x
მეხსიერებაზე მოქმედი ფაქტორები



ავტორი: კიკვაძე ნათია


19.02.2015.


ობიექტურად ერთი ინტენსივობის ყველა გამღიზიანებელი ან ყველა შინაარსიანი მასალა ერთნაირ ობიექტურ პირობებში ერთნაირად არ გვამახსოვრდება.ზოგი ინტენსიური შთაბეჭდილება უკვალოდ შეიძლება გაქრეს, ნაკლები სიძლიერისა კი სამუდამოდ აღიბეჭდოს მეხსიერებაში. ინფორმაციის მეხსიერებაში შენარჩუნების(„მნემური ათვისებადობა“) მხრივ ადამიანები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. დამახსოვრების უნარი ასაკის მიხედვით იცვლება როგორც ხარისხობრივად, ასევე თვისებრივად.შინაარსის, ინტერესების, განწყობებისა
და წამყვანი მოთხოვნილებების მიხედვით მოზარდები და ბავშვები სხვადასხვა ხასიათის მასალას ითვისებენ.
ინფორმაციის დამახსოვრებაში წამყვანია პიროვნების დამოკიდებულება
აღქმულის მიმართ, “მეხსიერება პიროვნების მოქმედებაა“. კერძოდ, ინტერესის აღმძვრელი ტექსტის დახსომება ადვილია და სახალისოც, მოსაწყენისა კი დაძაბულ ნებისყოფას მოითხოვს. არსებობს ორი სახის ინტერესი:პირდაპირი - გულისხობს
მასალის მიმართ ინტერესს, არაპირდაპირი ინტერესის დროს თვით აღქმული
მასალა ინტერესს არ იწვევს, მაგრამ ინდივიდი მიზნის მისაღწევად ითვისებს მას. მაგალითად, მტკიცე პროფესიული ინტერესებით გატაცებულმა ადამიანმა მოცლისას შეიძლება გატაცებით წაიკითხოს რომანი, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მისი შინაარსი
ვერ შემოინახოს მეხსიერებამ, ვინაიდან ინტერესი პერიფერიულია, არასერიოზული, ლიტერატურული ინტერესებით ორიენტირებულმა პიროვნებამ კი შესაძლოა წაკითხული უნებლიეთაც დეტალურად შეითვისოს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი:ინტერესის განცდა პოზიტიური, სასიამოვნო გრძნობაა, ამიტომაც უწყობს იგი ხელს ფაქტების, მასალის ადვილად აღბეჭდვას მეხსიერებაში.
დახსომებაზე ინტერესის გარდა მრავალი განსხვავებული ფაქტორი მოქმედებს.
მათ შორის არსებითია ყურადღების სათანადო დონეზე კონცენტრირების უნარი.მეხსიერებაში ინფორმაციის აღბეჭდვის ხარისხი და ხანგრძლივობა
დამოკიდებულია ინდივიდის მიერ ფსიქიკური ძალისხმევის გამოვლენაზე. რაც მეტად ვცდილობთ ჩვენთვის საჭირო და აუვილებელ თემაზე ყურადღების გამახვილებას, შედეგიც უფრო ეფექტური იქნება.და პირიქით, გონებაგაფანტულობა ხელს გვიშლის შემეცნებაში, შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში.
ზოგადად, ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებს ყურადღებაზე, შესაბამისად მეხსიერების პროცესებზეც:შფოთვა, პიროვნული თუ სიტუაციური.აღგზნების დონე - დაღლილობას, წამლებსა თუ ნარკოტიკულ საშუალებებს ნეგატიური ეფექტი აქვს ყურადღების პროცესებზე, მაგალითად, ძილის სურვილი ადუნებს მას.ჩვეულებრივ, ყურადღება ფოკუსირებულია საინტერესოზე და ნაკლებად უინტერესო ცნობაზე, ამასთან რთული ამოცანა უფრო ძნელი შესასრულებელია.
მნიშვნელოვანია აგრეთვე გამოცდილების გათვალისწინება. ფართო
და მრავალმხრივ, მტკიცე ცოდნასა და გამოცდილებასთან ახლის დაკავშირება მარტივია.კონკრეტულ სფეროში რაც მეტად განათლებული ვართ, უფრო
მეტ „შინაარსებს“ დაუკავშირდება ახალი მასალა, რაც მეტ ინფორმაციას დაუკავშირდება, ადვილად და დიდხანს დაგვამახსოვრდება ახალი გამოცდილება.

