x
სანდო მიჯაჭვულობის სტილი და რომანტიკული ურთიერთობები
image

დიდი ხნის მანძილზე სიყვარული და რომანტიკული ურთიერთობები ფსიქოლოგიის შესწავლის საგანს არ წარმოადგენდა. ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი სკეპტიკურად იყო განწყობილი რომანტიკული ურთიერთიბების ემპირიულად შესწავლის მიმართ, განსხვავებით ფილოსოფოსებისგან. საუკუნეების განმავლობაში, ფილოსოფოსები საუბრობდნენ სიყვარულის ფენომენზე, განიხილავდნენ მის არსს. როგორც აღვნიშნეთ, ფსიქოლოგები გარკვეული პერიოდი ამ საკითხის შესწავლას დროის ფლანგვად მიიჩნევდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც აქტიურად დაიწყეს აღნიშნული საკითხის შესწავლა სრულიად საპირისპირო შედეგი დადგა და მრავალ შეკითხვას პასუხი გაეცა. ხშირ შემთხვევაში რომანტიკულ ურთიერთობას განსაზღვრავს, ის თუ ადამიანს რა ტიპის მიჯაჭვულობა განუვითარდა ბავშვობაში. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან ფსიქოლოგები განსაკუთრებით აქტიურად იკვლევდნენ ამ საკითხს და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანდო, უსაფრთხო, მყარი მიჯაჭვულობა ბავშვობაში მნიშვნელოვნად განაპირობებს ზრდასრულობაში სტაბილურ და ჰარმონიულ რომანტიკულ ურთიერთობებს.

უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე ზრდასრულებს სიამოვნებას ანიჭებთ ახლო ურთიერთობები. მყარი მიჯაჭვულობის მქონე ზრდასრულები თავიანთ თავს ახასიათებენ, როგორც ადამიანებს, რომლებიც სხვა ადამიანებთან ახლო ურთიერთობებს შედარებით მარტივად ამყარებენ და ნაკლებად უშვებენ, რომ უარს მიიღებენ სხვებისგან. ისინი ფიქრობენ, რომ სიყვარული და ზრუნვა, რომელსაც სხვა ადამიანებისგან იღებენ დამსახურებულია. სანდო მიჯაჭვულობის ქმონე ზრდასრულები საკუთარ გრძნობებსა და აზრებს თავისუფლად უზიარებენ ხოლმე პარტნიორს. ამასთან აქვთ უფრო კარგი თვითშეფასება. უსაფრთხო მიჯაჭვულობის მქონე ადამიანებს აქვთ ტენდენცია დაამყარონ გაწონასწორებული, მტკიცე და მეტად სრულფასოვანი ურთიერთობები. ასეთი ადამიანები თავს უფრო თავისუფლად გრძნოებენ პარტნიორთან, რაც შემდგომ რომანტიკული ურთიერთობების სიმტკიცეზე დადებითად აისახება.

მიჯაჭვულობის სტილი გავლენას ახდენს პრობლემურ სიტუაციებსა და გაჭირვების დროს ზრუნვისა და სოციალური მხარდაჭერის ხასიათზე, რომელსაც ადამიანები ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ იჩენენ. როგორც წესი, მყარი მიჯაჭვულობის მქონე ზრდასრულები პარტნიორის საჭიროებებს უფრო მეტად პასუხობენ და მათზე უფრო ეფექტურად ზრუნავენ, ვიდრე სხვა ტიპის მიჯაჭვულობის მქონე ადამიანები. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, რომელშიც წყვილები პრობლემურ სიტუაციებს უნდა გამკლავებოდნენ, დადგინდა რომ სანდოდ მიჯაჭვული ადამიანები პრობლემური სიტუაციებისას არიან უფრო მეტად მხარდამჭერი, გამგები და მზრუნველი პარტნიორები.


მიჯაჭვულობის სტილი შესაძლოა იმისდა მიხედვით შეიცვალოს, თუ როგორ ცხოვრებისეულ გამოცდილებას დააგროვებს ადამიანი. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც არ ჩამოუყალიბდა უსაფრთხო მიჯაჭვულობა ბავშვობაში, ზრდასრულობაში წარმატებული და სრულყოფილი რომანტიკული ურთიერთობა შესაძლოა საფუძვლად დაედოს პარტნიორთან მყარი მიჯაჭვულობის სტილით ურთიერთობას. მიჯაჭვულობის სტილი მნიშვნელოვნად მოქმედებს იმაზეც, თუ როგორ მოიქცევიან რომანტიკული ურთიერთობის დროს პარტნიორები ერთმანეთს.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშობლებთან, აღმზრდელებთან და ზოგადად იმ ადამიანებთან ვინც ჩვენზე ზრუნავენ, ბავშვობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობები, მიჯაჭვულობის პირველ გამოცდილებას აყალიბებს და ზრდასრულობაში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი რომანტიკული ურთიერთობების ხასიათს. ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანდო, უსაფრთხო მიჯაჭვულობა ბავშვობაში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ზრდასრულობაში სტაბილურ და ჰარმონიულ რომანტიკულ ურთიერთობებს. სანდოდ მიჯაჭვული ზრდასრულები ურთიერთობაში ნაკლებად განიცდიან სტრესს, მეტად ეფექტურად უმკლავდებიან ურთიერთობაში წარმოქმნილ პრობლემურ სიტუაციებს, უფრო მეტად გამოხატავენ მხარდაჭერას პარტნიორის მიმართ, ვიდრე სხვა ტიპის მიჯაჭვულობის მქონე ადამიანები.

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:შენგელია თეკლა
შენგელია თეკლა
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0