x
ობსესიურ-კომპულსური აშლილობა

image
ობსესიურ-კომპულსური აშლილობა (ოკა) - არის ფსიქიკური აშლილობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია განმეორებითი, რეციდიული, აკვიატებული აზრები - ობსესიები და აკვიატებული მოქმედებები - კომპულსიები. ოკა-ს შემთხვევაში სახიფათო მოვლენა წარმოადგენს აზრი, ხატი ან იმპულსი, რომლისგან თავის დაღწევასაც ცდილობს ინდივიდი. ოკას აშლილობის მქონე ინდივიდებს ყოველდღე უწევთ ერთგვარი ბრძოლის გადატანა. ისინი თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას და ზოგჯერ ცხოვრების უმეტეს ნაწილსაც კი ამ ბრძოლაში ატარებენ.

ობსესია არის აკვიატებული, ინტრუზიული, შემოჭრილი და, უმეტესად, აზრს მოკლებული აზრები, ხატები და სურვილები. ობსესიებში შედის: 1. ობსესიური აზრები, რაც გულისხმობის ადამიანის ნებისგან დამოუკიდებლად აღმოცენებულ აზრებს, რომლებიც ნაძალადევად იჭრებიან მის ცნობიერებაში. ობსესიურმა აზრებმა შესაძლოა ცალკეული სიტყვების, ფრაზების ან გარითმული სტროფების ფორმა მიიღოს. როგორც წესი, ისინი ინდივიდისთვის არასასიამოვნოა და შესაძლებელია იყოს შოკის მომგვრელიც კი; 2. ობსესიური წარმოდგენები - ეს არის ცხადად წარმოსახული სცენები, ხშირად გააჩნია ძალადობის ან ზიზღისმომგვრელი ხასიათი და მოიცავს, მაგალითად, სექსუალური ხასიათის შინაარსს; 3. ობსესიური იმპულსები - ეს არის მოქმედებისადმი სწრაფვა ჩვეულებრივ დამანგრეველი, სახიფათო ან შემარცხვენელი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მოძრავი ავტოტრანსპორტის წინ გზაზე გადარბენა ან საზოგადოებაში უცენზურო სიტყვების წამოძახება; 4. ობსესიური მსჯელობა - ეს არის შინაგანი დებატები, რომლის დროსაც დაუსრულებლად ხდება არგუმენტების აწონ-დაწონვა და ის ყოველდღიურ უმარტივეს მოქმედებებზეც ვრცელდება. ეს ყოყმანი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდის მიერ შესრულებული მოქმედება აღიქმება, როგორც არასწორი ან დაუსრულებელი.

კომპულსიაში იგულისხმება დაუძლეველი აკვიატებული ლტოლვა რაიმე მოქმედებისაკენ, რომელიც აღმოცენდება გონების, ნების, გრძნობის საწინააღმდეგოდ. კომპულსიები არის ერთგვარი მოქმედებები, რომლებიც ობსესიების დათრგუნვისა და შვების მისაღწევად გამოიყენება. ის წარმოადგენს განმეორებად ქმედებებს, რომლებიც ზოგჯერ დაცვითი რიტუალის ხასიათს ატარებს. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს აკვიატებულ მოქმედებებს იზოლირებული, მონოსიმპტომური მოძრაობითი დარღვევების სახით. მათ შორის, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, ხშირია ტიკები. ტიკი არის უეცრად დაწყებული და უაზრო, უნებლიე, სწრაფი და განმეორებითი არარითმული მოძრაობები (ჩვეულებრივ კუნთების ცალკეული ჯგუფების უნებლიე მოძრაობები) ან ბგერების წარმოთქმა.

