x
გაბერილი წარმოსახვა (ელიზაბეტ ლოფტუსი)

image

იმის აღმოჩენა, რომ გარედან მიწოდებული წინადადება შეიძლება ყალბი მოგონების მაკონსტრუირებელი გახდეს, გვეხმარება გავიგოთ პროცესი, რომლის მიხედვითაც ყალბი მოგონებები ჩნდებიან. ბუნებრივია, გაგვიჩნდება კითხვა, რამდენად ესადაგება ეს აღმოჩენები ისეთ რელურ სიტუაციებს, როგორებიცაა დაკითხვა ან ფსიქოთერაპია. მართალია ძლიერი, უკვე კარგად ჩამოყალიბებული წინადადებები ნაკლებად ეძლევათ სუბიექტებს დაკითხვისას ან ფსიქოთერაპიისას, მაგრამ სანაცვლოდ, ხშირად სთხოვენ მათ წარმოსახვითი სავარჯიშოების შესრულებას. მაგალითად, აღიარების გამოსატყუებლად, სასამართლო უწყების მსახურებმა შეიძლება სთხოვონ ეჭვმიტანილს, რომ წარმოისახოს, როგორ მიიღო მონაწილეობა ამა თუ იმ კრიმინალურ აქტში. ზოგიერთი ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი ხშირად წაახალისებს ხოლმე პაციენტებს, რომ ფანტაზიით წარმოიდგინონ საკუთარი ბავშვობის მოვლენები, რათა ღრმად დამარხული მოგონებები ამოტივტივდეს.

კლინიკური ფსიქოლოგების მიერ შევსებული კითხვარებიდან ჩანს, რომ 11% აძლევს კლიენტებს ინსტრუქციას, რომ „მისცენ წარმოსახვას სრული გასაქანი“.
თერაპევტი ვენდი მალცი, ავტორი პოპულარული წიგნისა ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაზე, მომხრეა რომ პაციენტებს მისცეს შემდეგი ინსტრუქციები: „გარკვეული დროის განმავლობაში წარმოიდგინეთ, რომ თქვენზე სექსუალურად ძალადობდნენ. ნუ იდარდებთ იმაზე, რომ ეს წარმოსახვა არააკურატული იქნება ან რომ შეიძლება მისგან ვერანაირი აზრი გამოიტანოთ. დაუსვით თქვენს თავს შემდეგი კითხვები: დღის რა მონაკვეთია? სად ხართ? შიგნით თუ გარეთ? რა ხდება თქვენს თავს? თქვენთან ერთი ადამიანია, თუ ერთზე მეტი?“ მალცი იმასაც ურჩევს თერაპევტებს, რომ დასვან ისეთი კითხვები, როგორებიცაა: „ვინ იქნებოდა მოძალადე?“ და ა.შ.

წარმოსახვის სავარჯიშოების ასეთი დოზით შემოღებამ, ლოფტუსი და მისი კოლეგები დააფიქრა იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას. რა ხდება,
როცა ადამიანები წარმოიდგენენ ბავშვობის ისეთ გამოცდილებებს, რომლებიც არ მომხდარა? ზრდის თუ არა ამ მოვლენების წარმოდგენა დარწმუნებულობას მათ ნამდვილობაში? ამის გამოსაკვლევად მათ შეადგინეს სამ სტადიიანი პროცედურა. პირველად ინდივიდებს ჰკითხეს, აერჩიათ კონკრეტული მოვლენა, რომელიც დიდი ალბათობით ბავშვობაში თავს გადახდენიათ. ამისთვის შექმნეს სია, რომელიც შედგებოდა 40 მოვლენისგან, ყოველ მათგანი შეფასებული იყო სკალაზე „ნამდვილად არ მომხდარა“ ნიშნულიდან „ნამდვილად მოხდა“ ნიშნულამდე. ორი კვირის შემდეგ მონაწილეებს სთხოვეს წარმოედგინათ განსხვავებული მოვლენა. სხვადასხვა სუბიექტებს სხვადასხვა მოვლენის წარმოსახვა სთხოვეს. გარკვეული დროის შემდეგ კი მათ კიდევ ერთხელ მიეცათ ინსტრუქცია, რომ თავდაპირველი 40 მოვლენიდან აერჩიათ ის, რომელიც დიდი ალბათობით ბავშვობაში თავს გადახდენიათ.

განვიხილოთ ერთ-ერთი წარმოსახვითი სავარჯიშო. ცდის პირს უთხრეს, წარმოედგინა, როგორ თამაშობდა სახლში სკოლის შემდეგ, როგორ გაიგო ხმაური გარეთ, გაიქცა ფანჯრისკენ, წამოკრა ფეხი, წაიქცა, გაიწია ფანჯრისკენ და გაამტვრია შუშა ხელით. მონაწილეებს დამატებით დავუსვით შემდეგი კითხვები: „რას წამოკარით ფეხი? რა იგრძენით?“ ამ კვლევის ერთ-ერთ სტადიაზე მონაწილეთა 24%-მა, რომლებმაც წარმოიდგინეს ფანჯრის გამტვრევის სცენა, მოგვიანებით მეტი თავდაჯერებულობით ამტკიცებდნენ, რომ ეს მოვლენა მართლა მოხდა, მაშინ როცა მხოლოდ 12%-ს (ვისაც არ წარმოვადგენინეთ ეს სცენა) აღენიშნა დავდაჯერებულობის განცდის გაზრდა ამ ისტორიის რეალურობაში. ამ „გაბერილი წარმოსახვის“ ეფექტს მონაწილეების მიერ წარმოდგენილ რვავე მოვლენაში შევხვდით. ამას რამდენიმე ახსნა შეიძლება ჰქონდეს. ყველაზე აშკარა მიზეზი ისაა, რომ წარმოსახვის გამოყენება მოვლენას უფრო ახლობელს, ნაცნობს ხდის რაც ხშირად გვერევა ბავშვობის მოგონებებში და მათ ერთმანეთისგან ვეღარ ვანსხვავებთ.

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ბაგაური
მარიამ ბაგაური
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0