x
თვითეფექტურობა
ავტორი: კიკვაძე ნათია


19.02.2015.





ალბერტ ბანდურა თვითეფქტიანობას განმარტავს, როგორც ადამიანის რწმენას, რომ მას აქვს უნარი, მართოს მის ცხოვრებაზე მოქმედი მოვლენები. ეს არის პიროვნების რწმენა, რომ მას შეუძლია კონკრეტული ქმედების შესრულება.
თვითეფექტიანობას განსაზღვრავს - გარემო, ქცევა და ადამიანის პიროვნება.


თვითეფექტიანობის ფაქტორები


თვითეფექტიანობას განსაზღვრავს 4 ფაქტორი. ესენია: პირადი გამოცდილება, არაპირ­დაპირი გამოცდილება, საზოგადოების შეხედულება და ადამიანის ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა.
პირადი გამოცდილება. როგორც წესი, წარმატებული ქცევა ზრდის თვითეფექტიანობას, მარცხი - ამცირებს. ამ ზოგადი მსჯელობიდან, შეიძლება 6 დასკვნის გაკეთება:
1. თვითეფექტიანობის ამაღლება პირდაპირ კავშირშია, წარმატებით გადაჭრილი ამოცანის სირთულესთან. მაგალითად, თუ ჩოგბურთელი მოუგებს მასზე გაცილებით სუსტ მეტოქეს, ეს არ გამოიწვევს მისი თვითეფექტიანობის გაზრდას. მაგრამ მისი თვითეფექტიანობა გაიზრდება, თუ ის ყაიმს დაამთავრებს მასზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან.
2. თუ წარმატების მიღწევა ხდება დამოუკიდებლად, ეს უფრო ამაღლებს თვითეფექტურობას, ვიდრე სხვების დახმარებით მიღწეული წარმატება.
3. წარუმატებლობა ყველაზე მეტად მაშინ შეამცირებს თვითეფექტიანობას, თუკი მთელი ჩვენი პოტენციალი გამოვიყენეთ.


4. თუ ჩვენ ვღელავდით ან ვიყავით რაიმეთი დამწუხრებული, მაშინ წარუმატებლობა ნაკლებად იმოქმედებს თვითეფექტიანობაზე, ვიდრე მაშინ, თუკი ჩვენ თავს კარგად ვგრძნობდით.
5. ბავშვობაში განცდილი მარცხი უფრო დიდ ზეგავლენას ახდენს თვითეფექტიანობაზე, ვიდრე მოზრდილ ასაკში განცდილი წარუმატებლობა.
6. შემთხვევითი წარუმატებლობა არ ახდენს გავლენას თვითეფექტურობაზე, განსაკუთრებით იმ ადამიანებთანრომელთაც აქვთ მაღალი თვითეფექტიანობა.
არაპირდაპირი გამოცდილება. როცა ჩვენ ვხედავთ, რომ სხვები წარმატებას აღწევენ, ჩვენი თვითეფექტიანობა იზრდება, ხოლო, თუ ვხედავთ, რომ ჩვენი მსგავსი უნარებისა და მომზადების ადამიანი განიცდის მარცხს, ეს ჩვენს თვითეფექტურობას ამცირებს.
საზოგადოების შეხედულება (ვერბალური მხარდაჭერა ან კრიტიკა). სხვა ადამიანების მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ შეიძლება გაზარდოს ან შეამციროს ჩვენი თვითეფექტიანობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანის შეფასება/კრიტიკა, რომელსაც ვენდობით და რომლისაც გვჯერა.
ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა. ძლიერი ემოციები ხელს უშლის ადამიანს, წარმატებით განახორციელოს ქცევა. ძლიერი შიში, სტრესი, შფოთვა ამცირებს თვითეფექტიანობას. მაგალითად, ბავშვს, რომელმაც კარგად ისწავლა ლექსი, დაფასთან პასუხის შიშის გამო, შეიძლება ყველა სიტყვა დაავიწყდეს.

