x
ნარკოდამოკიდებულება და მოზარდები


ნარკომანია კრებითი სახელია, რიგი დაავადებებისა, რომლებიც ხასიათდებიან ნარკოტიკული საშუალებების მზარდი მიღებისადმი დაუძლეველი სურვილით, მათ მიმართ განვითარებული ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების გამო. („პაციენტი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ტოქსიკომანია“). თავად ნარკოტიკი მოხმარების შემდგომ იწვევს ეიფორიულ, საძილე ან ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.“ადამიანი თუკი ისეთი ქიმიური ნაერთების მოქმედებას მიეჩვევა, როგორებიცაა ალკოჰოლი, ნიკოტინი, კოკაინი, ტკივილგამაყუჩებელი ან სხვა ფსიქოტროპული პრეპარატები, მაშინ მათ მიმართ მიდრეკილბა განუვითარდება. ქიმიური ნაერთების მიმართ მიდრეკილება ადამიანებში სხვადასხვა სიმძიმით ვლინდება, ზოგჯერ მას გენეტიკური ფაქტორები განაპირობებს.“ (მაკმილანი, 2013).

ნარკოტიკის დამაზიანებელი მოქმედება პიროვნებაზე ვლინდება როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ და სოციალურ ჭრილში. ყოველი ნარკოტიკული საშუალების გამოყენებას თან ახლავს კონკრეტულად მისთვის დამახასიათებელი ცვლილებები ფსიქიკაში, სხვადასხვა ტემპით ქვეითდება ფსიქიკური უნარები, ხშირ შემთხვევაში, დეგრადირდება პიროვნება, რაც აისახება მის სოციალურ სტატუსზეც, ირღვევა ძველი ჯანსაღი ურთიერთობები, იცვლება ადამიანთა წრე, რომელთანაც ინარჩუნებს კონტაქტს ნარკოტიკული საშუალების მიღების მიზნით, ირყევა ფიზიკური ჯანმრთელობაც. წამალდამოკიდებულები საკუთარი თავის დახასიათებისას ხშირად აღნიშნავენ, რომ ნარკოტიკების მოხმარების პერიოდში გახდნენ ეგოისტები, დაკარგეს ძველი ინტერესები, დაენგრათ ღირებულებები, დაკარგეს, ან დაუქვეითდათ თანაგრძნობის უნარი. (ანდღულაძე, 2012). „ნარკოტიკი ერთი ან მეტი ნეირომედიატორის აქტივობაზე მოქმედებს: ან მათ გამოყოფას აჩქარებს, ან რეცეპტორების მიერ მათ ხელახალ შეთვისებას აფერხებს და ამით ნეირონების მუშაობას ანელებს. ყველა მიჩვევადი ნარკოტიკი აჩქარებს ნეირომედიატორ დოფამინის გამოყოფას, რომელიც თავის ტვინის სიამოვნების ცენტრზე ზემოქმედებს“. (მაკმილანი, 2013)

ღრძილები გამუდმებით მექავება. მეც ვიფხნ და ვიფხან. რაც ასაკი მემატება, ტუჩები თანდათან მიქრება. უკვე დღეში ოთხი გრამი კოკაინი მჭირდება. გაღვიძებისთანავე ვიწყებ. პირველ დოზას ყავის დალევის წინ ვიღებ. რა ცუდია, ორ ნესტოზე მეტი რომ არა მაქვს! ერთი-ორიც რომ მქონდეს, ხომ უფრო მეტს შევიყნოსავდი: კოკაინი „დარდების გამქარვებელიაო“, ამბობდა ფროიდი. მთელი დღე საღეჭ რეზინს ვიღეჭები, ოღონდ რეზინის გარეშე. ღამღამობით კი ისეთ ადგილებში დავდივარ, სადაც ვერავინ მხედავს. (ბეგბედერი, 2000)

ნარკოდამოკიდებულება 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, სწორედ ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანე ზემოთ ამონარიდი წიგნიდან „99 ფრანკი“, მთავარი გმირი ნარკოდამოკიდებული ადამიანის სახეს ძალიან კარგად გამოხატავს. განსაკუთრებით სენსიტიურია აღნიშნული პრობლემის მქონე ადამიანებთან და მათ ოჯახებთან მუშაობა. კიდევ უფრო მეტი სპეციფიკურობით ხასიათდება მოზადებში მსგავსი ჩვევის აღმოფხვრა, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობენ ოჯახის წევრები. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გარშემომყოფებმა დოულად აღიარონ პრობლემა, არ უნდა მიეცენ სასოწარკვეთილებას, არ უნდა დაკარგონ დრო დამნაშავის საძებნად და საკუთარ თავზე არ აიღონ ნარკოდამოკიდებული ადამიანის პრობლემების მოგვარება, ვინაიდან გამოვა, რომ ამით მათ დათვურ სამსახურს უწევენ.


საფუძველი ქცევის ჩამოყალიბებისა დევს ბავშვობაში და შესაბამისად ვლინდება მოზარდობაში. 12 წლამდე ასაკის ბავშვისათვის ავტორიტეტი და მისაბაძი პიროვნება უფროსია, ხშირ შემთხვევაში კი- მშობელი, სწორედ ამ პერიოდში არის მნიშვნელოვანი მოხდეს ინფორმაციის სწორად მიწოდება. მთავარი ისაა, რომ ბავშვმა გაიაზროს ის შედეგები და მავნე ზეგავლენა რაც შესაძლოა ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებამ მოუტანოს. ხშირად ბავშვს საერთოდ არ აქვს წარმოდგენა რას ნიშნავს ნარკოტიკი, არათუ მისი ზემოქმედება და ზიანი. ზოგიერთი მშობელი მისი ვაკუმში მოთავსებით ცდილობს ინფორმაციის დამალვას, მაგრამ ეს ყველაფერი პირიქით, საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან სწორედ ცოდნაა ყველაზე დიდი ძალა.

