x
პიროვნებად ჩამოყალიბების შიში
ნათია კიკვაძე


05.02.2017


ადამიანებთან სიახლოვის სურვილი და იმისკენ სწრაფვა, რომ ვინმეს უყვარდე ან ვინმე გიყვარდეს, ადამიანის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა. მოპოვებული სიყვარულის წყალობით ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, გაიგოს საკუთარი თავის
ფასი და იგრძნოს, რომ სიყვარული უკუგებას მოითხოვს. სიყვარულისა და ერთგულების სურვილი პარტნიორს მოითხოვს. სწორედ ამ დამოკიდებულების გაცნობიერება გადაიქცევა დეპრესიული ადამიანების პრობლემად. დეპრესიული ადამიანი ცდილობს „საკუთარი ღერძის გარშემო“ ნაკლებად იტრიალოს და შეამციროს მანძილი პარტნიორთან, რათა მიტოვებული არ დარჩეს. დეპრესიულ ადამიანს ჰგონია, რომ სხვაზე დამოკიდებულებით უსაფრთხოება ექმნება და ამას ახერხებს საკუთარი თავის უმწეო და უსუსურ ადამიანად სხვისთვის მოჩვენებით, ამით აგრძნობინებს, რომ მისი მიტოვების უფლება არ აქვს.
image


დეპრესიული ადამიანი აცნობიერებს, რომ პიროვნებად ჩამოყალიბების ანუ ინდივიდუაციის პროცესში ახლობელ ადამიანთან განშორების საფრთხე ექმნება, იგი ამას ან საკუთარი თავის წინაშე არ აღიარებს, ან პარტნიორისთვის ამის დამალვას ცდილობს. დეპრესიული პიროვნება ზოგჯერ მეორე ადამიანის ცხოვრების თანამგზავრად გადაიქცევა, ზოგჯერ კი ამ ადამიანს გადაიქცევს თავის თანამგზავრად.
იგი სხვის ცხოვრებას იმეორებს ექოსავით ან ცდილობს, საკუთარი თავი მეორე ადამიანს დაუქვემდებაროს. ამ დროს მას გაუცნობიერებელი რჩება შიში ინდივიდუაციის წინაშე. მას ეშინია, რომ საკუთარი თუ პარტნიორის დამოუკიდებლობის შემთხვევაში იგი ასცდება ერთობლივად განვითარების გზას. ამგვარი დამოუკიდებლობა ნამდვილად შეიცავს მეორე ადამიანის დაკარგვის საფრთხეს, რადგან ინდივიდუაცია გარკვეულწილად ყოველთვის ახდენს ადამიანის იზოლაციას; რაც უფრო მეტად გამოვირჩევით ჩვენი თვითობითა და განსხვავებით სხვებისგან, მით უფრო ნაკლები შეხება გვაქვს მათთან. ინდივიდუაციის პროცესში ადამიანი ამოვარდება იმ უსაფრთხოების სისტემიდან, რომელშიც იგი „ისეთია, როგორიც ყველა“, რაც
ასევე შიშის საფუძველს ქმნის.


ადამიანი რაც უფრო ნაკლებად აცნობიერებს, რომ მისთვის აუცილებელია განვითარება და ავტონომიურობა, მით უფრო მეტად სჭირდება მას ადამიანებთან ურთიერთობა. ამრიგად, ადამიანის „დაკარგვის შიში“ წარმოგვიდგება ამ შემთხვევაში, როგორც საკუთარი „მე“-ს სუსტი მხარე. „დაკარგვის შიშისგან“ თავის დაცვას დეპრესიული პიროვნება იმით ცდილობს, რომ სულ უფრო და უფრო განუდგება საკუთარ თავს, რასაც იგი საპირისპირო შედეგამდე მიჰყავს, რადგან თუ ადამიანი ძლიერი და განვითარებული პიროვნება არ არის, მაშინ მისთვის ასეთი ძლიერი „მე“ გარესამყაროში
უნდა არსებობდეს, რომელსაც იგი დაეყრდნობა. რაც უფრო სუსტია დეპრესიული ადამიანი, მით უფრო მეტად დამოკიდებულია სხვაზე, და, რაც უფრო დიდია ეს დამოკიდებულება, მით უფრო მეტად იპყრობს შიში, რომ ეს საყრდენი ხელიდან გამოეცლება. მან ხომ ყველაფერი სხვა ადამიანს მიანდო და იმხელა უფლებამოსილებით აღჭურვა იგი, რომ ახლა მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია, რადგან საკუთარი არსებობა მთლიანად იმ სხვას გადააბარა. ამიტომაც დაქვემდებარებულ
არსებობას ეძიებს, რომელიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მაგრამ ამგვარი არსებობა ზრდის მასში „დაკარგვის შიშს“. ამიტომ ეჭიდება დეპრესიული ადამიანი სხვებთან ურთიერთობას და მათთან ხანმოკლე დაშორების შემთხვევაშიც კი პანიკა იპყრობს.