გარკვეული სახის ობსესიები მჭიდროდაა დაკავშირებული რიტუალებთან. რიტუალში იგულისხმება აკვიატებული ჩვევა, რომლის დანიშნულებაა თითქოს მომავალი საფრთხის თავიდან აცილება, შიშის დაძლევა. რიტუალები მოიცავს როგორც ფსიქიკურ მოქმედებას (მაგალითად, განმეორებადი თვლა) ასევე განემორებად, თუმცა უაზრო საქციელს, მაგალითად, ბავშვმა შესაძლოა იძულებით გაიხადოს ტანსაცმელი, ჩაიცვას საღამური, ღამით საბანი გარკვეული ფორმით გადააბრუნოს და ეს რიტუალი სამჯერ შეასრულოს. თუმცა, ბავშვს არ შეუძლია თავისი ქცევის მიზეზი ახსნას. ის უბრალოდ იძულებულია ასე მოიქცეს. რიტუალები წარმოადგენს საკმაოდ სტაბილურ სისტემას, რომელიც აღინიშნება ხოლმე წლების განმავლობაში. ზოგიერთი ადამიანი განიცდის გადაულახავ მისწრაფებას ასეთი მოქმედება გაიმეოროს განსაზღვრული რაოდენობით; თუ ეს არ გამოდის, იგი იძულებულია ყველაფერი დაიწყოს ხელახლა. როგორც ობსესიური აზრები, ასევე რიტუალები იწვევენ პრობლემებს ყოველდღიურ ცხოვრებაში; ოკა იწვევს ფუნქციონირების მკვეთრ შეზღუდვას და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. ოკა-ის მქონე პირებს მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნებათ სოციალურ სფეროშიც. იგი ხშირად ხდება სოციალური კავშირების რღვევის მიზეზი.

ძირითადად, განასხვავებენ 4 სახის ობსესიებს, რომელთაგან თითოეული დაკავშირებულია კომპულსური ქცევის პატერნთან.

1. ობსესიების ყველაზე დიდი წილი სიმეტრიის ობსესიაზე მოდის. სიმეტრია ნივთების სრულყოფილად მოწესრიგებას ან რაიმეს კონკრეტული სპეციფიკური გზით გაკეთებას გულისხმობს. ამ შემთხვევაში ობსესია არის სურვილი იმისა, რომ კვლავ და კვლავ მოაწესრიგო ნივთები, რათა ისინი ზუსტად იყოს დალაგებული; კომპულსიას კი ნივთების გარკვეული წესრიგის მიხედვით დალაგების განმეორებითი რიტუალები წარმოადგენს.

2. წმენდა/დაბინძურება/ინფიცირება - ამ შემთხვევაში ობსესიას წარმოადგენს მიკრობები ან მიკრობებით დაინფიცირების შიში; კომპულსიას კი - განმეორებითი, გადაჭარბებული რეცხვა, ხელთათმანების, ნიღბების გამოყენება ყოველდღიური აქტივობების შესასრულებლად.

3. „აკრძალული აზრები და ქმედებები“ - ობსესიებს მეკუთვნება საკუთარი თავის და სხვების დაზიანების შიში და სურვილი/ცდუნება, ღმერთის შეურაცხჰყოფის შიში; კომპულსიას კი წარმოადგენს შემოწმება, განრიდება, კიდევ ერთხელ დარწმუნების განმეორებითი მოთხოვნილება. აგრესიული (აკრძალული) ობსესიური იმპულსების მქონე ინდივიდები შეიძლება გრძნობდნენ, რომ სადაცაა ხმამაღლა დაიყვირებენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. რასაკვირველია, რეალურად ნაკლებ სავარაუდოა რომ ინდივიდი ამას გააკეთებს, თუმცა მათთვის ეს ლტოლვა იმდენად შემაწუხებელი და შემაძრწუნებელია, რომ ამ დროს ადამიანი ყოველგვარ ღონეს ხმარობს მის დასათრგუნად და გარეთ სიარულის ან ისეთი სიტუაციებისთვის თავის ასარიდებლად, სადაც ეს იმპულსი შეიძლება აღმოცენებულიყო.

4. დაგროვება - ამ სახის შემთხვევაში ობსესია არის რაიმეს გადაგების შიში; კომპულსიას კი მიეკუთვნება ნივთების შენახვა/შეგროვება რაიმე სენტიმენტალური ღირებულების გარეშე, მაგალითად, საკვების გამოყენებული შესაფუთი ქაღალდის.

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ კოტრიკაძე
მარიამ კოტრიკაძე
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0