და რა შეიძლება იყოს მიზეზი? თურმე, რაც უფრო მრავალრიცხოვან ფაქტებს, კანონზომიერებებს, თეორიებსა და ა.შ. ვიხსომებთ, შესასწავლი მასალის
სისტემატიზაცია, დაჯგუფება, მიმსგავსება და დაპირისპირება, მოვლენათა კლასიფიკაცია თუ ანალოგიების მოძიება მარტივდება.
უნებლიე, განზრახვის გარეშე დამახსოვრებას ძალიან უწყობს ხელს პიროვნების აქტივობა, აქტიური დაძაბული მოქმედება.ის აზრები, წესები, მოვლენები, რომლებიც მოქმედების საგანია, ეფექტურად აღიბეჭდება მეხსიერებაში.ანუ რაზეც გვიფიქრია, ინტენსიურად გვიმუშავია, სხვისთვის გვისაუბრია, შენიშვნები თუ მითითებები ჩაგვიწერია, ნაკლებად გვავიწყდება.ამიტომაა ნაყოფიერი და არა დროის ამაოდ ხარჯვა კონსპექტების გაკეთება, დისკუსია, სემინარული განხილვები, მოხსენებების
გაკეთება, წაკითხულის გააზრება. ზოგადად, პრაქტიკა საგულისხმო და მრავალმნიშვნელოვანია.
ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი, რომელიც აჩქარებს დახსომების პროცესს, მასალის გადამუშავება, მისი გაგებაა (ინტელექტუალური ფაქტორი).ამას უზრუნველყოფს კონსპექტის საკუთარი სიტყვებით შედგენა, სხვასთან რთული მასალის გაზიარება
ჩვენი ყოველდღიური მეტყველებისათვის დამახიათებელი ტერმინებითა და ცნებებით.ამ დროს სხვისთვის ახსნილი ჩვენთვისაც გასაგები ხდება.სხვისთვის გადაცემისას წაკითხული ჩვენი სუბიექტური შთაბეჭდილების ობიექტად, ჩვენს გარეთ არსებულ საგნად -ყურადღებისა და აზროვნების ობიექტად გადაიქცევა.ასევე მასალის გაზიარება მასთან აქტიური დამოკიდებულებაა, ესაა ინფორმაციის განმეორება, რეპროდუქცია-აღდგენა ცნობიერებაში, ანუ გახსენებაც.ყველა ფაქტორის ერთობლივად მოქმედება განსაზღვრავს დამახსოვრებას.მხოლოდ ადვილად გაგება არაა საკმარისი, ის შეიძლება ხელისშემშლელიც აღმოჩნდეს, რადგან მასალის შინაარსის სიცხადე დახსომების ილუზიას ქმნის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტექსტი ახსნითი ხასიათისაა და მსჯელობას წარმოადგენს, მაგრამ ფაქტობრივი მასალით ღარიბია.
ადამიანის გონებას უჭირს დაუკავშირებელი, დაქსაქსული ფაქტების, თარიღებისა თუ მოვლენების მეხსიერებაში შენახვა.როცა მასალა მწყობრი სისტემის სახითაა მოცემული, რითმულია, მთლიან სტრუქტურას ქმნის და ორგანიზებულია, მარტივად ვითვისებთ ხოლმე.
წაკითხულის დაუფლებისას ეფექტურობას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს არა თავისთავად განმეორება, არამედ შესაბამისად წარმართული ნებისყოფა და დახსომების
განწყობის ხასიათი.ფორმალური, მექანიკური განმეორება შინაარსისა, თუ ის სათანადო
განზრახვის გარეშე ხდება, დროის ფუჭად გაცდენაა, რაც ექსპერიმენტულად დასტურდება.მაგრამ ხომ მართალია, რომ ჩვენ უნებლიეთაც ვსწავლობთ?

