x
ხანდაზმულობა და ჯანმრთელობა

image

ცნება „ხანდაზმული“ სუბიექტური შეფასების საგანია. ინდივიდუალური შეფასების გარდა, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პასუხი არსებობს კითხვაზე, თუ ვინ უნდა იქნას მიჩნეული ხანდაზმულ პირად და დღეს პასუხი ამ კითხვაზე განსხვავდება 50 ან თუნდაც 30 წლის წინ დაფიქსირებული პასუხებისგან. ამ კითხვაზე პასუხებს შორის სხვაობა, ზოგადად, განპირობებულია სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდით, ხანდაზმულების ჯანმრთელობის უკეთესი მდგომარეობით და იმ პირობების გაუმჯობესებით, რომლებიც საშუალებას აძლევს ხანდაზმულებს აქტიურად იყვნენ ჩართულები საზოგადოებრივ პროცესებში, სხვადასხვა ფუნქციებითა და როლებით. ეს აისახება, მაგალითად, ოფიციალური საპენსიო ასაკის აწევით - 65 წელს ზევით - რასაც ვხვდებით მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებში. დაბერების საკითხებზე მსოფლიო ასამბლეაზე მიღებული დეკლარაცია და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტატისტიკური და პოლიტიკური დოკუმენტები ადგენენ 60 წელს, როგორც ხანდაზმულობის ზღვარს.

ასაკის მატებასთან ერთად თავს იჩენს მრავალრიცხოვანი ფიზიოლოგიური ცვლილებები და ქრონიკული დაავადების განვითარების რისკი იზრდება. 60 წლის ასაკში, უნარშეზღუდულობისა და სიკვდილიანობის ძირითადი ტვირთი დაკავშირებულია სმენის, მხედველობისა და მოძრაობის უნარის დაკარგვასთან და ასევე არაგდამდებ დაავადებებთან. ხანდაზმული ადამიანის ჯანმრთელობის საჭიროებების შეფასებისას საჭიროა არამხოლოდ კონკრეტული დაავადებების გათვალისწინება, რომლებიც მათ შეიძლება განუვითარდეთ, არამედ იმისაც, თუ როგორ ურთიერთმოქმედებენ და ზემოქმედებენ ისინი ფუნქციონირების ტრაექტორიაზე. ჯანმრთელობის ასეთი ყოვლისმომცველი შეფასებები ხანდაზმულ ასაკში, გადარჩენის და სხვა გამოსავლის გაცილებით უკეთესი პრედიქტორებია, ვიდრე ინდივიდუალური დაავადების არსებობა ან თანმხლები დაავადებების ხარისხიც კი.

რატომ ბერდება მოსახლეობა? არსებობს მოსახლეობის დაბერების ორი ძირითადი ფაქტორი. მოსახლეობის დაბერების პირველი ძირითადი მიზეზი სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდაა: საშუალოდ, მსოფლიოში, ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ. იმისდა მიხედვით, თუ როგორ ვითარდებიან ქვეყნები ეკონომიკურად, სულ უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს ზრდასრულ ასაკში და ამიტომაც, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას იზრდება. პოპულაციის დაბერების მეორე ძირითადი მიზეზი კი შობადობის შემცირებაა.

ჯანმრთელი დაბერება- აღნიშნული ტერმინი ხშირად გამოიყენება დაავადებისგან-თავისუფალი მდგომარეობის განსასაზღვრად, რომელიც განასხვავებს ჯანმრთელ და არაჯანმრთელ ადამიანებს. ეს პრობლემატურია ხანდაზმულ ასაკში, ვინაიდან ბევრ ადამიანს ჯანმრთელობის ერთი ან მეტი დარღვევა შეიძლება ჰქონდეს, რომლებიც კარგად კონტროლდება და მცირე გავლენა აქვთ მათი ფუნქციონირების უნარზე. ამიტომაც, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიის მიზნის დასახვისას ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ჯანმო ჯანმრთელ დაბერებას განიხილავს უფრო ჰოლისტიკური თვალსაზრისით, სიცოცხლის კურსისა და ფუნქციური პერსპექტივების საფუძველზე. ჯანმრთელი დაბერება განისაზღვრება როგორც განვითარების და ფუნქციონალური შესაძლებლობების შენარჩუნების პროცესი, რომელიც მოხუცებულობის პერიოდის კეთილდღეობის გარანტია.

ფუნქციური შესაძლებლობა - ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ატრიბუტებია, რომელებიც ადამიანებს საშუალებას აძლევს თავიანთი ღირებულებების შესაბამისად იცხოვრონ და იმოქმედონ.

რამდენიმე რჩევა ჯანმრთელი დაბერების შესახებ:

  • დარჩით ფიზიკურად აქტიური რეგულარული ვარჯიშების მეშვეობით
  • იყავით სოციალურად აქტიური მეგობრებთან, ოჯახთან და თქვენს გარშემომყოფებთან
  • მიირთვით ჯანსაღად, დაბალანსებული დიეტა - უცხიმო და დაბალ ქოლესტერინიანი საკვები.
  • ნუ უგულებელყოფთ საკუთარ თავს: რეგულარული შემოწმებები ექიმთან, სტომატოლოგთან და ოფთალმოლოგთან ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
  • მიიღეთ ყველა მედიკამენტი, ექიმის დანიშნულებისამებრ.
  • შეზღუდეთ ალკოჰოლის მოხმარება და შეწყვიტეთ მოწევა.
  • გამოიძინეთ საკმარისად.
0
25
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ადამაშვილი
ნინო ადამაშვილი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0