x
ბავშვის ემოციური განვითარება

image

ემოცია წარმოადგენს სიტუაციის პიროვნული მნიშვნელობის სწრაფ შეფასებას, რომელიც ადამიანს გარკვეული ქმედებებისთვის ამზადებს. მაგალითად, სევდა პასიურობისკენ უბიძგებს ადამიანს, შიშს გაურბიან და ა.შ. ასეთ დროს ემოცია განსაზღვრავს ინდივიდის მზადყოფნას ჩამოიყალიბოს, შეინარჩუნოს ან შეცვალოს დამოკიდებულება მისთვის მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ. ემოციისადმი ფუნქციური მიდგომის ამსახველი ბოლოდროინდელი თეორიების მიხედვით, ემოციის ძირითად ფუნქციას პიროვნული მიზნების მიღწევისადმი მიმართული ქცევის გამოწვევა წარმოადგენს. ამა თუ იმ მოვლენის მიმართ პიროვნულ დამოკიდებულებას სხვადასხვა მიზნები გაჩნია. ესენია: 1. შესაძლოა ადამიანს დასახული მიზანი ჰქონდეს, მაგრამ კონკრეტულმა სიტუაციამ მასში მძაფრი ემოცია გამოიწვიოს; 2. ინდივიდისთვის ამა თუ იმ სიტუაციის მნიშვნელობა შესაძლოა სხვა ადამიანების სოციალურმა ქცევამ შეცვალოს; 3. სულიერი მდგომარეობა, სურნელი, ხმა, შეხება, მოგონება ან წარმოსახვა, შესაძლებელია პიროვნული გახდეს, რაც გამოიწვევს დადებით ან უარყოფით ემოციას. ფუნქციური თეორიის თანახმად, ემოციებს ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში, იქნება ეს შემეცნებითი, სოციალური თუ ფიზიკური, დიდი ადგილი უკავია. ემოციური რეაქციების შესწავლის შედეგად ნათელი ხდება, რომ ემოცია არსებითი პირობაა გადარჩენისათვის. ემოციურ-შემეცნებითი ურთიერთკავშირი ჩვენს მოქმედებაში ნათლად ჩანს ქცევაზე შფოთვის გავლენისას. ძლიერი ან სუსტი შფოთვა ბავშვებსა და მოზარდებში აზროვნებას აფერხებს, ზომიერი შფოთვა კი ხანდახან სასარგებლოც კი არის. ემოციები დიდ გავლენას ახდენს მეხსიერებაზეც. მაგალითად, ნემსის გაკეთებით გამოწვეული ტკივილი ბავშვს უკეთ ამახსოვრდება. საგულისხმოა, რომ ემოციასა და შემეცნებას შორის ორმხრივი ურთიერთობა არსებობს. დინამიკური ურთიერთქმედება ადრეულ ბავშვობაშივე შეიმჩნევა.

ამასთანავე, ბავშვის ემოციური სიგნალები - სიცილი, ტირილი და ინტერესი დიდ გავლენას ახდენს სხვათა ქცევაზე, სხვათა ემოციური რეაქცია კი ბავშვის სოციალურ ქცევას არეგულირებს. პატარა ბავშვებიც კი პარტნიორთან პირისპირ ყოფნისას საპასუხო ემოციურ რეაქციას ელოდებიან. ემოციის გამოხატვა ასაკის მატებასთან ერთად შეგნებული ხდება. მისი მეშვეობით ჩვილები ამყარებენ ურთიერთობას, ხოლო ემოციური რეაქციებზე დაკვირვებით ბავშვები სხვათა გეგმებისა და განზრახვების გაგებას ცდილობენ. ბავშვები ყოველდღიურ სიტუაციაში მოქცევას სწავლობენ სხვათა ემოციების შეფასების ე.წ. სოციალური რეფერენციის მეშვეობით. გარდა ამისა, ემოციები ბავშვის ფიზიკურ კეთილდღეობაზეც ახდენენ გავლენას. კვლევებით დგინდება, რომ დეპრესიით, შიშით, სიბრაზითა და გაღიზიანებით გამოხატული მუდმივი ფსიქოსოციალური სტრესი ჩვილობიდან ზრდასრულობამდე ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას იწვევს. მაგალითად, გულისცემისა და წნევის მომატება შეიძლება განპირობებული იყოს სტრესით. ის იწვევს ასევე საჭმლის მონელების პროცესის შენელებას, რამაც საბოლოოდ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის ესა თუ ის პრობლემა გამოიწვიოს. ამასთანავე, ფუნქციური თეორიტიკოსების მიხედვით, ემოციები დიდ როლს ასრულებენ თვითცნობიერების ჩამოყალიბებაშიც. მაგალითად, ბავშვებს თვითეფექტურობის გრძნობის - რწმენა იმისა, რომ მათ შეუძლიათ ირგვლივ მომხდარი მოვლენების კონტროლი - ჩამოყალიბებაში ეხმარებათ ინტერესი და ემოციური აგზნება. ორი წლის ასაკში, როდესაც ბავშვის თვითცნობიერება საკმაოდ კარგად არის ჩამოყალიბებული, იგი იწყებს ახალი ემოციების გამოცდას. ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა საკუთარი ემოციების კონტროლი ისწავლოს. ბავშვებმა უნდა აითვისონ საკუთარი კულტურის წესები - ემოციების გამოხატვის დრო და ფორმები.