დიახ, ვსწავლობთ ამ ფორმითაც, თუკი ინტერესი დიდია, გამოვლენილი აქტივობაც ინტენსიურია.
მასალის დასამახსოვრებლად ნებისყოფის მიმართვა და გონების დაძაბვა შეიძლება შემაფერხებელიც იყოს, როცა გამუდმებით ვფიქრობთ ქმედითუნარიანი, საუკეთესო
შედეგის მიღებაზე, მაგრამ უშუალოდ მოქმედების ეტაპზე ყურადღების მოკრებას ვერ ვახეხებთ.ამას ეწოდება „შესრულება პრესის პირობებში“, რაც უმეტესწილად წარუმატებელი რეზულტატით მთავრდება.
დადასტურებულია, რომ დახსომება მაღალ შედეგს იძლევა მაშინ, როდესაც დასწავლის განზრახვის ფაქტორი(დახსომებაზე წარმართული ნებისყოფა), შემეცნებითი(გაგების) და მასალის მიმართ აქტიური დამოკიდებულების ფაქტორები კომპლექსურად მოქმედებს.
საინტერესოა კიდევ ერთი მომენტი: დახსომების განზრახვისა და დახსომების განწყობის ნაირგვარობა პირდაპირ განაპირობებს დახსომების სიმტკიცესაც(ხანგრძლივობას). თუ განვიზრახავთ, რომ მოკლე პერიოდისთვის გვჭირდება კონკრეტული ინფორმაციის ცოდნა, ჩვენი ტვინიც „გვისმენს“
და ხანმოკლე ვადისთვის გვინახავს მას, მაგრამ თუ ვფიქრობთ, რომ საგნის საფუძვლიანად და ღრმა დონეზე, ხანგრძლივი პერსპექტივისთვის ცოდნაა აუცილებელი და ამ განზრახვით ვამუშავებთ ტექსტს, ჩვენი ფსიქიკური ძალების მობილიზების ხარჯზე, ინფორმაცია ინტელექტის სახით დიდხანს გვენახება, ზოგჯერ სამუდამოთაც.ეს ფენომენი ფსიქოლოგთა ექსპერიმენტებით არის გამოვლენილი.
მეხსიერების ეფექტურობა დამოკიდებულია დასამახსოვრებელი მასალის სახეობაზეც.მაგალითად, კონკრეტულ თვალსაჩინო მასალას ადვილად დავისწავლით
განყენებულთან შედარებით.კონკრეტული მნიშვნელობის სიტყვას(სკამი, ვაშლი, ტიტა...) ბევრი უფრო წარმატებით ითვისებს განყენებული მნიშვნელობის სიტყვასთან შედარებით(მეთოდი, ზმნა, მიზეზი...).აზრიანი ტექსტის დამახსოვრება გაცილებით ემარტივებათ აზრმოკლებულ და გაუგებართან შედარებით.
ბუნებრივია, გასათვალისწინებელია ინდივიდუალური თავისებურებებიც: გაბატონებილი ინტერესები, გამოცდილება, მიდრეკილებები და ა.შ.მაგ., ფერებს
ადვილად განარჩევს მხატვარი.


