x
ამნეზიური სინდრომი

image
ამნეზია არის მეხსიერების დაკარგვა, ხოლო ამნეზიური სინდრომები ან ამნეზიური დაავადებები ისეთი მდგომარეობებია, როდესაც აღინიშნება მეხსიერების სპეციფიკური და პერსისტენტული დარღვევები. DSM-IVში ამნეზიური სინდრომი განმარტებულია, როგორც ეპიზოდური მეხსიერების სპეციფიკური დარღვევა, რომლის დროსაც აღინიშნება ახალი მასალის დასწავლის გაძნელება (ანტეროგრადული ამნეზია) და ძველი მოვლენების გახსენების უუნარობა (რეტროგრადული ამნეზია). ამას თან ახლავს სოციალური და ოკუპაციური ფუნქციონირების გაუარესება; ასევე, სახეზეა ზოგადი სამედიცინო პრობლემა, რომელიც კავშირშია მეხსიერების დაქვეითებასთან. დემენციისგან განსხვავებით, ამნეზიური სინდრომის დროს მეხსიერების დარღვევებს არ ახლავს ინტელექტის ზოგადი გაუარესება. ტერმინი კორსაკოვის სინდრომი, ხშირად შეცდომით იხმარება ამნეზიური სინდრომის სინონიმად, სინამდვილეში კი მის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს.
მდგომარეობის კარდინალური ნიშანია ეპიზოდური მეხსიერების დეფიციტი. საერთო კლინიკური სურათი საკმაოდ გამოხატულია. პიროვნება დეზორიენტირებულია დროში, არ ახსოვს ავტობიოგრაფიული ფაქტები (ხშირად მოიცავს საკმაოდ დიდ ეპიზოდს), აღენიშნება მწვავე ანტეროგრადული ამნეზია (ვერბალური და ვიზუალური მასალის დამახსოვრების მწვავე დეფიციტი). პაციენტმა შეიძლება გაიმეოროს ახლად დამახსოვრებული მასალა, მაგრამ რამდენიმე წუთში ადვილად დაივიწყოს. ამდენად, ტესტის შედეგები ხანმოკლე მეხსიერებაზე, ჩვეულებრივ, ნორმის ფარგლებშია. ახალი მასალის დასწავლა მნიშვნელოვნად გაძნელებულია, თუმცა, რეტროგრადული მეხსიერება მეტნაკლებად შენახულია და ახასიათებს თანდათანობითი გაუარესება ახლიდან ძველი მოგონებებისკენ (ძველი მოგონებები უკეთესადაა შენახული). სხვა კოგნიტური ფუნქციები შედარებით ინტაქტურია, თუმცა, ხშირია გარკვეული ემოციური გასადავებისა და ინერტულობის გამოვლინებები. სხვა კლასიკური ნიშანი, რომელიც დამახასიათებელია კორსაკოვის სინდრომისთვის, ესაა კონფაბულაცია, როდესაც მეხსიერების ჩავარდნები შევსებულია ცოცხალი და დეტალური, მაგრამ მთლიანად მცდარი მოგონებით, რომლის ჭეშმარიტებაშიც პაციენტი დარწმუნებულია. კონფაბულაციების მქონე პიროვნება, ჩვეულებრივ, ადვილად ექვემდებარება შთაგონებას
ყველაზე გავრცელებული ამნეზიური სინდრომია კორასკოვის სინდრომი, რომელიც
რუსმა ფსიქიატრმა კორსაკოვმა აღწერა 1889 წელს. მისი ალტერნატიული სახელწოდება "ვერნიკე-კორსაკოვის" სინდრომი, შემოიტანა ვიქტორმა, რადგან ეს სინდრომი ხშირად
აღმოცენდება მწვავე ნევროლოგიური პათოლოგიის შემდეგ, რომელსაც ვერნიკეს ენცეფალოპათია ეწოდება (აღწერა ვერნიკემ 1881 წელს). ვერნიკეს ენცეფალოპათიის დროს ვითარდება დელირიუმი, სხეულის ატაქსია, თვალის მოძრაობის დარღვევები, ნისტაგმი, ოფტალმოპლეგია და პერიფერიული ნეიროპათია. კორსაკოვის სინდრომი ვეულებრივ, თიამინის (B1 ვიტამინის) ნაკლებობითაა გამოწვეული, რაც ალკოჰოლის ბოროტად მოხმარების შედეგია. თუმცა, შეიძლება განვითარდეს ორსულთა ტოქსიკოზისა და საკვების მწვავე უკმარისობის დროსაც. გაკვეთის შედეგად, როგორც წესი, აღინიშნება პეტექიალური სისხლჩაქცევები, მამილარულ სხეულებში ასტროციტების დეგენერაცია და დაზიანების კერები მესამე პარკუჭის, მედიოდორსალური თალამური ბირთვების, რუხი ნივთიერებისა და ვაროლის ხიდის მიდამოებში. ამნეზიური სინდრომის სხვა მიზეზებია: სიმსივნეები და ინფარქტი მედიალურ თალამუსში (დიენცეფალური ამნეზია), ენცეფალოპათიები.
