x
თვითაქტუალიზაცია
ავტორი: კიკვაძე ნათია

19.02.2015.

პიროვნული სრულყოფისა და განვითარების მოსურნე ყოველ ადამიანს აინტერესებს ჯანსაღი პიროვნების შეფასების კრიტერიუმები, ის, თუ რას გულისხმობს ფსიქოლოგიური კეთილდღეობა. საკუთარი თავით კმაყოფილება, ჩვენი კარიერული
წარმატება, საზოგადოებაში ეფექტური ფუნქციონირება, ნორმალური ინტერპერსონალური ურთიერთობები, ცხოვრებაში ორიენტირების განსაზღვრა, დამეთანხმებით, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გვესმის ცხოვრების
ჯანსაღი წესი.
არაერთი ცნობილი ფსიქოლოგი გვთავაზობს პროდუქტიული, შემდგარი
პიროვნების ფსიქოლოგიურ პორტრეტს, მის მახასიათებლებს, მთავარ შტრიხებს.ამ მხრივ ძალიან საინტერესო და ოპტიმისტურია ჰუმანისტ-ფსიქოლოგ აბრაჰამ მასლოუს ხედვა. თეორეტიკოსის თანახმად, ნორმალური პიროვნული განვითარებისათვის საჭიროა მნიშვნელოვნების გადაფასება უფრო პრიმიტიული მოთხოვნილებებიდან ამაღლებული და უფრო “ადამიანური“ მოთხოვნილებებისაკენ.მასლოუ
მოთხოვნილებების შემდეგ იერარქიას გამოყოფს:
1.ბიოლოგიური მოთხოვნილება (საკვების, სასმელის, ჟანგბადის, დასვენების, დაძაბულობის მოხსნის მოთხოვნილებები);
2.უსაფრთხოების მოთხოვნილება (უსაფრთხოების, კომფორტის, უშფოთველის, შიშისგან თავისუფლების მოთხოვნილება);
3.მიჯაჭვულობის მოთხოვნილება
(თანაზიარობის, სხვებთან ყოფნის-აფილიაციის მოთხოვნილება, მოთხოვნილება
იმისა, რომ გიყვარდეთ და უყვარდეთ);
4.პატივისცემის მოთხოვნილება (დარწმუნებულობის, საკუთარი
თავის ფასეულობისა და კომპეტენტურობის, თვითპატივისცემისა და სხვათა მხრიდან პატივისცემის მოთხოვნილება);
5.შემეცნებითი მოთხოვნილება (ცოდნის, გაგების, სიახლის მოთხოვნილებები);
6.ესთეტიკური მოთხოვნილებები (მშვენიერებისა და წესრიგის მოთხოვნილებები);
7.თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება (პოტენციალის სრულად გამოყენების მოთხოვნილება, განსაზღვრული მიზნისკენ სწრაფვა);
8.ტრანსცენდენტური მოთხოვნილებები (კოსმიური დანიშნულების შესრულების სულიერი მოთხოვნილებები).
განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო იერარქიის უმაღლეს საფეხურზე მყოფ ადამიანებზე, რომლებიც გასცდნენ ელემენტარული ადამიანური მოთხოვნილებების ფარგლებს საკუთარი პოტენციალის სრული განვითარების სწრაფვიდან-თვითაქტუალიზაციიდან გამომდინარე.
მასლოუს სჯეროდა, რომ ადამიანს აქვს თანდაყოლილი შინაგანი სწრაფვა, გახდეს საუკეთესო პიროვნება, იპოვოს თავისი მოწოდება, დანიშნულება. “ადამიანის ბუნება ისე არის კონსტრუირებული, რომ ის ისწრაფვის მისაღები ღირებულებების გათავისებისაკენ, სიმშვიდისაკენ, სიკეთის ქმნისაკენ, მამაცობისაკენ, პატიოსნებისა
და გულწრფელობისაკენ, არაეგოისტურობისა და გულკეთილობისაკენ.“(Maslow, 1968, p.155).
მასლოუს მიიჩნევდა, რომ ადამიანმა როგორც ის იცის, რა რაოდენობის საკვები მიიღოს ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის, ინტუიციურად ისიც იცის, როგორ გახდეს საუკეთესო, მენტალურად და ფიზიკურად ჯანმრთელი და ბედნიერი არსება. მეცნიერი
