x
არავერბალური კომუნიკაცია ინტერკულტურული კომუნიკაციის პროცესში
imageამ სტატიის მიზანია, განსაზღვროს რა როლი ენიჭება არავერბალურ კომუნიკაციას კულტურათაშორისი კომუნიკაციის პროცესში. რამდენად დიდია მისი მნიშვნელობა. იქიდან გამომდინარე, რომ კომუნიკაციაში, პირველ რიგში, ვერბალური კომუნიკაცია მოიაზრება, როგორც ვნახავთ არავერბალური კომუნიკაციაც არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროცესში, განსაკუთრებით კი განსხვავებული
კულტურული გამოცდილების მქონე ადამიანებს შორის ურთიერთობისას. იქიდან გამომდინარე, რომ არავერბალური კომუნიკაციის გამომსახველი ნიშნები და საშუალებები სხვადასხვაგვარია ან ერთიდაიგივე ნიშანი სხვადასხვაგვარად
აღიქმება განსხვავებულ კულტურებში, ამიტომ ეს მთელი რიგი გაუგებრობების და პრობლემების წყარო ხდება, ამიტომ ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ამ განსხვავებების შესწავლა და კვლევა სხვადასხვა კულტურებში. ინტერკულტურულ კვლევებში არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობა და მისი შესწავლის აუცილებლობა დაინახა ცნობილმა ამერიკელმა ანთროპოლოგმა ედვარდ ჰოლმა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკაში არსებობდა პრობლემა ამერიკელ ელჩებთან დაკავშირებით, რომლებიც არეფექტურად მუშაობდნენ სხვადასხვა ქვეყნებში.
როდესაც ჰოლი ჩაუდგა საგარეო სამსახურის ინსტიტუტს, რომელიც ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარების გასავითრებლად მუშაობდა ელჩებთან, მან ყურადღება მიაქცია არავერბალურ კომუნიკაციას, რადგან ვერბალური კომუნიკაცია ადამიანებს ზედაპირულ წარმოდგენას აძლევდა ამა თუ იმ საკითხზე, სწორედ
ამიტომ საჭირო გახდა სიტყვებს მიღმა დამალული კონტექსტის ძიება.
ინტერკულტურული კომუნიკაციის უნარებისა გასავითარებლად ჰოლმა დაწერა წიგნი „ მუდნარე ენა“, სადაც წიგნის 20% ეთმობა არავერბალურ კომუნიკაციას. წიგნში განხილულია საკითხები „რა
არის კულტურა“? „კულტურა არის კომუნიკაცია“, „დრო საუბრობს“, „სივრცე მეტყველებს“ და ა.შ. წიგნში შევიდა მაგალითები ჰოლისა და დიპლომატიური კორპუსის წევრთა გამოცდილებიდან. წიგნმა დიდი ზემოქმედება მოახდინა საზოგადოებაზე და სულ მალე მისი დიდი რაოდენობით ეგზემპლარი გაიყიდა. ითარგმნა 6 ენაზე მათ შორის იაპონურადაც.
სტატიაში ასევე განხილული მექნება ის, თუ ზოგადად რა საშუალებებით ხდება არავერბალური კომუნიკაციის გამოხატვა და რა მნიშვლეობა აქვს თითოეულ ამ საშუალებას (იქნება ეს ჟესტი, მიმიკა,
მხედველობითი კონტაქტი, პოზა თუ სხვა) სხვადასხვა კულტურებში (რა თქმა უნდა თითოეული ჟესტისა თუ მიმიკის განხილვა მსოფლიოს ყველა კულტურაში ერთი ნაშრომის ფარგლებში შეუძლებელი იქნება მათი რაოდენობიდან გამომდინარე, ამიტომ ვეცდები გამოვყო ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი). ასევე, ვფიქრობ მნიშვნელოვანია არავერბალური კომუნიკაციისათვის დამახასიათებელი ისეთი ნიშნების განხილვაც, რაც საერთოა ყველა კულტურისათვის და რაც აადვილებს ურთიერთობას სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის. თითოეულ ამ საკითხზე ქვემოთ მექნება საუბარი. მანამდე აუცილებელია განიმარტოს რამდენიმე ცნება და ტერმინი რათა ცხადი იყოს რაზე გვაქვს
საუბარი და თავიდან ავიცილოთ ტერმინოლოგიური გაუგებრობა.


პირველ რიგში, საჭიროა განსაზღვროთ, თუ რა არის კომუნიკაცია.


