x
მითები და ფაქტები ADHD-ის შესახებ

image
ADHD ანუ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი წარმოადგენს ბავშვებში გავრცელებულ ნეირობიოლოგიურ და ქცევით დარღვევას, რომელიც მოზარდობასა და ზრდასრულ ასაკშიც გადადის. სინდრომის მქონე ბავშვებისთვის დამახასიათებელია უყურადღებობა, იმპულსურობა და ჰიპერაქტივობა. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის გამომწვევი მიზეზები დღესაც დაუზუსტებელია, თუმცა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გენეტიკურ, პრენეტალურ რისკ-ფაქტორებსა და დაბადებისას ბავშვის მცირე წონას.
საზოგადოებაში გავრცლებულია მრავალი მოსაზრება ADHD-ის შესახებ, რომელთაგან ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება. გთავაზობთ რამდენიმე მითსა და ფაქტს ამ სინდრომის შესახებ:

1) მითი: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებს მხოლოდ სუსტი ნებისყოფა აქვთ და ადვილად შეუძლიათ ყურადღების კონცენტრირება მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ფაქტი: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვები ხასიათდებიან სუსტი ნებისყოფით, თუმცა მათი პრობლემა გაცილებით რთულია. სინდრომის დროს დარღვეულია თავის ტვინში მიმდინარე ქიმიური პროცესები, რაც ყურადღების, ორგანიზების, თვითრეგულაციის, მოტივაციისა და ემოციური სფეროების სრულფასოვნად განვითარებას ხელს უშლის.

2) მითი: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დროს თავის ტვინი აღგზნებულ მდგომარეობაშია და მასზე ზემოქმედება მხოლოდ დამამშვიდებელი მედიკამენტებით არის შესაძლებელი.

ფაქტი: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ადამიანებზე დადებით ეფექტს ახდენს ე.წ. "მასტიმულირებელი" მედიკამენტები, რომლებიც თავის ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებენ.

3) მითი: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ქრება ბავშვის ზრდასთან ერთად

ფაქტი: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი უმეტეს შემთხვევაში ზრდასრულობაშიც გადადის, თუმცა ის უფრო შესამჩნევია ბავშვობაში, ვიდრე ზრდასრულობაში.
ჰიპერაქტივობა უმეტესად იკლებს გვიანი მოზარდობის პერიოდში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, მოზარდებისთვის დამახასიათებელია ხასიათის სწრაფი ცვლილება და სიფიცხე.
მრავალი ზრდასრული ადამიანი აწყდება პრობლემას იმის გამო, რომ თავის დროზე არ მოხდა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დიაგნოსტირება. შესაბამისად, ისინი არ იღებდნენ სათანადო დახმარებას იმის გამო, რომ ყველა მათი პრობლემა ასოცირდებოდა ხასიათის ისეთ თვისებებთან, როგორიცაა სიზარმაცე ან მოტივაციის ნაკლებობა.

4) მითი: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის სიმპტომები მეტ-ნაკლებად გვხვდება ყველა ბავშვთან, თუმცა ნორმალური გონებრივი განვითარების მქონე ბავშვებს მათი დაძლევა ადვილად შეუძლიათ.

ფაქტი: მიუხედავად იმისა, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის სიმპტომები მეტ-ნაკლებად ყველა ბავშვისთვის არის დამახასიათებელი, დიაგნოზის დასმა ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, სპეციალისტთა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ჩატარებული სათანადო შეფასების შემდეგ.

5) მითი: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი დიდ გავლენას არ ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე.

ფაქტი: ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის უგულებელყოფა ან მისი არასწორი მართვა სერიოზულ ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე განათლების, ოჯახური ცხოვრებისა და სოციალური ურთიერთობების კუთხით. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სინდრომის ადექვატურად და ეფექტურად მართვის შემთხვევაში ადამიანს შეუძლია გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიოს.

წყარო: "ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვები, სკოლა და ოჯახი" - ი.შარიქაძე

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ჭელიძე
ანანო ჭელიძე
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0