x
შიზოფრენია და კრეატიულობა

კრეატიულობა არის ისეთი იდეების გენერირებისა და პროდუქტის შექმნის უნარი, რომელიც ახალი, ღირებული და აქტუალურია მოცემულ პირობებში. კავშირი კრეატიულ აზროვნებასა და სხვადასხვა ფსიქიკურ აშლილობებს შორის მრავალი წელია მეცნიერების შესწავლის საგანია, მათ შორის კი საინტერესოა კავშირი შიზოფრენიასთან.

ცნობილია, რომ მრავალ ცნობად კრეატიულ ადამიანს სწორედ შიზოფრენიის დიაგონოზი ჰქონდა, მათ შორის იყო როკ ბენდის Pink Floyd-ის დამაარსებელი Syd Barret, „თამაშის თეორიის“ შემქმნელი John Nash და ა.შ
John Nash-ის შემთხვევაში შიზოფრენიის სიმპტომების გამოვლენა კოლეჯის წლებიდან დაიწყო, თუმცა ამის მიუხედავად, ის დაჟინებით განაგრძობდა მუშაობასა და კვლევას. შედეგად კი, 1994 წელს მიიღო ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში და „თამაშის თეორიით“ სამუდამოდ შეცვალა საბაზრო ეკონომიკა, ევოლუციური ბიოლოგია, კომპუტაციის სისტემები, სამხედრო თეორია, ხელოვნური ინტელექტი და ბუღალტერია. სწორედ მისი ცხოვრება წარმოადგენს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმის “ბრწყინვალე გონების“ ინსპირაციას.image

თუმცა როგორც ბენეტი, ასევე ნეში, გამონაკლის შემთხვევებს წარმოადგნენ და ბევრ ადამიანს შიზოფრენიის სიმპტომების გამო ძლიერი შეფერხება აქვს ფუნქციონირების სხვადასხვა სფეროებში. თუნდაც კრეატიული ადამიანები შიზოფრენიის დიაგონოზით, მიდრეკილნი არიან ქმედითუნარიანობის დაკარგვისკენ ავადმყოფობის აქტიურ ფაზებში, თუმცა მნიშვნელოვნად უფრო პროდუქტიულნი არიან მის დაწყებამდე და რემისიის შემდგომ ფაზებში.

ასევე აღმოჩნა, რომ ბევრ კრეატიულ ადამიანს, რომელიც თავად არ არის შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე, ჰყავს ან ჰყავდა ნათესავი ამ დიაგნოზით. (მაგალითად, ცნობილია, რომ ალბერტ აინშტაინის ვაჟს სწორედ შიზოფრენიის დიაგნოზი ჰქონდა) ამ კავშირს ეხება ბოლოდროინდელი კვლევა, რომელიც 300 000 მძიმე მენტალური აშლილობის მქონე ადამიანების შესწავლით ადასტურებს, რომ შიზოფრენიის (ასევე ბიპოლარული აშლილობის) დიაგნოზის მქონე ადამიანების ნათესავები ჭარბად არიან წარმოდგენილნი კრეატიულ პროფესიებში.
ერთ-ერთი თეორია ამ შედეგებს ხსნის ტვინის ლატერალიზაციის ფუნქციის დარღვევით. კერძოდ, ამ დიაგნოზის არ მქონე ადამიანებს (რომელთაც ჰყავთ შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე ნათესავი) კრეატიულობას სძენს მარჯვენა ჰემისფეროს უფრო აქტიურად გამოყენება და ასევე მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროებს შორის გაძლიერებული კომუნიკაცია. მსგავსი ჰემისფეროთა კავშირი გვხდება შიზოფრენიის შემთხვევაშიც, თუმცა მათი კოგნიტური პროცესები იმდენად დეზორგანიზებულია, რომ არ შეუძლიათ ამ უნარის პროდუქტიულად გამოყენება.

