x
აბრაჰამ მასლოუ და ჰუმანისტური ფსიქოლოგია
image

აბრაჰამ მასლოუ იყო ამერიკელი ფსიქოლოგი, რომელმაც ჩამოაყალიბა მოთხოვნილებათა იერარქია ადამიანის მოტივაციის ასახსნელად. მისი თეორიის თანახმად, ადამიანებს აქვთ მრავალი ბაზისური საჭიროება, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს მანამ, სანამ პიროვნება უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე შეძლებს გადასვლას სოციალური, ემოციური თუ თვითრეალიზაციის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.


ადრეული ცხოვრება


აბრაჰამ მასლოუ დაიბადა 1908 წლის 1 აპრილს, ბრუკლინში, ნიუ იორკში. იგი იყო რუსეთიდან ემიგრირებული, ებრაელი მშობლების, შვიდიდან პირველი შვილი. მასლოუ თავის ბავშვობას აღწერს, როგორც უბედურსა და მარტოსულს. ცნობილია, რომ ბავშვობის უმეტეს ნაწილს მასლოუ, წიგნებში ჩაფლული, ბიბლიოთეკაში ატარებდა.

მასლოუ თავდაპირველად იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა ნიუ იორკის სითი კოლეჯში (CCNY). ფსიქოლოგიისადმი ინტერესის განვითარების შემდეგ, იგი გადავიდა ვისკონსინის უნივერსიტეტში, სადაც შეხვდა მის მენტორს, ცნობილ ფსიქოლოგს, ჰარი ჰარლოუს. მასლოუმ ფსიქოლოგიის სამივე ხარისხი, ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის, ვისკონსინის უნივერსიტეტში მიიღო.


კარიერა და ჰუმანისტური თეორიები


1937 წელს აბრაჰამ მასლოუმ ბრუკლინის კოლეჯში დაიწყო სწავლება და 1951 წლამდე განაგრძო მუშაობა სკოლის ფაკულტეტის წევრად. ამ პერიოდის განმავლობაში მასზე დიდი გავლენა მოახდინეს გეშტალტ ფსიქოლოგმა მაქს ვერტჰაიმერმა და ანთროპოლოგმა რუთ ბენედიქტმა. მასლოუს სჯეროდა, რომ ისინი განსაკუთრებული და უჩვეულო ადამიანები იყვნენ და ამიტომ, მათი ქცევის შესახებ ჩანაწერების გაკეთება და ანალიზი დაიწყო. ეს ანალიზი საფუძვლად დაედო მის თეორიებსა და კვლევებს ადამიანის პოტენციალზე.



ჰუმანისტური ფსიქოლოგია




1950-იანი წლებში, მასლოუ გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი და მამოძრავებელი ძალა იმ მიმდინარეობისა, რომელიც ჰუმანისტური ფსიქოლოგიის სახელით არის ცნობილი. მისი თეორიები მოთხოვნილებათა იერარქიის, თვითრეალიზაციისა და „პიკური“ გამოცდილების შესახებ ჰუმანისტური მოძრაობის ფუნდამენტურ საკითხად იქცა.


რით განსხვავდებოდა მასლოუს იდეები სხვა პოპულარული თეორებისგან?

  • მასლოუ თვლიდა, რომ ფროიდის ფსიქოანალიტიკური და სკინერის ბიჰევიორალური თეორიები ზედმეტად იყო კონცენტრირებული ნეგატიურ და პათოლოგიურ ასპექტებზე.
  • ის ასევე თვლიდა, რომ ამ თეორიებმა უგულებელყო პიროვნების ის პოტენციალი და შემოქმედებითობა, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია.
  • მასლოუს თეორიები უფრო მეტად იყო ორიენტირებული კეთილდღეობის მაქსიმალურად გაზრდასა და ადამიანის სრული პოტენციალის გამოყენებაზე.


თვითაქტუალიზაცია


თვითაქტუალიზაციის პროცესმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მასლოუს თეორიაში. მან ეს ტენდენცია განსაზღვრა, როგორც ნიჭის, შესაძლებლობების, პოტენციალის სრული გამოყენება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასლოუს აზრით, ადამიანები მუდმივად ისწრაფვიან თავიანთი სრული პოტენციალის გამოყენებისკენ.

თვითრეალიზაცია არ არის საბოლოო წერტილი ან დანიშნულების ადგილი. ეს არის მიმდინარე პროცესი, რომლის დროსაც, ადამიანები ცდილობენ მიაღწიონ კეთილდღეობის, კრეატიულობისა და სრულყოფის ახალ სიმაღლეებს.

მასლოუს სჯეროდა, რომ თვითაქტუალიზებული ადამიანები ფლობენ რიგ საკვანძო მახასიათებლებს. მაგალითად, საკუთარი თავის მიღებას, სპონტანურობას, დამოუკიდებლობას, პიკური გამოცდილების მიღების შესაძლებლობას და ა.შ.


შეჯამება


მასლოუმ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფსიქოლოგიის სფეროში. დღეს მას ახსენებენ, როგორც მე -20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფსიქოლოგს. მისი ძირითადი დამსახურებებია ის, რომ:

  • მისი თეორიები ეხება ადამიანის ბუნების დადებით მხარეებს. იმ დროს, როდესაც ფსიქოლოგთა უმეტესობამ ყურადღება წარმართა მხოლოდ ადამიანის ბუნების იმ ასპექტებზე, რომლებიც არანორმალურად და პათოლოგიურად ითვლებოდა, აბრაჰამ მასლოუმ ყურადღება გადაიტანა ფსიქიკური ჯანმრთელობის დადებით ასპექტებზე.
  • მისმა ნამუშევრებმა გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ფსიქიკურ ჯანმრთელობას დღეს. მისმა ინტერესმა ადამიანის პოტენციალის, „პიკური“ გამოცდილებების, ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და პიროვნული ზრდის შესახებ მტკიცე გავლენა იქონია ფსიქოლოგიაზე.
  • მისი საქმიანობა დღესაც ახდენს გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ მასლოუს მოღვაწეობა ბევრ აკადემიურ ფსიქოლოგს არ მოსწონდა და ზოგი ფსიქოლოგი ვარაუდობს, რომ მისი მოთხოვნილებათა იერარქია გადასახედი და განსაახლებელია, მისი თეორიები კვლავ არ კარგავს აქტუალობას, განსაკუთრებით, პოზიტიური ფსიქოლოგიისადმი ინტერესის ზრდის გამო.


აბრაჰამ მასლოუ 1970 წლის 8 ივნისს გულის შეტევით გარდაიცვალა კალიფორნიაში.


0
62
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ჯინჭარაძე
ელენე ჯინჭარაძე
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0