x
ჰიპოკრატეს პიროვნების ტიპოლოგია
image

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში ბერძენმა ექიმმა ჰიპოკრატემ შექმნა ადამიანთა ტიპოლოგია მათი ტემპერამენტის საფუძველზე. როგორც ცნობილია, ადამიანის ორგანიზმი წარმოადგენს ოთხი განსხვავებული სითხის შერევის შედეგს. ეს სითხეებია: სისხლი, ანუ სანგუი. სწორედ ამ სახელწოდებიდან გამომდინარე ჰიპოკრატე გამოყოფოს სანგვინიკ ადამიანს. ასევე, ლორწო, ანუ ფლეგმა, ფლეგმატური ტემპერამენტის ადამიანი. ყვითელი ნაღველი, ანუ ქოლე, და ქოლერიკი. შავი ნაღველი, იგივე მელანქოლე, მელანქოლიკური ადამიანი. ამ ოთხი ნივთიერების რაოდენობა, მათი სიჭარბე ან სიმცირე, განსაზღვრავს ადამიანის ტემპერამენტს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოთხივე ტემპერამენტის მქონე ადამიანი ძირითადად განსხვავდება 2 მთავარი ინდიკატორით. პირველი ინდიკატორი არის აგზნებადობა. ამ მახასითებლის მიხედვით, სანგვინიკ და ქოლერიკულ ტემპერამენტს, ფლეგმატურ და მელანქოლიკურს ერთად მოაზრებენ, რადგან პირველი წყვილი ადვილი აგზნებადობით გამოირჩევა, ხოლო მეორე - სუსტი აგზნებადობით. რაც შეეხება მეორე ინდიკატორს, ეს არის ემოცია. ამ შემთხვევაში ერთ ჯგუფში ერთიანდებიან სანგვინიკური და ფლეგმატური ტემპერამენტები, რადგან მათთვის უფრო მეტად სასიამოვნო ემოციები არის დამახასიათებელი, ხოლო ქოლერიკული და მელანქოლიკური ტიპები კი ერთად, რადგან მათთვის დამახასიათებელია უარყოფითი ემოციები.

ახლა განვიხილოთ თუ რა ნიშნებით გამოირჩევიან თითოეული ტემპერამენტის მქონე ადამიანები. როგორც უკვე ვთქვით სანგვინიკურ ტემპერამენტს ახასიათებს გრძნობების ადვილი აგზნებადობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს გრძნობები საკმაოდ მალე უჩნდებათ, მაგრამ ისინი მალევე ქრება. მეორე ინდიკატორის თვალსაზრისით, ამ ტემპერამენტის ადამიანისთვის დამახასიათებელია სასიამოვნო და დადებითი ემოციები. ასეთი ადამიანები ოპტიმისტები, კომუნიკაბელურები და კეთილგანწყობილები არიან სხვების მიმართ. სანგვინიკები ასევე გამოირჩევიან მოძრაობის სწრაპი ტემპითა და იმპულსურობით.


ქოლერიკული ტემპერამენტის მქონე ადამიანებისთვისაც დამახასიათებელია გრძნობების ძლიერი აგზნებადობა, მაგრამ სანგვინიკისგან განსხვავებით მათთვის დამახასითებელია ხანგრძლივი და მტკიცე გრძნობები, რაც იმაში გამოიხატება, რომ მათ უჭირთ ძველი პოზიციების დათმობა და ახლის მარტივად მიღება. მეორე ინდიკატორის თვალსაზრისით, მათ უარყოფითი ემოციები ახასიათებთ. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია, რადგან ისინი ძალიან ხშირად არიან გაღიზიანებულნი და უკმაყოფილონი. სანგვინიკის მსგავსად ისინიც სწრაფები და ენერგიულები არიან, მაგრამ მათთვის მიზნის მიღწევა უფრო რთულია, რადგან როგორც საკუთარ თავთან, ასევე სხვა ადამიანებთან, მუდმივ კონფლიქტში იმყოფებიან.

რაც შეეხება ფლეგმატიკურ ტემპერამენტს, პირველი ინდიკატორის თვალსაზრისით, მათ ახასიათებთ სუსტი აგზნებადობა. ისინი მშვიდები და გაწონასწორებულები, მტკიცე ხასიათის მქონე ადამიანები არიან. რაც შეეხება მეორე ინდიკატორს, მათთვისაც, სანგვინიკის მსგავსად დადებითი ემოციებია დამახასიათებელი. ისინი დინჯები, აუჩქარებლები არიან და როგორც წესი თავიანთ გრძნობებს საჯაროდ არ გამოხატავენ.

და ბოლო ტიპი ეს არის მელანქოლიკური ტემპერამენტის მქონე ადამიანები. მათ ახასიათებთ სუსტი აგზნებადობა. მეორე ინდიკატორის მიხედვით, ისინი პესიმისტები არიან და ყველაფერში უარყოფითის ხედვის ტენდენცია აქვთ. ამ ნიშნით ისინი ქოლერიკს ჰგვანან, მაგრამ მისგან განსხვავებით მელანქოლიკური ტემპერამენტის ადამიანები შეიძლება ითქვას ბედშეგუებულნი, მუდმივად უენერგიო, მოდუნებულნი და ბრძოლისუუნარონი არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპოლოგიის შექმნის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, ის მაინც არ კარგავს აქტუალობას. სწორედ ჰიპოკრატეს ტიპოლოგიას დაეყრდნო ერთ-ერთი პიროვნების ფსიქოლოგი, ჰანს აიზენკი, და ამ ტიპოლოგიაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა თავისი თეორია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სითხეების მიხედვით ადამიანთა განსხვავება არ არის აზრს მოკლებული, რადგან კვლევებით დადგინდა, რომ ენდოკრინოლოგიაში, მართლაც, ტემპერამენტზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენი ჰორმონები, ორგანიზმის შიგნით არსებული სხვადასხვა სითხე.
იმედია, სტატიის გაცნობის შემდეგ ადვილად ამოიცანით თქვენი თავი ამა თუ იმ კატეგორიაში და მეტი რამ გაიგეთ ადამიანთა ტიპოლოგიის, ტემპერამენტისა და მისი განმსაზღვრელი ინდიკატორების შესახებ.

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბოკუჩავა
ნინო ბოკუჩავა
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0