x
სკოლამდელი ასაკის დეპრესია

image
დეპრესია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გუნება-განწყობის აშლილობაა. მიუხედავად იმისა, რომ დეპრესია არც თუ ისე ხშირია სკოლამდელი ასაკის ბავშვებში, კვლევები ადასტურებს, რომ ის შეიძლება განვითარდეს სამი წლის ასაკშიც კი.
დეპრესიის განვითარებაში მნიშნელოვან როლს თამაშობს გენეტიკური მოწყვლადობა, თუმცა სკოლამდელ ასაკში დეპრესია უფრო ხშირად ვითარდება ისეთი გარემო ფაქტორების გამო, რომელიც იწვევს ფსიქოლოგიურ სტრესს. ეს ფაქტორები შეიძლება იყოს: არაჯანსაღი ემოციური გარემო ოჯახში, დეპრესიის ან სხვა სერიოზული დაავადების მქონე მშობელი, სირთულეები თანატოლებთან ურთიერთობაში, ტრავმული გამოცდილებები - მაგ. მშობლის გარდაცვალება ან ახლობელ ადამიანთან განშორება.
სკოლამდელი ასაკის დეპრესიის იდენტიფიცირება რთულია, რამდენადაც ბავშვი თვითონ ვერ ახდენს საკუთარი ემოციების და მდგომარეობის ვერბალიზებას, ის არ მოვა თქვენთან და არ გეტყვით, რომ დეპრესია აქვს და დახმარება ესაჭიროება. დეპრესიის მქონე ბავშვები უმეტესად ავლენენ სხეულებრივ ჩივილებს (მაგ. ხშირი თავის ან მუცლის ტკივილს, რომელსაც არ აქვს რეალური ფიზიოლოგიური საფუძველი), ძილის დარღვევებს, მადის დაქვეითებას და ცვლილებებს სოციალურ ურთიერთობებში. დეპრესიის მქონე უფროსებისგან განსხვავებით, ძირითადად ავლენენ გაღიზიანებადობას და ნაკლებად მოწყენილობას.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს დეპრესიის სიმპტომები აღენიშნება სულ მცირე 2 კვირის განმავლობაში აუცილებელია, კონსულტაციისთვის მივმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს ან ფსიქიატრს.ფსიქოლოგიური შეფასება უნდა მოიცავდეს ინტერვიუს მშობლებთან ან ბავშვზე პასუხისმგებლობის მქონე პირთან და უშუალოდ ბავშვთან, ასევე ყველა საჭირო ტესტირებას და დაკვირვებას. დამატებითი ინფორმაციის მიღება საჭიროა სხვადასხვა გარემოდან, სადაც ბავშვს უწევს ყოფნა, მაგალითად ბაღის ან სკოლის მასწავლებელი და აშ. სხვადასხვა გარემოდან მიღებული ინფორმაცია აუცილებელია იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ სიმპტომების კონსისტენტურობასა და ამ კუთხით წარსულთან შედარებით რეალური ცვლილებების არსებობაში. ტესტირებისა და შემდგომში თერაპიის პროცესში, ხშირად ხდება დეპრესიის თანმხლები სხვა სირთულეების იდენტიფიცირებაც.

ფსიქო-სოციალური ინტერვენცია წარმოადგენს მკურნალობის ძირითად ფორმას დეპრესიის მქონე სკოლამდელი ასაკის ბავშვისათვის. ინტერვენცია შეიძლება მოიცავდეს ქცევით, ოჯახურ ან კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიას. ქცევითი თერაპიის დროს ხდება სტრესულ სიტუაციებზე რეაგირების ჯანსაღი ფორმების და ნეგატიურ ემოციებთან გამკლავების სტრატეგიების სწავლება. ოჯახური თერაპია გულისხმობს ოჯახის ყველა წევრის ჩართვას მკურნალობის პროცესში და ისეთი სტრატეგიების შემუშავებას, რომლებიც დაეხმარება მათ ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებაში. კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია ეხმარება ბავშვს ისეთი არარაციონალური აზრების შეცვლაში (მაგ. “მე არავის მოვწონვარ”, “არაფერი გამომდის”) და ახალი, პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული უნარების ჩამოყალიბებაში.


0
5
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ჭელიძე
ანანო ჭელიძე
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0