აღნიშნული პრობლემის თავიდან ასარიდებლად მნიშვნელოვანია მოზარდისთვის შეიქმნას სწორი გარემოპირობები. კარგი იქნება რომ ის არ განიცდიდეს გულგრილობასა და ემოციურ დეფიციტს, მაგრამ არც ზედმეტად მზრუნველობაა კარგი. მშობლისგან არც უშეცდომობა და იდეალურობაა სწორი ვინაიდან, მოზარდსა და მშობელს შორის ერთგვარი „ბრძოლა“ განვითარებას ემსახურება, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ არ არსებობს არანაირი ზუსტი ფორმულა და გარანტია, რომელიც ყველაზე ერთნაირ დადებით შედეგს მოგვცემს.

უმთავრესია ის, რომ მოზარდმა იცოდეს როგორ თქვას არა! მისი სოციუმი განსაზღვრავს ძირითად ქცევას, ამიტომ მნიშვნელოვანია მოზარდს ჰქონდეს ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელი აზრი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. როდესაც მოზარდი მშობელს მიმართავს კითხვით გაუსინჯავს თუ არა თავად ნარკოტიკი, აქ გულწრფელობა და საკუთარი გამოცდილების ჩვენება თამაშობს გადამწყვეტ როლს. თუნდაც მშობელს თავად გასინჯული ჰქონდეს ნარკოტიკი, უნდა აუხსნას, რომ ეს იყო შეცდომა და რატომ მოხდა ეს. არ არის გამართლებული მოზარდისთვის ჩხუბი თუნდაც მსგავსი შეკითხვების არსებობის გამო, პირიქით მშობელმა უნდა ეცადოს მის ყველა შეკითხვას გასაგებად და ამომწურავად გასცეს პასუხი.

თუკი მშობელმა რაღაცაში შეცდომა დაუშვა, ან რაიმე გამოეპარა, აქ უკვე მნიშვნელოვანია მეორე ფაქტორი- დროულად მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება. მშობელმა უნდა შენიშნოს მოზარდის ქცევში ცვლილება. ეს ყველაფერი კი საკმაოდ ადვილად შესამჩნევია. ისეთი ცვლილებები როგორიცაა მუქი სათვალის ტარება ნებისმიერ დროს, გრძელსახელოებიანი ტანსაცმლის ტარება ცხელ ამინდში, ჩაცმულობაში დაუდევრობა, სისხლის ლაქები ტანსაცმელზე, პოსტინექციური ნაწიბურები, სპეციფიური სუნი პირიდან და მის გასაქრობად გამოყენებული ზედმეტი პარფიუმერია თუ დეოდორანტები, დამწვრობა ან სიმშრალე ტუჩებზე და ასე შემდეგ. ჩამოთვლილი ცვლილებები და ქცევები დაკვირვებულ მშობელს შეუძლებელია გამოეპაროს, ამოტომ აღმოჩენის შემდგომი ეტაპი არის გადამწყვეტი, როგორც მშობლისათვის, ასევე მოზარდისთვის.

ყოველთის შესაძლებელია ამოვავსოთ ის სიცარიელე, რომლისათვისაც მოზარდი მიმართავს ნარკოტიკულ ნივთიერებებს. ადამიანი არის შემოქმედებითი არსება და მისგან შეიძლება გამოვძერწოთ შემოქმედი, ამიტომ მოზარდს მრავალი ინტერესი უნდა შევთავაზოთ რომ კრეატულობამ შეცვალოს ნარკოტიკისადმი ლტოლვა.

„ნარკომანიას ხშირად ისე წარმოსახავენ, თითქოს მისი ლიკვიდირება ტოტალური ომის გამოცხადებით შეიძლებოდეს. მაგრამ ახლა აქცენტი ინაცვლებს: „არა ნარკოტიკებთან ომი, არამედ სტრატეგიის- „ჯანმრთელობა ყველასათვის“- მხარდაჭერა“ ჰანს ემბალდი.


ნარკოტიკული ნივთიერებები წარმოუდგენელ ზიანს აყენებს მოზარდის ფსიქიკურსა თუ ფიზიკურ მდგომარეობას, მისდამი დაუძლეველი სურვილი კი თავს აკარგვინებს და აშორებს ყველაფერ იმას რისთვისაც ნამდვილად ღირს სიცოცხლე. მთავარი ძალა ნებისმიერ მიდრეკილებასა თუ მანიაზე არის ცოდნა, სწორედ ცოდნით მოვახერხებთ დავამარცხოთ მტერი და გავიდეთ სამშვიდობოს. ბავშვობაში დათესილ თითოეულ მარცვალს მოვიმკით, ამიტომ ეს პერიოდი მშობლებმა მაქსიმალურად ნაყოფიერად და მრავლისმომცველად უნდა გამოიყენოს. სწორედ ბავშვობის პერიოდის გასვლის შემდეგ დგება კრიზისული პერიოდი, როდესაც მოზარდი ცდილობს იყოს დამოუკიდებელი და თუ მშობლებმა შეძლეს და დაანახეს რა არის საჭირო და რა საზიანო, დანარჩენს ის თავად გააკეთებს, თუნდაც არარელევანტურ სოციუმში მოხვდეს. თუკი მშობელი ვერ აღმოჩნდა ბავშვობის დროს ყურადღებიანი, მაინც არ არის გვიანი და უნდა ეცადოს ყველანაირი ხერხით, რომ მოზადის სიცარიელე შეავსოს.

0
61
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ადამაშვილი
ნინო ადამაშვილი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0