მიუხედავად ჩვილთა გამოცემული ბგერებისა და სხეულის მოძრაობის შედეგად მიღებული ინფორმაციისა, უნდა ითქვას, რომ სახის გამომეტყველებით მიღებული ინფორმაცია უფრო მეტად ზუსტია. ბაზისური ემოციები, რომელშიც შედის ბედნიერება, ინტერესი, შიში, გაოცება, სევდა, ბრაზი და ზიზღი, ადამიანისა და სხვა პრიმატების უნივერსალურ ემოციებს წარმოადგენენ და მათი ამოცნობა პირდაპირ სახის გამომეტყველებით არის შესაძლებელი. ბავშვის ადრეული ემოციური ცხოვრება გამოირჩევა სასიამოვნო სტიმულისადმი მიზიდულობითა და არასასიამოვნო სტიმულისგან თავის არიდებით. გარდა ამისა, ჩვილის ემოციების ამოცნობაში მზრუნველს სხვა ინფორმაციაც ეხმარება, ძირითადად კი კონტექსტი. დინამიკური სისტემების პერსპექტივის თანახმად, ბავშვები ცალკეული გამოცდილების კოორდინირებას უფრო ეფექტურ სისტემაში, ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებასა და მათი მიზნებისა თუ გამოცდილების ცვლილებასთან ერთად ახდენენ. პირველი წლის შუა პერიოდში ემოციის გამოხატვა ისე კარგად არის ორგანიზებული, რომ მათი საშუალებით ჩვილების შინაგანი მდგომარეობის ამოცნობაც შესაძლებელია. მკლევართა უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს ოთხ ემოციაზე: ბედნიერება, ბრაზი, სევდა და შიში. ბედნიერების გამოხატვა ხელს უწყობს განვითარების მრავალ ასპექტს. ის იწყება ნეტარი ღიმილით და შემდეგ სიცილში გადადის. ჩვილები იღიმიან და იცინიან ახალი უნარის დაუფლების დროს. ასევე, სიამოვნებას გამოხატავენ მოტორულ და კოგნიტურ უნარებში დახელოვნებისას. ბავშვები ცდილობენ ხშირად გაიღიმონ, რადგან გრძნობენ, რომ მათი ღიმილი მზრუნველთა მეტ სითბოსა და ყურადღებას განაპირობებს. პირველი კვირების განმავლობაში, ახალშობილები იღიმებიან სიმაძღრის, თვალის სწრაფი მოძრაობის ძილის, დედის ხმის გაგონებისა და ნაზად შეხების დროს, პირველი თვის ბოლოს - ისეთი საინტერესო საგნების დანახვისას, რომლებიც დინამიკური და თვალშისაცემია. 6-დან 10 კვირამდე ასაკის ჩვილის სახეზე ჩნდება ე.წ. სოციალური ღიმილი. რაც შეეხება სიცილს, რომელიც, ღიმილთან შედარებით, ინფორმაციის სწრაფ დამუშავებას გულისხმობს, მას ბავშვები პირველად დაახლოებით 3-4 თვის ასაკში იწყებენ. დაახლოებით 6 თვის ჩვილები, შედარებით ხშირად იღიმიან და იცინიან ნაცნობ ადამიანებთან ინტერაქციის დროს. ეს ის მოწონებაა, რომელიც აძლიერებს კავშირს მშობელსა და ბავშვს შორის. ახალშობილები დისტრესით პასუხობენ ამა თუ იმ არასასიამოვნო შეგრძნებას, მაგალითად, შიმშილს, ტკივილს და სხვა. ბრაზის გამოხატვის სიხშირე და ინტენსივობა იზრდება 4-6 თვიდან 2 წლამდე ბავშვებში, რაზეც დიდ გავლენას ახდენს კოგნიტური და მოტორული განვითარება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბრაზის ზრდის რეგულირება შესაძლებელია. სევდა შეიძლება გამოწვეული იყოს ტკივილით, რაიმე საგნის გამორთმევით ან ხანმოკლე განშორებით. ჩვილებში სევდა, ძირითადად, ჩნდება ნაცნობ, მოსიყვარულე მომვლელებთან განშორების დროს ან მომვლელსა და ჩვილს შორის კომუნიკაციის დარღვევის შემთხვევაში. შიში ჩნდება ცხოვრების პირველი წლის მეორე ნახევარში. ჩვილები ახალი სათამაშოთი თამაშის დაწყებას ყოყმანობენ, ბავშვები ავლენენ სიმაღლის შიშს და სხვა. უმეტესად, ჩვილი შიშს გამოხატავს უფროსების მიმართ. ამგვარ რეაქციას უცხოობის შფოთვა ეწოდება. ხშირად ჩვილები და ბავშვები უცხოების მიმართ დაძაბულობას განიცდიან, თუმცა ამ გრძნობას ყოველთვის არ ახლავს თან რეაქცია, რასაც განაპირობებს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ტემპერამენტი, უცხოებთან ურთიერთობის გამოცდილება და არსებული სიტუაცია. სიფრთხილისა და წინდახედულობის გრძნობის განვითარებისას ბავშვები გარემოს შესასწავლად და ემოციური მხარდაჭერისთვის ნაცნობ მზრუნველს უსაფრთხოების საყრდენად იყენებენ. ბავშვის კოგნიტურ განვითარებასთან ერთად, უცხოობის შფოთვა და სხვა შიშებიც თანდათანობით მცირდება.