ადამიანთა ერთობლივი ცხოვრების და აქტივობის (საქმიანობის) აუცილებელი პირობაა კომუნიკაცია. კომუნიკაცია არის ის უმნიშვნელოვანესი ცნება და მოვლენა, რომელიც ოდითგანვე ამყარებდა ადამიანების და არა მარტო მათ არსებობას. კომუნიკაცია არის ურთიერთობა, ცხოვრება კი სწორედ ამ ურთიერთობებს ემყარება. კაცობრიობის მთელი კულტურა შესაძლოა ერთ დიდ კომუნიკაციად მივიჩნიოთ, რომლის ცენტრიც ადამიანია. პიროვნება კომუნიკაციის წყალობით ყალიბდება, იზოლირებულად ის არაფერს წარმოადგენს. ადამიანი სწორედაც რომ, ფასდება თავისი გავლენის სფეროსა და ავტორიტეტის მიხედვით, ანუ ერთგვარი ძალაუფლებით, რომელსაც თითოეული ჩვენგანი მეტნაკლებად ფლობს და მას ურთიერთობის საშუალებით ამყარებს. (კასარელი, 2012)

რას ვგულისხმობთ ინტერკულტურული კომუნიკაციის ქვეშ?

ინტერკულტურული კომუნიკაცია გულისხმობს სხვადასხვა კულტურის
წარმომადგენელთა უშუალო ურთიერთობას. ადვილი წარმოსადგენია, რამდენად რთული შეიძლება იყოს ეს ურთიერთობა განსხვავებული კულტურული გამოცდილების მქონე ადამიანებს შორის,
რომელთაც ცოტა რამ თუ აქვთ საერთო.
როგორც წესი, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქენი უფრო განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ვიდრე ერთი ქვეყნის ადამიანები. იმას, რაც ერთ ქვეყანად მეორისაგან განასხვავებს, ნაციონალურ/ეროვნულ კულტურას ვუწოდებთ. მას ბავშვი დაბადებიდანვე ითვისებს.
მოგვწონს ეს თუ არა, ჩვენ ხშირად გვიხდება ურთიერთობა სხვა ქვეყნების ადამიანებთან. ვმოგზაურობთ და ვიღებთ ტურისტებს, ვსწავლობთ უცხოელებთან ერთად და უცხოეთში, ვმუშაობთ მრავალეთნიკურ ორგანიზაციებში, ადამიანები მთელ მსოფლიოში დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან ცოდნით, რელიგიებით, იდეოლოგიებით, იარაღით, ფულით, ავადმყოფობით, ვაჭრობით, სპორტით...


კულტურათშორისი გაუგებრობები მრავალი პრობლემის წყაროა. თუ არ გავიაზრებთ კულტურულ მრავალფეროვნებას, არ დავეუფლებით ჩვენგან სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან ეფექტური ურთიერთობის ჩვევებს ან არ გვექნება ამის სურვილი, ჩვენი სამყარო გაცილებით უარესი გახდება. გარდა ამისა, კულტურათშორისი (კროს-კულტურული) ურთიერთობა ჩვენივე გამოცდილების გამდიდრების წყაროა, იგი სხვაგვარად დაგვანახებს უეჭველად მიჩნეულ საკითხებს.

„კულტურა“ ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული
სიტყვაა, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს. ჩემი ესეს ფარგლებში შემოვიფარგლები „კულტურის“ იმ ორი განმარტებით, რომელიც საკითხის უკეთ ახსნაში დამეხმარება.
კულტუროლოგიის ფუძემდებელმა, ამერიკელმა მეცნიერმა ლესლი უაიტმა კულტურის შემდეგი განმარტება შემოგვთავაზა: კულტურა-ეს
არის საგნებისა და მოვლენების ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ადამიანისათვის დამახასიათებელ სიმბოლიზაციის უნართან. სიმბოლიზაციის შესაბამისად, კულტურის სწავლის-უნარი მხოლოდ ადამიანს აქვს. ამით იგი ყველა დანარჩენი ცოცხალი არსებისაგან განსხვავდება.
კულტურის მეორე განმარტება კი, როგორც უკვე ვახსენე ცნობილ ამერიკელ ანთროპოლოგს ედვარდ ჰოლს ეკუთვნის. ის ნაშრომში „მდუმარე ენა“ კულტურას განიხილავს, როგორც კომუნიკაციას, რომელიც ყალიბდება ინფორმაციის გაცვლის შედეგად სიმბოლოების გამოყენებით.
ურთიერთობასა და კომუნიკაციაში, უპირველეს ყოვლისა, მოიაზრება ვერბალური კომუნიკაცია, რომელიც ინფორმაციის სიტყვიერი გადაცემის გზაა, თუმცა, არანაკლებ დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციის არავერბალური სახეს.
კომუნიკაციის არავერბალური საშუალებებია: მიმიკა, ჟესტიკულაცია, პოზა, მხეველობითი კონტაქტი( თვალებში ცქერა ან პირიქით თვალის არიდება, ექსტრალინგვისტური საშუალებები (ინტონაცია, პაუზა, ტემპის ცვლა, ხმის ტემბრისა და სიმაღლის ცვლა) პროქსემიკა, ანუ კომუნიკაციის ორგანიზაცია სივრცეში (მაგალითად, მოსაუბრესთან მიახლოება ან მისგან დაშორება, გვერდულად დგომა და ა.შ.)

კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) პროფესორის ალბერტ მეჰრაბიანის (Albert Mehrabian) მიხედვით, კომუნიკაციის პროცესში ვერბალური ინფორმაციის წილი მხოლოდ 7%-ს შეადგენს. დანარჩენი 93% არავერბალურ ინფორმაციაზე მოდის, საიდანაც 38%-ს ხმის ტონს და ინტონაციას უკავია, 55% კი სხეულის ენას - ჟესტებს, მიმიკას, სხეულის მოძრაობას და ა.შ.

ვერბალურ კომუნიკაციას ანუ მეტყველებას ძირითადად თავისუფლად ვაკონტროლებთ. საქმე სხვანაირადაა არავერბალური კომუნიკაციისას. ის არ ექვემდებარება ცნობიერს და ქვეცნობიერად ხდება მათი ცვლილება. მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციის ეს ორი გზა ემთხვეოდეს ერთმანეთს, თუ არ ემთხვევა საქმე ცუდადაა, გვეუბნებიან ერთს, ფიქრობენ მეორეს. მათი ქვეცნობიერი კი გასცემს მათ.

გრამატიკული წესების გაუცნობიერებელი გამოყენების ანალოგიურად, ადამიანი მისდევს არავერბალური ქცევის დაუწერელ წესებს მათ გაუცნობიერებლად და გაუცნოებიერებლადვე ეუფლება მათ მშობლიური ენის დაუფლებასთან ერთად. იდენტიფიკაცია საკუთარი სოციუმის წარმომადგენლებთან ამის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. უცხოური ენის დაუფლება თავისი სრულყოფილი ფორმით გულისხმობს ამ კულტურისათვის დამახასიათებელი არავერბალური საშუალებების სისტემის დაუფლებას. ამას კი საკმაოდ იშვიათად აღწევენ. მაგრამ არსებობს საპირისპირო ფაქტები, მაგალითად ნიუ-იორკის მერი 1933-45 წლებში, ლაგუარდია სრულყოფილად ფლობდა ინგლისურს, იტალიურს და იდიშს. მკვლევარები, რომლებიც შეისწავლიდნენ მისი გამოსვლების ჩანაწერებს, გამორთული ხმის პირობებშიც თავისუფლად საზღვრავდნენ, თუ რა ენაზე მეტყველებდა ლაგუარდია. მხოლოდ არავერბალურ სიგნალებზე დაყრდნობით. კერძოდ, იტალიური და ებრაული კულტურითვის სპეციფიკურია მეტყველების თანმხლებად ხელების წრიული მოძრაობა. ამ მოძრაობების რადიუსის გაზომვით შეგვიძლია, ზუსტად გავარკვიოთ თუ რა ენაზე მეტყველებს ადამიანი: რაც უფრო მეტია რადიუსი, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ ეს იქნება იტალიური ენა.
ხშირად გამოიყენება ტერმინი „სხეულის ენა“, რომელიც
უფრო ვიწროა, ვიდრე „არავერბალური კომუნიკაცია“, რადგანაც მხოლოდ ჟესტებს, მიმიკასა და პოზას მოიცავს და არ შეიცავს ე.წ. ექსტრალინგვისტურ საშუალებებს ( ინტონაციას, პაუზას და სხვა), რაც აუცილებლად თან ახლავს მეტყველებას, მაგრამ არ მიეკუთვნება მეტყველების მახასიათებლებს.
სხვადასხვა ქვეყანაში და კულტურაში „სხეულის ენის“ გამომხატველი საშუალებები სხვადასხვაგვარად აღიქმება. მაგალითად, თავის დაკვრა დასავლეთში თანხმობის ნიშნად აღიქმება, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მას უამრავი განსხვავებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და არ არის აუცილებელი ყოველთვის „დიახს“ ნიშნავდეს.
თვალით კონტაქტი იაპონიაში უხეშობად ითვლება. ისინი უმეტესად დაბლა ფეხსაცმელზეან ჰაერში იყურებიან.
მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული სხეულის ენისა, არსებობს საერთო ენა, რომლის ამოცნობითაც ჩვენ ვხვდებით თუ რა პიროვნებასთან გვაქვს საქმე, სიამოვნებს თუ არა ჩევნთან ურთიერთობა და ა.შ.


