x
კვება ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში
გამოსახულება

საკვები აუცილებელი კომპონენტია როგორც ადამიანის, ასევე ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის გადარჩენისათვის. ნივთიერებათა ცვლის პროცესში საკვები სითბოდ და ენერგიად გადაიქცევა. ასევე, მასში მოცემულია ზრდისა და ქსოვილების აღდგენისათვის აუცილებელი ნივთიერებები. შესაბამისად, კვება სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ქცევაა, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. გარდა ამისა, საგულისხმოა ისიც, რომ ზოგჯერ ადამიანებისათვის საკვების მიღება კვების ფსიქიკურ კომპონენტთან ასოცირდება, რაც კვებით სიამოვნების მიღებას გულისხმობს.


კვება მნიშვნელოვანია განვითარების ნებისმიერ ეტაპზე, განსაკუთრებით კი - სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში, რადგან ამ პერიოდში სხეული და ტვინი ძალიან სწრაფად იზრდება. ჩვილს ორჯერ მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე ზრდასრულ ადამიანს. მათი კალორიული შეწოვის 25% ზრდას ეთმობა და, თავის მხრივ, მათ დამატებითი კალორიები სჭირდებათ, რათა სწრაფად მზარდი ორგანიზმის ორგანოებმა და ორგანოთა სისტემებმა შესაბამისად იმუშაონ. ჩვილებს არა მარტო საკმარისი საკვები სჭირდებათ, არამედ ეს საკვები კარგი ხარისხისაც უნდა იყოს. ადრეულ ჩვილობაში ძუძუთი კვება იდეალურად მიესადაგება მათ საჭიროებებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია ძუძუთი კვება 2 წლის ასაკამდე, 6 თვის ასაკში ცოტაოდენი მყარი საკვების დამატებით. 1 წლისთვის ჩვილის რაციონი უკვე ყველა სახის ჯგუფის საკვებს უნდა შეიცავდეს.


როდესაც ბავშვი 2 წელს აღწევს, მისი მადის წინასწარმეტყველება რთულდება. სკოლამდელი ასაკის ბავშვები კარგად იკვებებიან ერთ სადილზე და მეორეზე თითქმის არ ეკარებიან საკვებს. ეს არ არის საგანგაშო, რადგან, დროთა განმავლობაში, სკოლამდელი ასაკის ბავშვები ამას აკომპენსირებენ იმით, რომ თუ ერთ სადილზე ცოტა საკვებს იღებენ, მეორის დროს ამ რაოდენობას ინაზღაურებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მადა ქვეითდება, როდესაც ზრდა მცირდება. უფრო მეტიც, სკოლამდელი ასაკის ბავშვების სიფრთხილე ახალი საკვების მიმართ ადაპტაციური ფუნქციის მატარებელია. ნაცნობ საკვებზე მიჯაჭვულობა ნიშნავს იმას, რომ ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ბავშვები მიიღებენ სახიფათო ნივთიერებას, როდესაც უფროსები იქ არ არიან. საგულისხმოა ისიც, რომ ბავშვებში აღინიშნება ტენდენცია - მიბაძონ მათ საყვარელ ადამიანებს საკვების არჩევაში. მაგალითად, თუ დედა რძესა და ლიმონათს სვამს, მისი 5 წლის გოგონაც აირჩევს რძეს ან გაზიან სასმელს. გარდა ამისა, ბავშვისთვის ბოსტნეულის შეთავაზება ავითარებს მათ მიერ ჯანსაღი საკვების მოწონებას და, პირიქით, ტკბილი საკვებისა და უალკოჰოლო სასმელის მირთმევა ავითარებს „რძის უარყოფის“ ტენდენციას. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების ჯანსაღი კვება დამოკიდებულია სასარგებლო საკვებზე ან გარემოზე, მშობლების მეტისმეტი კონტროლი ბავშვის კვებაზე ზღუდავს ბავშვის შანსს, განივითაროს თვით-კონტროლი.



როდესაც პუბერტაციის პერიოდი დგება, სხეულის სწრაფი ზრდა იწვევს საკვების რაოდენობის მომატებას. თუმცა, ადამიანები განსაკუთრებით ცუდად სწორედ მოზარდობის პერიოდში იკვებებიან. ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფიდან ყველაზე ხშირად მოზარდები ტოვებენ დილის საუზმეს (ჩვევა, რომელიც სიმსუქნესთან არის დაკავშირებული), შთანთქავენ ცარიელ კალორიებს და ნაუცბადევად მიირთმევენ საკვებს. სწრაფი კვების ობიექტებში საკვების ყიდვა (სასადილოებისა და სავაჭრო ავტომატების ჩათვლით) მჭიდროდ არის დაკავშირებული მაღალი ცხიმიანობის მქონე საკვებისა და უალკოჰოლო სასმელის მოხმარებასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მოზარდები ძალიან ხშირად არაჯანსაღ არჩევანს აკეთებენ. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ მოზარდებაში ყველაზე გავრცელებული კვების პრობლემაა რკინის დეფიციტი. გარდა ამისა, მოზარდების უმეტესობა არ იღებს საკმარისი რაოდენობით კალციუმს, მათ აგრეთვე აკლიათ რიბოფლავინი (ვიტამინი B2) და მაგნეზიუმი (ორივე ხელს უწყობს მეტაბოლიზმს).


აღსანიშნავია, რომ ოჯახური სადილები ჯანსაღ კვებასთან არის დაკავშირებული, რაც გულისხმობს ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის და კალციუმით მდიდარი საკვების მიღებას. მოზარდთა მშობლები იშვიათად სადილობენ შვილებთან ერთად, თუმცა, უნდა ითქვას, რომ საოჯახო სადილების მოწყობას, მიუხედავად დაკავებული გრაფიკისა, მნიშვნელოვნად შეუძლია მოზარდის კვების რეჟიმის გამოსწორება.

გამოსახულება

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ კოტრიკაძე
მარიამ კოტრიკაძე
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0