x
დასწავლის უნარის დარღვევა და მისი სახეები

image
დასწავლის უნარის დარღვევა ჰეტეროგენული დარღვევების მქონე ჯგუფის ზოგადი სახელწოდებაა, რომელიც ვლინდება წერის, კითხვის, გაგების, მსჯელობის, მათემატიკური უნარების განვითარების დეფიციტში და, სავარაუდოდ, გამოწვეულია ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციით. ზოგ შემთხვევაში, ის მოიცავს ადამიანის ცხოვრების ფართო სფეროს, სხვა შემთხვევაში კი წარმოადგენს იზოლირებულ პრობლემას. ძირითადად, დასწავლის უნარის დარღვევა შესამჩნევი სკოლის დაწყების ადრეულ პერიოდში ხდება. ამ დროს ბავშვს უჭირს სწავლის პროცესი და ვერ ახერხებს ამ სირთულის გადალახვას. შესაძლოა ეს ჩვეულებრივი მოვლენად მივიჩნიოთ, რადგან განვითარების პროცესში ნებისმიერ ბავშვს შეიძლება შეექმნას სირთულე გარკვეულ სფეროში, თუმცა თუ სირთულეები თვალსაჩინოა, პროგრესი კი ნელი ტემპით მიმდინარეობს, საჭირო ხდება მშობლის მხრიდან, პროფესიონალების დახმარებით, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდება სირთულის იდენტიფიცირება და რაც უფრო მალე დაიწყება ბავშვის დეფიციტური უნარების განვითარებაზე ზრუნვა, მით უფრო შესამჩნევი იქნება პროგრესიც.

დასწავლის უნარის დარღვევის გამოვლინება მრავალფეროვანია და დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევებზე, თუმცა არსებობს გარკვეული საერთო მახასიათებლებიც. ესენია: საუბრის გვიან დაწყება, სიტყვების წარმოთქმის, რიცხვების, კვირის დღეების, ფერების დამახსოვრების, კონცენტრაციის და მოსმენისა სირთულეები, სიტყვების ერთმანეთში არევა, მოკლე და მარტივი წინადადებებით საუბარი, კოორდინაციისა და სივრცეში ორიენტაციის სირთულე, დროსთან დაკავშირებული ცნებების დამახსოვრებისა და გაგების სირთულე, ხმამაღლა კითხვისგან და წერითი დავალებებისგან თავის არიდება, თანატოლებთან ურთიერთობის სირთულე და სხვა. მართალია, ჩამოთვლილთაგან ზოგიერთი სირთულე შესაძლოა ნებისმიერ ბავშვს ჰქონდეს, თუმცა თუ მათი რაოდენობა ბევრია, დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება და არც მათი გაუმჯობესება შეინიშნება, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადგილი აქვს დასწავლის უნარის დარღვევას. გარდა აკადემიურ უნარებთან დაკავშირებული სირთულეებისა, დასწავლის უნარის დარღვევისას ხშირად თავს იჩენს ფსიქო-სოციალური პრობლემებიც. ბავშვებს უვითარდებათ საკუთარ თავზე ნეგატიური წარმოდგენები და უყალიბდებათ დაბალი თვითშეფასება, მცირდება მათი სწავლის მოტივაცია, იშვიათად არიან კმაყოფილები საკუთარი თავით და ა.შ.

დასწავლის უნარის დარღვევის მრავალი სახე არსებობს, რომელთაგან სამი ყველაზე გავრცელებული ტიპია: დისლექსია, დისგრაფია და დისკალკულია.