შიზოიდური პიროვნება ადამიანებთან ურთიერთობებს იმ მიზეზით გაურბის, რომ მათ არასანდოდ და სახიფათოდ მიიჩნევს, და ამ გზით ცდილობს შიშის დაძლევას ადამიანების ერთგულების წინაშე. დეპრესიული პიროვნება ასეთ დროს პირიქით იქცევა; იგი საერთოდ ადამიანის, უპირველეს ყოვლისა, ახლობელი ადამიანის იდეალიზაციას ახდენს და მას სრულიად საიმედოდ მიიჩნევს, ყოველგვარ სისუსტეს შეუნდობს. მას არ სურს, ამ ადამიანში დაინახოს რაიმე საშიში და შემაშფოთებელი, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის მასთან კეთილსაიმედო ურთიერთობას.
ამის გამო დეპრესიული პიროვნება ძალიან ძნელად წარმოიდგენს, რომ ადამიანებს ან საკუთარ თავს შეიძლება ბოროტებაში დასდოს ბრალი, რადგან მათთან ურთიერთობისთვის სრული ნდობა და უპირობო სიყვარული სჭირდება.


ინდივიდუაციაზე უარის თქმის გამო დეპრესიულ პიროვნებას არ ჰყოფნის გამბედაობა, გამოავლინოს თავისი სურვილები, აფექტები და ინსტინქტები, რადგან შიშის გრძნობა თუ საკუთარი იდეოლოგია არ აძლევს ამის უფლებას. ვისაც საკუთარი სურვილების შესრულება არ შეუძლია, იმედი აქვს, რომ მას სხვები შეუსრულებენ და ეს ის საფასურია, რომელსაც საკუთარი თვინიერებისთვის იღებს.
მოლოდინის იმედგაცრუება იწვევს ამ პიროვნების დეპრესიის შემდგომ გართულებას. თუ მას შესაბამის პატივს არ მიაგებენ, დეპრესია ღრმავდება და სასოწარკვეთილებაში
გადადის. დეპრესიულ პიროვნებას შეუძლია გამოთქვას სურვილი, მაგრამ ამ დროს, განმუხტვის მიზნით საკუთარ ემოციებს ვერ გამოავლენს; ეს კი მასში, სულ მცირე, საკუთარი ღირსების გრძნობას აღძრავს, რაც კიდევ უფრო თრგუნავს იმ სიმამაცეს, მიზნის მისაღწევად რომ სჭირდება. დეპრესიულ ადამიანებში ხშირია „უიღბლობის განცდა“, რასაც შემდეგი მაგალითი ცხადყოფს: „უამრავი სადარდებელი მაქვს, რადგან ბედი ისევ და ისევ არ მწყალობს. მაღაზიაში წავედი და ზედატანი ვიყიდე, მერე სახლში დავბრუნდი და აღმოჩნდა, რომ რაღაც საშინელება მიყიდია.“

დეპრესიული ადამიანები სიძნელეებს განიცდიან, როდესაც საქმე რაიმე ახლის შეთვისებას ან მფლობელობაში მიღებას ეხება, რაც, ასე ვთქვათ, მათი „მახსოვრობის სისუსტეში“ იჩენს თავს. ზუსტი კვლევებით დასტურდება, რომ დეპრესიულ პიროვნებაში არ ხდება სრული აპერცეფცია. ისინი სამყაროს მთელი ინტერესითა და ყურადღებით არ აღიქვამენ, რადგან ეშინიათ, რომ გამღიზიანებლების გავლენით, შესაძლოა კონფლიქტებამდე მივიდნენ. როცა დეპრესიული ადამიანი ვერ ახერხებს
სურვილების შესრულებას, იგი გარემო გამღიზიანებლებს წინ დაუხვედრებს იმ დამცავ ფილტრს, რომელიც მას ამ სიტუაციას თავიდან აცილების საშუალებას მისცემს. ამ გარემოებებმა დეპრესიულ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა,
გულგრილობა, რაც ასევე დამცავ ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ახლა უკვე, პირიქით, აძლიერებს მის დეპრესიას, რადგან ადამიანი უარს ამბობს ბედნიერებაზე და საკუთარი თავის მიმართ იმედგაცრუებას გრძნობს. დეპრესიულ პიროვნებას სამყარო მრუმე, არასასიამოვნო ფერებში წარმოუდგება, რადგან საკუთარი სურვილების გარეშე ცხოვრება თანდათან ცარიელი და მოსაწყენი ხდება.


image
დეპრესიული ადამიანი შემგუებლობის უნარსა და უარის თქმის მზაობას ავლენს. თუ
იგი იმ შეგნებით იცხოვრებს, რომ უარს არ ამბობს საკუთარ პიროვნებაზე და ყოველგვარი შიშის გარეშე იღებს ცხოვრებისგან იმას, რისი მიღებაც შეუძლია; ამის გაცნობიერება იქნება დეპრესიული პიროვნების გამოჯანმრთელების საფუძველი.


გამოყენებული ლიტერატურა: „შიშის ძირითადი ფორმები“ - ფრიც რიმანი, 2016

0
41
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია კიკვაძე
ნათია კიკვაძე
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0