x
დასჯა-წახალისება



ავტორი: კიკვაძე ნათია.


19.02.2015



სამწუხარო სინამდვილეა, რომ ძალაუფლების, დასჯის გამოყენება ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად ხდება. ხშირად უფროსები სრულიად გამიზნულად მიმართავენ
აღზრდის დირექტიულ, მბრძანებლურ, სადამსჯელო ფორმებს და მათ ასეთ მოქმედებას აუცილებლობით ამართლებენ, თითქოს, მსგავსი მეთოდები ყველაზე სწრაფმოქმედია და ეფექტური.
საინტერესოა, საიდან აქვთ მშობლებს ძალაუფლება, რა განაპირობებს ამას? თუ დავაკვირდებით, ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი მშობელი-შვილის ურთიერთობისა არის ის, რომ მშობლებს უფრო დიდი „ფსიქოლოგიური ზომა“აქვთ, ვიდრე შვილებს. უფროსები აღიქმებიან როგორც დიდები, ძლიერები, ყველაზე ჭკვიანები, ყოვლისშემძლენი. რა თქმა უნდა, ამ შეხედულებაში
ჭეშმარიტებაცაა, მაგრამ ხშირად პატარები ბევრ არარსებულ თვისებას, თავისებურებასა და შესაძლებლობას მიაწერენ მათ. მშობლის მცდელობა, გავლენა მოახდინოს შვილებზე, იმიტომაა წარმატებული, რომ უფროსი ბავშვების თვალში ავტორიტეტია.
ბავშვი თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გამო დამოკიდებულია მშობელზე, რომელსაც აქვს მისთვის საჭირო საგნები - ეს ძალაუფლების განსხვავებული
სახეა. უფროსი გამოდის „დამჯილდოვებლის“როლში, რათა სასურველი ქცევები წაახალისოს. ამავე დროს ხელი მიუწვდება ტკივილის მიყენებისა და დისკომფორტის შექმნის საშუალებებზეც, რომლითაც სარგებლობს მიუღებელი ქცევების „დათრგუნვისათვის“.
დასჯა-წახალისების გამოყენებით ქცევის სასურველი მიმართულებით შეცვლა, ბავშვის მართვა სისტემატურ ხასიათს იღებს.ამიტომ გასათვალისწინებელია ფაქტორები, რომელთა მოქმედებით ვიღებთ უკუშედეგს და აღზრდის სწორად მიჩნეული სტილი ნეგატიური შედეგების მომტანი ხდება. პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ მშობლის მიერ ძალაუფლების(ავტორიტეტის, ძალის)გამოყენება, რაც ეფექტურად გვეჩვენება გარკვეულ სიტუაციაში, არაეფექტურია ხოლმე სხვა შემთხვევაში.ამასთან, როცა შვილები მოიპოვებენ მათთვის საჭირო რესურსებს, დამოუკიდებლები ხდებიან, როცა მრავალი ჯილდოს მიღება შეუძლიათ საკუთარი აქტივობების საშუალებით(მეგობრები, სკოლა, სპორტი, მიღწევები) და პოულობენ
დასჯის თავიდან აცილების ქმედით მეთოდებს, მშობელთა გავლენა მცირდება.მშობლები ძლიერ ემოციურ შოკსაც განიცდიან და არცთუ იშვიათად სამაგიეროს გადახდის „მსხვერპლიც“ ხდებიან შვილების მხრიდან.ამ მსჯელობით კარგად აიხსნება ტრადიციული კონფლიქტი და დაპირისპირება მოზარდთა და მშობელთა შორის. აქედან გამომდინარე, გონივრულია, ვივარაუდოთ, რომ, თუ
უფროსები აღზრდის პროცესში ნაკლებად გამოიყენებენ ძალადობრივ მეთოდებს და მეტად- არაძალადობრივ საშუალებებს, მაშინ შვილებს წინააღმდეგობის
ნაკლები მიზეზი ექნებათ მოზარდობისას.
დასჯა შეიძლება იყოს ქმედითუნარიანი კონტროლის ფორმა, ძალადობის შემაკავებელი და ქცევაზე სასურველი გავლენის მქონე, მაგრამ აღზრდის(წვრთნის) პროცესში როგორც დასჯა, ისე წახალისება უნდა განხორციელდეს გარკვეული მკაცრი პირობების დაცვით.
1.აღზრდის „ობიექტს“ მაღალი მოტივაცია სჭირდება-მას „ჯილდოსათვის“ ძლიერი მოთხოვნილება უნდა ჰქონდეს, ჯილდო მისთვის ღირებული უნდა იყოს, ამასთან მოსალოდნელ სასჯელსაც უნდა ჰქონდეს სიძლიერე, გავლენა ზომიერების ფარგლებში.

