x
სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული სირთულეები

image


მოზარდობის ასაკი ერთ-ერთი საყურადღებო პერიოდია. მოზარდი ერთდროულად ცვლილებებს განიცდის როგორც ფიზიოლოგიურ დონეზე, ისე ფსიქოლოგიური კუთხითაც, იცვლება მისი ქცევა და დამოკიდებულებები. მოზარდებს უამრავ სიახლესთან უწევთ ადაპტირება და სწორედ ამიტომ მოზარდობის პერიოდი და მასთან დაკავშირებული სირთულეები ფსიქოლოგებისთვის და არა მარტო მათთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ხშირად განხილვად საკითხს.

მოზარდობის პერიოდში მნიშვნელოვანი ბიოლოგიური, ემოციური, ინტელექტუალური და სოციალური ცვლილებები მიმდინარეობს და სწორედ ამ ტიპის მკვეთრი ცვლილებები ხდება მოზარდთა ფსიქოლოგიური პრობლემების მიზეზი. ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი მოვლენა, რომელიც მოქმედებს მოზარდთა ფსიქოლოგიურ მდომარეობასა და მათ ქცევაზე, სქესობრივი მომწიფებაა. სქესობრივი მომწიფება, ანუ პუბერტატი, არის მოზარდთა უნივერსალური მახასიათებელი. ამ პერიოდში მათი ორგანიზმი ჰორმონების მოქმედებით იმართება. პუბერტატის შედეგად გამოწვეული ცვლილებები მოზარდებში განსხვავებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას იწვევს. მოზარდთა დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ საგრძნობლად იცვლება გამომდინარე იქიდან, რომ ზრდის პროცესი სწრაფად მიმდინარეობს, ცვლილებები კი მარტივად შესამჩნევი და მათთვის უცხოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ პრობლემებს აწყდებიან ის მოზარდები, რომელთა სქესობრივი მომწიფებაც თანატოლებისგან განსხვავებით უფრო ადრე ან გვიან მიმდინარეობს. სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა, თუნდაც იმ ფაქტმა, რომ ქვედა კიდურები სხვა დანარჩენთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდება და მოუხერხებელ ინდივიდს წარმოქმნის, შესაძლოა შფოთვის მაღალი დონე გამოიწვიოს.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პუბერტატის პერიოდთან დაკავშირებული ცვლილებები, კერძოდ, ადრეული პუბერტატული ცვლილებები დადებითად მოქმედებს ბიჭებზე. ადრეული განვითრება დაკავშირებულია ბიჭების უკეთეს სხეულთან და ამაღლებულ თვითშეფასებასთან, ამ დროს უმჯობესდება მათ მიერ საკუთარი სხეულის აღქმა და შეფასება, რაც შესაბამისად იწვევს მათი განწყობის გაუმჯობესებასაც. გოგონებისთვის კი პირიქით, გვიანი განვითარება ასოცირდება ამ დადებით ფსიქოლოგიურ შედეგებთან. ასევე, გამოიკვეთა ისიც, თუ რა ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს ბიჭებში დაგვიანებული, გოგონებში კი ადრეული სქესობრივი მომწიფება. გოგონების შემთხვევაში მნიშვნელოვნად მცირდება საკუთარი სხეულისა და გარეგნობის მიმზიდველად აღქმა, რაც შესაბამისად იწვევს მათში შფოთვასა და სხვა სახის ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ადრეულ მომწიფებასთან დაკავშირებული ცვლილებები (წონის მატება და მკერდის სწრაფი ზრდა) ძალიან მოქმედებს მათ ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებაზე. ბიჭებში კი გვიანი მომწიფება ხელს უწყობს მათი თვითშეფასების დაქვეითებას, რაც შესაბამისად აისახება მათ ქმედებებშიც.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:შენგელია თეკლა
შენგელია თეკლა
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0