x
ბავშვთა მიმართ ძალადობა
image
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირია ბავშვისადმი უღირსად მოპყრობის შემთხვევები. ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის შემთხვევებს მძიმე და გრძელვადიანი შედეგები აქვს, რომელიც ბავშვის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ განვითარებაზე აისახება. ბავშვთან არაღირსეულად მოპყრობის ფენომენი დაკავშირებულია სოციალურ, ეთნიკურ, რელიგიურ, კულტურულ და პროფესიულ სფეროებთან. აქედან გამომდინარე, პრობლემის გადაჭრაც მულტიდისციპლინარულ მიდგომას საჭიროებს.

უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის კურსის გავლის პერიოდში თანამშრომლობა მოგვიწია საქართველოს ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდთან, იგივე "ბავშვთა დახმარების ცენტრათან", რომელიც მუდმივად ცდილობს ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დაცვასა და მათთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. ცენტრი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და მათ ოჯახებს უფასო ფსიქოლოგიურ, იურიდიულ და გარკვეულ სამედიცინო დახმარებას სთავაზობს.

ორგანიზაციაში სტუმრობით გავეცანით ბავშვთა ძალადობის პრობლემატიკას საქართველოში და მიღებული ინფორმაციით გაოგნებულნი დავრჩით. დღეს საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობით შექმნილი ვითარება საკმაოდ მძიმეა.

უპირველეს ყოვლისა ყურადღება გავამახვილოთ თუ რას ნიშნავს და რა ფორმებით ხასიათდება ბავშვთა მიმართ ძალადობრივი ქმედება:
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციით, განასხვავებენ ბავშვთა მიმართ არაღირსეული ქცევის ორ ძირითად ფორმას _ ძალადობასა და უგულვებელყოფას. ძალადობის სახეებია:
1. ფიზიკური ძალადობა _ ფიზიკური ზემოქმედების შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება;
2. მენტალური ძალადობა _ არაფიზიკური, სიტყვიერი და ქცევითი შეურაცხყოფა, რომელიც ზიანს აყენებს ბავშვის ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას;
3. სექსუალური ძალადობა _ გაუპატიურება, სისხლის აღრევა (ინცესტი, სექსუალური მეტყველებით თუ შენიშვნებით დევნა, ეროტიული ალერსი და სხვა.)
უგულებელყოფა _ მშობლის თუ მეურვის მხრიდან ბავშვის მიმართ მოვალეობების შეუსრულებლობა, რის გამოც ბავშვი არ არის უზურუნველყოფილი ნორმალური კვებით, საცხოვრებლით, სწავლის პირობებით ან სამედიცინო დახმარებით.


დანანებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა, ყველაზე ცუდი კი ის გახლავთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ბავშვთა მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს. დაახლოებით 60% მოსახლეობისა თვლის, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება ბევრად პროდუქტიულია, არაძალადობრივ მეთოდებთან შედარებით. ისინი ვერ აცნობიერებენ რომ მსგავსი შემთხვევები გამოუსწორებელ
უარყოფით კვალს ტოვებს ბავშვზე და მოქმედებს მის შემდგომ განვითარებაზე. ყველა მშობლისთვის
საოცნებო წარმატებული, ხალისიანი, ჯანმრთელი ბავშვების ნაცვლად ძალადობის შედეგად
ყალიბდებიან განდგომილი, გულჩათხრობილი და ჯანმრთელობაშელახული ახალგაზრდები,
რომლებსაც უჭირთ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება და წარმატებასაც ძნელად აღწევენ.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე ბავშვთა მიმართ ძალადობასთან საბრძოლველად აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება, უპირველეს ყოვლისა კი ამგვარი ქმედების გამოვლენა და შემდეგ სწრაფი რეაგირება. სამწუხაროდ ქართველი ხალხის მენტალობა დიდ როლს თამაშობს ძალადობრივი ფაქტების გახმაურებაში, საზოგადოების წევრთა უმეტესობა თვლის რომ ბავშვთა მიმართ ოჯახში განხორციელებული ძალადობა ოჯახის შიდა საქმეა და მასში ჩარევის სასტიკი წინააღმდეგია, თავის მხრივ მშობელი, რომლის შვილიც რაღაც გარემოების წყალობით იქცა ძალადობის მსხვერპლად ერიდება ამ ინფორმაციის გასაჯაროებას, რათა შვილს შემდგომი სირცხვილის გრძნობა და ტკივილი აარიდოს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი. ასეთი მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ შვილის კეთილდღეობისთვის აუცილებელია მათ მიმართონ ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებს, რომლებიც შეძლებენ ბავშვს დაეხმარონ, რათა მათ კვლავაც საზოგადოების ჯანსაღ და სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც საქართველოში ვაწყდებით, საზოგადოების პასიურობაა. ეს პრობლემა მთელი სოციუმის პრობლემაა და არა მხოლოდ ძალადობის მსხვერპლისა ან მოძალადის. აქვე მინდა აღვნიშნოთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ძალადობის მიმართ რიგითი მოქალაქეების
დამოკიდებულებაც. ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა არ
შეაქციონ ზურგი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს სამეზობლოში, სანათესაოსა თუ ქუჩაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანსაღ საზოგადოებას ჯანსაღი წევრები აშენებენ და ჩვენც ამ საზოგადოების წევრები ვართ. ძალადობის მსხვერპლი ხვალ თუ ზეგ შესაძლოა ჩვენი შვილებიც გახდნენ თუ სათანადოდ არ მივხედავთ და გულთან არ მივიტანთ საზოგადოებაში ფესვგადგმულ ამ პრობლემას. მასწავლებლების, აღმზრდელების, ფსიქოლოგების, პოლიციელებისა თუ სოციალური მუშაკების მოვალეობაა დროულად ამოიცნონ ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევები და იმოქმედონ კანონით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, რათა დაიცვან ბავშვის ინტერესები. მხოლოდ სწორი მეთოდებით აღზრდა მისცემს ბავშვს საშუალებას, სრულიად გამოავლინოს თავისი პოტენციალი და გახდეს საქართველოს აქტიური მოქალაქე და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის განვითარებაში.