2.თუკი სასჯელი ძალიან მკაცრია, ობიექტი ცდილობს, საერთოდ გაექცეს სიტუაციას. შეცდომისთვის მკაცრად დასჯით ბავშვმა შესაძლოა აღარ სცადოს კარგის გაკეთება.

3.ჯილდომ და დასჯამ ქცევაზე რომ გავლენა მოახდინოს, ისინი დაუყოვნებლივი

უნდა იყოს.


4. მშობელი თანმიმდევრული უნდა იყოს სასურველი ქცევისათვის დაჯილდოებასა და არასასურველისათვის დასჯაში. არასასურველი მოქმედების ყოველ შემთხვევას
უნდა მოსდევდეს სასჯელი, ყოველ მისაღებ ქცევას განმამტკიცებელი, ჯილდო.

5.ჯილდო და სასჯელი იშვიათად არის ეფექტური რთული ქცევის

სწავლისას, თუკი პარალელურად არ გამოვიყენებთ ძალიან რთულ და ხანგრძლივ „განმამტკიცებელ“ მეთოდებს. განმამატკიცებლები ნაკლებად ნაყოფიერი იქნება სწავლის სასურველი ჩვევების ფორმირებისათვის ან ისეთი თვისებების ჩამოყალიბებისათვის, როგორიცაა პატიოსნება, სიკეთე, კეთილსინდისიერება. ქცევის ასეთ მოდელებს ბავშვები ძირითადად საკუთარი გამოცდილებით სწავლობენ სხვადასხვა სიტუაციაში და სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით.
ჩნდება კითხვა, ბევრი იყენებს დასჯის მეთოდს, მაგრამ
რატომ ვიღებთ ხშირად უარყოფით შედეგებს?
სამწუხაროდ, ყოველდღიურობაში ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს არღვევენ მშობლები, მასწავლებლები და ა.შ.ხშირად დანაშაულსა და ამ ქცევისთვის ინდივიდის
დასჯას შორის ინტერვალი არის დიდი ან დასჯის ინტენსივობა იცვლება დიდ დიაპაზონში. რატომ? პასუხი მარტივია:განხილული პირობების შესრულება გაცილებით რთულია და ნებისყოფას მოითხოვს.
ძალიანდიდ ყურადღებას უთმობს ბიჰევიორისტი ბერეს სკინერი დასჯის გამოყენების არაეფექტურობას, ის გვაძლევს რეკომენდაციას, გამოვიყენოთ პოზიტიური და არა ავერსიული(უარყოფითი, არასასიამოვნო) კონტროლი. თეორეტიკოსი არასასურველი ქცევის მოდიფიცირებისთვის შემდეგ რჩევებს გვაძლევს:
1.ზოგჯერ შესაძლებელია იმ პირობების შეცვლა, რომლებიც ამ არასასურველ
ქცევებს განსაზღვრავენ(მაგალითად საგამოცდო გარემოს იმგვარად ორგანიზება, რომ შეუძლებელი იყოს საუბარი).

2.ზოგჯერ ეფექტურია არასასურველი ქცევის იგნორირება და ამით ჩაქრობა.თუ ქცევას არ მოჰყვება განმამტკიცებელი(მაგ., ყურადღების მიქცევა), ქცევის სიხშირე
შემცირების ტენდენციით ხასიათდება. თუმცა ამ ფორმით ქცევის აღმოფხვრა უფრო ხანგრძლივი პროცესია.ამ მეთოდის მეორე უარყოფითი ეფექტია ის, რომ განმამტკიცებლის შეწყვეტის პირობებში, შესაძლოა, “ემოციურ“ ამოფრქვევას
ჰქონდეს ადგილი(ბრაზი, ფრუსტრაცია).