კოლექტიური თვითეფექტიანობა

სამეცნიერო მოღვაწეობის გარკვეულ ეტაპზე ა.ბანდურა დაინტერესდა გლობალური საზოგადოებრივი პრობლემებით და ეს ინტერესი გამოიხატა, კოლექტიური თვითეფექ­ტიანობის კონცეფციაში.კოლექტიური თვითეფექტიანობა გამოიხატება ადამიანის რწმენაში, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება სოციალური ცვლილებების
მიღწევა. ეს კი ეფუძნება ერთად მომუშავე ადამიანების პიროვნულ თვითეფექტიანობას.

თვითეფექტურობის განვითარების სტადიები

თვითეფექტურობის განცდა თანდათან ვითარდება-გარემოზე ზემოქმედებით პატარები დაისწავლიან მათი უნარების შედეგებს, როგორიცაა:ფიზიკური მამაცობა, სოციალური უნარები(ტირილი უფროსის ყურადღებას იქცევს, ენერგიული დარტყმა არხევს საწოლს).ბანდურას აზრით, მშობლებმა უნდა გაზარდონ ბავშვის აქტივობები და კომუნიკაციის მცდელობები, შექმნან მასტიმულირებელი გარემო, მისცენ შვილებს მეტი თავისუფლება და კვლევა-ძიების შესაძლებლობა, ანუ ადრეული თვითეფექტურობის კონსტრუირება დამოკიდებულია მშობლებზე.
როგორც აღმოჩნდა, მშობლების ქცევა გოგონებისა და ბიჭების შემთხვევაში განსხვავებულია:კვლევები აჩვენებს, რომ მაღალი თვითეფექტურობის მქონე მამაკაცებს
ბავშვობაში ჰქონდათ უფრო თბილი ურთიერთობა მამებთან.დედები კი უფრო მომთხოვნები იყვნენ, ისინი მოელოდნენ მიღწევისა და შესრულების მაღალ დონეს.მაღალი თვითეფექტურობის მქონე ქალების შემთხვევაში, მამები მოითხოვდნენ მათგან სერიოზულ მიღწევებს.
მშობლის გავლენა ასაკის მატებასთან ერთად მცირდება, რამდენადაც ბავშვების მიერ სამყაროს შემეცნება ფართოვდება.ჩნდება დამატებითი მოდელები, რომლებთანაც თავის შედარება განსაზღვრავს თვითეფექტურობას:დედმამიშვილები თუ თანატოლები.თანდათან თანატოლები წარმოადგენენ ქცევისა და აზროვნების მოდელებს ბავშვებისათვის.მოთამაშეთა შორის უფრო გამოცდილი და წარმატებული ბავშვები ხდებიან მაღალი თვითეფექტურობის მქონე მოდელები დანარჩენებისთვის.
ბანდურა გამოყოფს სკოლისა და მასწავლებლების როლს ბავშვების თვითეფექტურობის ჩამოყალიბებაში.სკოლაში იძენენ პრობლემების სწორად გადაწყვეტის შესაძლებლობებს.კოგნიტური უნარების დაუფლება კი ზრდის ეფექტურობის გრძნობას.ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:თანატოლებთან თავის შედარება, მათი შესრულების მოდელირება, მიზნების დასახვა, პოზიტიური სტიმულები, პედაგოგთა მიერ გაკეთებული წარმატებებისა და მარცხის ინტერპრეტაციები განაპირობებს ბავშვების მიერ საკუთარი კომპეტენციების შეფასებას.

ბანდურა ხაზს უსვამს, რომ მასწავლებლების კოლექტიური მოქმედება ქმნის აკადემიური წარმატებისთვის შესატყვის გარემოს.სასწავლო პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს ნაკლებად ნიჭიერი და სპეციალური დახმარების საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის შესაფერის აქტივობებს.თანამშრომლური სასწავლო გარემო, სადაც ეხმარებიან ერთმანეთს, განსაზღვრავს პოზიტიურ თვითშეფასებასა და მაღალ აკადემიურ მიღწევებს, ვიდრე ინდივიდუალისტური ან კონკურენტული სიტუაცია.


