x
რა გვაბრკოლებს ყურადღების მობილიზებაში?
ავტორი:კიკვაძე ნათია

20.02.2015

ყოველდღიურ ცხოვრებაში საქმის წარმატებით შესრულება, მასალის ხარისხიანად და მინიმალურ დროში დამახსოვება მოითხოვს ყურადღების მობილიზებას.მასზეა დამოკიდებული სწავლის პროცესი გახანგრძლივებული იქნება თუ დროულად განვიცდით სასურველი შედეგის მიღებით სიამოვნებას.
თუ დავაკვირდებით, მრავალი პრობლემა და დანაკარგი სწორედ ჩვენი გონებაგაფანტულობიდან მომდინარეობს.მოქმედებისას არაარსებითი დეტალები მიგვიზიდავს და შემდეგ გონებრივი რესურსები არ გვყოფნის დასახული
მიზნების განსახორციელებლად თუ ჩვენი მოვალეობების ოპტიმალურად შესრულებისათვის.ვაღიაროთ, უმეტესწილად ჩვენვე ვუქმნით საკუთარ თავს დაბრკოლებებს.
ყურადღება არის გონებრივი ძალისხმევის კონცენტრაცია სენსორულ(შეგრძნებით) ან აზრობრივ (გონებრივ) მოვლენებზე. ფსიქოლოგთა კვლევები გვიჩვენებს, რომ ყურადღება არჩევითია. ჩვენ გვაქვს უნარი, რომ მხოლოდ შეზღუდული მოცულობის ინფორმაცია გადავამუშაოთ და შევინახოთ ცოდნის სახით. რას მივაქცევთ ყურადღებას და რას არა, დამოკიდებულია მრავალ პიროვნულ თუ გარემოსეულ, კონტროლირებად
თუ გაუკონტროლებელ ფაქტორზე.მაგრამ ცხადია, რომ ადამიანს შეუძლია საჭირო სიტუაციაში არსებით მომენტებზე ფოკუსირება და მოვლენის, საგნის ნათლად აღქმა.თუ არ მოხდა ამ ფსიქიკური პროცესის კონცენტრაცია, ბუნებრივია, ეს გაცნობიერების დონეზე მოქმედების ნაყოფიერად შესრულებაზეც აისახება.
რატომ „დაქრის“ ჩვენი ფიქრები სხვადასხვა მიმართულებით? რა გვიშლის ხელს წარმატებაში?