თუმცა ამის საპირისპიროდ ასევე არსებობს კვლევები, რომლებიც მიუთითებენ უშუალოდ შიზოფრენიასა და კრეატიულობას შორის კავშირზე. შვედეთის პოპულაციაზე ჩატარებული თანამედროვე კვლევების შედეგად (რომლებიც გამოქვეყნებულია ბრიტანულ ფსიქიატრიულ ჟურნალში „The British Journal of Psychiatry“ ) აღმოჩნდა, რომ კრეატიულ ადამიანებს - ან მინიმუმ მათ, ვისაც აქვს კრეატიული დარგების კვალიფიკაცია - შიზოფრენიის დიაგნოზის დასმის 90%-ით მეტი შანსი აქვთ, ვიდრე არაკრეატიულ სფეროებში მომუშავე პირებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრეატიულობა იწვევს ფსიქიკურ აშლილობას ან პირიქით. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს კორელაცია არ ასახავს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ კავშირი შიზოფრენიასა და კრეატიულობას შორის შესაძლოა აიხსნას ტვინის განსხვავებული ფუნქციონირებით. ”კრეატიულობა ხშირად გულისხმობს იდეების ან კონცეფციების დაკავშირებას იმ გზებით, რომლითაც სხვა ადამიანებს არ შეუძლიათ, რომ იფიქრონ”, - განაცხადა New Scientist– ის წამყვანმა მკვლევარმა James MacCabe-მ. „ეს ბოდვების მსგავსად ხდება - მაგალითად ასევე ხდება კავშირის დანახვა ვინმეს ტანსაცმლის ფერსა და M15-ის (დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურის) შეთქმულების წევრობას შორის“.
ეს რა თქმა უნდა არ არის ერთადერთი კვლევა, რომელიც კრეატიულობასა და შიზოფრენიას შორის კავშირს ეხება და მათ შორის ბევრი საერთოდ უარყოფს მსგავს კავშირებს, თუმცა როგორც მოცემული კვლევის ავტორები ამტკიცებენ, მათი კვლევის მასშტაბები სხვებთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი და, შესაბამისად, უფრო სარწმუნოა.

თუმცა აღსანიშნია, რომ მსგავსი კვლევა კრეატიულობასთან დაკავშირებით შვედეთში ჩატარდა 2011 წელსაც, მაგრამ საპირისპირო შედეგებით. კერძოდ, ამავე პოპულაციაში აღმოჩნდა კავშირი ბიპოლარულ აშლილობასთან, თუმცა არა - შიზოფრენიასთან.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევები არ გვაძლევს ცალსახა პასუხს იმასთან დაკავშირებით მართლაც არსებობს თუ არა კავშირი შიზოფრენიასა და კრეატიულობას შორის, ან თუ არსებობს, რა იწვევს ამ კავშირს, ცხადია რომ სგავსი მონაცემები ან ისტორიული ფაქტები კიდევ უფრო ნათლად გვიჩვენებს იმას, რომ დაუშვებელია ფსიქიკური აშლილობის, მათ შორის შიზოფრენიის დიაგნოზის, მქონე ადამიანების საზოგადოებიდან გარიყვა. რა თქმა უნდა, არც პოზიტიური დისკრიმინაცია და იმის ხაზგასმაა მიზანშეწონილი, რომ შიზოფრენია აუცილებლად გარკვეულ გამორჩეულ ნიჭთან არის კავშირში და ეს ერთგვარი საჩუქარია. უბრალოდ, საჭიროა შიზოფრენიის დიაგონის მქონე ადამიანებს შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ საკუთარი პოტენციალი გამოავლინონ, რადგან როგორც დასაწყისში ავღნიშნე, ისტორიული ფაქტებიც მოწმობენ იმას, რომ თუნდაც ამ ფსიქიკური აშლილობის მქონე პიროვნებებს მრავალი ღირებული რამის შექმნა შეუძლიათ კაცობრიობისათვის.

0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:ანანო ჭელიძე
ანანო ჭელიძე
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0