3. ზოგჯერ შესაძლებელია არასასურველი ქცევის არათავსებადი, სასურველი
ქცევით ჩანაცვლება, მაგ., აგრესიული ქცევის შემთხვევაში ეფექტურია მისი იგნორირება(ჩაქრობა) და პოზიტიურ ქცევაზე ყურადღების გამახვილება(დადებითი განმამტკიცბელის მიწოდება).
სკინერის არგუმენტები დასჯის საწინააღმდეგოდ შემდეგია:
1.ადამიანმა შეიძლება თავის აარიდოს დასჯის სიტუაციების მსგავს სიტუაციებს;

2.დასჯა ხშირად ეფექტურია ქცევის მყისიერი და ხანმოკლე შემცირების თვალსაზრისით, დასჯილი პიროვნების „ცუდი“ ქცევა შეიძლება მხოლოდ დამსჯელის
თანდასწრებით დაითრგუნოს, ხანგრძლივ პერსპექტივაში დასჯილი ქცევა უკან ბრუნდება ხოლმე და ისევ იჩენს თავს;

3.თუ დასჯა პერიოდულად ხდება, შეიძლება წარმოიქმნას კონფლიქტი რეაქციის განხორციელებასა და მის შეკავებას შორის;

4.თუ ადამიანს ხელი არ მიუწვდება დასჯილი ქცევის ალტერნატიულ ქცევებზე, ის „გარიყული“ ან „ურეაქციო“ გახდება;

5.ძლიერმა დასჯამ შეიძლება პერმანენტულად დათრგუნოს ქცევები, მაგრამ მოსალოდნელია, რომ უკიდურესი „ემოციური“ რეაქციებიც გამოიწვიოს, რაც შეაფერხებს შემდგომ დასწავლას;

6.დასჯა არ ახდენს სასურველი ქცევის დემონსტრირებას;

7.დასჯას ხშირად ახლავს ნეგატიური ემოციური გამოვლინებები, რომლებიც შეიძლება ასოციაციურად დაუკავშირდეს იმ ადამიანს, ვინც იყენებს დასჯას და არა იმას, თუ რისთვის სჯიან;

8.დასჯა ხშირად არაეფექტურია, რადგან დასჯილი ინდივიდი შესაძლოა ნერვიული, დათრგუნული ბუნებისა გახდეს, (მაგ., მშობლებს, რომლებიც სისტემატურად სჯიან თავიანთ შვილებს აგრესიული ქცევის გამო, ჰყავთ სხვებთან შედარებით უფრო აგრესიული შვილები).
პარადოქსია, რომ მშობლებს ახსოვთ, როგორ მოქმედებდა ბავშვობაშიმათზე ძალაუფლება, მაგრამ „ავიწყდებათ“, როდესაც მას საკუთარი შვილების აღზრდისათვის
იყენებენ. საინტერესო შედეგები იქნა მიღებული მათი გამოკითხვით, ძალაუფლებასთან „გამკლავების მექანიზმების სია“კი ასეთია:
1.წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა, ამბოხი, ნეგატიური დამოკიდებულება-თავისუფლების დაცვისთვის ზრდასრულთა ავტორიტარიზმის
მიმართ ასეთი რეაქცია საყოველთაოა ;

2.აღშფოთება, ბრაზი, მტრობა--ესაა ბავშვის რეაქცია იმ ადამიანის მიმართ, ვისზეც დამოკიდებულია მოთხოვნილებების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. ბავშვებს თავად სურთ განმკარგველად ყოფნა. სხვაზე დამოკიდებულება სახიფათოცაა, არსებობს საფრთხე, რომ ის სხვა უსამართლო, მიკერძოებული, არაკეთილგონიერი, არათანმიმდევრული აღმოჩნდება ან ძალაუფლების მქონე ჯილდოს საზღაურად საკუთარი ღირებულებებისა და სტანდარტების
აღიარებას მოითხოვს;