გარდა ზემოთ აღნიშნული ბაზისური ემოციებისა, ადამიანებისთვის დამახასიათებელია მეორეული, უფრო რთული ემოციების გამოხატვა, როგორიცაა, მაგალითად, სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა, დაბნევა, შური და სიამაყე. ამგვარ ემოციებს ეწოდება მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები, რადგან ისინი ზიანს აყენებენ ადამიანის მე-ს და ახდენენ მე-ს განცდის გამძაფრებას. მაგალითად, თუ ადამიანს რცხვენია იგი თავს უხერხულად გრძნობს და საკუთარი ქცევის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება უყალიბდება, სიამაყე - საკუთარი მიღწევებით კმაყოფილებას გამოხატავს. მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები ჩნდება ორი წლის ასაკში, მაშინ როცა ბავშვები საკუთარ მე-ს გამოცალკევებულ, უნიკალურ ინდივიდად აღიქვამენ. მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები დამატებით კომპონენტს საჭიროებს, მაგალითად, უფროსების მიერ გაცემული მითითებები, თუ როდის უნდა გაუჩნდეს ბავშვს სიამაყის, სირცხვილისა თუ დანაშაულის გრძნობა. ამ გრძნობების გაღვივებაში დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურასაც. დასავლელ ბავშვებში დანაშაულის გრძნობა ხშირად დაკავშირებულია კარგ მორგებულობასთან, ხოლო სირცხვილის გრძნობა - საკუთარი არასრუფასოვნების გრძნობასთან. ამასთან, ბავშვებს, რომელთა მშობლებიც ხაზს უსვამენ მის დადებით და უარყოფით თვისებებს, სირცხვილისა და სიამაყის გადაჭარბებული გრძნობა გააჩნიათ. აღსანიშნავია, რომ ასაკთან ერთად მე-ს ცნობიერებასთან დაკავშირებული ემოციები შინაგანად მართვადი ხდება.