1.თუკი ადამიანს საგნების სხეულის პირდაპირ უჭირავს, მაგ. ყავის ფინჯანი, ხელჩანთა და მსგავსი საგნები, ესე იგი ეს პიროვნება მორცხვი და თავშეკავებულია, მისი მოქმედება კი გამოხატავს იმას, რომ იგი იმალება საგნების უკან. ამიტომ ამ სისუსტეების დასამალად საგნები გვერდით უნდა გვეჭიროს.

2.საათის ხშირ-ხშირი შემოწმება მობეზრების ნათელი ნიშანია, განსაკუთრებით თუკი ვინმეს ვესაუბრებით.

3.საუბრის დროს სახეზე შეხება, განსაკუთრებით ცხვირზე, სიცრუის ფართოდაღიარებული გამოხატულებაა. ასევე, პირზე ხელის აფარების დროს, მოსაუბრე ყველაზე ხშირად ტყუის.

4.ტყუილის კიდევ ერთი ნათელი ნიშანი არის ხელოვნული ღიმილი. ჭეშმარიტი ღიმილი თვალის კუთხეებამდე აღწევს და სახის გამომეტყველებას მთლიანდ ცვლის. ხელოვნური ღიმილი კი მხოლოდ პირსა და ტუჩებს მოიცავს. ამ ორის გარჩევა საკმაოდ ადვილია.

5.როგორც წესი, ქედმაღლობასა და სიამაყეს გამოხატავს დოინჯშემორტყმული პოზა.

6.როდესაც მოსაუბრეს არ ვუყურებთ პირდაპირ, ეს მიანიშნებს,
რომ ჩვენ არ გვსიამოვნებს მასთან ურთიერთობა, ან არ გაინტერესებთ რასაც გეუბნევათ და ა.შ.

როგორც ვხედავთ სხეულის ენა ის ფენომენია, რომელსაც ვერბალური გამოხატვის გარეშე შეუძლია ადამიანის გრძნობებისა და ემოციების შესახებ ყველაზე მეტი გადმოსცეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის მცირე დეტალები მაინც, რომლებიც დაგვეხმარება საქმიანი
შეხვედრისა თუ უბრალო საუბრის პოზიტიურად ჩატარებაში.

რაც შეეხება უშუალოდ ჟესტებს, ზოგადად, ჟესტები
ხუთ ფუნქციას ასრულებენ: სიმბოლოს, ილუსტრაციის, ადაპტაციის, რეგულატორის და ემოციის ინდიკაციის. საფიქრებელია, რომ ამ ფუნქციებს ახასიათებთ მეტ-ნაკლები ეროვნულ-კულტურული
სპეციფიკა და მათი განხილვა, პირველ რიგში, ურთიერთობის არავერბალურ საშუალებათა დიფერენციაციას გულისხმობს.

მთელს მსოფლიოში ძირითადი საკომუნიკაციო ჟესტები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება. როდესაც ადამიანებს უხარიათ,
ისინი იღიმიან, როცა მოწყენილები არიან- იბღვირებიან, ხოლო როცა ბრაზობენ გაბრაზებული გამომეტყველება აქვთ.

ამერიკაში, ინგლისში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში მაღლა აწეული თითი შეიძლება გამოიყენებოდეს გზაზე „მანქანის გასაჩერებლად. სხვა მნიშვნელობით იმის გამოსახატად, რომ ყველაფერი კარგადაა. საბერძნეთში კი ეს ჟესტი ნიშნავს „მოკეტე“. წარმოიდგინეთ ამერიკელი, რომელიც ცდილობს ამ ჟესტით მანქანა გააჩეროს საბერძნეთის გზებზე.