საუბრობს მაღალ ცნობიერებაზე, ესთეტიკურ და ამაღლებულ განცდებზე. ხაზგასმით გამოკვეთს მორალური და ეთიკური ქცევის მნიშვნელობას, რაც წარმართავს ადამიანს საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოვლენისაკენ. მეცნიერის თანახმად, თუ ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ნიჭს, უნარებს აზროვნებისათვის, ვართ მართალი, გულწრფელი, პატიოსანი და გახსნილი, ღია, ჩვენ ბუნებრივად ვუახლოვდებით მორალურ
და ეთიკურ საქციელს.
საგულისხმო და ყურადღებამისაქცევია მასლოუს შეხედულება ინდივიდის არაადაპტურ, პათოლოგიურ ყოფაზე :“ღირებულებათა სისტემის
გარეშე ყოფნა არის ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობა...ადამიანურ არსებას სჭირდება ღირებულებათა ჩარჩოში ჩასმა, ცხოვრების ფილოსოფიაში გარკვევა...“. მისი შეხედულებით, უმოქმედოდ, უსარგებლოდ ყოფნისაგან წარმოიშობა „ავადმყოფობები“-აპათია(გულგრილობა), ამორალურობა, უიმედობა, ცინიზმი და ა.შ., რაც შეიძლება სომატური ავადობის მიზეზიც გახდეს.ეფექტურად მოქმედებისათვისჩვენ გვჭირდება ფასეულობათა სისტემა, რომლისაც გვჯერა და რომელსაც ვუერთგულებთ.
თვითაქტუალიზებულ პიროვნებას, სხვა დადებითი თვისებების გარდა, ესმის საკუთარი თავის და ისეთად იღებს მას, როგორიც არის. ის თავისუფალია, ღიაა გამოწვევებისადმი. “ნებაყოფლობითობა გულისხმობს საკუთარი
თავის თავისუფალი, არადახშული, გაუკონტროლებელი, საიმედო, არაწინასწარგანსაზღვრული გამოხატვისაგან...“. მასლოუს თანახმად, ჯანსაღ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავზე, მის შიდა ფსიქიკურ სამყაროზე დაკვირვება
შიშის გარეშე. სწორედ თვითმიმღებლობა ქმნის შემოქმედებითობის მთავარ პირობას, ინდივიდი ღიაა, გახსნილია სიახლეებისადმი.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თვითაქტუალიზებული ადამიანები შეიძლება გარკვეულწილად ცხოვრობდნენ „დროისა და მსოფლიოს გარეთ“. ვინაიდან ცხოვრება შინაგან - საკუთარი განცდების, ემოციების, სურვილების, შიშისა და იმედების სამყაროში განსხვავდება არაფსიქიკური, გარე რეალობისაგან, რომელიც სხვის მიერ შექმნილი კანონებით იმართება. თუმცა პიროვნებას, რომელიც კარგად იცნობს საკუთარ შიდა ფსიქიკურ ბუნებას, საღად აცნობიერებს მას, თვითრწმენა აქვს, ეფექტურად ადაპტირდება მის ირგვლივ არსებულ გარემოსთან.
მასლოუს მიხედვით, ადამიანს, როგორც ბუნებით კეთილ, კარგ და არა ბოროტ არსებას, აქვს უნარი, იყოს ქმედითუნარიანი, ჯანმრთელი და ბედნიერი. მაგრამ მან უნდა ასაზრდოოს, სრულყოს საკუთარი შესაძლებლობები, ნიჭიერება ცოდნით, პატიოსნებით, ინტროსპექციით(თვითდაკვირვებით) და შეინარჩუნოს თავისუფლება.
აბრაჰამ მასლოუ თვითაქტუალიზებული ადამიანების თავისებურებებზე მკაფიოდ მიგვითითებს:
1.აქვთ რეალობის ნამდვილი, ეფექტური, სწორი აღქმა.შეუძლიათ მასთან კომფორტული, სასიამოვნო ურთიერთობა. ეს გულისხმობს ადამიანური ბუნებისა თუ გარე სამყაროს ცოდნას.თვითაქტუალიზებულ ადამიანებს არ აშინებთ უცნობი სიტუაციისა და გარემოებების. მათ უკეთესად შეუძლიათ მსჯელობით დაინახონ
სიმართლე. იცავენ ლოგიკურობას.

