x
კრეატიულობა - შემოქმედებითი აზროვნება
image


მეცნიერები დღემდე ვერ შეთანხმდნენ კრეატიულობის ერთ სტანდარტიზებულ განმარტებაზე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კრეატიულობა მიეკუთვნება პრობლემის გადაჭრის სფეროს და მას, როგორც პრობლემას, გააჩნია საწყისი მდგომარეობა, მიზანი, იგივე საბოლოო მდგომარეობა, და მოქმედებები, რომლებიც ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან.


შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კრეატიულობის იმდენივე ვიწრო განსაზღვრება არსებობს რამდენი მეცნიერიც ამ საკითხზე მუშაობს. ფსიქოლოგიაში კრეატიულობის სინონიმად მოიხსენიებენ როგორც პროდუქტულ აზროვნებას, ასევე, შემოქმედებით აზროვნებას.


დღესდღეობით ყველა კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი შეთანხმდა, რომ კრეატიულობის შედეგად მიღებული პროდუქტი აუცილებლად უნდა იყოს ახალი, ანუ ორიგინალური, ფასეული და მაღალი ხარისხის. შემოქმედებითი აზროვნების შედეგად აუცილებლად უნდა მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ ინდივიდისთვის არის ახალი და ფასეული, არამედ ზოგადად საზოგადოებისათვის.



მეოცე საუკუნეში უოლესმა შემოქმედებითი აზროვნების 4 ეტაპი გამოჰყო. ესენია: მოსამზადებელი ეტაპი, ინკუბაცია, ინსაიტი და შემოწმება. განვიხილოთ თითოეული მათგანი.


მოსამზადებელ ეტაპზე ადამიანი გამოკვეთს აქტუალურ პრობლემას და ცდილობს მოძებნოს ის გზა და საშუალება, რითაც მისი მოგვარება იქნება შესაძლებელი.


ინკუბაციის ეტაპზე ადამიანი თავს ანებებს პრობლემაზე ფიქრს და გადაერთვება სხვა საქმიანობაზე.


რაც შეეხება ინსაიტს, რომელსაც უეცარ განათებასაც უწოდებენ, სწორედ ინსაიტის დროს უჩნდება ადამიანს პრობლემის გადაჭრის ახლებური ვარიანტი.


შემოწმების ეტაპზე კი მიღებული იდეის შემოწმება და გადაწყვეტილების რეალიზაცია ხდება.


საინტერესო იქნება, თუ ამ ეტაპებთან დაკავშირებით განვიხილავთ კონკრეტულ მაგალითს. ცნობილმა მათემატიკოსმა პუანკარემ გამოაქვეყნა ნაშრომი შემოქმედებითი აზროვნების შესახებ. პუანკარეს თქმით, ის რამდენიმე დღის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშაობდა, რათა თავისი ახალი თეორია დაემტკიცებინა (მომზადების ეტაპი). როგორც აღმოჩნდა, მან დიდი შრომის მიუხედავად ვერ მიიღო საბოლოო შედეგი, რის გამოც გადაწყვიტა სხვა საქმიამობაზე გადართულიყო. ის დასასვენებლად წავიდა და ორი კვირის მანძილზე არ ფიქრობდა თეორემაზე (ინკუბაციის ეტაპი). შემდეგ, როგორც პუანკარე აღწერს შემთხვევით, უეცრად გაუნათდა გონება და მიხვდა, თუ როგორ უნდა დაესრულებინა თავისი სამუშაო (ინსაიტის ეტაპი), როგორც კი სახლში დაბრუნდა მან თეორემა დაამტკიცა (შემოწმების ეტაპი).


როგორც ხედავთ აზროვნების არაცნობიერის მუშაობა საიდუმლოებებით არის მოცული და, შესაბამისად, მისი აღწერა საკმაოდ რთულია. ზოგი თეორეტიკოსი მიიჩნევს, რომ კრეატიულობას საფუძვლად უდევს ინტუიცია, აზროვნება ცნობიერების ჩართულიბის გარეშე. ინსაიტი “უეცარი განათება” როგორც ერთი შეხედვით ჩანს მარტივი, ასე არ არის. ისინი ფიქრობენ, რომ ინსაიტს წინ უსწრებს უზარმაზარი ძიებითი და დაძაბული სამუშაო, როგორც ცნობიერ ისე არაცნობიერ დონეზე. ამის შემდეგ, როდესაც ადამიანი თითქოს ნეიტრალურ გარემოში მოხვდება, მას ინსაიტი ეუფლება. სინამდვილეში კი მიღებული ინფორმაცია გადასტრუქტურირდება და მისი ახლიდან დანახვა ხდება არაცნობიერ დონეზე. სწორედ ამიტომ ჰგონიათ ადამიანებს, რომ ეს აზრი უეცრად და ინტუიტურად დაებადათ.


კრეატიული ადამიანები ქმნიან კრეატიულ, შემოქმედებით პროდუქტს. თუმცა, საინტერესოა რა არის საჭირო ამისთვის?


ამერიკელი ფსიქოლოგი, რობერტ სტერნბერგი აჯამებს კრეატიულობის შესახებ სხვადასხვა თეორიას. მისი აზრით, შემოქმედებითი აზროვნება ბევრი ფაქტორის კომბინაციის შედეგია, მნიშვნელოვანია, როგორც გენეტიკური ფაქტორები, ასევე გარემო ფაქტორები.


სტერნბერგის და ლუბარტის ინვესტიციის თეორიის მიხედვით, ადამიანს აუცილებლად უნდა გააჩდეს შემდეგი ექვსი კომპონენტი იმისათვის, რომ მას ვუწოდოთ კრეატიული. ესენია: ინტელექტუალური პროცესები, ცოდნა, მოტივაცია, გარემო, შესაბამისი აზროვნების სტილი და შესაბამისი პიროვნული თვისებები. კრეატიულობისთვის თითოეული ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ადამიანი ამ ექვსი კომპონენტიდან აკმაყოფილებს ხუთს, მაგრამ ერთს ვერა ის კრეატიულ პროდუქტს ვერ შექმნის.


0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ბოკუჩავა
ნინო ბოკუჩავა
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0