მეხსიერების ეფექტურობაზე გავლენას ახდენს შეგრძნების სახე(„მოდალობა“), რომლის მეშვეობითაც ინდივიდი აღიქვამს დასამახსოვრებელ მასალას.შეგვიძლია გამოვყოთ მესიერების 3 სახე: მხედველობითი ანუ ოპტიკური თუ ვიზუალური, სმენითი ანუ
აკუსტიკური და მოძრაობითი ანუ
მოტორული.
მხედველობითი ტიპის ადამიანი მყარად იმახსოვრებს მხედველობით აღქმულს-თვალით წაკითხულს და ა.შ.ამ ადამიანის მოგონებებში დომინირებს მხედველობითი, თვალსაჩინო წარმოდგენები.
სმენითი ტიპის ადამიანი კარგად იმახსოვრებს მოსმენილს.მათ მოგონებებსა და აზროვნების პროცესში ჭარბობს სმენითი(ბგერითი) წარმოდგენები.
მოძრაობითი ანუ მოტორული მეხსიერების ტიპის ინდივიდი უფრო იმახსოვრებს იმას, რისი აღქმაც საკუთარი მოძრაობებით მოხდა: წაკითხვისას სათანადოდ ტუჩებისა თუ ენის მოძრაობით, საარტიკულაციო მოძრაობებით ითვისებენ მასალას.ამ ტიპის ადამიანი ადვილად ეუფლება ფიზკულტურულ მოძრაობებს, ცეკვებს, სამუშაო
იარაღების ხმარებასა და ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანების უმრავლესობას მეხსიერების სამივე ტიპი გააჩნია, თუმცა შეიძლება რომელიმე გამოკვეთილად ჰქონდეს. სასურველია, ინდივიდის პროფესია შეესაბამებოდეს მისთვის გამოკვეთილ მეხსიერების ტიპს, მაგალითად, მხატვარს თუ აქვს სმენითი და მუსიკოსს მხედველობითი ტიპის მეხსიერება, რა თქმა უნდა, არ არის ამ ადამიანისთვის ხელსაყრელი.
თუ გვინდა, რომ წარმატებებს მივაღწიოთ სწავლის, დამახსოვრების პროცესში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ფიზიოლოგიურ პირობებზეც.
ექსპერიმენტები გვიჩვენებს, რომ მოწესრიგებული ჰიგიენური პირობები-სისუფთავე, გაწმენდილი ჰაერი ნაწილობრივ განაპირობებს დასწავლის ნაყოფიერებას.
უცხო არაა, რომ ფიზიკური თუ გონებრივი დაღლილობა, მით უმეტეს დაქანცულობა აფერხებს, აუარესებს მოქმედებისას ყურადღების კონცენტრირებას და შესაბამისად აქვეითებს მეხსიერებასაც.
რაც შეეხება დღის პერიოდს, როგორც კვლევები და დაკვირვება გვიჩვენებს, ზოგადად, დასწავლის სისწრაფის მხრივ ყველაზე ნაყოფიერია დილის საათები, ნაშუადღევის დაახლ. 2-3 საათიდან ქვეითთება მეხსიერების მოქმედება, ხოლო საღამოს, დაახლ. 6-7 საათიდან დასწავლის სისწრაფე დილასთან შედარებით შემცირებულია, მაგრამ დასწავლის სიმტკიცე(თუ ადამიანი არაა დაღლილი), ჩვეულებრივ, უფრო მეტია. ამ კანონზომიერებას შემდეგნაირად ხსნიან: დილით დასწავლილის პიროვნებაში განმტკიცებას ხელს უშლის დღის განმავლობაში შრომის,
სწავლისა თუ სხვადასხვა მოქმედების შედეგად მიღებული მრავალფეროვანი შთაბეჭდილებები, ხოლო საღამოს დასწავლის შემდეგ დაძინების გამო ხელშემშლელი ფაქტორები მინიმუმამდეა დაყვანილი და მიღებული შთაბეჭდილებები განმტკიცდება.
ალბათ ყველამ ვიცით, რომ ზოგიერთი ფარმაკოლოგიური საშუალების (ქიმიკალები)--ალკოჰოლის, ნარკოტიკის, ბრომის...მიღება ანადგურებს მეხსიერებას და მნიშვნელოვნად ამცირებს ჩვენს პროდუქტიულობას სხვადასხვა სფეროში.
ზემოთ თქმულის გათვალისწინება ძალიან დაგვეხმარება, რომ გონივრულად გავანაწილოთ დრო დასწავლის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, ავამაღლოთ დამახსოვრების ხარისხი, გავიმდიდროთ და გავიმრავალფეროვნოთ ინტელექტი.


გამოყენებული ლიტერატურა:

მზია წერეთელი.“კოგნიტური ფსიქოლოგია 1- აღქმა, ყურადღება, მეხსიერება“.2012;

რევაზ ნათაძე.“მეხსიერება“, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, თბილისი-1963;

დალი ფარჯანაძე.“მეხსიერების ფსიქოლოგია“, 2008;


Robert J. Sternberg and Karin Sternberg. Cognitive Psychology, Sixth Edition.





0
220
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია კიკვაძე
ნათია კიკვაძე
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0