x
ვინ იყო ანა ფროიდი?

image


გვარი ფროიდი ყველაზე ხშირად ასოცირდება ზიგმუნდ ფროიდთან, იმ ყველასათვის ცნობილ ავსტრიელ ფსიქოლოგთან, რომელმაც ფსიქოანალიზი დააფუძნა, მაგრამ მისი უმცროსი ქალიშვილი, ანა ფროიდი, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფსიქოლოგი იყო, რომლის ნაშრომებმაც დიდი გავლენა იქონია ფსიქოანალიზზე, ფსიქოთერაპიასა და ბავშვთა ფსიქოლოგიაზე.


ვინ იყო ანა ფროიდი?

ანა ფროიდი იმის მაგივრად, რომ ცნობილი მამის ჩრდილქვეშ დარჩენილიყო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფსიქოანალიტიკოსად ჩამოყალიბდა. იმ ფაქტის მიუხედავად, რომ მისი მამის აზრით ბავშვთა ფსიქოანალიზი არაფრისმომცემი იყო, ანა ფროიდი მიჩნეულია ბავშვთა ფსიქოლოგიის დამფუძნებლად. უნდა აღინიშნოს, რომ ანა ფროიდს მტკიცედ სჯეროდა, რომ ფსიქოანალიზი არ იყო ექვს წლამდე ბავშვისთვის შესაბამისი მეთოდი და უკეთესი იქნებოდა სხვა უფრო ადეკვატური ტექნიკების გამოყენება მათთან მუშაობისას. ანა ფროიდის ნამუშევრებმა დიდი წვლილი შეიტანა ბავშვთა ფსიქოლოგიის გაგებაში. მან ასევე შეიმუშავა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ტექნიკა ბავშვების სამკურნალოდ. ასევე მან აღნიშნა, რომ ბავშვთა სიმპტომები განსხვავდებოდა მოზრდილებისგან, რაც ხშირად დაკავშირებული იყო განვითარების ეტაპებთან.

ანა ფროიდმა ასევე გაამდიდრა და გააფართოვა მამის ნაშრომები. მან ზიგმუნდ ფროიდის აღმოჩენილ ეგოს დაცვით მექანიზმებს სხვა მექანიზმებიც დაამატა და 1936 წელს გამოსცა წიგნი „The Ego and the Mechanisms of Defense . ანა ფროიდის მიერ დამატებული მექანიზმები, როგორიცაა მაგალითად, უარყოფა და რეპრესია ძალიან ცნობილია და ხშირად გამოიყენება ყოველდღიურ მეტყველებაშიც.

ადრეული ცხოვრება

ანა ფროიდი დაიბადა 1895 წლის 3 დეკემბერს ვენაში. ის იყო ფროიდის ყველაზე უმცროსი, მეექვსე შვილი. ანა განსაკუთრებულად ახლოს იყო მამასთან, დედისა და და-ძმებისგან განსხვავებით, რომლებთანაც, ანას თქმით, ყოველთვის დაძაბული და რთული ურთიერთობა ჰქონდა. მის სკოლის შემდგომ განათლებაზე და კარიერაზე სწორედ მამისა და მისი მეგობრების თუ პარტნიორების გავლენამ იმოქმედა.

კარიერა

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ანა ფროიდმა დაწყებით სკოლაში დაიწყო მუშაობა მასწავლებლად. პარალელურად, იგი მამის ნაშრომებს თარგმნიდა გერმანულად. ამან გაზარდა მისი ინტერესი ბავშვთა ფსიქოლოგიისა და ფსიქოანალიზის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ანაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის მოღვაწეობამ, ის ყოველთვის შორს იყო მამის ჩრდილში ცხოვრებისგან. საკუთარი ნამუშევრები მამის იდეებზე დაყრდობით შექმნა, მაგრამ ასევე დამოუკიდებლად ჩამოაყალიბა ბავშვთა ფსიქოანალიზის სფერო.

მიუხედავად იმისა, რომ ანა ფროიდს უმაღლესი ხარისხი არასოდეს მიუღია, ფსიქოანალიზსა და ბავშვთა ფსიქოლოგიაში მისმა მუშაობამ ხელი შეუწყო მის სამუდამოდ დამკვიდრებას ფსიქოლოგიის სფეროში. ბავშვების ფსიქოანალიტიკური პრაქტიკა მან პირველად 1923 წელს ვენაში დაიწყო და მალევე დაიმკვიდრა თავი ვენის ფსიქოანალიტიკოსთა საზოგდოებაში. ვენაში ყოფნის დროს მან დიდი გავლენა მოახდინა ერიკ ერიკსონზე, რომელმაც შემდგომ გააფართოვა თავისი ნაშრომები ფსიქოანალიზთან და ეგო-ფსიქოლოგიასთან დაკავშირებით.

1938 წელს ანა ფროიდი დაკითხა და დააპატიმრა გესტაპომ. მან მხოლოდ სამი თვის შემდეგ შეძლო ზიგმუნდ ფროიდთან ერთად ლონდონში გაქცევა. 1941 წელს ანა ფროიდმა დოროთი ბერლინგჰემთან ერთად დააარსა ჰემპსტედის საბავშვო ბაღი, რომელიც მოიცავდა ფსიქოანალიტიკურ პროგრამას და წარმოადგენდა უსახლკარო ბავშვთა თავშესაფარს.

საბავშვო ბაღში მისმა მუშაობამ და გამოცდილებამ შთაგონება მისცა სამ მნიშვნელოვან წიგნს: Young Children in Wartime (1942), Infants Without Families (1943), and War and Children (1943). 1945 წელს ჰემპსტედის საბავშვო ბაღის დახურვის შემდეგ, ანა ფროიდმა შექმნა ჰემპსტედის ბავშვთა თერაპიის კურსი და დააარსა კლინიკა, რომლის დირექტორიც თავად იყო 1952 წლიდან გარდაცვალებამდე. ანა ფროიდი გარდაიცვალა 1982 წლის 9 ოქტომბერს ლონდონში.



0
69
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ჯინჭარაძე
ელენე ჯინჭარაძე
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0