მნიშვნელოვანია ამნეზიის არსებობის შესაძლებლობის მიმართ ფხიზელი დამოკიდებულება, რადგან პაციენტი შეიძლება არ ტოვებდეს ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლის შთაბეჭდილებას. კორსაკოვის სინდრომი პოტენციურად შექცევადი მდგომარეობაა. თიამინის ნაკლებობის დამახასიათებელი მარკერია ერითროციტების ტრანსკეტოლაზას დონის დაქვეითება. პრაქტიკაში, თუ არ არის დადგენილი სხვა ეტიოლოგია ამნეზიური სინდრომის მიზეზად, პირველ რიგში, კორსაკოვის სინდრომი უნდა მივიჩნიოთ და დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ თიამინის დეფიციტის კურნალობა (გამოკვლევის პასუხის მიღებამდე). თიამინი პაციენტს ეძლევა პარენტერალურად. მწვავე შემთხვევებში, რეჰიდრატაციასთან ერთად, ხდება საკვების მიღების დარეგულირება და ალკოჰოლური აბსტინენციის მართვა. გლუკოზის შემცველი სითხის ინტრავენურად შეყვანამდე, აუცილებელია თიამინის მიცემა. მნიშვნელოვანია ნევროლოგებთან და თერაპევტებთან მჭიდრო თანამშრომლობა. მდგომარეობის გრძელვადიანი მართვა საჭიროებს ინტენსიურ რეაბილიტაციასა და პიროვნების აქტიურ მხარდაჭერას, რადგან აღინიშნება ნორმალური ფუნქციონირებისა და თავის მოვლის უუნარობა.ვიქტორმა კოლეგებთან ერთად შეისწავლა 245 პაციენტი "ვერნიკე-კორსაკოვის" სინდრომით, აქედან 96%-ს ჰქონდა ვერნიკეს ენცეფალოპათია. მწვავე მდგომარეობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 17% იყო, ხოლო გადარჩენილი პაციენტების 84%-ს ამნეზიური სინდრომი განუვითარდა. პაციენტთა ნახევრის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, მეოთხედი - მთლიანად გამოვიდა მდგომარეობიდან, ხოლო დანარჩენი ნაწილობრივ გამოჯანმრთელდა. კარგი გამოსავლის წინაპირობები იყო დიაგნოზამდე ავადმყოფობის ხანმოკლე ისტორია და თიამინით მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება. ენცეფალოპათიით ან სხვა მიზეზებით გამოწვეული ამნეზიური სინდრომის პროგნოზი ცუდია, თუ გვაქვს ჰიპოკამპური ან დიენცეფალური შეუქცევადი დაზიანება. ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად განვითარებული ამნეზიური სინდრომი პროგნოზის თვალსაზრისით უფრო კეთილსაიმედოა. პროგრესული ამნეზია მიუთითებს ნელა განვითარებად სტრუქტურულ დაზიანებაზე, როგორიცაა შუა ტვინის სიმსივნე.

0
234
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ტაბიძე
ნათია ტაბიძე
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0