2.იღებენ საკუთარ თავს, სხვებსა და ბუნებრივ გარემოს ისეთს, როგორიცაა. ესმით ადამიანური სისუსტეები, ნაკლოვანებები. პატივს სცემენ თავის თავსაც და სხვებსაც. მათთვის დამახასიათებელია სიწრფელე, ღიაობა. არ იყენებენ ნიღაბს ნამდვილი ვინაობის დასამალად. მიუხედავად ამისა ისინი არ არიან თვითკმაყოფილი, წუხან
იმ უთანხმოებით, არათანხმიერებით, რაც არის ან შეიძლება იყოს მათში, სხვებში თუ საზოგადოებაში.

3.მათთვის დამახასიათებელია სპონტანურობა, ნებაყოფლობითობა. ისინი არიან ავტონომიურები, ინდივიდუალურები, არ ბრკოლდებიან ჩვეულებებით, მაგრამ არ დასცინიან მათ.არ არიან კონფორმისტები, მაგრამ არც ანტიკონფორმისტები. თვითაქტუალიზებული ადამიანების მოტივაციის წყარო უმთავრესად შინაგანი
და არა გარეგანი სტიმულებია.რომელთა გამოც ინდივიდი ზრდისა და განვითარებისაკენ, საკუთარი პოტენციალის აქტუალიზაციისაკენაა მიმართული.

4.პრობლემის მიზეზების ფოკუსირებას ახდენენ გარეგან ფაქტორებზე. მათი მაორიენტირებელი მათივე მოწოდებაა. თვითაქტუალიზებულთათვის


მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გრძნობა, მოვალეობის, ვალდებულების ერთგულება.

5.მოსწონთ განმარტოება და თავის თავთან დარჩენა, რათა შეინარჩუნონ სიმშვიდე და უშფოთველობა.ამის გამო ისინი შეიძლება გამოჩნდნენ ასოციალურები. განცალკევებულობა არეულობისა თუ პიროვნული მარცხის დროს არამღელვარე მდგომარეობას უქმნით. მართავენ საკუთარ საქციელს, არიან ინიციატორები
და თვითწამომწყებნი. მართალია, თვითაქტუალიზებული ადამიანები დამოკიდებული არიან სხვებზე სიყვარულის, უსაფრთხოების, პატივისცემისა თუ მიკუთვნებულობის
ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის, მაგრამ შინაგანი კმაყოფილების განცდისთვის არ ეყრდნობიან ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ზოგადად სიტუაციურ ფაქტორებს.თვითგანვითარებისათვის უპირატესად შინაგან ძალებზე, საკუთარ შინაგან რესურსებზე არიან დამოკიდებული.

6.აქვთ ნოვატორული, თვითმყოფადი შეხედულებები, ვიდრე სტერეოტიპული შეფასებები.

7.სხვადასხვა ხარისხითა და ვარირებადი სიხშირით თვითაქტუალიზებული ადამიანები განიცდიან ამაღლებულ ემოციებს, სიხარულს, შიშსა თუ გაკვირვებას.თავს არიდებენ ილუზიებსა და მცდარ წარმოდგენებს.ისინი არიან ღია ცხოვრების თანმდევი მრავალფეროვანი განცდებისათვის, რის გამოც თავს გრძნობენ ინტეგრირებულად.

8.მათ აქვთ ღრმა ემპათიის, თანაგანცდის უნარი. სიყვარული კაცობრიობისა, ნათესაობისა, მიუხედავად ადამიანების მხრიდან კარგი, ცუდი, უხეში თუ მოძველებული დამოკიდებულებებისა. თვითაქტუალიზებულთათვის ნათელია
სიმართლე, შეუძლიათ დაინახონ ის, რისი აღქმის უნარი სხვას არ შესწევს.

