x
პიროვნების იდენტობა და მისი სახეები
image


ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა იდენტობის განცდის ჩამოყალიბება. განვითარების ფსიქოლოგისა და ფსიქოანალიტიკოსის, ერიკ ერიკსონის მიხედვით, იდენტობის ჩამოყალიბება ხდება მოზარდობის პერიოდში. იდენტობის ჩამოყალიბება გულისხმობს ინტეგრირებული სელფის ფორმირებას, რაც ჰარმონიულად აკავშირებს ერთმანეთთან პიროვნების სხვადასხვა ელემენტს. ამ დროს მოზარდები ფიქრობენ თუ ვინ არიან, ვინ უნდა რომ იყვნენ და როგორ ერგებიან საზოგადოებას.


ერიკსონი თავისი ფსიქოსოციალური თეორიის ფარგლებში რვა სტადიას გამოჰყოფს, რომელსაც ადამიანი გადის მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. სწორედ აქედან ერთ-ერთი არის მოზარდობის პერიოდში იდენტობის განცდის ჩამოყალიბება და ამ სტადიას ის უწოდებს - იდენტობა როლების აღრევის წინააღმდეგ. ერიკსონის აზრით, მოზარდი ბევრ სხვადასხვა ალტერნატივაზე ფიქრობს და ცდილობს პასუხი გასცეს ამ სტადიის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას - თუ ვინ არის ის. ერიკსონი ამბობს, ყველა მოზარდი გადის იდენტობის კრიზისს, როდესაც ისინი განიხილავენ სხვადასხვა შესაძლებელ ვარიანტს, საბოლოოდ კი იღებენ გადაწყვეტილებას ცხოვრების რომელ გზას დაადგნენ.


იდენტობის კრიზისი წარმატებით გადალახულად ითვლება თუ მოზარდმა ამ ყოველივეს მიაღწია, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ კრიზისის წარუმატებელი გადალახვა მას მომავალში სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს უფრო მეტად გაურთულებს. იდენტობის კრიზისის წარმატებით გადალახვისას მოზარდი იყალიბებს საკუთარი თავის შესახებ პიროვნული იდენტობის სტაბილურ და დაცულ განცდას.



ჯეიმს მარსიამ ერიკსონის თეორიაზე დაყრდნობით გამოჰყო იდენტობის 4 სახე. ესენია: იდენტობის დიფუზია, წინასწარი იდენტობა, მორატორიუმი და მიღწეული იდენტობა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თითოეულ ფორმას ერთმანეთისგან განასხვავებს 2 ფაქტორი. პირველი არის გაიარა თუ არა ადამიანმა იდენტობის კრიზისი და, მეორე, მიიღო თუ არა საბოლოოდ მან გადაწყეტილება. განვმარტოთ თითოეული მათგანი.


იდენტობის დიფუზიის დროს არც იდენტობის კრიზისს აქვს ადგილი და არც გადაწყვეტილებას იღებს მოზარდი. განვიხილოთ პროფესიის არჩევის მაგალითზე დაყრდნობით. ამ შემთხვევაში, მარტივად რომ ვთქვათ, მას არ აინტერესებს არცერთი პროფესია და არც ცდილობს მიიღოს გადაწყვეტილება.


რაც შეეხება წინასწარ იდენტობას, ამ შემთხვევაში მოზარდი გადაწყვეტილებას იღებს ყოველგვარი იდენტობის კრიზის გარეშე. ეს იმ დროს ხდება, როდესაც მაგალითად, ოჯახში ყველა ექიმია ან იურისტი და შვილიც ოჯახის წევრების მხრიდან “ვალდებულია'' გაჰყვეს ამ პროფესიას და სფეროს. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ადამიანს იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში, თუმცა გადაწყვეტილება მაინც მიღებულია.


იდენტობის ფორმირების შემდეგი სახე არის მორატორიუმი, ეს წინასწარი იდენტობის საპირისპირო პროცესია, რადგან ადამიანს აქვს იდენტობის კრიზისი, თუმცა ვერ იღებს გადაწყვეტილებას. ამის მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ მოზარდები, რომლებიც ვერ ხვდებიან ვინ უნდათ გამოვიდნენ მომავალში, რა პროფესია აირჩიონ, რადგან ბევრი რამით არიან დაინტერესებულნი. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიღებული არაა, იდენტობის ფორმირების ფარგლებში ადამიანს აღელვებს არსებული სიტუაცია და ცდილობს ალტერნატივებს შორის შეარჩიოს საუკეთესო ვარიანტი.


იდენტობის ბოლო სახე არის მიღწეული იდენტობა, რომელიც ადამიანის იდენტობის ჩამოყალიბების ყველაზე წარმატებული გამოვლინებაა. მოზარდმა ამ შემთხვევაში გადალახა კიდევაც კრიზისი და ამასთანავე მიიღო გადაწყვეტილება. შეგვიძლია განვიხილოთ აბიტურიენტი, რომელსაც ადარდებს თავისი მომავალი კარიერა და ცდილობს აირჩიოს საუკეთესო ვარიანტი სხვადასხვა ალტერნატივიდან და მაგალითად, იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩააბაროს სამედიცინო უნივერსიტეტში.



0
86
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ბოკუჩავა
ნინო ბოკუჩავა
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0