3.აგრესია, შურისძიება, კონტრდარტყმა--რაკი ძალაუფლების წყალობით მშობლის დომინირება ხშირად ბავშვის მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობას იწვევს, ხოლო დაუკმაყოფილებლობა-აგრესიას, მშობელი, რომელიც ძალაუფლებას ეყრდნობა, შვილისგან აგრესიას, უხეშობას, კრიტიკულობას უნდა მოელოდეს;

4.სიცრუე, გრძნობების დამალვა--ბავშვი სწავლობს თავდაღწევის მექანიზმს-იცრუოს სასჯელის ასარიდებლად თუ ჯილდოს დასამსახურებლად. ამისთვის სწავლობენ უფროსების ღირებულებებს-რა მოსწონთ და რა არა.თუმცა ისიც ცხადია, რომ ბავშვები არ ცრუობენ ოჯახში, სადაც აღიარებენ და პატივს სცემენ მათ თავისუფლებას. მშობლები ზოგჯერ კატეგორიულად მოითხოვენ შვილებისგან საიდუმლოებების გამხელას, სრულ გახსნილობას. ბავშვები კი პროტესტის ნიშნად პასუხობენ
გარკვეული თამაშის წესებით, მათ შორისაა დუმილი;

5.სხვების დადანაშაულება, ჭორაობა, თაღლითობა-- ბავშვის მიერ სხვების არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩაყენება, დისკრედიტაცია საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით. მშობლებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი დრო და სიბრძნე, რომ თანაბრად და სამართლიანად გაანაწილონ ჯილდო და სასჯელი, აღვივებენ ბავშვებს შორის კონკურენციას;

6.დომინირება, მართვა, დაშინება--როცა მშობელი თავის ავტორიტეტს, ძალაუფლებას შვილის მართვისა და კონტროლისათვის იყენებს, გაუცნობიერებლად რისკავს, აღზარდოს ისეთი ადამიანი, რომელიც ავტორიტარული იქნება სხვის მიმართ;

7.გამარჯვებისაკენ სწრაფვა, დამარცხებისადმი ზიზღი--ჯილდოთი გაჯერებულ გარემოში, სადაც ხდება ბავშვის ყოველდღიური მანიპულირება და გათამამება შექებითა თუ პრივილეგიებით, ხდება დასჯის იგნორირება, ბავშვების თაობა ძლიერაა ორიენტირებული, რომ მხოლოდ გაიმარჯვოს, კარგი გამოჩნდეს, მწვერვალზე მოექცეს, რამაც შესაძლოა გარემოსთან ადაპტაციის სირთულეები შექმნას. მეორე მხრივ, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ბავშვები მსგავს სიტუაციაში ხშირად არიან იმედგაცრუებული;

8.ალიანსების ჩამოყალიბება, მშობლების წინააღმდეგ ორგანიზება--მშობელთა ძალაუფლების გადალახვის მიზნით ასაკის მატებასთან ერთად ხდება ხოლმე ძალების გაერთიანება, ორგანიზებული მოქმედება;

9.მორჩილება, შეგუება, დათმობა--მშობლის ძალაუფლების უკიდურესმა ფორმებმა ინდივიდში შეიძლება გამოიწვიოს შიში, პასიურობა, უარის თქმა საკუთარ მოთხოვნილებებზე, თვითმყოფადობის დაკარგვა, რაც სხვადასხვა სახის პათოლოგიის განვითარების რისკს ზრდის;

10.ფარისევლობა, პირფერობა--მშობლის გულის მონადირება, მისი მიმხრობა. ფარისეველს კი ხშირად უარყოფენ და აბრაზებენ თანატოლები, რომლებიც ხვდებიან მათ ნამდვილ მოტივებს ან ისინი, რომლებსაც შურთ მისი პრივილიგირებული მდგომარეობა;