9.აქვთ ღრმა პიროვნებათაშორისი ურთიერთობები, მაგრამ მეგობრებს შერჩევითად გამოყოფენ. ახლო წრე შეიძლება იყოს ვიწრო, მაგრამ თვითაქტუალიზებული ინდივიდებისაგან შემდგარი. შეუძლიათ ისწავლონ სხვებისაგან, დამდაბლდნენ. რაც ასევე საგულისხმოა, ემეგობრებიან ადამიანებს, მიუხედავად
მათი კლასის, განათლების, პოლიტიკური მრწამსის, რასისა და კანის ფერისა.

10.არ ახდენენ ადამიანების დისკიმინაციას, არიან უბრალონი. პატივს სცემენ სხვებს, როგორც პოტენციურ ხელის შემწყობთ ცოდნის შეძენაში.თუმცა ინდივიდს აფასებენ უმთავრესად, როგორც ადამიანს.

11.განარჩევენ ცუდსა და კარგს. არიან ძალიან ეთიკურები.

12.არ გადაავადებენ მიზნების შესრულებას.ისახავენ მიზნებს აქ და ახლავე და სამართლიანი გზით ცდილობენ მის მიღწევას, მორალური სტანდარტების ფარგლებში.ისინი ყველაზე მოსაწყენ თემას, საქმეს სასიამოვნო თამაშად აქცევენ.

13.აქვთ ლაღი იუმორის გრძნობა. მაგრამ მათი ხუმრობები არ შეიცავს მტრულ განზრახვას, უპირატესობის ხაზგასმას ან სარკაზმს, ავ დაცინვას.თვითაქტუალიზებულ ადამიანთა იუმორი ნებაყოფლობითია, ღრმააზროვანი და სიტუაციისთვის ნიშანდობლივი და არა პიროვნებისათვის საზიანო.

14. მათი თავისებურებაა შემოქმედებითობა, უნიკალურობა, რაც ვლინდება ყველაფერში, რასაც აკეთებენ.ხედავენ რეალობას, სწორს უფრო ადვილად.არიან ორიგინალურნი, გამჭრიახი გონების მქონენი და ნაკლებად ფერხდებიან.

15.პიროვნულად სრულყოფილ ადამიანებს ახასიათებთ შინაგანი განცალკევებულობა კულტურისაგან, მაგრამ აქ არ იგულისხმება მისი იგნორირება.ხალხის მიერ შექმნილს, გაზიარებულს იღებენ, მაგრამ არ იშინაგანებენ მას ბრმად განსჯის გარეშე. არ ახდენენ მხოლოდ კოპირებას, კულტურასთან ზიარების პროცესში ინარჩუნებენ შინაგან ავტონომიას, თვითმყოფადობას.
მასლოუ აღნიშნავს, რომ არსებობს ორი აუცილებელი პროცესი თვითაქტუალიზაციისათვის: თვითგამორკვევა და მოქმედება. რაც უფრო ღრმაა თვითგამორკვევა, თვითჩაღრმავება, მით უფრო თვითაქტუალიზებული
ხდება პიროვნება.
ბუნებრივია, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რაც მეტი თვისების მფლობელია ინდივიდი, მით მეტად პროდუქტიული და ჩამოყალიბებულია პიროვნება. ადამიანს მრავალი დაბრკოლება თუ პიროვნული უნებისყოფობა შეიძლება უშლიდეს ხელს თვითსრულყოფაში, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ გამორჩეული, ნიჭითა და განსაკუთრებული უნარებით დაჯილდოვებული მეცნიერების, ლიტერატურული მოღვაწეების, სხვადასხვა შემოქმედებით სფეროში დაწინაურებული თუ „უბრალო“ და სამაგალითო ადამიანების სიმრავლე გვაფიქრებინებს, რომ შეუძლებელი არ არის იდეალური ადამიანობისაკენ სწრაფვა.

გამოყენებული წყაროები:

C.H.Patterson. The Nature Of Self-Actualization.Chapter 3 in”The Therapeutic Relationship”.Brooks/Cole.(1985);
Duane P.Schultz, Sydney Ellen Schultz.Theories Of Personality.Eighth Edition;
Abraham H.Maslow.Motivation And Personality. Copyright © 1954 by Harper &
Row, Publishers, Inc.

Copyright © 1970 by Abraham H. Maslow from the English Edition by Harper
& Row, Publishers 1954





0
124
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია კიკვაძე
ნათია კიკვაძე
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0