x
დე ბონოს ექვსი ქუდის ტექნიკა
image

ედუარდ დე ბონო – არის ბრიტანელი ფსიქოლოგი, მწერალი და მრჩეველი შემოქმედებითი აზროვნების სფეროში, შეისწავლიდა მედიცინას, ფიზიოლოგიას, ფსიქოლოგიას, რომელთა საფუძველზეც დაიბადა „აზროვნების ექვსი ქუდის“ თეორია. ​ მისი დაბადების წინაპირობა გახდა მტკიცებულება, რომ ადამიანის აზროვნება ყოფიერების (არსებობის) პროცესში თანდათან ხდება ცალმხრივი, სტერეოტიპული. რასაც ამტკიცებს უამრავი ფაქტი: რელიგიით, განათლებით, მორალით და ა.შ. გარდა ამისა, აზროვნების პროცესი დაკავშირებულია ადამიანის ხასიათთან, ემოციებთან და ინტუიციასთან.​

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ედვარდ დე ბონომ შემოგვთავაზა 6 გზა, რომლებსაც შეუძლიათ დაარღვიონ ტვინისთვის ჩვეული მდგომარეობა.​აზროვნების ექვსი ქუდი — ეს მეთოდი ჯგუფებს საშუალებას აძლევს, დაგეგმონ აზროვნების პროცესები დეტალური და შემაკავშირებელი გზით და უფრო ეფექტურად იფიქრონ ერთად​. ეს მეთოდი ჯგუფებს საშუალებას აძლევს, დაგეგმონ აზროვნების პროცესები დეტალური და შემაკავშირებელი გზით და უფრო ეფექტურად იფიქრონ ერთად​.

როგორ გამოვიყენოთ ეს ხერხი:​ ედვარდ დე ბონო თავისი მეთოდის გამოყენების პრაქტიკაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იბადება პოლემიკიდან, მასში კი იმარჯვებს ის აზრი, რომელიც უკეთაა დაცული და არა ის, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს მთელი კოლექტივის ინტერესებს. ამ დაკვირვებაზე დაყრდნობით ტექნიკის ავტორმა შემოგვთავაზა პარალელური აზროვნება, რომლის აზრი იმაშია, რომ პრობლემა უნდა განიხილებოდეს არა იდეების კამათში, არამედ მის მთლიანობაში.​ შეხვედრის მონაწილეები ერთდროულად მეტაფორულად იხურავენ ერთი ფერის ქუდს, რაც საშუალებას გვაძლოევს აზროვნება მიმართული იყოს ერთი მიმართულებით.​


ლურჯი ქუდი: მას იხურავს ხელმძღვანელი. ის, ვინც უძღვება შეხვედრას, სახავს მიზანს დასაწყისში და მიყავს სამუშაო ბოლომდე. ეს ქუდი გამოიყენება კონტროლისა და დაგეგმვისთვის და შეგვიძლია რომ მის პატრონს ვუწოდოთ დირიჟორი ვინაიდან ის განსაზღვრავს რომ სხვა ფერის ქუდები გამოყენებულ იქნას სწორი მიმართულებით, იგი მართავს მთლიან პროცესს, ყველას აძლევს სიტყვას და აკვირდება თემატიკის დაცვას.

თეთრი ქუდი: ხშირად სწორედ ამ ქუდით დაწყებაა საუკეთესო, ვინაიდან ის არის საინფორმაციო. ამ ქუდის დახურვის დროს აქცენტს ვაკეთებთ ყველა იმ მონაცემზე, რაც გვაქვს. ვცდილობთ მივხვდეთ, რომელი ინფორმაცია გვაკლია, სად შეიძლება მისი პოვნა. როგორ გამოვიყენოთ უკვე ცნობილი ფაქტები და დასკვნები პრობლემის გადაწყვეტისთვის. თეთრი ქუდის დახურვის დროს საჭიროა ნეიტრალიზმი და ობიექტურობა. შეხვედრის მონაწილეებს შეუძლიათ იკითხონ დამაზუსტებელი ინფორმაცია ოღონდ კრიტიკის გარეშე.

წითელი ქუდი: ამ შემთხვევაში აქტიურდება გრძნობა და ინტუიცია, ვინაიდან წითელი ქუდი არის ემოციათა და გრძნობათა. მისი დახურვისას შესაძლოა ვთქვათ ნებისმიერი რამ რასაც ვგრძნობთ, ყოველგვარი განსჯის გარეშე. მაგალითად შესაძლოა რამეზე ვთქვათ რომ არ მოგვწონს ეს იდეა მაგრამ არ მოგვიწევს იმის ახსნა თუ რატომ ვფიქრობთ ასე. აუცილებელია შეეცადო გაიგო სხვა ადამიანის პასუხები, ამისთვის საჭიროა ყველა იყოს გულწრფელი, არ დამალოს საკუთარი გრძნობები და განცდები.

ყვითელი ქუდი: ამ ქუდის ქვეშ იგულისხმება „ოპტიმისტურად აზროვნება“, პოზიტიური მიდგომა პრობლემური საკითხისადმი, ძლიერი მხარეების გამოყოფა, როდესაც მონაწილეებს ის ახურავთ არ აქვს მნიშვნელობა მათ პირად განზრახვებს, უნდა იფიქრონ იმაზე თუ რა არის კარგი და პოზიტიური, თუნდაც იყონ წინააღმდეგნი.

შავი ქუდი : ეს ქუდი არის ყვითელის საპირისპირო, მისი მეშვეობით ხაზს ვუსვამთ იდეების უარყოფით და სუსტ მხარეებს. ჯგუფის წევრები ამბობენ იმას თუ რატომ არ გამოდგება ესა თუ ის იდეა. შავი ქუდი განსაკუთრებით სჭირდება მას, ვინც უკვე მიაღწია წარმატებას და მიეჩვია პოზიტიურად აზროვნებას, რადგან, როგორც წესი ასეთი ხალხი არ აფასებს სიძნელეებს. ის გვეხმარება რომ გეგმა უფრო გაძლიერდეს, ის არ არის ნეგატიური პირიქით გვეხმარება რომ ვიყოთ წინდახედულები.

მწვანე ქუდი: ის აღნიშნავს შემოქმედებას, კრეატულობას, არაჩვეულებრივი იდეებისა და არაორდინალური შეხედულებების ძიებას. გუნდის წევრები ახორციელებენ ცვლილებებს წინადადებებსა და იდეებში, რეკომენდაციას უწევენ ან შეიძლება ახალი იდეაც კი შემოგვთავაზონ.

ეს ტექნიკა არის ძალიან სასარგებლო და ადვილად დასანერგი​. ამ მეთოდით გადაწყვეტილებები მიიღება უფრო სწრაფად, ნაკლები სტრესის ფონზე და დისკუსიის დროს არის ნაკლები დაბნეულობა​.

ექვსი ქუდის გამოყენების ტექნიკა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ნახატი სხვადასხვა ფერის ფანქრებით. ფერადი ნახატი გამოდის მხოლოდ მაშინ, როცა ყველა ფერია გამოყენებული, ასევეა დე ბონოს მეთოდის შემთხვევაშიც, სიტუაციის მთლიანი ხედვა მას შემდეგ მოდის, რაც ყველა „ქუდს დავიხურავთ.“​


0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ადამაშვილი
ნინო ადამაშვილი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0