x
ფსიქოსოციალური განვითარება შუა ხანში

image
შუა ხნის პერიოდი ყველა ადამიანისთვის ცვლილებებისა და ღირებულებების გადაფასების პერიოდია. მართალია, შუა ხანში თავს იჩენს ახალი ამოცანები, თუმცა ხანდახან ადრეული და გვიანი მოზრდილობის ამოცანები ისევ აქტუალური რჩება. ჰეივიგჰერსტის თანახმად, შუა ხანში გადასაწყვეტი ამოცანებია: მოწიფული სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის მიღწევა, დასვენების ორგანიზება, ცხოვრების მიზანშეწონილი დონის მიღწევა და შენარჩუნება, ბავშვების დახმარება პიროვნებად ჩამოყალიბებაში, ზრდასრული ასაკისთვის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური ცვლილებების მიღება და ადაპტაცია, ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში პიროვნული ასპექტის გაძლიერება, ასაკოვან მშობლებთან ურთიერთობა.

რაც შეეხება ერიქსონის მოსაზრებებს, მის ფსიქოსოციალურ თეორიაში მეშვიდე სტადიაა გენერაციულობა სტაგნაციის წინააღმდეგ, რომელიც მოიცავს 26-დან 65 წლამდე პერიოდს. ამ დროს ადამიანი ინტერესდება არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებით, არამედ სხვა ადამიანების ბედით და ფიქრობს საზოგადოების მომავალზე. გენერაციულობაში იგულისხმება მომავალ თაობაზე ზრუნვა, დახმარება, ნაწილობრივ მათი მართვა და რაიმე სოციალურად ფასეული საქმის შესრულება. შუა ხნის ცენტრალურ ამოცანებში შედის: ჯანსაღი ცხოვრების მოდელის შენარჩუნება, პარტნიორთან (მეუღლესთან) ერთიანობის განცდის განვითარება, ბავშვების გაზრდა და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანებად აღზრდა, სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის მიღწევა და შესრულება, საკუთარ მოხუცებულ მშობლებზე ზრუნვა და სხვა. თუ ადამიანი საგრძნობლად ეგოცენტრიულია, კონცენტრირებულია საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასა და კომფორტზე და არ განუვითარდა სხვების დახმარების სურვილი, უვითარდება სტაგნაციის განცდა. კონფლიქტის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში კი ადამიანს უყალიბდება - ზრუნვა.

აღსანიშნავია, რომ პეკი აკრიტიკებდა ერიქსონს და თვლიდა, რომ მისი ბოლო ორი სტადია (გენერაციულობა - სტაგნაცია, ეგოს მთლიანობა - სასოწარკვეთილება), არ იყო საკმარისი და უნდოდა გაეფართოებინა ადამიანის სიცოცხლის მეორე ნახევრის დახასიათება, რადგან შუა ხანში და გვიან მოზრდილობაში ადამიანი დიდი რაოდენობით სხვადასხვა პრობლემას აწყდება. მას მიაჩნდა, რომ ამ პერიოდში, ყველა წინა პრობლემა დროდადრო კვლავ ამოტივტივდება ხოლმე, განსაკუთრებით კი სტრესის ან რაიმე ცვლილების შემთხვევაში. ერიქსონის აზრით, როდესაც ადამიანის ცხოვრება იცვლება რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენის შედეგად, ის ჯერ უბრუნდება ნდობის, ავტონომიის, ინიციატივის, იდენტობისა და სიახლოვის პრობლემებს და მხოლოდ ამის შემდეგ აღწევს გენერაციულობას.

