x
ერთგულების შიში
ნათია კიკვაძე


05.02.2017



არსებობენ ადამიანები, რომელთა მთავარ პრობლემას შიშის თვალსაზრისით ერთგულების შიში წარმოადგენს, მათი მთავარი იმპულსი გამოიხატება „საკუთარი თავის გარშემო ბრუნვით“, რასაც თვითგადარჩენისა და „მე’’-ს განდგომის იმპულსი ჰქვია. ასეთ ადამიანებს შიზოიდურ პიროვნებებს უწოდებენ.
image


ყოველ ადამიანს სურს, გამორჩეული იყოს. არ მოგვწონს, როდესაც ვინმე ჩვენს სახელს ან გვარს შეცდომით წარმოსთქვამს, არ გვინდა ვინმემ ჩაგვანაცვლოს, რადგან საკუთარი განუმეორებლობის დამკვიდრებას ინდივიდის სახით ვცდილობთ. ამგვარი დამოკიდებულების საპირისპიროა სწრაფვა, რომელიც ჯგუფის ან კოლექტივისადმი მიკუთვნებულობას ისახავს მიზნად. ანუ ჩვენ გვინდა პირადი ინტერესებით ცხოვრებაც, მაგრამ იმავდროულად პარტნიორული თუ ადამიანური ურთიერთობების
დამყარება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი უარს ამბობს სხვის მიმართ ერთგულებაზე, მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებს.


ასეთი ადამიანი დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს, მას არავინ სჭირდება, არ უნდა ვინმეს მიმართ ვალდებულებას გრძნობდეს. ამიტომაც ცდილობს, ყველასგან შორს დაიჭიროს თავი, არ აძლევს ადმიანებს მასთან მიახლოების უფლებას და შეზღუდული ურთიერთობებით კმაყოფილდება. ამ ზღვრის გადაბიჯების შემთხვევებს იგი საკუთარი ცხოვრებისეული სივრცის შეზღუდვად მიიჩნევს, ფიქრობს, რომ ამით მის ავტონომიურობასა და უსაფრთხოებას ემუქრებიან და გამალებით ცდილობს თავის დაცვას. აღნიშნული ქცევით ის ხელს უწყობს საკუთარ თავში შიშის განვითარებას,
რომელსაც ადმიანებთან სიახლოვე იწვევს. თავდაცვის მიზნით ისეთ ქმედებას მიმართავს, რომელიც საშუალებას აძლევს, თავი აარიდოს ადამიანებთან სიახლოვეს.



ასეთი ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ცდილობს გაექცეს პირად კონტაქტებს და ინტიმურად არავინ დაიახლოვოს, აშინებს ცალკეულ ადამიანთან თუ პარტნიორთან პირადად შეხვედრა და მათთან საქმიანი ურთიერთობებით კმაყოფილდება. ასეთი ძნელად საკონტაქტო, გარიყული, გაუპიროვნებელი და უკარება ადამიანები საზოგადოებაში უჩეულოდ გამოიყურებიან და თავიანთი უცნაური რეაქციებით
იწვევენ გარშემომყოფთა გაოცებას. ასეთებთან შესაძლოა გვაკავშირებდეს დიდი ხნის ნაცნობობა, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდეთ, რას წარმოადგენენ ისინი სინამდვილეში. მაგ., დღეს თუ გვგონია, რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს ასეთ ადამიანთან, ხვალ შეიძლება იგი ისე მოიქცეს, თითქოს პირველად გვხედავს.

შიზოიდური
პიროვნებები საკუთარი თავის ერთგულების მიზნით რაც უფრო გაურბიან ადამიანებთან სიახლოვეს, უფრო ექცევიან იზოლაციაში და მარტოსული ცხოვრებით ცხოვრობენ. რაკი ადამიანებთან დაახლოვება კეთილგანწყობას, სინაზეს, სიმპათიასა და სიყვარულს გულისხმობს, შიზოიდური პიროვნება განსაკუთებით სახიფათოდ მიიჩნევს ამ გრძნობების გამოვლენას. ამიტომაც იქცევა იგი მსგავს სიტუაციებში აგრესიულად და მტრულად.
image


რაკი ადამიანებთან ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, მან თითქმის არაფერი იცის სხვების შესახებ. ამის გამო მის გამოცდილებაში ჩნდება ხარვეზები, რაც ადამიანებთან მიმართებით მის უნდობლობას იწვევს. შიზოიდური პიროვნებების ორიენტაცია სხვების მიართ ცრუ ალბათობებსა და ვარაუდებს ემყარება. ვერ ხვდებიან, რომ მათ მიერ აღქმული „სინამდვილე“ მხოლოდ და მხოლოდ მათი წარმოსახვისა და პროეცირების შედეგია.