რა ნიშნით უნდა მივხვდეთ, როცა ადამიანი გვეთანხმება

თითქმის ყველა კულტურაში არსებობს რამდენიმე მიმნიშნებელი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სხვები
იღებენ ჩვენს წინადადებებს და გვეთანხმებიან: ხელები მაგიდაზე უდევთ გაშლილ მდგომარეობაში, ხელისგულები
ღიაა, თავს გიქნევენ, ხშირად იღიმიან, ჟაკეტის/ქურთუკის ღილებს შეიხსნიან. ეს მეგობრულობის და თქვენთან თანამშრომლობის სურვილი მაჩვენებელია და ა.შ.
ასევე მნიშვნელოვანია იმის გაგებაც აინტერესებთ თუ არა ადამიანებს ის, რაზეც ვესაუბრებით. იქნებ ტყუილად ვკარგავთ დროს? არსებობს რამდენიმე ჟესტი, მოძრაობა და ა.შ., რომლის მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსაუბრე დაინტერესებულია იმით,
რაზეც ვესაუბრებით: ა)ინარჩუნებს თვალებითკონტაქტს ურთიერთობის მთელი დროის 60%-ზე მეტხანს. ბ) რაც უფრო ფართოდააა გახელილი თვალი, მით მეტია ინტერესი. ზოგადად, ადამიანი თვალებით კონტაქტს უფრო მეტხანს ინარჩუნებს როდესაც უსმენს, ვიდრე როდესაც ლაპარაკობს, გ) თავი მიმართულია პირდაპირ, თანხმობის ნიშნად თავს იქნევენ, რაც ნიშნავს, რომ ყურადღებით ისმენენ, დ) ფეხის წვერი მოსაუბრისკენაა მიშვერილი, ე) ხშირად იღიმიან. მაგრამ, საყურადღებოა ის, რომ გახანგრძლივებული ღიმილი არაა ნამდვილი. ის გვიჩვენებს თავაზიანობას, მაგრამ არა მეგობრულობას.
თუმცა, არავერბალური კომუნიკაციის მხოლოდ რამდენიმე სიგნალი შეიძლება ჩაითვალოს უნივერსალურად და ყველა ქვეყანასა თუ
კულტურაში ერთნაირად მიღებულად, მათ უმრავლესობას კი მრავალი მნიშვნელობა აქვს და ის, რაც ერთ კულტურაში, ერთ ქვეყანაში მიღებულია, შესაძლებელია, სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელიც კი იყოს სხვაგან. მაგალითად:


• საჩვენებელი თითის დაქნევა ადამიანის დაძახების მიზნით - „მოდი
აქ“ ჟესტი. ჩვენთან ეს ყოვლად უწყინარი ჟესტია, თუმცა, საკმაოდ ბევრ კულტურაში ის აღიქმება, როგორც უზრდელური, ხოლო
ზოგან - უცენზუროც კი. ახლო აღმოსავლეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში, ლათინურ ამერიკაში, იაპონიაში, ინდონეზიასა და
ჰონგ კონგში ადამიანის დასაძახებლად, უმჯობესია, დაუქნიოთ მას ყველა თითით ან მთლიანი ხელით (ამ დროს ხელისგული ქვემოთ უნდა იყოს მიმართული).

• სხვა ადამიანისკენ საჩვენებელი თითის გაშვერა. ეს
ჟესტი ჩვენთან თუ უბრალო უზრდელობად აღიქმება, სხვა
მრავალ კულტურაში საერთოდ მიუღებელია. ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში ამ მიზნისთვის იყენებენ გაშლილ ხელს, ხოლო ინდონეზიაში - ცერა თითს.

• ღიმილი. ეს ჟესტი უნივერსალურია, თუმცა, სხვადასხვა კულტურაში გაღიმების სხვადასხვა მიზეზია მიღებული. მაგალითად, იაპონელები იღიმებიან, როდესაც გაბრაზებულნი ან დაბნეულები არიან. აზიის სხვა ქვეყნებში ადამიანები იღიმებიან, მაგალითად, როდესაც თავს დარცხვენილად გრძნობენ. ამერიკაში ღიმილი ერთ-ერთი უმთავრესი საკომუნიკაციო საშუალებაა. ამერიკელები იღიმებიან არა მხოლოდ ნებისმიერ ადამიანთან შეხვედრის და მისალმების დროს, არამედ შემთხვევით, სრულიად უცხო ადამიანთან თვალებით დამყარებული კონტაქტის შემთხვევაშიც. სხვა ქვეყნებში კი ღიმილს უფრო ახლო ადამიანებისთვის, მეგობრებისთვის „ინახავენ“.

