x
პათოლოგიური ეჭვიანობა

image
ავადმყოფური ეჭვიანობა არქეტიპული ბოდვითი აშლილობაა და გარდა დევნის ბოდვითი აშლილობისა, ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ იგი საფრთხის უდიდესი რისკის მატარებელია. არსებითი მახასიათებელი პათოლოგიური რწმენაა, რომ პაციენტის პარტნიორი მოღალატეა. ამ მდგომარეობას პათოლოგიურს უწოდებენ, რადგან ასეთი რწმენა (რომელიც ბოდვას ან ზეღირებულ იდეას შეიძლება წარმოადგენდეს) არაადეკვატურ საფუძველს ემყარება და მასზე რაციონალური არგუმენტები არ მოქმედებს. ასეთ რწმენას ხშირად თან სდევს ძლიერი ემოციები და დამახასიათებელი ქცევა, მაგრამ ეს თავისთავად არ წარმოადგენს პათოლოგიურ ეჭვიანობას. მამაკაცს, რომელმაც თავის ცოლს საყვარელთან შეუსწრო, შეიძლება უკიდურესად ძლიერი ეჭვიანობის გრძნობა დაეუფლოს და მისი ქცევაც შესაძლოა, უმართავი გახდეს, მაგრამ ამას პათოლოგიურ ეჭვიანობას ვერ დავარქმევთ. ეს ტერმინი მხოლოდ მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როდესაც ეჭვიანობა დაუსაბუთებელ მტკიცებულებებს და განსჯას ემყარება.
პათოლოგიური ეჭვიანობის შესახებ ინფორმაციის მთავარი წყაროა შეპერდის კლასიკური ნაშრომი, ლანგფელდტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა და სხვა ნაშრომები; პათოლოგიური ეჭვიანობის სიხშირე საერთო პოპულაციაში უცნობია, თუმცა ეჭვიანობის განცდა საყოველთაო მოვლენაა. პათოლოგიური ეჭვიანობა არ არის იშვიათი ფსიქიატრიულ პრაქტიკაში და სრულ განაკვეთზე მომუშავე ფსიქიატრების უმრავლესობა ალბათ წელიწადში ერთ ან ორ ასეთ შემთხვევას მაინც ხვდება. ასეთი პათოლოგია საგულდაგულო ყურადღებას მოითხოვს არა მხოლოდ იმიტომ, რომ უაღრესად ამძიმებს ცოლქმრულ და ოჯახურ ურთიერთობებს, არამედ იმიტომაც, რომ შეიძლება ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავდეს. პათოლოგიური ეჭვიანობა უფრო გავრცელებულია
მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. მაგ.გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ პათოლოგიური ეჭვიანობის შემთხვევები მამაკაცებში ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება. მიუხედავად ამისა, ზუსტი შეფარდების დადგენა ქალებსა და მამაკაცებს შორის იმაზეა დამოკიდებული, თუ კონკრეტულად რომელი ჯგუფი შეისწავლება და, რაც მთავარია, იმაზე, წარმოადგენს თუ არა ეჭვიანობა მეორად მოვლენას სხვა აშლილობასთან მიმართებაში. მაგ., სტაციონარული პაციენტების რეტროსპექტული გამოკითხვისას სოიკამ თავის კოლეგებთან ერთად აღმოაჩინა, რომ პარანოიდული შიზოფრენიის მქონე პაციენტების შემთხვევაში ეჭვიანობის ბოდვა უმეტესად ქალებს ახასიათებთ, ხოლო ალკოჰოლური ფსიქოზის დროს ეჭვიანობის ბოდვა უმეტესად მამაკაცებს უვითარდებათ. პათოლოგიური ეჭვიანობის არსებითი მახასიათებელია პათოლოგიური რწმენა, რომ პარტნიორი მოღალატეა. მას შეიძლება თან სდევდეს სხვა პათოლოგიური რწმენა (მაგ., პაციენტს სჯერა, რომ პარტნიორი მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს, ცდილობს
