x
კომუნიკაციური პროცესები ორგანიზაციაში

image

კომუნიკაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ორი ან მეტი ადამიანი ერთმანეთს შორის ცვლის ინფორმაციას და ახდენს მის გაანალიზებას გარკვეული ქმედების მოტივაციის მიზნით. თუმცა, საქმე მხოლოდ ინფორმაციის მარტივ მიმოცვლას არ ეხება. კომუნიკაცია ბევრად უფრო რთული პროცესია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო ინფორმაციის მიღების და განსაკუთრებით კი მისი გაცემის დროს, რათა გაურკვევლობამ საზიანო შედეგები არ მოგვიტანოს.

კომუნიკაციის პროცესის შემადგენელი ნაწილებია: გამგზავნი და მიმღები პირები, შეტყობინება და უკუკავშირი. შეტყობინება წარმოადგენს მიმღებისთვის გასაგზავნ ფორმულირებულ იდეას. ის იგზავნება გარკვეული არხის გავლით, რომლითანაც ხვდება მიმღებთან. როგორც ვხედავთ, კომუნიკაციის პროცესის აუცილებელი მონაწილეები არიან გამგზავნი და მიმღები. გამგზავნი არის ინდივიდი, რომელსაც სურს გამოხატოს თავისი აზრი ან ემოცია და თავისი იდეა ან კონცეფცია სხვა ადამიანებს მიაწოდოს. მან თავის გზავნილს კოდირება უნდა გაუკეთოს სიმბოლოთა არჩევით, რომლებისგანაც უნდა შედგებოდეს შეტყობინება. მიმღები კი მიღებული შეტყობინების სიმბოლოებს უკეთებს დეკოდირებას და იგებს მის მნიშვნელობას. რაც შეეხება უკუკავშირს, ის წარმოადგენს მიღებული შეტყობინების რეაგირების ნიშნად გაგზავნილ საპასუხო შეტყობინებას. რეაქციის არ არსებობის შემთხვევაში კომუნიკაცია ცალმხრივი ხასიათისაა, ხოლო უკუკავშირი იმას ნიშნავს, რომ შეტყობინებები ორივე მხრიდან იგზავნება. უკუკავშირი კომუნიკაციის ეფექტურობას ამაღლებს, რადგან მისი მეშვეობით გამგზავნი იგებს, თუ რამდენად სწორად იქნა ინტერპრეტირებული მისი საწყისი გზავნილი.

ორგანიზაციებში ადამიანებთან მენეჯერის ურთიერთობა გულისხმობს ზემოთ აღწერილი ყველა ელემენტის ეფექტურად გამოყენებას. თუ გამგზავნა ან მიმღებმა არ იცის შეტყობინების სწორად კოდირება ან დეოკიდირება, კომუნიკაციის პროცესი წყდება. მნიშვნელოვანია, არხმაც დაბრკოლების გარეშე გაატაროს შეტყობინება. კარგი კომუნიკაცია მენეჯერისგან მოითხოვს კომუნიკაციის პროცესზე მოქმედი ისეთი ფაქტორების ცოდნასაც, როგორებიცაა აღქმა, კომუნიკაციის არხები და მოსმენა. აღქმის ქვეშ იგულისხმება ირგვლივ არსებული საგნებისა და მოვლენების აზრის ჩაწვდომის პროცესი. ყოველმა მენეჯერმა აუცილებლად უნდა გააცნობიეროს განსხვავების არსებობის შესაძლებლობა მოვლენათა აღქმის პროცესში, რამაც შეიძლება სერიოზული პრობლემები წარმოქმნას კომუნიკაციის დროს. მენეჯერებს უნდა ესმოდეთ, რომ ყოველ ადამიანს მოვლენათა აღქმის საკუთარი სტილი აქვს და მიღებულ შეტყობინებასაც თავისებურად იგებენ - ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებულად შეიძლება ჟღერდეს, ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რას გულისხმობს მოსაუბრე. აღსანიშნავია, რომ, რაც უფრო მეტად ემთხვევა ორი ინდივიდის თვალსაზრისი ერთმანეთს, მით მარტივად ამყარებენ ისინი ურთიერთობას.

