x
პრაიმინგი

ავტორი: კიკვაძე ნათია
08. 09. 2015 წ.

როგორ შეიძლება შევისწავლოთ ის, რაც ცნობიერი ცოდნის მიღმაა? ფსიქოლოგებმა გადაწყვიტეს ეს პრობლემა ისეთი ფენომენის შესწავლით, როგორიცაა პრაიმინგი. პრაიმინგის დროს მონაწილეებს წარუდგენენ თავდაპირველ სტიმულს( the prime- ძირითადი), ამას მოჰყვება შესვენება, რომელიც შეიძლება მერყეობდეს მილისეკუნდებიდან კვირეებამდე ან თვეებამდე, შემდეგ კი მათ უკვე წარუდგენენ მეორე სტიმულს და აკვირდებიან ( არის პირველი და მეორე სტიმულები მსგავსი?) პირველმა სტიმულმა მოახდინა თუ არა გავლენა მეორის აღქმაზე. ეს პროცედურა გულისხმობს, რომ ადრე ნაჩვენები სტიმულია სწორეგ გააქტიურებული, აქტუალიზებული მეხსიერებაში და ამიტომ ადვილად მისაწვდომი. მაგალითად ვინმე შეიძლება გელაპარაკებოდეს, როგორ სიამოვნებს ტელევიზორის ყურება სატელიტური თეფშის ყიდვის შემდეგ. ის საუბრობს შენაძენის მთელ ღირსებებზე. მოგვიანებით შენ შემთხვევით გეისმის სიტყვა „თეფში“. დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ იფიქრებ სწორედ სატელიტურ თეფშზე (რაც, ბუნებრივია, განსხვავებულია სასადილოდ გამოსაყენებელი თეფშისაგან) განსხვავებით იმ ადამიანისაგან, რომელსაც არ მოუსმენია წინა დიალოგი სატელიტურ თეფშზე.


უმეტესწილად პრაიმინგი პოზიტიურია, რამდენადაც თავდაპირველი სტიმული ამარტივებს ამოცნობის შემდგომ პროცესს. მაგრამ პრაიმინგი შეიძლება იყოს უარყოფითიც და ხელს უშლიდეს შემდგომ ცნობის პროცესს. მაგალითად, შენ გთხოვეს რამდენიმე ისეთი ალგებრული პრობლემის გადაჭრა, რომელსაც ერთი ფორმულა უდგება და შემდეგ გთხოვენ გადაჭრა ამოცანა, რომელსაც სხვა ფორმულა სჭირდება, მაგრამ იყენებ პირველად მოცემულ ფორმულას, ანუ მოხდა საფუძვლის მომზადება, შენს გონებაში აქტუალიზებულია სწორედ თავდაპირველად მოცემული ფორმულა. ფაქტობრივად არაფრით გამოირჩევი იმ პიროვნებისგან, რომელიც სხვა შეუსაბამო ფორმულით ისარგებლებს.


ზოგჯერ ჩვენ ვიცით მთავარი სტიმული. თუმცა პრაიმინგის დროს ძირითადი სტიმული წარმოდგენილია იმგვარად, რომ ცნობიერების ველში ის ვერ შემოდის( ის წარმოდგენილია ძალიან მოკლე ხნით ცნობიერი რეგისტრირებისათვის). გადავხედოთ რამდენიმე სწავლებას პრაიმინგის შესახებ. მარსელი, მაგალითად, დააკვირდა სტიმულების გადამუშავების პროცესს, როცა ისინი წარმოადგინეს ძალიან მცირე ხნით, რათა ცნობიერებაში გამოჩენილიყო. მარსელმა მონაწილეებს წარუდგინა ორი სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე სტიმული. მაგალითად, სიტყვა “palm”(ხელისგული; პალმა), რომელიც შეიძლება მიუთითებდეს სხეულის ნაწილზეც და მცენარეზეც. ამის შემდეგ, უჩვენებდნენ სხვა სიტყვას, რომლის გარკვეულ კატეგორიაში მოთავსება ევალებოდათ. მონაწილეებმა, რომლებმაც გააცნობიერეს მიწოდებული მთავარი სიტყვა, მისი ორივე მნიშვნელობა გახდა აქტივირებული, ამან კი გაუმარტივა მომდევნო სიტყვის კლასიფიცირება. მაგალითად, თუ სიტყვა palm იყო წარმოდგენილი, ის ხელს შეუწყობდა ან შეაფერხებდა სიტყვა „მაჯის“ კატეგორიზებას, იმის მიხედვით, მონაწილე მთავარ სიტყვაში იგულისხმებდა ხელს თუ ხეს. ამის საწინააღმდეგოდ თუკი სიტყვა palm ძლიერ მოკლე ხნით წარმოადგენდნენ და პიროვნება მას ვერ გაიგებდა, ორივე მნიშვნელობა არააქტუალიზებელი იქნებოდა.


