესია, როდესაც საქმე გვაქვს ქრონიკულ, მრავლობით და განმეორებად შემთხვევებთან.

0
271
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ტაბიძე
ნათია ტაბიძე
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0