x
დისოციაციური ფუგა
დისოციაციური ფუგა არის დისოციაციური აშლილობის ერთ-ერთი ფორმა. დისოციაციური ფუგის მთავარი მახასიათებელია უეცარი, მოულოდნელი წასვლა საკუთარი სახლიდან ან საცხოვრებელი ადგილიდან და წარსული ცხოვრების მთლიანად ან ნაწილობრივი დავიწყება. ამ აშლილობისათვის დამახასიათებელია ინდივიდის მიერ უცებ სადმე გამგზავრება, მას არ ახსოვს წარსული და ვერ აღიქვამს თავის იდენტურობას ადეკვატურად, ან თავი სულ სხვა პიროვნება ჰგონია.


დისოციაციური ფუგა არის ცნობიერების მოულოდნელი გათიშვა, რომელსაც თან ახლავს წარსულის დამახსოვრების უუნარობა და პიროვნული იდენტიფიკაციის არევა.


დისოციაციური ფუგის მდგომარეობაში ინდივიდი არ ამჟღავნებს ფსიქოპათოლოგიურ ნიშნებს, არაფრით იქცევს ყურადღებას. მას პიროვნების იდენტობის პრობლემა აქვს და აღენიშნება ამნეზია თავისი ცხოვრების უახლოეს პერიოდზე. როგორც წესი, პაციენტები ამბობენ, რომ არ ახსოვთ სად იმყოფებოდნენ ხეტიალის დროს. ზოგიერთს დარღვეული აქვს პიროვნული იდენტობა, არ იცის თვითონ ვინ არის. ფუგის პერიოდში ინდივიდს უფრო ხშირად არ უყალიბდებდა ახალი იდენტობა. ამ დროს ძალიან იშვიათია ახალი იდენტობა, როდესაც ინდივიდი ირქმევს ახალ სახელს, იცვლის საცხოვრებელ ადგილს და საქმიანობასაც კი.



დისოციაციური ფუგა წარმოიქმნება ძლიერი სტრესული, მატრავმირებელი მოვლენების შემდეგ. ყველა ჩვენთაგანს გვიწევს გარემოსთან ურთიერთობა, ხშირად გარემო არ არის უსაფრთხო, ვიღებთ მისგან ნეგატიურ ზემოქმედებას, ეს ყოველივე კი გავლენას ახდენს პიროვნების ნორმალურ განვითარებაზე. თუ თავიდანვე არ მოხერხდა ასეთი წინააღმდეგობების გადალახვა, მაშინ ადამიანი ვარდება სტრესულ სიტუაციაში, თანდათან კი მდგომარეობა უფრო რთულდება და მივდივართ ფსიქიკურ აშლილობამდე.



მდგომარეობიდან გამოსვლა ხდება სწრაფად, მაგრამ ამნეზია შეიძლება დარჩეს. წინაფუგის სიტუაციაში დაბრუნებისას, პიროვნებას აღენიშნება ამნეზია მისთვის ტრავმატულ მოვლენებზე. ასევე, ადამიანს აქვს დისფორია, შფოთვა, დანაშაულისა და სირცხვილის განცდა, შესაძლოა ჰქონდეს სუიციდის მცდელობა და აგრესიული იმპულსები. ინდივიდი ვერ იძლევა შეკითხვებზე ზუსტ პასუხს.


დისოციაციური ფუგა სტრესული სიტუაციის შემდეგ უეცრად ვითარდება. გამოჯანმრთელება უეცრად ხდება, თუმცა შემდგომში ზოგჯერ აღინიშნება დისოციაციური ამნეზია ტრავმატულ მოვლენაზე.


დიფერენციული დიაგნოზი უნდა გატარდეს:


* რთულ პარციალურ ეპილეფსიურ გულყრასთან
* ნივთიერების ზემოქმედების ფიზიოლოგიური ეფექტისაგან
* იდენტობის დისოციაციურ აშლილობასთან
* დეპერსონალიზაციის აშლილობასთან
* მანიაკალურ ეპიზოდთან.


დისოციაციური ფუგის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები:


* უეცარი, მოულოდნელი წასვლა სახლიდან ან საცხოვრებელი ადგილიდან და წარსულის გახსენების შეუძლებლობა;
* პიროვნების იდენტობის დარღვევა ან ახალი იდენტობის ჩამოყალიბება (ნაწილობრივი ან სრული);
* ეს აშლილობა არ არის დაკავშირებული იდენტობის დისოციაციურ აშლილობასთან, ნივთიერების ზემოქმედებასთან და ზოგად სამედიცინო მდგომარეობასთან (მაგ., საფეთქლის ეპილეფსია);
* სიმპტომები იწვევენ კლინიკურად გამოხატულ დისტრესს, სოციალურ, შრომით და სხვა სფეროებში ფუნქციონირების დარღვევას.


დისოციაციური ამნეზიის და დისოციაციური ფუგის შემთხვევებში განკურნება ხანდახან თავისით, მოულოდნელად ხდება. დისოციაციური ფუგის შემთხვევებში განკურნება ხშირად უფრო წარმატებულია.

დისოციაციური აშლილობის ნებისმიერი ფორმის დროს მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემოს შექმნა, რადგანაც მშვიდ გარემოში ყოფნა დისოციაციური აშლილობის მქონე ადამიანის მეხსიერების აღდგენას უწყობს ხელს.
დისოციაციურ ფუგას მკურნალობენ ჰიპნოზისა და სარელაქსაციო ტექნიკების გამოყენებით.ასევე ეფექტურია ფსიქოთერაპია.
დისოციაციური აშლილობების მკურნალობის ერთ–ერთი თერაპიაა ჰიპნოტური თერაპია. თერაპევტი ახდენს პაციენტის ჰიპნოზირებას და ეუბნება, რომ გაიხსენოს დავიწყებული მოვლენები.ასევე - მედიკამენტური თერაპია, კოგნიტური თერაპია, კოგნიტურ–ბიჰევიორალური თერაპია, შემოქმედებითი თერაპიები (არტ თერაპია, მუსიკალური თერაპია), ოჯახური თერაპია( რათა მოხდეს მეუღლეების და ბავშვების ინფორმირებულობა აშლილობის შესახებ და ასევე სასარგებლო ინფორმაციის შეგროვება), მხარდამჭერი მეთოდების გამოყენება.


დისოციაციური ფუგა უნდა განვასხვავოთ ორგანული დარღვევებისგან, ეპილეფსიისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული ინტოქსიკაციის ჩათვლით.


ამრიგად, დისოციაციურ ფუგას დისოციაციური ამნეზიის ყველა ნიშანი აქვს. პაციენტი მიზანმიმართულად იცვლის ადგილმდებარეობას. პაციენტის ქცევები გარეშე დამკვირვებელს სრულიად ნორმალურად შეიძლება მოეჩვენოს.
















0
251
2-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ტივაძე
ნატო ტივაძე
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0