პეკმა გაითვალისწინა მოზრდილი ადამიანის ცხოვრების სპეციფიკური ცხოვრებისეული ამოცანები და შედეგად, გამოყო მოზრდილი ადამიანის განვითარების 7 პრობლემა (კონფლიქტი). საგულისხმობა, რომ პირველი ოთხი პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შუა ხანში არის, დარჩენილი სამი კი - გვიან მოზრდილობაში, თუმცა ისინი ადამიანის ცხოვრებაში შუა ხანში იჩენენ თავს. შუა ხნის პრობლემებია (კონფლიქტებია): სიბრძნის ღირებულების აღიარება ფიზიკური ძალის ღირებულების აღიარების საპირისპიროდ, რაშიც იგულისხმება, რომ ჯანმრთელობის შესუსტებასთან ერთად, ადამიანებმა საკუთარი ენერგიის დიდი ნაწილი ფიზიკური საქმიანობიდან გონებრივზე უნდა გადართონ; მეორე ეს არის ურთიერთობებში სოციალური საწყისის წინ წამოწევა, სექსუალობის საპირისპიროდ, რაც გამოწვეულია ბიოლოგიური ცვლილებითა და სოციალური ზემოქმედებით. ამ დროს ადამიანს ფიზიკური ცვლილებების გამო უხდება, რომ ყურადღება კომუნიკაციასა და მეგობრულ ურთიერთობებზე გადაიტანონ და არა სექსუალურ სიახლოვესა ან კონკურენაციაზე; მესამეა ემოციური მოქნილობა, ემოციური გაღარიბების წინააღმდეგ, რაც მაშინ იჩენს თავს, როდესაც ინგრევა ოჯახი, მიდიან მეგობრები და ძველი ინტერესები კარგავს მნიშვნელობას; მეოთხე - გონებრივი მოქნილობა, გონებრივი რიგიდულობის წინააღმდეგ, რაშიც იგულისხმება, რომ ინდივიდი უნდა შეებრძოლოს ძველი ცხოვრებისეული წესების შენარჩუნების ტენდენციას და მეტი ნდობა გამოიჩინოს ახალი იდეების მიმართ. გონებრივი რიგიდულობა არის ძველ გამოცდილებასა და მსჯელობებზე დამოკიდებულების ტენდენცია.

რაც შეეხება შემდეგ სამ, გვიანი მოზრდილობის პრობლემებს (კონფლიქტებს), აქ შედის ეგოს დიფერენციაცია როლების შთანთქმის წინააღმდეგ. თუ ადამიანი საკუთარ თავს მხოლოდ სამსახურის ან ოჯახის ფარგლებში განსაზღვრავს, მაშინ მან შეიძლება ვერ გაუძლოს ისეთ მოვლენებს, როგორიცაა, მაგალითად, პენსიაზე გასვლა, შვილების სახლიდან წასვლა და სხვა. ეგოს დიფერენციაცია არის საკუთარი თავის განსაზღვრა სამსახურისა და ოჯახური როლების ფარგლებს გარეთაც; შემდეგი არის სხეულის ტრანსცედენცია, სხეულით დაინტერესების (შთანთქმის) წინააღმდეგ. ეს დაკავშირებულია ადამიანის უნართან, რომ თავი აარიდოს დაბერების თანხმლებ ფიზიკურ ცვლილებებსა და ტკივილებზე ყურადღების მეტისმეტ გამახვილებას; და ბოლოს, ეგოსგან ტრანსცედენცია, ეგოს შთანთქმის წინააღმდეგ, დიდ მნიშვნელობას იძენს სიბერეში. აუცილებელია, რომ ადამიანები არ მიეცენ სიკვდილზე ფიქრს და არ ჩაეფლონ ე.წ. „ეგოს ღამეში“.

ისევე როგორც ერიქსონის სტადიები, პეკის პრობლემებიც არ შემოიფარგლება მხოლოდ შუა ხნით ან სიბერით. მოზრდილი ადამიანის ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება სიცოცხლის საწყის ეტაპზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ხოლო შუა ხნის ადამიანები იწყებენ მომავალი ანუ სიბერის პრობლემების გადაწყვეტას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შუა ხნის მამაკაცებიც და ქალებიც გადახედავენ ხოლმე ცხოვრებისეულ მიზნებს და ფიქრობენ, მიაღწიეს თუ არა საკუთარ, ადრე დასახულ მიზნებსა და ამოცანებს. შუა ხანში ადამიანები ძირითადად სხვანაირად უყურებენ სამსახურს. უმრავლესობა აცნობიერებს, რომ უნდა მიიღოს ის, რა პროფესიული არჩევანიც უკვე გააკეთებული აქვს, ხოლო ნაწილი, ვისაც არ გაუმართლდა იმედები, განიცდის დაუკმაყოფილებლობას. ამასთანავე, შუა ხანში ადამიანებმა შესაძლოა შეცვალონ პრიორიტეტები, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიულ სფეროში.

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ კოტრიკაძე
მარიამ კოტრიკაძე
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0