მოზარდობა
ეს პერიოდიც დაკავშირებულია ახალ პასუხისმგებლობებთან, გავლენებთან. სქესობრივის იდენტობის ფორმირება, პუბერტატის ცვლილებები, პარტნიორის არჩევა და ემოციური ურთიერთობების რეგულირება, პროფესიის არჩევა განსხვავებულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული.თვითეფექტურობის ამაღლებას განაპირობებს ამ პერიოდის იმ სირთულეების მოგვარება, რომელთაც ადრე პრაქტიკულად არ შეწინააღმდეგებიან მოზარდები.ბანდურას აზრით, ამ ეტაპზე წარმატება დამოკიდებულია ბავშვობის წლებში დამკვიდრებულ თვითეფექტურობის განცდაზე.


მოზრდილობა
ბანდურა მოზრდილობას ორ პერიოდად ყოფს:ადრეული მოზრდილობა და შუა ხანა.ადრეული ეტაპის მოთხოვნებია:ქორწინება, მშობლობა, კარიერული წინსვლა.მათ რეგულირებაში მარცხს განიცდიან დაბალი თვითეფექტურობის მქონე ინდივიდები, მაგ.საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული დედები ნაკლებად განიცდიდნენ სტრესსა და დაძაბულობას, სამსახურისა და ოჯახის ურთიერთშეჭრით გამოწვეულ კონფლიქტებს.შუა მოზრდილობაც არსებითად ოჯახურ, საზოგადოებრივ, პროფესიული მოღვაწეობის სფეროებში პროდუქტიულობის ხელახლა შეფასებაა, ეუფლებიან ახალ მექანიზმებს, ჩვევებს თვითეფექტურობის ამაღლებისთვის.


გვიანი მოზრდილობა
უფრო ტიპური ამ ეტაპისთვის თვითეფექტურობის გრძნობის შემცირებაა.ქვეითდება მენტალური და ფიზიკური შესაძლებლობები, აქტიური მუშაობის ნაცვლად პენსიაზე გასვლა, ემოციური ურთიერთობების რედუცირება(შემცირება) პირდაპირ ზემოქმედებს
ამაზე, რაც, თავის მხრივ, ზეგავლენას ახდენს თვითქმედითობის მოლოდინებზე ფიზიკური თუ გონებრივი ფუნქციონირების მხრივ.ბანდურას აზრით, თუ ჩვენ არ გვჯერა, რომ შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენთვის სასიამოვნო საქმე და ვიყოთ პროდუქტიული, შეიძლება არც ვეცადოთ.ფსიქოლოგის მიხედვით, თვითეფექტურობა წარმატებისა და მარცხის განმსაზღვრელი გადამწყვეტი პიროვნული მახასიათებელია ცხოვრების მანძილზე.

თვითეფექტურობა დაკავშირებულია...


ასაკობრივი და სქესობრივი განსხვავებები - კვლევების მიხედვით, ბავშვებსა და მოზარდებში ბიჭებს უფრო მაღალი თვითეფექტურობა აქვთ.გენდერული განსხვავებები მაქსიმუმს აღწევს დაახლ.20 წლისას და მცირდება გვიან წლებში.ორივე სქესისთვის თვითეფექტურობა იზრდება ბავშვობიდან ადრეულ მოზრდილობამდე, მაღალ ნიშნულს განვითარების შუა პერიოდში აღწევს, მცირდება დაახლ.60 წლის შემდეგ.