გარდა ამისა, კომუნიკაციის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კომუნიკაციის არხებიც. ყოველი მენეჯერი ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან საკომუნიკაციოდ მისთვის მოსახერხებელ არხს იყენებს. მან შეიძლება თანამშრომლებთან რაიმე საკითხი განიხილოს პირადი საუბრით, ტელეფონით, წერილით ან განცხადების გამოკვრით. აღნიშნული ვარიანტებიდან, თავისთავად, ყველაზე ოპტიმალურია პირადი ურთიერთობა, რადგან ის უზრუნველყოფს პირდაპირ ზემოქმედებას, მრავალი ინფორმაციული სიგნალის გაგზავნას და იმავდროიულ უკუკავშირს. კომუნიკაციის სხვა საშუალებებსაც - ტელეფონს, განცხადებებს და სხვა - აქვთ უპირატესობა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ისინი აჩქარებენ კომუნიკაციის პროცესს. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ მათი გამოყენების დროს არ არის „ადგილზე ყოფნის ეფექტი“, რაც ორმხრივი კავშირის იმავდროულ წარმოქმნას შეუწყობდა ხელს. საგულისხმოა, რომ კონკრეტული არხის არჩევას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თვით შეტყობინების ხასიათი. არხები ერთმანეთისგან განსხვავდებიან არხის გამტარუნარიანობით, რაც წარმოადგენს ინფორმაციის მოცულობას, რომელიც შეიძლება გადაცემული იყოს ერთი კომუნიკაციური სესიის განმავლობაში. საკომუნიკაციო არხის ტევადობაზე შემდეგი სამი ფაქტორი მოქმედებს: ერთდროულად რამდენიმე სიგნალის გადამუშავების შესაძლებლობა, სწრაფი ორმხრივი კავშირის უზრუნველყოფა და კომუნიკაციებისადმი პირადი მიდგომის უზრუნველყოფა. არხის არჩევანი კი განისაზღვრება იმით, თუ როგორია შეტყობინება. არსებობს სამი სახის შეტყობინება: არასტანდარტული შეტყობინება - ორაზროვანია, დაკავშირებულია ისეთ მოვლენასთან, რომელიც შესაძლებელია არასწორად იქნას გაგებული. ასეთ შემთხვევაში შეტყობინების ეფექტურად გაგზავნისთვის ყველაზე ტევადი არხები გამოიყენება; რუტინული შეტყობინება - შეიცავს განსხვავებულ მონაცემებს, რომელთა დაკავშირებით მენეჯერმა უკვე გააკეთა ახსნა-განმარტება ყველა თანამშრომლისათვის. ასეთი შეტყობინება შესაძლოა გაგზავნილი იყოს შედარებით ნაკლები ტევადობის არხებით; არავერბალური - გამოიხატება არა სიტყვით, არამედ ადამიანთა ცალკეული ქმედებებით ან ქცევით. არავერბალური კომუნიკაცია პირადი შეხვედრების დროს ხორციელდება, როდესაც ინფორმაციული სიგნალები გადაეცემა ისეთი წყაროების მეშვეობით, როგორებიცაა ინტონაცია, ქცევის მანერა, მოსაუბრის სახის გამომეტყველება და სხვა. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რასაც გვეუბნებიან, არამედ ისიც, თუ როგორ გვეუბნებიან. ამიტომაც, არავერბალური შეტყობინებები უფრო ეფექტურად გადასაცემს მოსაუბრის აზრს და გრძნობებს სხვა ადამიანს, ვიდრე ყველაზე ფრთხილად და დაკვირვებით შერჩეული სიტყვები.

ამასთანავე, აუცილებელია, რომ მენეჯერებს კარგად განვითარებული მოსმენის უნარი გააჩნდეთ. მოსმენის უნარის ქვეშ იგულისხმება შეტყობინების მიღების ჩვევა, მასში შემავალი ფაქტების ზუსტად გამოყოფა და მათი სწორი ინტერპრეტაცია. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მიმღებს ადეკვატური პასუხის გაგზავნა გამომგზავნისადმი, ანუ უკუკავშირის შექმნა და კომუნიკაციური წრის შეკვრა. მოსმენის უნარი ადამიანისგან მოითხოვს ყურადღებას, ენერგიასა და გამოცდილებას. ხშირად ადამიანს არ სურს მოუსმინოს მოსაუბრეს, რადგან ძირითადად დაინტერესებულია თავისი სათქმელით, იდეებით და არა იმით თუ რას ეუბნებიან თვით მას. ადამიანი, რომელსაც გააჩნია მოსმენის კულტურა, საუბარში ბევრ საინტერესო თემას პოულობს, მუდმივად ავარჯიშებს აღქმის ჩვევებს და სწორი დასკვნები გამოაქვს.