• თვალებით კონტაქტი. დასავლურ კულტურაში ზომიერი კონტაქტი თვალებით მოსაწონი და სასურველიცაა. თუმცა, ზოგიერთ სხვა კულტურაში (აზიის და აღმოსავლეთის ქვეყნებში) ბავშვებს პატარაობიდანვე ასწავლიან თვალებით კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანას, განსაკუთრებით - უფროსებთან (ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით) საუბრის დროს,
რადგან თვალებში ცქერა ქედმაღლობად და თავხედობად აღიქმება. ამ
ორი განსხვავებული კულტურის წარმომადგენლის ინტერაქციის შემთხვევაში, თვალებით კონტაქტის ნაკლებობა (მზერის გადატანა), შესაძლოა, აღქმულ იქნას, უკეთეს შემთხვევაში, როგორც პასიური აგრესია. მეცხრამეტე საუკუნის ესპანელი ქალი თვალებით და მარაოს მოძრაობით ახერხებდა ისეთი ტიპის ინფორმაციის გადაცემას, რომლის სახალხოდ გამოთქმა სხვაგვარად ვერ მოხერხდებოდა. ინდიელი ქალები თავიანთ ცეკვაში არავერბალური კომუნიკაციის მთელ არსენალს იყენებენ, დაწყებული ჟესტებიდან და დამთავრებული სხეულის მოძრაობით. არავერბალური კომუნიკაციის ამ ფოიერვერკში მოცეკვავის თვალებს ერთ-ერთი წამყვანი როლი ენიჭება.

• ფეხსაცმლის ძირის გამოჩენა. საკმაოდ ბევრ კულტურაში, განსაკუთრებით აზიასა და აღმოსავლეთში, ფეხსაცმლის ძირის - სხეულის ყველაზე ჭუჭყიანი და ყველაზე უფრო დაბლა მდებარე ნაწილის დემონსტრირება უპატივცემლობას ნიშნავს.

• თითებით “OK” ნიშნის ჩვენება. ბევრ ქვეყანაში ეს მნიშვნელობა უცვლელად რჩება, თუმცაღა, ბრაზილიასა და გერმანიაში ეს ჟესტი უცენზუროა. იაპონიაში იგი გამოიყენება „ფულის“ აღმნიშვნელად, საფრანგეთში მას დამატებით „ნულის“ ან „უსარგებლო“ რაღაცის მნიშვნელობა აქვს.

• იაპონიაში ძალიან შეურაცხმყოფელია რაიმე ნივთის ცალი ხელით გადაწოდება. ისეთი მცირე რამეც კი, როგორიც ფანქარია, აუცილებლად ორივე ხელით უნდა მიაწოდოთ. აღმოსავლეთის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში მარცხენა ხელით მიწოდება დაუშვებელია, რადგან მარცხენა ხელი „უწმინდურია“.

• მამაკაცების მიერ ერთმანეთის გადაკოცნა შეხვედრისას ჩვეულებრივი რამაა საქართველოში. ამერიკაში მსგავსი რამ მხოლოდ ჰომოსექსუალებს შორის ხდება.