ფიზიკური გარეგნობა - გავლენას ახდენს ადამიანების მიერ მათი ცხოვრების კონტროლის უნარზე, თვითშეფასებაზე. მრგვალი სახე, დიდი თვალები, პატარა

ნიკაპი... დაბალ შეფასებას იღებს. ბავშვური სახეების მქონე ასაკოვნებში თვითკონტროლის ძლიერი გრძნობა გამოვლინდა.ახალგაზრდული გამომეტყველება, ბუნებრივია, მეტ უპირატესობას ქმნის საზოგადოების თვალში და სამუშაო ადგილზე.ნაკლებად მიმზიდველებს, დაბლებს ნეგატიური თვითშეფასება აღმოაჩნდათ.
მზარდი თვითეფექტურობის განცდა აკადემიური შესრულების ხარისხს ამაღლებს, ზრდის მოტივაციას, მცდელობის დონეს.მაგ., მასწავლებლები ბევრს მუშაობენ მოსწავლეთა უნარ-ჩვევების პროგრესისთვის, თუ მათ აქვთ საკუთარი ძალების რწმენა.
კარიერული არჩევანი და სამუშაოს შესრულება - გენდერთანაა დაკავშირებული სქესისთვის შესაბამისი სამუშაოების შესრულებაში თვითრწმენის მაღალი მოლოდინები.ქალები კომპეტენტურად გრძნობდნენ თავს ქალისთვის შესატყვის სპეციალობებში და პირიქით.დაბალ თვითეფექტურობას შეუძლია შეზღუდოს სამომავლო კარიერის განსაზღვრა და გაურკვევლობა, გაუბედაობა გამოიწვიოს.
თვითეფექტურობა გავლენას ახდენს სამუშაოზე დახარჯულ დროსა და სამომავლო სამსახურებრივ წინსვლაზე.მაღალი თვითეფექტურობის მქონე ინდივიდებს აქვთ უფრო მაღალი, ამბიციური, შორსმიმავალი მიზნები.ისინი ფოკუსირებულნი არიან სამუშაოზე პრობლემების ანალიზსა და გადაწყვეტაზე.დაბალი თვითეფექტურობის მქონე ინდივიდები კონცენტრაციას ახდენენ პიროვნულ ნაკლოვანებებსა და მარცხის შიშზე, რაც ამცირებს მათ ნაყოფიერებას, საერთო შედეგს.
ფიზიკური ჯანმრთელობა - თვითეფექტურობა გავლენას ახდენს ფიზიკური სიჯანსაღის გარკვეულ ასპექტებზე.ერთ-ერთი კვლევით, ფეხმძიმე ქალები, რომლებმაც ისწავლეს რელაქსირებისა და სუნთქვის რეგულირების ვარჯიშები, ნაკლებად გრძნობდნენ მშობიარობის ტკივილს, რამდენადაც სჯეროდათ, რომ აკონტროლებდნენ მას.მათ ნაკლებად სჭირდებოდათ მედიკამენტის მიღება.
კვლევების მიხედვით, თვითეფექტურობის ამაღლების ტექნიკები განაპირობებს ენდორფინების-ბედნიერების გამომწვევი ჰორმონების გამომუშავებას.თვითეფექტურობა დაკავშირებულია ჯანსაღი ქცევების ფორმირებასთან.საკუთარ თავში დარწმუნებული ინდივიდები ზიანის მომტანი ჩვევების შეცვლას მეტ მონიტორინგს უწევენ, მაღალია
მათი მოტივაცია და შეუპოვრობა.
აღმოჩნდა, რომ მაღალი თვითეფექტურობა წარმატების მიღწევის პირობაა ალკოჰოლის სისტემატური მიღებისა თუ სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებების მხრივ, ეფექტურობის მოტივაციური ძალა ვარჯიშისა და წონის კონტროლის სტიმულირებას ახდენს.
თვითეფექტურობა მოქმედებს ფიზიკური ავადმყოფობისაგან გამოჯანმრთელებაზეც, მაგ., როგორც კვლევები გვიჩვენებს, ინსულტგადანატანი ინდივიდები უბრუნდებოდნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმს მაღალი ალაბათობით, ნაკლებად აწუხებდათ შიში და დეპრესია, როცა მათ საკუთარი თავის რწმენა ჰქონდათ.
ზოგადად, სარეაბილიტაციო პროგრამები მაღალი თვითეფექტურობის მქონე პაციენტებში უფრო ნაყოფიერი და სწრაფად ქმედითუნარიანია.
მაღალი თვითეფექტურობა აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ამცირებს
სტრესის გამომწვევ ჰორმორნებს, რესპირატორული ინფექციებისადმი მგრძნობიარობას.
გონებრივი ჯანმრთელობა - კვლევები გვიჩვენებს, რომ დაბალი თვითეფექტურობა შფოთვის, ნევროტიციზმისა და დეპრესიის სიმპტომების განვითარებას იწვევს. დეპრესია, თავის მხრივ, ამცირებს თვითეფექტურობას.დეპრესიაში მყოფთ სჯერათ, რომ ცხოვრებისეული სფეროების კონტროლის უნარი არ შესწევთ.
კვლევების თანახმად, მაღალი თვითეფექტურობის მქონე ინდივიდები ავლენენ აქტიურ სოციალურ ინტერესს, ისწრაფვიან სრულყოფილებისაკენ, მეტად არიან ადაპტირებულნი მოცემულ გარემო პირობებთან.