მოწამლოს, ართმევს სექსუალურ პოტენციას ან ცდილობს მისი ვენერიული დაავადებით ინფიცირებას). პათოლოგიური ეჭვიანობის მქონე პაციენტის გუნებგანწყობა შეიძლება იცვლებოდეს ძირითადი აშლილობის მიხედვით, მაგრამ ხშირად ის ტანჯვის, უნდობლობის, გაღიზიანებისა და სიბრაზის ნაზავს წარმოადგენს. ჩვეულებრივ, პაციენტი ინტენსიურად ეძებს პარტნიორის ღალატის დამამტკიცებელ საბუთს. მაგ., კითხულობს დღიურს, ამოწმებს თეთრეულსა და საცვლებს სქესობრივი აქტის დამადასტურებელი ნიშნების დასადგენად. პაციენტმა შეიძლება უთვალთვალოს პარტნიორს ან კერძო დეტექტივი დაიქირაოს. ხშირად ეჭვიანი პიროვნება განუწყვეტლივ უწყობს პარტნიორს ჯვარედინ დაკითხვას. ამან შეიძლება პაციენტი ძალმომრეობამდე ან ძლიერი ბრაზის შეტევამდე მიიყვანოს. ზოგჯერ პარტნიორი აღშფოთებული და ქანცგამოლეულია და შესაძლოა იძულებული შეიქნას "აღიაროს თავისი დანაშაული".
ასეთ შემთხვევაში პაციენტის ეჭვიანობა ჩაცხრობის მაგივრად კიდევ უფრო ძლიერდება.საინტერესო ისაა, რომ ხშირად პაციენტს წარმოდგენა არ აქვს იმაზე, თუ ვინ ან როგორი პიროვნება შეიძლება იყოს მისი პარტნიორის სავარაუდო საყვარელი.
უფრო მეტიც, მან შეიძლება თავი აარიდოს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც ამას გამოააშკარავებს. პიროვნების ქცევა შეიძლება თვალში საცემად პათოლოგიური იყოს. მაგ: წარმატებულ ბიზნესმენს თან დააქვს პორტფელი, რომელშიც არა მარტო ფინანსური დოკუმენტები უდევს, არამედ იარაღიც, რათა გაუსწორდეს ცოლის საყვარელს, თუ მას სადმე აღმოაჩენს. ხელოსანს ისე აქვს დამონტაჟებული თავის სახლში სარკეების რთული სისტემა, რომ მეორე ოთახიდან ცოლის თვალთვალი შეუძლია. მესამე პაციენტი ცდილობს, შუქნიშანზე მანქანა არ გააჩეროს სხვა მანქანის გვერდით, რათა მისმა ცოლმა მეორე მანქანის მძღოლს პაემანი არ დაუნიშნოს.

პათოლოგიური ეჭვიანობა, ისევე როგორც სხვა პარანოიდული სიმპტომები
და სინდრომები, მთელ რიგ პირველად აშლილობებთან არის დაკავშირებული. გამოკითხვების მიხედვით დადგენილია, რომ სხვადასხვა ტიპის აშლილობები სხვადასხვა სიხშირით გვხვდება. მიღებულ შედეგებს, სავარაუდოდ, საკვლევი
პოპულაცია და გამოყენებული დიაგნოსტიკური სქემა განაპირობებს. პათოლოგიური ეჭვიანობის გენეზში ხაზგასასმელია პიროვნული მახასიათებლების როლი. ხშირად პაციენტს, დაბალ თვითშეფასებასთან ერთად, ახასიათებს ზოგადი არასრულფასოვნების განცდა. მის ამბიციებსა და მის მიღწევებს შორის შეუსაბამობაა. ასეთი პიროვნება განსაკუთრებით მოწყვლადია ყველაფრის მიმართ, რამაც შეიძლება მისი არასრულფასოვნების განცდა გააძლიეროს (მაგ., სტატუსის დაკარგვა ან სიბერე). როდესაც ადამიანი ასეთი საშიშროების წინაშე