11.კონფორმიზმი, შემოქმედებითობის ნაკლებობა, სიახლის შიში, წარმატების
გარანტიის მოთხოვნა--ავტორიტარულ გარემოში ნაკლებია თავისუფლება, ინოვაციისკენ მისწრაფება სასჯელის შიშით;

12.საკუთარ თავში ჩაკეტვა, გაქცევა, “ღრუბლებში ფრენა“, რეგრესია--მკაცრ გარემოში ბავშვი თავს ანებებს რეალობასთან დაპირისპირებას, არ შესწევს ძალა, მოერგოს მისსავე გარემოში არსებულ ძალებს და ამჯობინებს გაქცევას.
საღი აზრი და გამოცდილება ადასტურებს, რომ ბავშვებს მართლაც სჭირდებათ შეზღუდვები მშობლებთან ურთიერთობისას, დისციპლინა, მაგრამ მათ სურთ, გაიგონ, რას განიცდიან უფროსები მათი საქციელის გამო, რათა თავად შეცვალონ მიუღებელი ქცევის ფორმები. მათ არ სურთ, რომ მშობელმა დაუდოს ზღვარი ან შეცვალოს მათი ქცევა საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით ან გამოყენების მუქარით. ბავშვებს სურთ, თვითონ წარმართონ, არეგულირონ თავიანთი ქცევა.
ამასთან არც მშობლები და არც შვილები არ უნდა მოელოდნენ, რომ მათი ყველა ქცევა მისაღები იქნება. მაგრამ შვილებს უფლება აქვთ, მოელოდნენ, რომ მშობელი ყოველთვის გაუმხელს პირად გრძნობებს, როცა მათი კონკრეტული ქცევა არმოსაწონი იქნება.
ამასთან აუცილებელია თანმიმდევრულობის დაცვა, თუკი მშობლები ძალაუფლებისა და ავტორიტეტის გამოყენებას აირჩევენ. არათანმიმდევრულობის შედეგები შეიძლება
დამღუპველი აღმოჩნდეს ბავშვებისათვის. ამ დროს მათ არ ეძლევათ „სწორი“(დასაჯილდოვებელი) ქცევის დასწავლისა და „არასასურველი“(დასასჯელი) ქცევის თავიდან აცილების შესაძლებლობა.მათ არ შეუძლიათ გამარჯვება.შედეგად იმედგაცრუებულები, დაბნეულები, გაბრაზებულები და ნევროტულებიც კი ხდებიან.
და ბოლოს მთავარი კითხვა, მივმართოთ თუ არა ძალაუფლებას, როგორც
კონტროლის საშუალებას?
მე დავეთანხმებოდი მრავალი თეორეტიკოსის, გამოცდილი ადამიანის ნააზრევს, ისტორიის ნასწავლ გაკვეთილს, მრავალრიცხოვანი კვლევის შედეგებს და ვიტყვი, რომ
ძალაუფლება გულისხმობს იძულებას, ძალდატანებას. გაცილებით ეფექტურია ბავშვს სასურველი ქცევის მოდელებით მდიდარი გარემო შევუქმნათ. ჩემი აზრით, ადაპტური და ეფექტური პიროვნების აღზრდის სწორი გზა მისაბაძი ადამიანების, წიგნის პერსონაჟებისა თუ ფილმის გმირების სიმრავლით გამორჩეული სამყაროს შექმნაა აღსაზრდელებისათვის. რაზეც უნდა ვიზრუნოთ ადრეული ასაკიდანვე, რათა
ბავშვმა თანდათან გაითავისოს მორალური ღირებულებები და ჯანსაღი ცხოვრების სტილი.ამ შემთხვევაში ინდივიდის სასურველი ქცევები მეტად იქნება ნებაყოფლობითი და გააზრებული.

გამოყენებული ლიტერატურა:


თომას გორდონი.“როგორ გავხდე კარგი მშობელი“.2014, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
Duane P.Schultz, Sydney Ellen Schultz.Theories Of Personality.Eighth Edition.




0
454
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია კიკვაძე
ნათია კიკვაძე
454
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0