x
ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა

image

ტერმინი კეთილდღეობა ნიშნავს მდგომარეობას, რომელიც მოიცავს ბედნიერებისა და კმაყოფილების განცდას. ის გულისხმობს ინდივიდის ეფექტიან სოციალურ ფუნქციონირებასა და მიდრეკილებას ოპტიმიზმისადმი, ღიაობისადმი, ცნობისმოყვარეობისა და მედეგობისადმი. (მედეგობა - ინდივიდის უნარი, გაუმკლავდეს და მოერგოს ყველა ტიპის ცხოვრებისეულ გამოწვევასა და ცვლილებას ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და გარემოს რესურსების გამოყენებით.)

ამ შეგრძნების გარეშე ბავშვებში შეფერხდება მათი ჰარმონიული განვითარება, საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება, არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბავშვები, რომლებსაც კეთილდღეობის მაღალი შეგრძნება აქვთ, ათვისების მაღალი უნარითაც გამოირჩევიან და უფრო სოციალურებიც არიან, მეტად არიან მიდრეკილები, ჩაერთონ გამაჯანსაღებელ აქტივობებში. ასეთი ბავშვები თავადაც ზრუნავენ როგორც საკუთარ, ისე სხვების კეთილდღეობაზე. ბავშვებს, რომლებსაც გააჩნიათ კეთილდღეობის შეგრძნება, ზრდასრულობისას მეტი შანსი აქვთ გამოავლინონ და მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები. კეთილდღეობის შეგრძნება ხელს უწყობს მათ სასწავლო უნარებს, ეს შეგრძნება მათ უფრო მედეგს ხდის სხვადასხვა გამოწვევების მიმართ.

რაში გამოიხატება კეთილდღეობის შეგრძნება? ბავშვი ფიზიკურად აქტიურია და საკუთარი თავის მიმართ გამოხატავს კმაყოფილებას. აქვს კომპეტენტურობის, ავტონომიურობის განცდა, გრძნობს, რომ ყოველდღიურობაში მისი ინტერესები და ინდივიდუალობა გათვალისწინებულია. საშუალება აქვს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, შეუძლია გამოიჩინოს ინიციატივა, გადაჭრას პრობლემა, გაუმკლავდეს მოულოდნელ ცვლილებებს, იმედგაცრუებას. აქვს უნარი, დააფასოს საკუთარი უნიკალურობა. შეუძლია აღიაროს და დააფასოს სხვების უნიკალურობა

კეთილდღეობის წახალისება, ადამიანთა შრომისუნარიანობის, მაქსიმალური პოტენციალის, განვითარებისა და გაზრდის წასახალისებლად, ნებისმიერ სიტუაციაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სტრატეგიაა. ამრიგად, სკოლამდელი დაწესებულება პასუხისმგებელია გამოიყენოს ამ მტკიცებულებაზე დაფუძნებული სტრატეგია და შექმნას გარემო, რომელიც ბავშვს სწორედ ასეთ გამოცდილებას შესძენს. შესაბამისი გარემოს შესაქმნელად კი, მრავალმხრივი მიდგომაა საჭირო, რადგან კეთილდღეობა მრავალწახნაგოვანია და მოიცავს ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ ასპექტებს.

ფიზიკურ კეთილდღეობაში მოიაზრება - ფიზიკური უსაფრთხოების, ჯანსაღი კვების, ძილისა და დასვენების საჭიროების დაკმაყოფილება, მავნე და გამაბრუებელი ნივთიერებებისგან დაცვა, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების მიღება, ჰიგიენის ნორმების დაცვა, ფიზიკური აქტიურობა.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილზე ზრუნვა, ანუ სკოლამდელი განათლების პროგრამაში ჩართული ბავშვების ფიზიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, დაწესებულების პასუხისმგებლობაა. ამ პასუხისმგებლობას მას პირველ რიგში ბავშვთა უფლებების კონვენცია, საქართველოს კონსტიტუცია და „ადრეული ფიზიკური ჯანმრთელობა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონი აკისრებს. ასევე არსებობს სტანდარტები და რეგულაციები, რომლებიც სწორედ ბავშვთა ფიზიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფას გულისხმობს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე კეთილდღეობა მოიცავს ფსიქიკურ ასპექტს, შესაბამისად კეთილდღეობის შეგრძნებისთვის მნიშვნელოვანია ჯგუფში პოზიტიური გარემო იყოს. ამისთვის საჭიროა ბავშვებს ჰქონდეთ მიკუთვნებულობის განცდა, რაც ბავშვის, როგორც პიროვნების, გარდაუვალი ნაწილია. ბავშვს მიკუთვნებულობის განცდა აქვს თავის ოჯახთან, მის ირგვლივ არსებულ სოციალურ და კულტურულ ჯგუფთან (სამეზობლო, თემი, საბავშვო ბაღი) და კიდევ უფრო ფართო
საზოგადოებასთან მის შემდგომ ცხოვრებაში. ბავშვის მიკუთვნებულობის
განცდა ურთიერთდამოკიდებულების საჭიროების აღიარებაა მის მიერ და მის
მიმართ, აყალიბებს იდენტობას და ბავშვს აღაქმევინებს, თუ ვინ არის ის და
როგორი შეიძლება იყოს/გახდეს. თუ გვსურს ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე ვიზრუნოთ, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მივცეთ საშუალება: გამოამჟღავნოს საკუთარი შესაძლებლობები, დაიკმაყოფილოს საკუთარი საჭიროებები, მიაღწიოს წარმატებას, იზრუნოს სხვებზე, ხელი შეუწყოს მათ წარმატებას, იგრძნოს თავი მყუდროდ და დაცულად. კეთილდღეობის შეგრძნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის სულიერი სიმშვიდე. იგი არ უნდა შფოთავდეს, არაფრის არ უნდა ეშინოდეს.

