x
ფიზიკური აღზრდა. ფიზიკური აღზრდის მიზანი და ამოცანები.

image ფიზიკური აღზრდა ბავშვსა და მოზარდში ჯანსაღი ორგანიზმის ჩამოყალიბების კანონზომიერი, მიზანდასახული, ორგანიზებული პროცესია, რომელიც მიმდინარეობს ორგანიზებულ გარემოში აღმზრდელის ხელმძღვანელობით.
ფიზიკური აღზრდა ჰარმონიული აღზრდის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, რადგან ჯანსაღი ორგანიზმის გარეშე შეუძლებელია სინამდვილის შემეცნებისა და გარდაქმნისათვის საჭირო ცოდნის (საერთოდ სულიერი შესაძლებლობების) პრაქტიკაში გამოყენება, მისი რეალიზაცია.
აქედან გამომდინარე ფიზიკური აღზრდის მიზანი არის ჯანსაღი ორგანიზმის მომზადება იმ მიზნით, რომ ადამიანს შეეძლოს კანონზომიერი ფიზიკური და გონებრივი შრომა და საკუთარი სულიერი სიმდიდრის პრაქტიკულად გამოყენება ისე, რომ ზიანი არ მოუტანოს თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას.
თავისი მიზნით, ფიზიკური აღზრდა პირდაპირ კავშირშია აღზრდის სხვა შემადგენელ ნაწილებთან. იგი არა მხოლოდ კავშირშია, არამედ რამდენადმე განაპირობებს კიდეც გონებრივი, ესთეტიკური თუ შრომითი აღზრდის წარმატებას.
ფიზიკური აღზრდის მიზნიდან გამომდინარე, განსაზღვრულია ფიზიკური აღზრდის ამოცანები - მოზარდის ორგანიზმის ნორმალური განვითარება, ისეთი ფიზიკური მოძრაობითი თვისებების ჩამოყალიბება, როგორიცაა სისწრაფე, მოქნილობა, რიტმულობა, კოორდინაცია, გამძლეობა, ძალა, ტანის ახოვნება, მორფოლოგიური და ფუნქციონალური თვისებების განვითარება, კუნთებისა და ძვლოვანი სისტემის განმტკიცება, ნერვული სისტემის მუშაობის თვისებრივი გააქტივება, მოძრაობის სწრაფი აღქმის, ობიექტაციის, დროსა და სივრცეში სწორი და სწრაფი ორიენტირების, საკუთარი ძალებისადმი მტკიცე რწმენის, ნებისყოფისა და ხასიათის და სხვ. ფიზიკური თვისებების განმტკიცება-განვითარება. ფიზიკური აღზრდის ამოცანების ეს მრავალმხრივობა მოითხოვს ფიზიკური აღზრდის შინაარსის პრინციპების, ორგანიზაციული ფორმებისა და მეთოდების მრავალფეროვნებას და მათ მთლიან სისტემაში მოყვანას. ფიზიკური აღზრდის ამ მიზნისა და ამოცანების მიღწევა შესაძლებელია მკაფიოდ დანსაზღვრული სშუალებების ერთიანობითა და დაცვით. ამ საშუალებათაგან აღსანიშნავია - ჯანსაღი კვება, ჰიგიენური ნორმების დაცვა, სუფთა ჰაერი, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშები. ყოველივე ამას, ცხოვრების ჯანსაღი წესი ჰქვია და, შესაბამისად, ოჯახისა და სკოლის უპირველესი ამოცანაა, რომ აღზრდის პროცესში მოზარდს შეუქმნან ჯანმრთელი სააღმზრდელო გარემო.
და ბოლოს, ფიზიკურ აღზრდას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს აღზრდის შემადგენელ ნაწილს შორის, ვინაიდან ჯანმრთელობის გარეშე ძნელი წარმოსადგენია აღზრდის სხვა შემადგენელი ნაწილების სრულფასოვნად განხორციელება.

0
92
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო უსუფაშვილი
ნინო უსუფაშვილი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0