აღმოჩნდება, მან შეიძლება სხვა ადამიანზე დანაშაულის პროექცია მოახდინოს, რამაც შესაძლოა ღალატში დადანაშაულების პათოლოგიური ფორმა მიიღოს. ფროიდი თვლიდა, რომ ნებისმიერი სახის ეჭვიანობის განცდა არაცნობიერი ჰომოსექსუალური ხასიათის ლტოლვის შემცველია, მაგრამ კლინიკურმა გამოკვლევებმა არ დაადასტურა კავშირი პომოსექსუალიზმსა და პათოლოგიურ ეჭვიანობას შორის. ასევე, მოსაზრება, რომ პათოლოგიური ეჭვიანობა ზოგჯერ შეიძლება მიეწეროს სექსუალური ხასიათის პრობლემების აღმოცენებას, ნაკლებად დადასტურდა პათოლოგიურ ეჭვიანობასთან დაკავშირებული პროგნოზის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ის შეიძლება დამოკიდებული იყოს მრავალ ფაქტორზე, მათ შორის ძირითადი ფსიქიკური აშლილობის ბუნებაზე და პაციენტის პრემორბიდულ პიროვნულ თვისებებზე.

პათოლოგიურ ეჭვიანობასთან დაკავშირებული პროგნოზი ხშირად ოპტიმისტური არ არის. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ძალადობის რისკის ჯეროვანი შეფასება, არანაირ ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ პათოლოგიური ეჭვიანობის მქონე ადამიანები შეიძლება საშიშნი იყვნენ. პათოლოგიური ეჭვიანობის მქონე პაციენტების გამოკვლევა განსაკუთრებით ამომწურავი უნდა იყოს და ყოველთვის, როდესაც კი ეს შესაძლებელია, უნდა ჩავრთოთ პარტნიორი, რომელსაც ინტერვიუ ცალკე უნდა ჩაუტარდეს. პარტნიორმა შეიძლება ბევრად უფრო დეტალურად აღწეროს პაციენტის ავადმყოფური აზრები და ქმედებები, ვიდრე პაციენტმა. ექიმი ტაქტიანად უნდა ეცადოს იმის დადგენას, თუ რამდენად მტკიცედ არის დარწმუნებული პაციენტი პარტნიორის ღალატში, რამდენად აღშფოთებულია და ხომ არ აქვს განზრახული რაიმე სახის შურისძიება. მან პასუხი უნდა გასცეს შემდეგ კითხვებს: რა ფაქტორებმა მოახდინა
ბრალდებებისა და დაკითხვების აფეთქებაამოხეთქვის პროვოცირება? როგორ რეაგირებს პარტნიორი ამაზე? როგორ რეაგირებს პაციენტი, თავის მხრივ, პარტნიორის
ასეთ ქცევაზე? ხომ არ განუხორციელებია აქამდე პაციენტს რაიმე ძალადობრივი ქცევა? ხომ არ ჰქონია პაციენტს რაიმე სახის სერიოზული ზიანის მიყენების მცდელობა? ამ კითხვების გარდა, ექიმმა, ორივე პარტნიორისგან უნდა მოიძიოს ცოლქმრული და სექსუალური ცხოვრების დეტალური ისტორია და გამოავლინოს ფსიქიკური აშლილობა, რადგანაც ეს მკურნალობის პროცესს განსაზღვრავს.პათოლოგიური ეჭვიანობის, ისევე როგორც სხვა ბოდვითი აშლილობის, მკურნალობა საკმაოდ ცალსახაა (ძირითადად ხდება
ანტიფსიქოზური მედიკამენტების დანიშნვა), მაგრამ პრაქტიკაში
შეიძლება ბევრ სირთულეს წავაწყდეთ, რადგანაც
პაციენტი შეიძლება ინსაიტის ნაკლებობას განიცდიდესდა მკურნალობის დადგენილ გეგმას უხალისოდ ასრულებდეს. უპირველეს