ბავშვებს საშუალება უნდა ჰქონდეთ თავად აირჩიონ საქმიანობა, რესურსი, ნუ მოვთხოვთ, რომ ავტომატურად „ემორჩილებოდნენ“ ჩვენს მოთხოვნებს. პირიქით, წავახალისოთ, რომ დასვან შეკითხვები, დააზუსტონ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედონ. არჩევანის თავისუფლება, ერთი მხრივ, ბავშვის დამოუკიდებლობის განვითარებას, მის სრულყოფილ, აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ბავშვი ადრეული ასაკიდანვე ეჩვევა პასუხისმგებლობას. მეორე მხრივ კი, მისთვის საგანმანათლებლო პროცესი უფრო საინტერესო ხდება, მისი მოტივაცია იზრდება და ბავშვიც უფრო აქტიურდება.
იმისთვის, რომ ბავშვები ბაღში თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ, და მათი ფსიქიკური კეთილდღეობაც უზრუნველყოფილი იყოს, მნიშვნელოვანია, იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა, დაინახონ, რომ ჩვენ მათზე ვზრუნავთ, მათი განცდების, გრძნობების გამზიარებლები და თანამონაწილეები ვართ. ბავშვების მიმართ ემპათიური დამოკიდებულებით, ერთი მხრივ, ვზრუნავთ მათ ემოციურ კეთილდღეობაზე, ხოლო მეორე მხრივ, ხელს ვუწყობთ მათ ემოციური კომპეტენციების განვითარებაში.

უსაფრთხო გარემოში დაცულია ინდივიდების როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური უსაფრთხოება, სადაც ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს, არ შფოთავენ, არ იძაბებიან და ასევე მინიმალურია მათი ფიზიკური დაზიანების რისკი. ასეთ გარემოში შესაძლებელია ბავშვის ყველა უნარის განვითარება. თავდაპირველად სასურველია ვიზრუნოთ გარემოს ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, ამაში კი დაგვეხმარება „ტექნიკური რეგლამენტი ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობა-ნაგებობების, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ“. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს დაწესებულების შიდა და გარე პერიმეტრის მოწყობის პრინციპებს უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მას შემდეგ, რაც უსაფრთხო გარემოს მოვაწყობთ, აუცილებელია ამ ყველაფრის შენარჩუნება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ბაღში არსებობდეს პროცედურები ეზოსა და საერთო სივრცეების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ამ მიზნით შესაძლოა შეირჩეს პასუხისმგებელი პირი (ბაღის თანამშრომელი), რომელიც, გარკვეული სიხშირით, საგანგებოდ შემუშავებული კითხვარის საშუალებით აწარმოებს ბაღის ტერიტორიის დათვალიერებას - მაგალითად, მოინიშნავს, არის თუ არა მწყობრში ეზოს ატრაქციონები, ღობე, ავეჯი და ა.შ.

უსაფრთხო გარემოს მოწყობისას ყურადღება უნდა მივაქციოთ რომ, ჯგუფის ავეჯი უნდა იყოს ბავშვის ზომის შესაბამისი. როგორც ავეჯი, ისე სათამაშოები დამზადებული უნდა იყოს უსაფრთხო
მასალისგან, არ უნდა იყოს შეღებილი მავნე საღებავებით, დამუშავებული
სახიფათო ნივთიერებებით. მათი მდგომარეობა არ უნდა იყოს
საფრთხის შემცველი, მაგ. ავეჯი მომტვრეული ნაპირებით და ა.შ. საგანმანათლებლო რესურსი უნდა იყოს ბავშვების ასაკთან შესაბამისი. ჯგუფში უნდა იყოს დაცული ბავშვისა და მისთვის განკუთვნილი სივრცის
თანაფარდობა - ბავშვთა რაოდენობისა და სივრცის თანაფარდობის
დარღვევისას მატულობს ინფექციური დაავადებების რისკი. ჯგუფში უნდა იყოს დაცული ბავშვებისა და უფროსების თანაფარდობა. უნდა იყოს დაცული ჯგუფში მომუშავე უფროსების შრომითი უფლებები,
მათ უნდა ქონდეთ კვებისა და დასვენების საჭიროების დაკმაყოფილების
საშუალება. ჯგუფში მომუშავე საგანმანათლებლო პერსონალი უნდა ახორციელებდეს
პოზიტიურ დისციპლინას.

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ადამაშვილი
ნინო ადამაშვილი
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0