x
გონებრივი, ფიზიკური, მორალური, ესთეტიკური და შრომითი აღზრდის მიზნები. თითოეულის განხილვა მაგალითებით.
image საზოგადოდ, აღზრდის მიზანი არის ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბება, რომლის ქვეშ მოიაზრება პიროვნების გონებრივი, ფიზიკური, მორალური, ესთეტიკური და შრომითი აღზრდა. განვიხილოთ თითოეული:

1. გონებრივი აღზრდის მიზანი ზოგადად შეგნებული და შემოქმედებითი აზროვნებითი მოღვაწეობისთვის მომზადებაა. ეს მიზანი მოიცავს ფართო შინაარსს. გონებრივი აღზრდისათვის სკოლაში გვეხმარება ყველა საგანი, რომელსაც გადის მოსწავლე სწავლების პროცესში. მაგალითად, მხატვრული ლიტერატურა ბავშვს ეხმარება განუვითაროს აზროვნება, რა თქმა უნდა, მასწავლებლის დახმარებით. მოთხრობების გარჩევა, კითხვების დასმა, მათზე საუბარი ბავშვს გაუვარჯიშებს და ნელ-ნელა განუვითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ცოდნაში არსებითი და მეორეხარისხოვანი საკითხების გამოყოფის უნარს. მაგალითად, მათემატიკა უვითარებს რაოდენობრივ აზროვნებას, რომელიც ზოგად უნარებში გადის. ზოგადი უნარები კი გონებრივი აღზრდის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა.

2. ფიზიკური აღზრდის მიზანია ჯანსაღი ორგანიზმის მომზადება იმ მიზნით, რომ ადამიანს შეეძლოს კანონზომიერი ფიზიკური და გონებრივი შრომა და საკუთარი სულიერი სიმდიდრის პრაქტიკულად გამოყენება ისე, რომ ზიანი არ მოუტანოს თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას
ამ მიზნის განსახორციელებლად საუკეთესო ვარიანტია ბუნების გაკვეთილი, რომლის პროგრამაშიც არის საუბარი კვებაზე, რომელ საკვებში, ხილსა თუ ბოსტნეულში რა ვიტამინია, რისთვისაა სასარგებლო და ა.შ. ჯანსაღი კვება, რა თქმა უნდა, აუცილებელია ფიზიკური აღზრდისთვის, ამიტომ საინტერესო იქნებოდა კვების ჯაჭვის აგება მოსწავლისა და მასწავლებლის ერთად მუშაობით. აგრეთვე, სპორტის გაკვეთილზე ვარჯიშები დაეხმარება ბავშვებს მოქნილობაში, რიტმულობაში, კოორდინაციაში და ა.შ.

3. მორალური(ზნეობრივი) აღზრდის მიზანს წარმოადგენს მორალური შეგნების, მორალური გრძნობებისა და მორალური ჩვევების(ქცევების) მთლიანობაში ჩამოყალიბება-განვითარება.
მათ განვითარებაში გვეხმარება, ვთქვათ, მხატვრული ლიტერატურა, რომელიც უვითარებს სიყვარულს, სამართლიანობას, ამხანაგობას, მეგობრობას და სხვა ღირსებებს. მორალური აღზრდისთვის მასწავლებელი მოსწავლეს ასწავლის იმ თვისებებს, როგორიცაა: პატივისცემა სხვისი აზრის, ამხანაგის თანადგომა... თვითონ მასწავლებელი უნდა იყოს მაგალითი ზნეობისა თუ სხვა დანარჩენი თვისების. ისე უნდა ასწავლოს, რომ ეს თვისებები შეგნებაში და შემდეგ ჩვევაში გადაუვიდეს მოსწავლეს.


4. ესთეტიკური აღზრდის მიზანია სინამდვილის - ბუნების, საზოგადოებრივი ცხოვრების, აზროვნების, ხელოვნების მრავალფეროვანი დარგების - მშვენიერი მხარეების დანახვისა და განცდის და მათი გაგების უნარის ჩამოყალიბება და განვითარება.
ესთეტიკურ აღზრდაში დაგვეხმარება სკოლაში მოვაწყოთ ე.წ "მწვანე გაკვეთილი". ოთახის მცენარეების მოტანა სკოლაში, ერთობლივი დარგვა და მოვლა. ეს დააახლოვებს მოსწავლეებს ბუნებასთან, გააუმჯობესებს მათ განწყობას, განუვითარებს მშვენიერების აღქმის უნარს...
ესთეტიკურ აღზრდაში შედის ჰიგიენაც. ბავშვს მივაწვდიდით ცოდნას მიკრობების შესახებ, თუ რატომ უნდა დაიცვან ჰიგიენა, რომ უნდა იყვნენ მოწესრიგებულნი. ამას შეატყობს მასწავლებელი თუნდაც იმით, თუ როგორ ეპყრობა მოსწავლე საკუთარ ნივთებს, აბინძურებს თუ არა სასკოლო ოთახს და ა.შ.

5. შრომითი აღზრდის მიზანია შრომისმოყვარეობის გრძნობის, ფიზიკური და გონებრივი შრომითი საქმიანობისთვის მზადყოფნის - ჩვევების ფორმირებას, შრომისთვის პრაქტიკულ და ფსიქოლოგიურ მომზადებას.
სწავლა მოსწავლის შრომის ძირითადი სახეა. შრომაში ითვლება მოსწავლის მიერ სხვადასხვა დავალების შესრულება. შრომაში ითვლება ასევე მასწავლებლის მიერ დაგეგმილი სკოლის ეზოს დასუფთავება, აგრეთვე: წერა, კითხვა და მრავალი სხვა.

ჰარმონიული აღზრდა მოიცავს ხუთივე კომპონენტს, ამიტომ აუცილებელია ხუთივე კომპონენტის გათვალისწინება და თანაბრად ჩამოყალიბება პიროვნების ფორმირების პროცესში.

0
286
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო უსუფაშვილი
ნინო უსუფაშვილი
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0