ერთ-ერთი საგულისხმო და გასათვალისწინებელი მიზეზია ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა.როდესაც ინდივიდი დაღლილი და ძალაგამოცლილია, მას უჭირს ყურადღების დაძაბვა, ვერ ართმევს თავს დავალებებს, რომლებიც ფსიქიკურ ძალისხმევას მოითხოვს.ამ დროს გონივრულია და აუცილებელიც, დავისვენოთ, თუნდაც
რამდენიმე წუთი.წინააღმდეგ შემთხვევაში მასალის შინაარსის აღქმა პრობლემურია და ზერელე ხასიათს ატარებს.ჩვენი პროდუქტიულობა მცირდება, რადგან ვერ ვაზროვნებთ, შინაარსის ფარულ მნიშვნელობას ვერ ვაცნობიერებთ.
ყურადღების სათანადო დონით გამოვლენის ერთ-ერთ ფაქტორს ნებისყოფაც წარმოადგენს.ზოგჯერ აუცილებელია, რომ საკუთარი თავი განვაწყოთ სამუშაოსათვის.”თავის გასამართლებლად ჩვენ ხშირად ვცდილობთ, საკუთარი თავი დავარწმუნოთ იმაში, რომ ამა თუ იმ მიზნის მიღწევა ჩვენს ძალღონეს აღემატება, თუმცა, სინამდვიელეში, ძალა კი არ გვაკლია, არამედ ნებისყოფა“(ფრანსუა დე ლაროშფუკო).საჭიროება და წარმატება მოითხოვს, რომ საკუთარი თავი ვაიძულოთ, ყურადღების კონცენტრირება მოვახდინოთ მაშინ, როცა არ შეიმჩნევა, ინტერესი, სურვილი და განწყობა.ადამიანის მიერ თავისი თავისათვის ძალდატანების მომენტს
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.ეს არაა შეუძლებელი, ეს ჩვენს პირად ნებაზეა დამოკიდებული.ყურადღება ჩვენი "თავისუფალი გამოვლინებაა".მთავარია რამდენიმეჯერ მოვინდომოთ და თანდათან ჩვენი ქცევა ნებაყოფლობითი, ჩვევისეული გახდება.“აირჩიე საუკეთესო და ჩვეულება მას სასიამოვნოს და მსუბუქს გახდის“(პითაგორა სამოსელი).
ფიზიკური თუ ფსიქიკური აქტივობების დაწყება, მიმართულების მიცემა და მართვა ჩვენს მოტივაციაზე ძლიერაა დამოკიდებული.სტიმულატორები, მამოტივირებელი ფაქტორები ენერგიასა და მდგრადობას შეგვძენს.სამუშაოს შემდეგ ჯილდო, წახალისება დაგეხმარებათ ეფექტურად ფუნქციონირებაში.ადამიანის აზრებისა და ქცევების ფართო სპექტრის მოტივაციურ საფუძველს მიღწევის მოთხოვნილებაც წარმოადგენს.დაისახეთ კონკრეტული მიზნები სამუშაოსთვის გამოყოფილი დროისთვის:მიზნები
დაგეხმარებათ კონცენტრირებასა და წინსვლის შეფასებაში.მხოლოდ ვალდებულების გამო მეცადინეობას ნაკლები შედეგი აქვს.
ყურადღების კონცენტრირების ხელშემწყობი ფაქტორებია:მოთხოვნილება, ინტერესი, განწყობა. გაჩენილ მოთხოვნილებასთან დაკავშირებული აქტივობა თავისთავად მიგვიზიდავს და ჩვენი თვალთახედვის არეში მოექცევა.მწყურვალს სასმელი იზიდავს, დაღლილი უმალვე ამჩნევს სკამს. მოთხოვნილება ინტერესსაც, მის მიმართულებასა
და სიძლიერეს განსაზღვრავს.თუ ინტერესს გამოვხატავთ, საჭირო დროის განმავლობაში წიგნის, მასალის ყურადღებით მოსმენა და წაკითხვა ადვილია.პირიქით, ინტერესის
დაკარგვის, მოყირჭების განცდისას მასალა თავისთავად იწვევს ფსიქიკური პროცესის შესუსტებას.
ხშირად ხელშემშლელია სურვილი, მალე გაეცნო წიგნს, რაც შეიძლება ბევრი გაიგო მისგან.შედეგად გონება იღლება, ვერ ვიმახსოვრებთ, ზედაპირულად ვეცნობით ინფორმაციას. ყურადღებით რომ ვიმუშაოთ, უმჯობესია, რომ საქმე ნაწილებად დავყოთ.სწავლის დროს პატარა პაუზები გონებას ენერგიით დამუხტავს.ლიტერატურის გაცნობისას შესვენება შინაარსის სწორად აღქმაში დაგვეხმარება.შეგვიძლია სხვა ლიტერატურაზე გადავერთოთ ან სხვა აქტივობაზე.ეს ერთგვარი გახალისებაცაა, გონება ამ დროს შეუმჩნევლად ამუშავებს და აცნობიერებს წარსულში
წაკითხულს.გვახსოვდეს, შემეცნება სწორედ ყურადღებით იწყება.“ზედაპირული, არა სიღრმისეული განსჯა-ეს შეგრძნებაა;ღრმა განსჯა-ეს აზროვნებაა“(ფან ჩჟენი).
ყურადღების სათანადო დონეზე გამოვლენის ფაქტორია განწყობაც.როგორიცაა ჩვენი განწყობა, იმ ხარისხით ვასრულებთ სამუშაოს, ოპტიმალური დონიდან დაწყებული საქმის გაფუჭებით დამთავრებული. ბევრი საინტერესო შემთხვევა ვიცით, როცა განწყობა სასწაულებს ახდენს, მაგ., დედა შეიძლება ძლიერმა ხმაურმა არ გააღვიძოს, მაგრამ პატარა ბავშვის ჩუმმა განძრევამ კი გამოაფხიზლოს.დროდადრო საკუთარ თავს თუ ჩავაგონებთ და შესაბამის განწყობას შევიქმნით, დადებით ეფექტს მალე დავინახავთ სხვადასხვა სფეროში და კმაყოფილებას ვიგრძნობთ.
როგორც ბევრ რამეს ვსწავლობთ, ვისწავლოთ ყურადღების ინტენსიური, სათანადო კონცენტრაცია მეცადინეობისას, საქმის კეთებისას.მალე ეს ჩვევად გვექცევა, როდესაც ვწერთ, ვკითხულობთ ან ვიმახსოვრებთ ინფორმაციას.ზოგჯერ რამდენიმე აქტივობის პარალელურად შესრულება გვაბრკოლებს.მეცადინეობისას ვუსმენთ მუსიკას, ვჭამთ, ვმესიჯობთ, სოციალურ ქსელებში ვერთობით...ესენი უბრალოდ მავნე ჩვევებია, რომელთაგან გათავისუფლება წინ გადადგმული ნაბიჯია.ყურადღება განსაკუთრებით დაძაბული, ძნელად შესასრულებელი მოქმედებისა და მასალის მკაფიო აღქმისთვის აუცილებელია.
ყურადღების სათანადო დონეზე მობილიზება წარმატების, საქმის რიგიანად, ჯეროვნად დასრულების მთავარი წინაპირობაა!


გამოყენებული ლიტერატურა:

წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი(ქიქოძე). „ცდისული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, 2012“;


მზია წერეთელი.“კოგნიტური ფსიქოლოგია 1 - აღქმა, ყურადღება, მეხსიერება“, 2012;


გივი გ. კალანდაძე.“აფორიზმების ენციკლოპედია“, 2013;



Robert J. Sternberg and Karin Sternberg. Cognitive Psychology. Sixth Edition;


www.gurianews.com;


www.orthodoxy.com.








0
15
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია კიკვაძე
ნათია კიკვაძე
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0