x
თამაშის განვითარება და თამაშის ტიპები
image

თამაში ეს არის პროცესი, როდესაც ბავშვი მისთვის სასურველი აქტივობით იღებს სიამოვნებას, ერთობა და არის რელაქსირებული. ბავშვი პატარა მკვლევარია და ის დაკვირვებისა და გარემოსთან ურთიერთობის საფუძველზე შეიმეცნებს სამყაროს და აკეთებს აღმოჩენებს.
სკოლამდელი ასაკის ბავშვისათვის თამაში ქცევის წამყვანი ფორმაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ასაკში, ის, რასაც ბავშვი აკეთებს, ძირითადად აკეთებს თამაშის საშუალებით. თუმცა თამაში გრძელდება მთელი ცხოვრება და იძენს სხვადასხვა ფორმებს და ფუნქციებს.
ბავშვის განვითარებასთან ერთად, თამაში იცვლის ფორმას - ფაქტობრივად, თამაში ვითარდება ბავშვთან ერთად და ეტაპობრივად ხდება უფრო კომპლექსური და სოციალური მოვლენა.

0-3 თვე - სხეულის ნაწილებით თამაში

ამ ეტაპზე ბავშვი ძალიან ბევრს ამოძრავებს ხელებს, ფეხებს და ამგვარად ცდილობს შეისწავლოს საკუთარი სხეულის შესაძლებლობები. იღებს ახალ სენსორული გამოცდილებას, ორალური, ვიზუალური და ტაქტილური შეგრძნებებით.

0-დან 2 წლამდე - მარტო თამაში


ბავშვი არ გამოხატავს სხვებთან ერთად თამაშის ინტერესს, არ ცდილობს სხვების ჩართვას და სათამაშოებით თამაშობს დამოუკიდებლად. მარტო თამაში ეხმარება ბავშვებს აზროვნების განვითარებაში.

2 წელი - თამაშის ყურება/დაკვირვება

ამ დროს ბავშვი სხვა ბავშვების თამაშს შორიდან უყურებს, სვამს კითხვებს თამაშის შესახებ, მაგრამ თავს არიდებენ სხვა ბავშვებთან ერთად თამაშს.

2 წლიდან - პარალელური თამაში

ბავშვები თამაშობენ ერთნაირ თამაშს მსგავსი მასალებით, გვერდიგვერდ, მაგრამ ერთმანეთთან საუბრისა და ურთიერთქმედების გარეშე; ამ ეტაპზე იკვეთება სხვა ბავშვებთან თამაშის სურვილის საწყისები და ნიადაგი მზადდება უფრო კომპლექსური სოციალური თამაშებისათვის.

3-4 წელი - ასოციაციური თამაში

ასეთი თამაშის დროს ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობენ. შეიძლება ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, მაგრამ ბავშვი განცალკევებით თამაშობს და კონცენტრირებულია მხოლოდ საკუთარ მოქმედებაზე. ასოციაციური თამაშის დროს, ჯგუფში მყოფ ბავშვებს აქვთ საერთო მიზნები (მაგ. კოშკის აშენება კუბებისაგან), მაგრამ არ არსებობს წესები და თამაშის სტრუქტურა. შეგიძლიათ წაახალისოთ ბავშვი, რომ გაუცვალოს სათამაშოები სხვა ბავშვს, თუმცა გააგრძელოს მარტომ თამაში.

4 წლიდან - თანამშრომლობითი თამაში

ბავშვები ერთად მოქმედებენ და ურთიერთობენ, რათა ერთად ითამაშონ ან შექმნან რაიმე ორგანიზებული და წინასწარ განზრახული. თუ ბავშვი არ იჩენს სხვებთან თამაშის ინიციატივას, მიეცით ზუსტი და მკაფიო ინსტრუქცია თამაშის წესებთან დაკავშირებით, რადგან სწორედ ეს შეიძლება იყოს თავშეკავების მიზეზი. მაგალითად, „ჯერ შენ იმალები სადმე, სადაც გიორგის გაუჭირდება შენი პოვნა. შემდეგ გიორგი ითვლის ათამდე. ამის შემდეგ, გიორგი მოდის შენს საძებნელად. თუ გიპოვის, გიორგის დამალვის ჯერი დადგება და შენ დაითვლი ათამდე“.



  • თამაშის ტიპები

    განასხვავებენ თამაშის რამდენიმე ტიპს, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა უნარების განვითარებაზეა პასუხისმგებელი.

    არასტრუქტურირებული (თავისუფალი) თამაში - არ არსებობს წესები, არ არის წინასწარ დაგეგმილი, სპონტანურად აღმოცენდება და იძენს ნებისმიერ ფორმას ბავშვის სურვილებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ, როგორც უფროსს, შეგიძლიათ იყოთ არასტრუქტურირებული თამაშის მონაწილე, ან არა. თუმცა, თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლების მიცემას ან ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვებას თამაშის პროცესში.

    სტრუქტურირებული თამაში - არის უფრო ორგანიზებული, წესებიანი თამაში, რომელიც ძირითადად უფროსის მიერ წარიმართება. ასეთ თამაშში შეიძლება არსებობდეს მოგება და წაგებაც. სტრუქტურირებული თამაშისათვის აუცილებელია რიგის დალოდებისა და მონაცვლეობის უნარების ქონა. თუ ბავშვს აქვს რიგის დალოდების პრობლემა, შეგიძლიათ გამოიყენოთ მიმანიშნებლები - ხელის აწევა ან ფერადი ბარათები, რომლებზეც სხვადასხვა ჟესტით ან ფერით აღინიშნება ვისი ჯერია.

    როლური თამაშები - მნიშვნელოვანია სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისათვის. ბავშვები შეიმეცნებენ მათ გარშემო არსებულ სამყაროს, სიტუაციების გათამაშებისა და როლების მორგების საშუალებით. ამ დროს, ბავშვები სწავლობენ მოვლენების სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვას და იღებენ სხვადასხვა გამოცდილებას მანამ, სანამ ისინი რეალურ ცხოვრებაში მოხდება. როლური თამაშები ასევე ავითარებს კრეატიულ აზროვნებას.

    მოტორული თამაშები - სირბილი, ხტუ ნვა, სხვადასხვა მოტორუ ლი აქტივობები, რომლებიც ბავშვს დიდ სიამოვნებას ანიჭებს და ხელს უწყობს სხეულის შეთანხმებული მოძრაობის უნარის განვითარებას, სხვადასხვა შეგრძნების ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის კოორდინაციას.

0
99
შეფასება არ არის
ავტორი:ანანო ჭელიძე
ანანო ჭელიძე
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0