ინფორმირებულობის დონე საქართველოში ძალადობის სახეების მიხედვით

შემდეგი პრობლემა ინფორმირებულობაა. საზოგადოების ინფორმირების დონე მინიმუმადეა დაყვანილი.ზოგჯერ მოქალაქეთა მხრიდან დიდია დახმარების სურვილი, თუმცა მათ არ იციან ვის და როგორ უნდა მიმართონ. ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების დიდმა უმრავლესობამ (60%), რომელთაც კანონით ევალებათ ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მასზე რეაგირება, არ იცის ამ პასუხისმგებლობის შესახებ და ღრმად არიან დარწმუნებული, რომ ოჯახის საქმე ფაქიზი საკითხია და უმჯობესია ამაში არ ჩაერიონ. ასევე აუცილებელია მშობლების ინფორმირებაც, როგორ უნდა აღზარდონ თავიანთი შვილები, რათა ხელი შეუწყონ ბავშვთა სწორად განვითარებას.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ორგანიზაციაში სტუმრობის შემდეგ აღმოვაჩინეთ ეხება ბენეფიციარებს, რომელთაც ფორმალობის გამო დიდხანს უწევთ ლოდინი, რათა მათი პრობლემის შესაბამისი დახმარება მიიღონ. როდესაც ორგანიზაციას ინფორმაცია მიეწოდება, აუცილებელია ამ ინფორმაციის გადამოწმება და შემდეგ საჭირო ღონისძიებების განხორციელება, ეს კი დიდ დროსა და ბევრ რესუსრსს მოითხოვს. ასევე პრობლემა ის გახლავთ, რომ რეგიონალური თვალსაზრისით ფილიალების რიცხვი მცირეა ისეთი შვილობილი ორგანიზაციებისა, რომლებიც ბავშვთა ძალადობის თემატიკაზე მუშაობენ. ბენეფიციარებს რამდენიმე კვირა ან თვეც კი დასჭირვებიათ ლოდინი, სანამ მათთვის დახმარება აღმოუჩენიათ.ეს კი მიუღებელია, მითუმეტეს როცა საქმე ისეთ მგრძნობიარე არსებას ეხება“როგორიც ბავშვია, შეიძლება ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.
ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია რაც არსებობს დღესს ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობის კუთხით. სტატიას იმ იმედით ვასრულებ, რომ ეს და ბევრი სხვა პრობლემაც მოგვარდება და დარწმუნებული ვარ, ამას ყველანი ერთად შევძლებთ, შევძლებთ ჩვენი პატარა მეგობრების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ, საზოგადოებაში გაბატონებულ ბევრ არაჯანსაღ აზრს დავივიწყებთ და ვეცდებით სრულვყოთ საკუთარი თავი და სამყარო ჩვენს ირგვლივ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ძალადობა შობს ძალადობას". ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები ყველა ბავშვის უფლებები იქნება დაცული და ისინი ისარგებლებენ ბავშვთა დაცვის ორგანიზაციების სრული მომსახურებით. აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ცნობიერების ამაღლება ესაჭიროება არა მარტო ზოგადად მოსახლეობას, არამედ, ასევე, პროფესიონალებს. უფრო მეტიც, შესაბამისმა
სამინისტროებმა უნდა ჩართონ ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება თავის
ძირითად მოვალეობებში და მნიშვნელობა მიანიჭონ ინფორმაციის მიწოდებას როგორც საკუთარი
თანამშრომლებისთვის, ისე ზოგადად მოსახლეობისთვის.

0
161
შეფასება არ არის
ავტორი:თათია თურმანიძე
თათია თურმანიძე
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0