x
ედუარდ დე ბონოს „ აზროვნების ექვსი ქუდის“ ტექნიკა
image

ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალის სრული ძალით ამოქმედება არცთუ ისე იოლია. აზროვნების პროცესი საკმაოდ ქაოტურია: ერთმანეთში ბევრი ურთიერთსაწინაამღდეგო გრძნობა და იდეა ირევა, აზრების ნაკადი მუდმივად იცვლის მიმართულებას.

კიდევ უფრო რთულდება საქმე მაშინ, როდესაც ადამიანი პრობლემის წინაშე დგას და ცდილობს გადაწყვეტილების პოვნას. რაც უფრო მეტად ცდილობს იგი პრობლემაზე კონცენტრირებას და გონების დაძაბვას, მით უფრო საფუძვლიანად ებმება რუტინული აზროვნების ხაფანგში და, თითქოს ჯიბრზე, ორიოდე ბანალური და შაბლონური მოსაზრების გარდა, თავში არაფერი მოსდის.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ პრობლემის მოგვარების პროცესში რამდენიმე ადამიანია ჩაბმული და ამოცანის გადაწყვეტა ახლა უკვე რამდენიმე თავში არსებული ქაოსიდან უნდა დაიბადოს. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ თუკი მოხერხდება თავში არსებული ქაოსის დალაგება, იდეებისა და მოსაზრებების დაჯგუფება და მათი სწორი მიმართულებით და თანმიმდევრობით წარმართვა, გადაწყვეტილების ძიების პროცესი გამარტივდება, დაჩქარდება და უფრო შედეგიანიც გახდება.


ალბათ, დაახლოებით ასე ფიქრობდა ედუარდ დე ბონო, შემოქმედებითი აზროვნების მსოფლიოში განთქმული მეთოდოლოგიის ავტორი, როდესაც პირველად გადაწყვიტა, გარკვეულიყო აზროვნების პროცესში - მისი შემოქმედებითი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით.

მან შექმნა ექვსი ქუდის მეთოდი, რომელიც გვთავაზობს, აზროვნება ექვს სხვადასხვა რეჟიმად დავყოთ. თითოეულ რეჟიმს დე ბონომ საკუთარი ფერის ქუდი შეუსაბამა.

თეთრი ქუდი

აზროვნების ტიპი - სიზუსტე, ფაქტები, ლოგიკა, ინფორმაცია. თეთრი ფერი ჩვენში თეთრი თოვლის ასოციაციას იწვევს, თოვლი კი სიწმინდის სიმბოლოა. თეთრი ფერის ქუდი - მიუკერძოებელი და ობიექტურია, როგორც მოწმე სასამართლო პროცესზე. თეთრი ქუდის მატარებელი ადამიანი კომპიუტერს ემსგავსება და ცივი გონებით ცდილობს ციფრების, ფაქტების და სხვა ობიექტური ინფორმაციის მოწოდებას.

წითელი ქუდი

აზროვნების რეჟიმი - ემოციები, ინტუიცია, გრძნობა და წინათგრძნობა. წითელი ფერი ემოციების სიმბოლოა. წითელ ქუდში თავს უფლებას ვაძლევთ, ემოციები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოვხატოთ, ღიად და გულწრფელად. გრძნობა არ საჭიროებს დასაბუთებას. წითელ ქუდს შედარებით იშვიათად და მოკლე დროით იხურავენ, იმისათვის, რომ ემოციები გამოხატონ და „ორთქლი გამოუშვან”.

შავი ქუდი

აზროვნების მიმართულება - განსჯა, კრიტიკა, შეფასება, სიფრთხილე. ლოგიკური -ნეგატიური. შავი ფერი პესიმიზმის, პირქუშობისა და არაკეთილმოსურნეობის სიმბოლოა. შავი ქუდის მატარებელი ადამიანი ნებისმიერ ინფორმაციას ეჭვის თვალით უყურებს, ეძებს უარყოფითს, მცდარს, სუსტ ადგილებს, ნაკლოვანებებს.

ყვითელი ქუდი

აზროვნების ფოკუსშია ღირსებები და უპირატესობები. ლოგიკური - პოზიტიური. ყვითელი ფერი მზის ფერია. მზის თბილი და ოპტიმისტური სხივები ადამიანში იმედსა და პოზიტიურ აზროვნებას აღვიძებს. ყვითელი ქუდი შავის ანტაგონისტია, ის გვეხმარება, დავინახოთ სარგებელი და მოვლენათა დადებითი მხარეები. ყვითელი ქუდის მქონე ადამიანი ოპტიმისტი ხდება და ნებისმიერ სიტუაციაში პოზიტიური პერსპექტივების აღმოჩენას ცდილობს.

მწვანე ქუდი

შემოქმედებითი აზროვნება, იდეები - ბევრი და მრავალფეროვანი. წინადადებები, ახალი გზები და გადაწყვეტილებები. მწვანე ფერის ქუდი შემოქმედებითი საწყისისა და ახალი იდეების სიმბოლოა. ადამიანი, რომელიც მწვანე ქუდს იხურავს, ახალი იდეების, ახალი გადაწყვეტების ძიებას იწყებს.

ლურჯი ქუდი

აზროვნების პროცესის ორგანიზება, კონტროლი და მართვა. ლურჯი ფერი - ლურჯი ცა. ის მშვიდი, ორგანიზებული, გამაერთიანებელია. ლურჯი ფერის ქუდის მქონე ადამიანი პროცესის ფასილიტატორია, აზროვნების პროცესს მართავს, მიღწევებს აჯამებს და შემდგომ მიმართულებებს სახავს. ლურჯი ქუდის დამსახურებაა, რომ ჯგუფური თათბირების დროს ყველა მონაწილე ერთიანი მიზნისკენ მიისწრაფვის. ლურჯი ქუდის მატარებელი არ იცვლის ქუდს, იგი მუდამ ამ ქუდში რჩება.


ექვსი ქუდის მეთოდის მიზანია, რომ ნებისმიერმა ადამიანმა აზროვნების ექვსივე რეჟიმი მოსინჯოს, ანუ აზროვნების ექვსივე ქუდი მოიზომოს.

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:შენგელია თეკლა
შენგელია თეკლა
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0