რაც შეეხება ემოციურ თვითრეგულაციას, ეს არის ადამიანის ემოციური მდგომარეობის ინტენსივობის კომფორტულ დონესთან მორგებულობის სტრატეგია, ისე, რომ შეძლოს მიზნის მიღწევა. ბავშვები სწავლობენ არა მარტო ემოციების გამოხატვას, არამედ საკუთარი ემოციური გამოცდილების მართვასაც. ემოციური თვითრეგულაცია ჩნდება თავის ტვინის ქერქის შუბლის წილების განვითარებისა და მზრუნველების მიერ ჩვილებისთვის საკუთარი ემოციური რეაქციების მორგებულობაში დახმარებით. ჩვილებს საკუთარი ემოციური მდგომარეობის რეგულირების შეზღუდული უნარი გააჩნიათ და ისინი მარტივად ექცევიან შინაგანი და გარე სტიმულების გავლენის ქვეშ. ამრიგად, ისინი დამოკიდებული არიან მომვლელის ინტერვენციებზე. 2 წლის ასაკის შემდეგ, ბავშვები შედარებით ხშირად საუბრობენ თავიანთ გრძნობებზე და, ასევე, ცდილობენ მათ გაკონტროლებას, ხოლო 3-4 წლის ასაკში ემოციური თვითრეგულაციის სხვადასხვა სახის სტრატეგიებზე საუბრობენ. უარყოფითი ემოციების გამოცდილების მქონე ჩვილებისა და ბავშვებისათვის საკუთარი გრძნობების შეზღუდვა და დამთრგუნველი მოვლენებიდან ყურადღების გადატანა გაცილებით რთულია. თუმცა ზოგჯერ მათაც უჭირთ საკუთარი გრძნობების მართვა, ვინც ემოციის რეგულირების კარგი უნარით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ემოციის თვითრეგულაციის სტიმულირებას ახდენს თბილი, მოთმინებით აღსავსე აღზრდა, გრძნობების გაგებისა და კონტროლის კვლევა. სკოლაში შესვლის შემდეგ იწყება ემოციის თვითრეგულაციის სწრაფი ჩამოყალიბება. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი ხდება თანატოლების მოწონება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ისწავლონ უარყოფითი ემოციების მართვა. ამას 10 წლის ასაკში ბავშვების უმეტესობა ორი ძირითადი სტრატეგიის მეშვეობით ახერხებს. პირველი, პრობლემებზე ცენტრირებული მართვის - ისინი სიტუაციას აფასებენ ცვალებადად, აცნობიერებენ სირთულეებს და გადაწყვეტენ, თუ როგორ დაძლიონ და გადალახონ მოცემული სირთულეები; იმ შემთხვევაში თუ ვერ მოახერხებენ პრობლემის მოგვარებას გადაერთვებიან მეორე, ემოციაზე ცენტრირებულ მართვაზე - ბავშვები შინაგანად აკონტროლებენ დისტრესს და შედეგი პრაქტიკულად ვეღარ შეიცვლება. ამასთან, მნიშვნელოვანია ბავშვებმა სხვებთან მოქცევის წესებიც აითვისონ. ყველა საზოგადოებაში არის ემოციის გამოხატვის წესები, რომელშიც დადგენილია თუ როდის, როგორ და რანაირად არის ემოციების გამოხატვა შესაძლებელი. ადრეული ასაკის ბავშვებში ემოციის გამოხატვის ფორმირებას მშობლები უწყობენ ხელს. ბავშვები თანდათან ეუფლებიან ემოციების გამოხატვის წესებს, ხოლო ბავშვობის ასაკის შუა პერიოდში კი ბავშვები შეგნებულად ეცნობიან ამგვარ წესებს და აცნობიერებენ მათ მნიშვნელობას სოციალური ჰარმონიისათვის.

ამრიგად, ემოციებს დიდი ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში, მათ შორის, კოგნიტურ სფეროში, სოციალურ ქცევასა და ფიზიკურ ჯანმრთელობაში. ამასთან, მას დიდი ადგილი უკავია თვითანალიზშიც, რომელიც, თავის მხრივ, თვითშეფასების ახალ ემოციებს წარმოშობს. ცხადია, ბავშვის ემოციურ განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენენ მშობლები, მომვლელები და, ასევე, კულტურული გარემო. საბოლოოდ, იმისათვის, რომ ბავშვები საკუთარ ფიზიკურ და სოციალურ სამყაროს შეეგუონ, თანდათანობით უნდა დაეუფლონ საკუთარი ემოციების ნებაყოფლობით კონტროლს.

0
181
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ კოტრიკაძე
მარიამ კოტრიკაძე
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0