ფსიქოპათოლოგია

სოციალურ-კოგნიტური თეორიის მიხედვით, პათოლოგიური, არაადაპტური ქცევა დასწავლის შედეგია, პირადი გამოცდილების ან „დაავადებულ“ მოდელზე დაკვირვების შედეგი.
ახალი თერაპიული ტექნიკები იყენებს მოდელირებასა(ინდივიდზე დაკვირვებით
სწავლა, მისი მიბაძვა) და სხვა მეთოდებს ფობიების, შფოთვისა და სხვა ფსიქოლოგიური აშლილობების სამკურნალოდ.
შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითეფექტურობის ამაღლება გზაა პიროვნული სრულყოფისკენ, წარმატებებისაკენ, საკუთარი თავისთვის ბედნიერი და მშვიდი ატმოსფეროს შექმნისკენ.თვითეფექტიანობა მოტივაციური ძალაა დაბრკოლებების, რთული ბარიერების დაძლევისკენ.ინდივიდს შეიძლება მრავალი
ნიჭი, სოციალური, კოგნიტური, ემოციური თუ ქცევითი უნარი ჰქონდეს, მაგრამ თუ მას არ შეუძლია უნარების თავმოყრა და არ აქვს რწმენა, რომ შესწევს საკუთარი პოტენციალის საჭიროებისამებრ გამოყენების ძალა, მისი ფუნქციონირება უშედეგო და არაოპტიმალური იქნება. ეფექტურობა ბანდურასთან გენერაციული შესაძლებლობაა, რომელშიც პიროვნების კომპეტენციების ორგანიზება და სინქრონული
მართვა უნდა განხორციელდეს, რაც უამრავი მიზნის მიღწევას ემსახურება.“ადამიანის რწმენა თვითეფექტურობის შესახებ გავლენას ახდენს იმაზე, თუ მოქმედების რა მეთოდს მიმართავს ის, რა ძალისხმევას გაიღებს, რამდენ ხანს გააგრძელებს მიზნის მიღწევის მცდელობას დაბრკოლებებისა და წარუმატებლობების მიუხედავად და რამდენად მოქნილი, პლასტიკური იქნება ამ სირთულეების წინაშე“(Bandura, A., 1986).

გამოყენებული ლიტერატურა:

Howard S. Friedman, Mariam W.Schustack . Personality, fourth edition;
Duane P.Schultz, Sydney Ellen
Schultz.Theories Of Personality.Eighth Edition;
Bandura, A. (1994). Self-efficacy. In V. S. Ramachaudran (Ed.), Encyclopedia of
human
behavior(Vol. 4, pp. 71-81). New
York: Academic Press. (Reprinted in H. Friedman
[Ed.], Encyclopedia of mental he alth. San Diego:
Academic Press, 1998);
A.Bandura. SOCIAL COGNITIVE THEORY: An Agentic Perspective.2001;
http://www.bestmastersinpsychology.com
bandura@psych.stanford.edu




0
322
შეფასება არ არის
ავტორი:ნათია კიკვაძე
ნათია კიკვაძე
322
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0