ყოვლისა მკურნალობენ პათოლოგიურ ეჭვიანობასთან დაკავშირებულ აშლილობას (მაგ. შიზოფრენიას ან გუნებ-განწყობის აფექტურ აშლილობას). ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების არასწორად გამოყენების შემთხვევაში, სპეციალური მკურნალობის ჩატარება იქნება საჭირო. გარკვეულ შემთხვევებში პათოლოგიური ეჭვიანობა შეიძლება წარმოადგენდეს ბოდვითი აშლილობის სიმპტომს ან ზეღირებულოვან იდეას ისეთ პაციენტთან, რომელსაც დაბალი თვითშეფასება და პიროვნული სირთულეები ახასიათებს. მაშინ, როდესაც ეჭვიანობა თავისი ბუნებით ბოდვითი ხასიათისაა,
რეკომენდებულია ანტიფსიქოტური მედიკამენტების ფრთხილი გამოყენება, თუმცა შედეგი ხშირად დამაკმაყოფილებელი არ არის. როდესაც დეპრესიული აშლილობა
პირველად დიაგნოზს არ წარმოადგენს, ის ხშირად ამძიმებს პათოლოგიურ ეჭვიანობას და შეიძლება გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა. ასეთ დროს შესაძლოა სასარგებლო იყოს ანტიდეპრესანტებით მკურნალობა. ფსიქოთერაპიული მკურნალობა რეკომენდებულია ისეთ პაციენტებთან, რომლებსაც, ეჭვიანობა, შესაძლოა პიროვნულ თვისებებთან დაკავშირებული პრობლემების შედეგად ჰქონდეთ აღმოცენებული. ფსოქოთერაპიის ერთ-ერთი მიზანი დაძაბულობის შემცირებაა. თერაპევტი საშუალებას აძლევს პაციენტს (და მის პარტნიორს), ისაუბროს და იმსჯელოს საკუთარი განცდების შესახებ, რასაც განტვირთვა მოაქვს. ბიჰევიორისტული მეთოდების გამოყენებით
პარტნიორს ეხმარებიან, განახორციელოს ისეთი ქცევა, რომელიც პაციენტის ეჭვიანობას შეასუსტებს (მაგ.უარი თქვას კამათზე, თუმცა ესეც ინდივიდუალურ შემთხვევაზეა
დამოკიდებული). ერთ-ერთმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ კოგნიტური თერაპიის გამოყენებისას, რომლის დროსაც პაციენტს ეხმარებიან, ამოიცნოს თავისი მცდარი
აზრები და ასწავლიან ემოციების მართვის სტრატეგიების გამოყენებას, უკეთესი რეზულტატები მიიღება, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში, სადაც თერაპია არ ჩატარებულა. თუ პაციენტის ამბულატორიულ მკურნალობას შედეგი არ მოყვება ან თუ მაღალია ძალადობის გამოვლენის რისკი, მაშინ შეიძლება აუცილებელი გახდეს მისი სტაციონარული მკურნალობა. არცთუ ისე იშვიათად, პაციენტის მდგომარეობა სტაციონარში ყოფნისას უმჯობესდება, მაგრამ გაწერის შემდეგ კვლავ მოსალოდნელია რეციდივი. თუ ექიმი დაადგენს ძალადობის რისკის არსებობას, მან ამის შესახებ უნდა გააფრთხილოს პარტნიორი მაშინაც კი, თუ ეს კონფიდენციალურობის დარღვევას მოითხოვს. ზოგიერთ შემთხვევაში ყველაზე უფრო უსაფრთხო პროცედურაა,
ვურჩიოთ პარტნიორებს ურთერთობის გაწყვეტა. ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ პათოლოგიური ეჭვიანობის განცდა ხშირად სუსტდება, თუმცა, ზოგჯერ
პრობლემა კვლავ იჩენს თავს, როდესაც პაციენტი ახალ ურთიერთობებს იწყებს.

0
222
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია ტაბიძე
ნათია ტაბიძე
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0