x
სწავლის სტრატეგიები განათლების ფსიქოლოგიაში

image
სწავლა-სწავლების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სწავლის სტრატეგიები. ეს არის სპეციალური ტექნიკა, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება იმაში, რომ მასწავლებლის მიერ ახსნილი მასალა უკეთ გაიგონ.
გამოყოფენ სწავლის სხვადასხვა სტრატეგიას. ესენია: ჩანაწერების გაკეთება, ტექსტის სიგნალების გამოყენება, შეჯამება, დამაზუსტებელი კითხვები და SQ3R.
განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.
ჩანაწერების გაკეთება, ყველაზე გავრცელებულია სწავლა-სწავლების პროცესში. ის მოსწავლეებს ეხმარება გაიგონ მოცემული მასალის მთავარი იდეა, არსი. განსაკუთრებით, ის უბიძგებს მოსწავლეებს გადაამუშაონ ინფორმაცია.
მეორე სტრატეგია არის ტექსტის სიგნალების გამოყენება, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება ძირითადად წერითი მასალის ორგანიზებაში. ტექსტის სიგნალებად შეგვიძლია მივიჩნიოთ სათაურების გამოყოფა, მასალის გაშავება (BOLD), დახრილად დაწერილი ასოები ან ხაზგასმული მასალა.
მესამე ეს არის შეჯამება, ასევე ერთ-ერთი ყველასთვის კარგად ნაცნობი სტრატეგია. შეჯამება გულისხმობს მასალის მოკლე აღწერის მომზადებას. შეიძლება ითქვას, რომ ამ სტრატეგიის გამოყენებით შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ მოსწავლეებმა მასალა კარგად გაიგეს. თუ მათ შეუძლიათ მოკლე რეზიუმეს გაკეთება, მაშასადამე, მათ მასალა კარგად გაიაზრეს.
მეოთხე სტრატეგია ეს არის დამაზუსტებელი კითხვები, რაც გულისხმობს დასკვნების გაკეთებასა და მაგალითების მოყვანას. შეიძლება ითქვას, რომ ეს სტრატეგია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია მონიტორინგისთვის, რადგან ამ დროს მოსწავლეებს უწევთ უკვე ნასწავლი მასალის, ასევე სხვა მსგავსი იდეის მქონე მაგალითის გახსენება, მასალების შედარება და სხვა.
ბოლო სტრატეგია არის SQ3R, რომელიც თავის მხრივ 5 ქვესტრატეგიას მოიცავს. მისი სახელწოდება სწორედ ინგლისური დასახელებიდან მოდის S - survey დათვალიერება, გადახედვა. Q - question შეკითხვა და 3R, რადგან 3 სიტყვა იწყება ასო რ-ზე. Read - წაკითხვა, Retrieve - გადმოცემა და review - განხილვა.
ახლა SQ3R-ის ქვესტრატეგიები განვიხილოთ მოკლედ ცალ-ცალკე. პირველ რიგში, მოსწავლეები თვალს გადაავლებენ მასალას, რომელიც უნდა წაიკითხონ. ამ შემთხვევაში იყენებენ დათვალიერების, გადახედვის სტრატეგიას. ტექსტის გადათვალიერების შემდეგ კი მოსწავლეები ადგენენ კითხვებს, რომლებზეც პასუხსაც ისინი მოელიან მოცემული მასალიდან - იყენებენ შეკითხვას. შემდეგ არის წაკითხვა - ამ შემთხვევაში მოსწავლეები უშუალოდ ეცნობიან, კითხულობენ მასალას. გადმოცემა, მოყოლა, ამ ქვესტრატეგიისას მოსწავლეები იწყებენ ფიქრს იმაზე, რაც უკვე წაიკითხეს, ასევე სურთ რომ პასუხი გასცენ მათ მიერ უკვე დასმულ შეკითხვებს და დაამყარონ კავშირები მანამდე ნასწავლ მასალასთან. და ბოლო ეს არის განხილვის ეტაპი, ამ დროს მოსწავლეები აჯამებენ ნასწავლ მასალას, განიხილავენ და თუ საჭიროა აკეთებენ ჩანაწერებს.
ზემოთ ჩამოთვლილი სწავლის სტრატეგიების გაცნობა, ხელს შეუწყობს როგორც მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებს და სწავლა-სწავლებით დაინტერესებულ ადამიანებს, თუ როგორი მეთოდით შეძლონ უფრო ეფექტურად, სწრაფად და სიღრმისეულად შესწავლა, დამახსოვრება და შემდგომში გამოყენება ნასწავლი მასალის. თითოეული სტრატეგიის გამოყება, ხელს უწყობს სწავლა- სწავლების პროცესი ბევრად მარტივი და სასიამოვნოდ აღსაქმელი გახდეს.

0
16
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბოკუჩავა
ნინო ბოკუჩავა
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0