  • დისლექსია კითხვის უნარის დაქვეითებას, უფრო კონკრეტულად კი მეტყველებით გაშუალებული დასწავლის უნარის დაქვეითებას ნიშნავს, რომელიც ხასიათდება კითხვის, წერისა და ზეპირი მეტყველების პრობლემებით. ხაზგასასმელია, რომ დისლექსია არ არის დაბალი ინტელექტის შედეგი. იგი არც ქცევით, მოტივაციურ ან სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. დისლექსიის მქონე ბავშვებს სმენაც და მხედველობაც წესრიგში აქვთ. ბევრი მათგანი გამოირჩევა შემოქმედებითი აზროვნებითაც. დისლექსიის მთავარი პრობლემაა კითხვის ათვისების უნარის დაქვეითება. ასევე: ბავშვს უჭირს სიტყვების ფონოლოგიური ანალიზი (ანუ აქვს სიტყვაში ბგერებისა და მათი თანმიმდევრობის, მარცვლების თანმიმდევრობის აღქმის სირთულე), დამარცვლა, ცალკეული ბგერების, ასოების ერთ სიტყვად გაერთიანება; გაძნელებულია სიმბოლოებსა და ბგერებს შორის მიმართების დამყარება; კითხვის დროს დარღვეულია რიტმი და სუნთქვა; აღინიშნება წერის ათვისების, წაკითხულის გაგების სირთულე, რაც დაკავშირებულია მოქმედების თანმიმდევრობისა და სივრცითი მიმართებების ანალიზის პრობლემებთან; აქვს მწირი ლექსიკა, მარჯვენა-მარცხენა მხარეებში ორიენტაციის და მუშა მეხსიერების პრობლემები; სკოლაში წარუმატებლობა იწვევს ქცევისა და ემოციური სფეროს პრობლემებს, რაც კიდევ უფრო ართულებს აკადემიური ჩვევების დაუფლებას. ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ბავშვს შეიძლება ჰქონდეს ზოგიერთი ან რამოდენიმე მახასიათებელი და არ აღმოაჩნდეს ყველა მათგანი. დისლექსიის ხარისხი ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა. პროგნოზი დამოკიდებულია ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების სპეციფიკაზე და ინტერვენციის პროგრამაზე.
  • დისგრაფია - წარმოადგენს წერასთან დაკავშირებული დასწავლის უნარის დარღვევას. ის ვლინდება კალიგრაფიისა და საკუთარი აზრების წერილობით გადატანის სირთულით. ჩვეულებრივ, დისგრაფიის ორი ქვეტიპი გამოიყოფა. პირველი, ეს არის მოტორიკაზე დაფუძნებული დისგრაფია, რომელიც ყურადღებას წერის მექანიკურ ასპექტებზე ამახვილებს; ხოლო მეორე - მეტყველებაზე დაფუძნებული დისგრაფია, რომლის შემთხვევაშიც პრობლემას წერის დროს აზრების ჩამოყალიბება და მათი თანმიმდევრულად დალაგება წარმოადგენს. დისგრაფიის შემთხვევაში თავს იჩენს შემდეგი სირთულეები: წერის უნარების განვითარებას წინ უსწრებს ვერბალური უნარების განვითარება, ბავშვს უჭირს ასოებსა და სიტყვებს შორის სივრცეების გამოტოვება, საკუთარი აზრების წერილობით გადმოცემა, წინადადებებში სიტყვების სწორი თანმიმდევრობით დალაგებას. ასევე, ხშირად ერევა ასოები ერთმანეთში, წერს ნელა, არ შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა. ამიტომაც, ბავშვი ხშირად თავს არიდებს ხოლმე წერით აქტივობებს.
  • დისკალკულია - წარმოადგენს მათემატიკურ უნარებთან დაკავშირებული დასწავლის უნარის დარღვევას, რომელიც, როგორც წესი, რიცხვების ცნობის, მათი მანიპულირების, მათემატიკური სიმბოლოებისა და კონცეფციების გაგების სირთულეებით ხასიათდება. დისკალკულიის შემთხვევაში შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი სირთულეები, როგორიცაა რიცხვების ცნობა, რაოდენობის ცნების გაგება, დროსა და სივრცეში ორიენტაცია. ამასთან, მოსწავლეს უჭირს მათემატიკური ოპერაციების (მიმატება, გამოკლება, გაყოფა, გამრავლება) შესრულება, ფულის გამოყენება. შედეგად, იზრდება შფოთვა და ბავშვს მათემატიკის მიმართ უჩნდება ნეგატიური დამოკიდებულება.

საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ დასწავლის უნარის დარღვევას თან ახლავს როგორც აკადემიური, ისე ფსიქოსოციალური სირთულეები. დასწავლის უნარის დარღვევა ადამიანს შესაძლოა მთელი ცხოვრება ჰქონდეს, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერისა და სწორი ჩარევის შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ცალკეული უნარების გაუმჯობესება. ამისთვის კი მნიშვნელოვანია პრობლემის ადრეული იდენტიფიცირება და სწორი ინტერვენცია.

0
119
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ კოტრიკაძე
მარიამ კოტრიკაძე
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0