• ყველასათვის კარგად ნაცნობი, თანხმობის ნიშნად თავის ზევით-ქვევით დაქნევა, თითქოსდა, უნივერსალური ჟესტია, თუმცა, ბულგარეთსა და საბერძნეთში სრულიად საწინააღმდეგო მნიშვნელობას იძენს და „არა“-ს აღნიშნავს.ასევე, თავის დაქნევა შესაძლოა იყოს უფრო მეტად დადასტურების ნიშანი და არა შეთანხმების ზოგიერთ კულტურაში. ეს ჟესტი შეიძლება ამბობდეს :“ დიახ, მე გისმენ შენ ყურადღებით“, ვიდრე „ დიახ მე მესმის რასაც ამბობთ და გეთანხმებით“. ანუ თავის დაქნევა შესაძლოა ნიშნავდეს, რომ“ მე გისმენ, მაგრამ არ გეთანხმები“.
რაც შეეხება არავერბალური კომუნიკაციის გამომხატველ კიდევ ერთ საშუალებას პროქსემიკას-პროქსემიკური ანუ კომუნიკაციის წევრების სივრცეში განლაგების განსხვავების სადემოსტრაციოდ ჩვეულებრივად იყენებენ ე.წ. დისტანტური და კონტაქტური ერების არსებობის ფაქტს. პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ჩრდილოეთ ევროპა, აშშ., კონტაქტურს-სამხრეთი ევროპა, მცირე აზია, ლათინური ამერიკა. ჩრდილო ამერიკელების და ლათინო-ამერიკელების ურთიერთობაში პირველები ცდილობენ დაიცვან თავისი პირადი სივრცე (70 სმ.-მდე), ხოლო მეორენი ცდილობენ, უფრო მცირე დისტანციაზე დაამყარონ ურთიერთობა. პირველები სულ უკან-უკან იხევენ, მეორენი კი-უახლოვდებიან. ამ ვითარებას ხშირად „ლათინო-ამერიკულ
ვალსს“ უწოდებენ. როდესაც არავერბალური წესი ირღვევა, ადამიანი დისკომფორტს განიცდის, მაგრამ არ იცის რატომ. მაგალითად, არაბებს უყვართ ახლოს დგომა, ხელის მოკიდება მოსაუბრესთვის,
რაც ჩრდილო-ევროპელს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს.
იაპონელები ამჯობინებენ თავშეყრას, კონკრეტულ სიტუაციებში.
ისინი თვლიან, რომ ხელსახრელია იატაკზე ერთმანეთის გვერდით მჭიდროდ წოლა. დონალდ კინმა, რომელმაც დაწერა „იაპონური ცხოვრება“ თქვა, რომ არ არსებობს იაპონური სიტყვა კონფიდენციალობის აღსანიშნავად. შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ეს სიტყვა არ არსებობს თუმცა მას სხვა დანიშნულება აქვს იაპონელებში. იაპონელი არ არის წინააღმდეგი მის გარშემო იყოს ხალხი და იგი სიამოვნებით უზიარებს მათ, თავისი სახლის კედლებს. თითქოს ერთიანი სტრუქტურა იქმნება. გარე სივრცეც ითვლება სახლის შემადგენელ ნაწილად. მასში შედის პატარა ბაღი, რომელიც მფლობელს უქმნის ბუნებასთან კონტაქტის ატმოსფეროს.
ამერიკელები ახლო აღმოსავლეთში მაშინვე აწყდებიან წინააღმდეგობას. საზოგადოებაში არაბები მჭირდროდ არიან შეკრულნი. არაბთა სახლებში ამერიკელები თავს გრძნობენ დაუცველად და იქცევიან არაადეკვატურად, ვინაიდან დიდი სივრცის შეგრძნება მათ აღიზიანებთ. არაბთა სახლები ორჯერ უფრო დიდია, ამერიკელთა საცხოვრებელზე.
საზოგადოებრივი ქცევაც განსხვავებულია დასავლურ და არაბულ
კულტურებს შორის.
ხელით შეხება, საჯარო ადგილებში არაბეთში დაშვებულია. თუმცა, ეს არ არის უხეშობის გამოხტვა, როგორც ამერიკელები მიიჩნევენ.
დასავლურ სამყაროში განსაკუთრებით ჩრდ. ევროპაში ადამიანის
სხეულზე ან ტანსაცმელიზე შეხება არ არის მისაღები. უნდა გქონდეთ ნებართვა, რომ შეეხოთ მას. საფრანგეთში არგუმენტის გარეშე ვინმეზე შეხება შეიძლება თავდასხმად მიიჩნიონ.
არაბებთან დამოკიდებულება სხვაგვარად განისაზღვრება.
ასევე განსხვავებაა დისტანციის მიხედვითაც. არაბებისთვის
მისაღებია საუბრისას ახლო დისტანციაზე ყოფნა. უხეშობად და სიცივედ ითვლება ამერიკელთა მანერა, საუბარი ოთახიდან ოთახში, ან პროფესიული დისტანციის დაცვა. ერთი არაბი დიპლომატი,
ამერიკულ ჰოსპიტალში თავს დამცირებულად გრძნობდა, რადგან ექთანი გარკევულ დისტანციას იჭერდა მასთან ურთიერთობისას. ერთმა არაბმა ისიც კი აღნიშნა – „მე ცუდი სუნი მაქვს? თუ გეშინიათ ჩემი?“
დაჟინებული მზერა თვალებში, ხელით შეხება, საუბრისას სხვისი სუნთქვის შეგრძნება ევროპელებისათვის არის უჩვეულო. ხოლო არაბისთვის მისაღებია.
კონტაქტურ და დისტანტურ ერებად დაყოფის გარდა არავერბარულ საშუალებათა მთელი სისტემა შეიძლება ორ სახედ იყოს კატეგორიზებული: კულტურები, სადაც კონტექსტი მეტ-ნაკლებ როლს ასრულებს.მეტად კონტექსტურ კულტურას ახასიათებს არავერბალური სიგნალებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება. ასეთია იაპონური და არაბული კულტურები, რომლებშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციულ ჟესტს და პოზას.
ნაკლებად კონტექსტური კულტურა (გერმანული, ჩრდილო- ამერიკული) მეტ მნიშვნელობას ანიჭებს სიტყვებს, ნაკლებად
არის გამოყენებული ურთიერთობის ტრადიციული ფორმები. ამ ორი განსხვავებული კულტურის წარმომადგენელთა კონტაქტი ხშირად ორმხრივ უკმაყოფილებას იწვევს. ამერიკელს უძნელდება
იაპონელთან ურთიერთობა იმით, რომ არ ესმის იაპონელის გამოუთქმელი განზრახვა; ხოლო იაპონელს, პირიქით, მიაჩნია, რომ გონიერმა ადამიანმა უნდა გაიგოს საუბრის აზრი კონტექსტიდან.

