x
ლეონ ფესტინჯერის კოგნიტური დისონანსის თეორია

image

ატიტუდი, იგივე დამოკიდებულება, არის ჩვენი მყარი საპასუხო რეაქციები ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ატიტუდი შედგება 3 კომპონენტისგან. ეს კომპონენტებია: კოგნიცია, ემოცია და ქცევა. მოკლედ განვმარტოთ რას ნიშნავს თითოეული მათგანი.

  • კოგნიცია პასუხს სცემს კითხვას, თუ რას ვფიქრობ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რა აზრი და შეხედულება მაქვს მის მიმართ.
  • ემოცია - თუ რას ვგრძნობ, დადებითი ემოციები მაქვს ობიექტის მიმართ თუ უარყოფითი.
  • ქცევითი კომპონენტი - თუ რას ვაკეთებ და როგორ ვიქცევი რამე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
  • ცხოვრების განმავლობაში ატიტუდის სამივე კომპონენტი ხანდახან ერთმანეთთან თანხვედრაში ვერ მოდის, რაც რასაკვირველია საკმაოდ არასასიამოვნოა ადამიანისთვის. ადამიანებს ხშირად გვაქვს სიტუაციები, როდესაც რამე საკითხთან დაკავშირებით სხვა აზრი გაგვაჩნია, მაგრამ ამ აზრის შესაბამისად ვერ ვიქცევით და პირიქით. განვიხილოთ მაგალითი, როდესაც ადამიანი სიგარეტს ეწევა, შესაძლოა ფიქრობდეს რომ სიგარეტი ძალიან საზიანოა ორგანიზმისთვის, მაგრამ მოწევა მას დადებით ემოციებს აღუძრავს და ამიტომ სიგარეტის მოწევას განაგრძობს. ამ შემთხვევაში ატიტუდის კომპონენტები: კოგნიცია, ემოცია და ქცევა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. ამ პროცესს ლეონ ფესტინჯერმა დისონანსი უწოდა.
    კოგნიტური დისონანსის თეორია ეკუთვნის ლეონ ფესტინჯერს. მისი აზრით, ადამიანებისთვის დისონანსის მდგომარეობა საკმაოდ არასასიამოვნოა და იმისათვის, რომ ეს უარყოფითი ემოციური მდგომარეობა შემცირდეს, სამივე კომპონენტი უნდა გახდეს ერთმანეთის კონსისტენტური, თანმიმდევრული. ამის მისაღწევად რამდენიმე გზა არსებობს.
    პირველი, ადამიანები იცვლიან ქცევას, მაგალითად, თავს ანებებენ სიგარეტის მოწევას და ეს უკვე თანხვედრაში მოდის მათ შეხედულებებთან (სიგარეტის მოწევა საზიანოა ჯანმრთელობისთვის).
    მეორე გზა არის თავად ატიტუდის შეცვლა. ამ დროს იხსენებენ შეძლებისდაგვარად მეტ მაგალითს, რომ მისი ნათესავი ან მეგობარი მუდმივად ეწეოდა, მაგრამ მაინც ჯანმრთელია, ხოლო, მაგალითად, მისი მეზობელი, რომელიც საერთოდ არ ეწეოდა ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში იცვლება კოგნიცია, ჩვენი აზრი და შეხედულება ქცევის სასარგებლოდ.
    მესამე გზა კი არის, რომ ჩვენი ატიტუდი ტრივიალური, ანუ ორიგინალურობას მოკლებული გავხადოთ.
    დისონანსის კლასიკურ ექსპერიმენტად ითვლება ფესტინჯერისა და კლასმიტის ჩატარებული ექსპერიმენტი. კოლეჯის სტუდენტების ნაწილს გადაუხადეს 1 დოლარი, ხოლო მეორე ნაწილს 20 დოლარი, რომ მოეტყუებინათ სხვა სტუდენტები თითქოს სამუშაო ძალიან სახალისო იყო. ექსპერიმენტის შედეგად აღმოჩნდა, რომ სტუდენტებმა, რომლებსაც 1 დოლარი მისცეს ტყუილის სათქმელად, უფრო მეტად დაიჯერეს თავიანთი ნათქვამის, რომ სამუშაო სახალისო იყო, ვიდრე მეორე ჯგუფის სტუდენტემა. მათი აზრით, 1 დოლარი არ იყო ისეთი თანხა, რის გამოც მოიტყუებოდნენ და რადგან თქვეს, რომ სამუშაო სახალისოა ეს სიმართლეს შეესაბამებოდა. 20 დოლარის გადახდის შემთხვევაში დისონანსი ნაკლებია, რადგან სტუდენტებს არ აქვთ ორაზროვნება, მათ ზუსტად იციან, რომ ფულის გამო მოიტყუეს და მათი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება.
    როგორც ზემოთ განვიხილეთ, ატიტუდების კომპონენტებს შორის თანხვედრა მნიშვნელოვანია ჩვენი შინაგანი ჰარმონიისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში თავს იჩენს დისონანსი, რაც უარყოფით ემოციებს იწვევს.

    0
    99
    1-ს მოსწონს
    ავტორი:ნინო ბოკუჩავა
    ნინო ბოკუჩავა
    99
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0