ჯანმრთელ ადამიანებთან შედარებით შიზოიდურ პიროვნებას გამძაფრებული აქვს საფრთხის შეგრძნების უნარი, ამიტომ არ იცის, მისი წარმოდგენები მხოლოდ თავად მასშია თუ ისინი გარესამყაროს სურათებსაც ასახავს. მწირი კონტაქტების გამო იგი მერყეობს საკუთარი განცდებისა და შთაბეჭდილებების შეფასებაში და არაა დარწმუნებული, ისინი შეესაბამება თუ არა სინამდვილეს, თუ მხოლოდ მის წარმოსახვასა და შინაგან სამყაროს გამოხატავენ. შიზოიდურ პიროვნებას მაგ., ვერ
გაურკვევია, მას ვიღაც უყურებს დაცინვით, თუ მხოლოდ ეჩვენება. შეუძლია დაასკვნას, რომ ესა თუ ის პიროვნება დღეს განსაკუთრებით ცივად შეხვდა, და დაასკვნას, რომ იგი მის წინააღმდეგაა განწყობილი, რადგან საეჭვოდ იქცეოდა. ასეთ დროს გრძნობს, რომ მას ყველაფერი არა აქვს წესრიგში, ამიტომ საკუთარ თავს ეკითხება, მას ნამდვილად უცნაურად უყურებენ, თუ ეს მხოლოდ მისი წარმოსახვის შედეგია. ამგვარმა ეჭვებმა შეიძლება მძიმე ფორმები მიიღოს, რაც საკუთარი თავის მიმართ გამოვლენილი ფრთხილი უნდობლობით იწყება, მოგვიანებით ავადმყოფური წარმოსახვისა
და აღქმის ფორმას იღებს ხოლმე.

საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შიზოიდური პიროვნებები ისეთ ფუნქციებსა და უნარებს ივითარებენ, რომელთა მეშვეობითაც სამყაროში უკეთ ორიენტირებას შეძლებენ. აქ იგულისხმება: გრძობადი აღქმა, შემმეცნებელი ინტელექტი, ცნობიერება და რაციონალურობა.

გონებრივი განვითარების საპირისპიროდ, ემოციური სფეროს განვითარება შიზოიდურ პიროვნებებში უკანა პლანზე გადაინაცვლებს, რადგან ის პარტნიორთან ურთიერთობას მოითხოვს და დაკავშირებულია ემოციების გაცვლა-გამოცვლასთან. შიზოიდურ პიროვნებას ინტელექტი საშუალოზე მეტად აქვს განვითარებული, თუმცა ემოციური განვითარების დონით საკმაოდ ჩამორჩებიან და ხანდახან უმწეობის შთაბეჭდილებასაც ტოვებენ. მათ იმდენად არ გააჩნიათ ზომიერების გრძნობა და ადამიანებთან დამოკიდებულებისთვის საჭირო თვისებები, რომ ყველაზე მარტივი ურთიერთობაც კი სირთულეებს უქმნით. მაგ., სწავლის პეროიდში რეფერატის დაწერა დაევალა ერთ-ერთ სტუდენტს, რომელიც სხვებთან კონტაქტს ვერ ახერხებდა და ამპარტავნულადაც
ეჭირა თავი, რითაც საკუთარი თავდაუჯერებლობის დამალვას ცდილობდა. აზრად არ მოსდიოდა, რომელიმე კოლეგისთვის მიემართა და დახმარება ეთხოვა. ამიტომ მარტოდმარტო იტანჯებოდა იმ პრობლემების გამო, რომელიც მხოლოდ მას კი არა, საქმესაც ეხებოდა. ვერ ახერხებდა საკუთარი რეფერატის სხვების ნამუშევრებთან შედარებასაც, რადგან ფიქრობდა, რომ ამით უხერხული სიტუაცია შეექმნებოდა. მან არ იცოდა, რომ ასეთი ურთიერთობა სტუდენტებს შორის ჩვეულებრივი შემთხვევა იყო. ის კი ამ დროს გაზვიადებულმა შიშმა შეიპყრო.

შიზოიდური ადამიანები დიდად უწყობენ ხელს ყოველდღიური, მარტივი ვითარებების არაბუნებრივად გართულებას. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ სიძნელეებს ადამიანებთან მათი ურთიერთობის არასრულფასოვნება იწვევს და არა ის, რომ მათ რაღაც საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ.

გამოყენებული ლიტერატურა: „შიშის ფორმები“ - ფრიც რიმანი, 2016


0
66
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია კიკვაძე
ნათია კიკვაძე
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0