ამ უმნიშვნელოვანეს განსხვავებაზე აგებულ გაუგებრობას შეუძლია ომამდეც კი მიიყვანოს მხარეები. მაგალითად, ერაყის ჯარების
მიერ ქუვეიტის ოკუპაციის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი და ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარიკ აზიზი ერთმანეთს შეხვდნენ. ბეიკერმა ერთმნიშვნელოვნად წაუყენა ულტიმატუმი: „თუ არ გახვალთ ქუვეიტიდან, ვიწყებთ ომს“-ო, მაგრამ ეს ითქვა დიპლომატიური ტონით, თანმხლები არავერბალური საშუალებების-მუქარის გამომხატველი პოზისა და ჟესტების
გარეშე.იმავე დღეს ტარიკ აზიზმა შეატყობინა სადამ ჰუსეინს, რომ ამერიკელები მხოლოდ სიტყვიერად იმუქრებიან ომის დაწყებას, ხოლო მოქმედებას არ დაიწყებენ. ამერიკელებმა კი პირობის შესრულების შესატყვისად მეორე დღესვე დაიწყეს საომარი მოქმედება. ამგვარად, კონტექსტზე დამოკიდებული კულტურის წარმომადგენელმა ვერ გაიგო მხოლოდ ვერბალურ კონტაქტზე ორიენტირებული კულტურის წარმომადგენლის ინფორმაცია, რის შედეგადაც მრავალი ადამიანი დაიღუპა.

არავერბალურ კომუნიკაციაზე საუბრისას შეუძლებელია არ ვახსენოთ მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე წარმოშობილი ფენომენი - მუნჯი კინო. მუნჯი კინოს მსახიობები მშვენივრად ფლობდნენ სხეულის ენის საფუძვლებს, რადგან მათთვის ის ეკრანული სახეების გაცოცხლების ერთადერთი საშუალება იყო. იმ დროში საუკეთესო მსახიობებად ითვლებოდნენ ისინი, ვისაც მდიდარი მიმიკა და გამომხატველი სხეულის ენა ჰქონდა, ამიტომ მსახიობები საკმაო დროს უთმობდნენ პანტომიმისა და ბალეტის შესწავლას. როდესაც მუნჯი კინო ხმოვანმა შეცვალა და სამსახიობო ხელოვნების არავერბალურ ასპექტებს უკვე ნაკლები ყურადღება ეთმობოდა, ძველი მსახიობების ნაცვლად, ეკრანი კარგი ვერბალური შესაძლებლობების მქონე მსახიობებმა დაიპყრეს.

ამრიგად, ვხედავთ რა დიდი მნიშვნელობა აქვს არავერბალურ კომუნიკაციას კულტურათაშორისი კომუნიკაციისა და ზოგადად,
ინტერკულტურული კვლევის პროცესში. ვხედავთ რამდენად განსხვავებული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს თითოეულ ჟესტს, მიმიკას, პოზას და ა.შ. თითოეულ კულტურაში, ამიტომ სხვა კულტურის წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად ვერბალურთან ერთად აუცილებელია მათი არავერბალური მეტყველების შესწავლაც.



0
1885
3-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ტივაძე
ნატო ტივაძე
1885
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0