პრაიმინგის მოსალოდნელი ეფექტებისა და წინაცნობიერის მუშაობის სხვა მაგალითი აღწერილია, როგორც ინტუიციის შემოწმება. ამ კვლევაში გამოიყენეს „ტრიადის დიადის“ დავალება. მონაწილეებს წარუდგინეს სამსიტყვიანი ჯგუფების(ტრიადები) წყვილები( დიადები). თითოეული დიადის ერთ-ერთი ტრიადა იყო ერთგვაროვანი სიტყვების ჯგუფი, მეორე ტრიადა შემთხვევითად შეადგინეს და შეიცავდა დაუკავშირებელ სიტყვებს. მაგალითად, ერთგვაროვან A ჯგუფში შეიძლება იყოს „თამაში“, „კრედიტი“ და „ანგარიში“. არაკოჰერენტულ B ჯგუფში - „აქამდე“, „ყდები“ და „მუსიკა“( A ჯგუფის სიტყვები შეიძლება დავუკავშიროთ მეოთხე სიტყვა ბარათს-card [playing card, credit card, report card). ტრიადებისგან შემდგარი წყვილის წარმოდგენის შემდეგ, მონაწილეებს წარუდგინეს მეოთხე სიტყვის ვარიანტები, მათ უნდა მიეთითებინათ, რომელი ტრიადა იყო ერთგვაროვანი და მეოთხე სიტყვასთან კავშირში და რომელი მეოთხე სიტყვა იყო კოჰერენტული ტრიადის შესაბამისი. ზოგმა მონაწილემ ვერ გაიგო, როგორ შეიძლებოდა ტრიადის წევრებთან მეოთხე სიტყვის დაკავშირება და იმის დადგენა, რომელი ჯგუფი იყო შეთანხმებული. მაგრამ ზოგმა ეს კარგად მოახერხა - მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები უცებ ვერ ადგენენ გამაერთიანებელ სიტყვას, მათ შეუძლიათ ერთგვაროვანი სიტყვების სამეულის იდენტიფიცირება. მიჩნეულია, რომ მათ აქვთ ხელმისაწვდომი წინაცნობიერი ინფორმაცია, რომელიც ეხმარება მათ ერთ-ერთი ტრიადის შერჩევაში( მეოთხე სიტყვის ვარიანტების მოსმენის შემდეგ).ისინი აკეთებენ ამას მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერად არ იციან გამაერთიანებელი სიტყვა.

ზემოთ მოცემული მაგალითები აღწერს ვიზუალურ პრაიმინგს. თუმცა, პრაიმინგი შეიძლება არ იყოს ვიზუალური. პრაიმინგის ეფექტების დემონსტრირება ხდება სმენითი მასალის გამოყენების შემთხვევაშიც. სმენითი პრაიმინგის ექსპერიმენტები ვიზუალურის მსგავს ქცევით შედეგებს გვიჩვენებს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ტვინის ერთი და იგივე არეალებია ჩართული პრაიმინგის ორივე ტიპის დროს.
სმენითი პრაიმინგის საინტერესო მაგალითი აჩვენეს ანესთეზიის ქვეშ მყოფი პაციენტების შემთხვევაში. ანესთეზიის დროს მათ წარუდგინეს სიტყვების სია. ანესთეზიიდან გამოსვლის შემდეგ, მონაწილეებს უსვამდნენ დიახ/არა პასუხისა და ჩასასმელსიტყვიან შეკითხვებს მონასმენი სიტყვების შესახებ. პაციენტები შემთხვევითად პასუხობდნენ დიახ-არა კითხვებს, მაგრამ მეორე შემთხვევაში გამოვლინდა პრაიმინგის ეფექტი. მონაწილენი ხშირად ასრულებდნენ წინადადებებს იმ სიტყვებით, რომლებიც ანესთეზიის ქვეშ ყოფნის პერიოდში მოისმინეს. ამ მიგნებებმა ცხადყო, რომ როცა პაციენტი ვერ იგონებს მოსმენის ფაქტს, ამ შემთხვევამ მაინც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს შემდგომ შესრულებაზე.

ამრიგად, პრაიმინგზე კვლევების შედეგები გვარწმუნებს, რომ დიდი ხნის წინ ნახული, მოსმენილი, ნასწავლი, მაგრამ დავიწყებული მასალა არ იკარგება ჩვენი მეხსიერებიდან. საჭიროების მომენტში, მასთან კავშირში მყოფი სტიმულების შემდგომი წარმოდგენისას ხდება მივიწყებული ინფორმაციის გააქტიურება, რაც მრავალ საქმიანობაში წარმატების მიღწევის გარანტია.

გამოყენებული ლიტერატურა:
Robert J. Sternberg and Karin Sternberg. Cognitive Psychology, Sixth Edition.

0
139
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია კიკვაძე
ნათია კიკვაძე
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0