მნიშვნელოვანია იმის განხილვაც, თუ როგორ ხორციელდება ორგანიზაციის პირობებში კომუნიკაცია. უნდა ითქვას, რომ ორგანიზაციაში კომუნიკაცია ხორციელდება სამი მიმართულებით. კერძოდ, ქვევიდან ზევით, ზემოდან ქვევით და ჰორიზონტალურ სიბრტყეში. ქვემოდან ზევით მიმართული ფორმალური კომუნიკაციების ნაკადი აყალიბებს შეტყობინებას, რომელიც ორგანიზაციის ქვედა დონიდან იერარქიის უმაღლეს დონეს გადაეცემა. თანამშრომლებმა უნდა გამოთქვან საჩივრები, გააკეთონ მოხსენებები მიღწეული პროცესების შესახებ, უპასუხონ ხელმძღვანელობის ინიციატივას. ქვევით მიმართული კომუნიკაციები კი შედგება იმ შეტყობინებებისა და ინფორმაციისაგან, რომელსაც უმაღლესი ხელმღვანელობა ხელქვეითებს უგზავნის. ამ კომუნიკაციისთვის დამახასიათებელია სიტყვით გამოსვლები, შეტყობინებების განთავსება კორპორაციის გამომცემლობებში, განცხადებათა დაფაზე და ა.შ. ჩვეულებრივ, ქვევით მიმართული კომუნიკაციები შემდეგ თემებს მოიცავს: სტრატეგიისა და მიზნის დანერგვა - მენეჯერმა უნდა განუმარტოს ახალი სტრატეგია და მიზანი თანამშრომლებს; თანამდებობრივი ინსტრუმეტები და ბრძანებები - დირექტივები, რომლებიც აღწერენ განსაზღვრულ სამუშაოს შესრულებას და მის კავშირს ორგანიზაციაში მიმდინარე სხვა ოპერაციებთან; პროცედურები და განსხვავებული წესები - ასეთი სახით აღწერილია პოლიტიკა, წესები და ორგანიზაციის სტურქტურები; უკუკავშირი მოღვაწეობის შედეგების მიხედვით - რამდენად კარგად ან ცუდად ასრულებენ სამუშაო დავალებებს თანამშრომლები და განყოფილებები; იდეის შთაგონება - შეტყობინების მონაცემები მოუწოდებს თანამშრომლებს კომპანიის მისიის შესრულებას, მისი კულტურული ღირებულებების გათავისებასა და სპეციალურ ცერემონიებში მონაწილეობის მიღებისაკენ. და ბოლოს, რაც შეეხება ჰორიზონტალურ კომუნიკაციას ამ შემთხვევაში ურთიერთობები და ინფორმაციის მიმოცვლა ხორციელდება ორგანიზაციული იერარქიის ერთ საფეხურზე მყოფ ადამიანებსა და დეპარტამენტებს შორის. ჰორიზონტალური კომუნიკაცია განაპირობებს თანასწორი ურთიერთობის ფორმირებას. ასეთი ურთიერთობები ორგანიზაციის თანამშრომელთა კმაყოფილების გრძნობის მთავარი პირობაა. უნდა აღინიშნოს, რომ მენეჯერებმა უნდა უზრუნველყონ საკომუნიკაციო პირობები სამივე მიმართულებით.

ამრიგად, კომუნიკაციის პროცესებს დიდი ადგილი უკავია არა მხოლოდ ადამიანის ყოველდღიურ, არამედ პროფესიულ ცხოვრებაშიც. კომუნიკაციები პირდაპირ კავშირშია ყველა მმართველობით ფუნქციასთან. მენეჯერის დროის 80% მაინც ადამიანებთან ურთიერთობაში მიდის. იგი ინფორმაციას მოიპოვებს, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის გარეთ, შემდეგ კი გარდაქმნის და ანაწილებს ამ ინფორმაციას მათ შორის, ვინც ამას საჭიროებს. ამიტომაც, კომუნიკაციური ჩვევები აუცილებელი პირობაა ყველა მენეჯერისთვის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ კოტრიკაძე
მარიამ კოტრიკაძე
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0