x
თამაშის როლი ადრეული ასაკის ბავშვთა სწავლების პროგრამებში

image

თამაში ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. თამაში ხელს უწყობს ბავშვის აღქმის, მეხსიერების, კომუნიკაციის, ენის, მეტყველების, ემოციების რეგულაციის, სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას. მისი მეშვეობით ბავშვები შეისწავლიან გარესამყაროს, ავითარებენ პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებს, კრეატულობას, ფანტაზიასა და სხვა უნარებს. ამასთან, თამაში იწვევს სიხარულის ემოციას და ბავშვი იღებს სიამოვნებას თამაშის პროცესით. რაც შეეხება სწავლას, ის წარმოადგენს ადამიანის მიზანდასახული ქცევის ფორმას, რომლის მიზანია ცოდნის, ჩვევების, ქცევის ფორმებისა და მოქმედების სახეების ათვისება. თამაში მჭიდროდ არის დაკავშირებული სწავლასთან. თამაშის დროს ბავშვები სწავლობენ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებას, შედიან თანატოლებთან კომუნიკაციაში, უყალიბდებათ დადებითი გრძნობები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, თამაშის მეშვეობით საგაკვეთილო პროცესი ხდება უფრო საინტერესო და მიმზიდველი. თუმცა, ცხადია, მნიშვნელოვანია თამაშსა და სწავლას შორის ერთგვარი ბალანსის დაცვა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ თამაშს დიდი ადგილი უკავია ადრეული ასაკის ბავშვთა სწავლების პროგრამებში. სწავლის ეფექტურობა მეტწილად სწორედ იმაზეა დამოკიდებულია, თუ როგორ არის ორგანიზებული სწავლების პროგრამა. ქვემოთ განვიხილავ ცნობილ ევროპულ მოდელებს, რომლებსაც მკაფიო მახასიათებლები და თამაშის ადრეული ასაკის ბავშვთა სწავლების პროგრამებთან ინტეგრაციის განსხვავებული მიდგომა აქვთ. თითოეული მათგანი მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. მსოფლიოს განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნების ადგილობრივ თემებში ხშირად მიმართავენ ამ მოდელების კოპირებასა და ადაპტაციას.

ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების ერთ-ერთი ცნობილი ევროპული მოდელი შეიმუშავა მარია მონტესორიმ (1870-1952წ.), 1907 წელს, ერთ-ერთი ბავშვთა სახლის ღარიბი ბავშვებისთვის. მის სახელს უკავშირდება სპეციალური თვითმაკორექტირებელი მასალების გამოგონება, რომლებსაც ბავშვები ხელოვნების, მუსიკის, ენის, მეცნიერების, გეოგრაფიის, პრაქტიკული ცხოვრების სივრცეებში თამაშისას იყენებენ. მონტესორის საკლასო ოთახში გარემო დამატებით მასწავლებლად მიიჩნევა, ნამდვილი მასწავლებელი კი საკლასო ოთახში მეთვალყურის და კურატორის მოვალეობას ასრულებს. მასწავლებელი აკვირდება ბავშვებს, უჩვენებს მათ თუ, როგორ გამოიყენონ მასალები სწორად და აძლევს მასალების დამოუკიდებლად გამოყენების სტიმულს. მოდელი გულისხმობს თითოეული ბავშვის პიროვნების მიმართ დიდ პატივისცემას. ამასთანავე, მონტესორის მოდელში ხაზგასმულია ბავშვის აქტიური ჩართულობის როლი მასალების გამოყენებაში, სწავლის ინდივიდუალიზაცია და მომზადებული გარემოს მნიშვნელობა. მასალები სწავლის მრავალ სფეროზეა გათვლილი და გამოიყენება თანმიმდევრულად. აღსანიშნავია, რომ მონტესორის მოდელზე დაფუძნებული სწავლების დროს დიდი ადგილი უკავია წესრიგს. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მისი მასალების შემოქმედებითად გამოყენება შეუძლებელია, რადგან ისინი თვითმაკორექტირებელია და წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით გამოიყენება. ასევე, აღნიშნული მოდელი იმ თამაშებთან ასოცირდება, რომელიც არ საჭიროებს დიდ ფანტაზიას; მარია მიიჩნევდა, რომ ღარიბ ბავშვებს, რომელთაც იგი პირველად რომში მრავალი წლის წინ ასწავლიდა, სკოლაში თამაშის და მუშაობის დროს წესრიგი, კონტროლი და რეალიზმი ბევრად უფრო სჭირდებოდათ, ვიდრე ფანტაზია. თუმცა, დღეს ბევრი სკოლა იყენებს მონტესორის სასწავლო პროგრამის ადაპტირებულ ვარიანტს, რომლის ფარგლებშიც სოციალურ-დრამატული თამაშებისთვის ბავშვებისთვის დამატებითი დრო და სივრცე გამოიყოფა.

ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ევროპული მოდელია რეჯიო ემილია, რომელიც შეიმუშავა ლორის მალაგუცმა (1920-1994წ.), მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. ეს განსხვავებული მიდგომაა, რომელსაც ბავშვის მიმართ ძლიერი ხედვა აქვს ჩამოყალიბებული. მისი დამაარსებელი მხარს უჭერს სოციალურ კონსტრუქტივიზმს (ისევე როგორც პიაჟე, ვიგოტსკი და დიუი) და ბავშვს მომავალ პროტაგონისტად მიიჩნევს - ადამიანად, რომელსაც ძალიან ბევრი რესურსი აქვს. რეჯიო ემილიას სკოლის სტუმრები ესთეტიკურად ძალიან სასიამოვნო და მომხიბვლელ გარემოში ხვდებიან. საკლასო ოთახში დიდი სივრცეა სამუშაოდ და სათამაშოდ. აქ შეხვდებით ბავშვების ბევრ ფოტოს, მათი თამაშის პროდუქტებს, სკოლის ცხოვრების ამსახველ მრავალ სცენას. აქვეა მრავალი მცენარე და ბავშვების ნამუშევრების გამოფენა. გარდა ამისა, ნახავთ ბავშვებისა და მასწავლებლების საუბრის ჩანაწერებს. ამრიგად, ნათელია, რომ დოკუმენტაცია რეჯიო ემილიას ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების მიდგომის დამახასიათებელია თვისებაა, ხელოვნების ნიმუშების შექმნასთან, ესთეტიკასთან და მშობლებთან და საზოგადოებასთან ახლო ურთიერთობასთან ერთად. პროგრამის ძირითად აქტივობას შემოქმედებითი გამოხატვა წარმოადგენს. მიიჩნევა, რომ ბავშვებს დიდი პოტენციალი აქვთ, არიან გახსნილები და სურთ საკუთარი თავის გამოხატვა მათთვის დამახასიათებელი ასობით ენის გამოყენებით, როგორებიცაა, მაგალითად, ჩრდილებით თამაში, მუსიკა, როლური თამაში, ხატვა, პანტომიმა და სხვა. რეჯიო ემილიას სკოლებს ხელოვნების სტუდიები აქვთ და ჰყავთ პროფესიონალი ხელოვანი მასწავლებელი, რომელიც ბავშვებთან მუშაობს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვებს თამაშის მრავალი შესაძლებლობა აქვთ. მასწავლებლები პატივს სცემენ ბავშვების თამაშს და ამისთვის მათ ბევრ დროს, სივრცესა და მასალას აძლევენ, კერძოდ, თოჯინებს და საოჯახო ნივთებს, დიდი და მცირე ზომის კუბურებს, თავსატეხებს და ასე შემდეგ. მასწავლებლები თვლიან, რომ თამაში ბავშვებს მათი უნარებისა და შესაძლებლობების პრაქტიკულად გამოყენებასა და გაუმჯობესებაში ეხმარება.

ადრეული ასაკის ბავშვთა სასწავლო პროგრამაში გამოირჩევა ვალდორფის მოდელიც, რომელიც შექმნა რუდოლფ შტაინერმა (1861-1925), პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიაში. მან ბავშვებში თემისადმი კუთვნილების გრძნობის გამომუშავების ორ მნიშვნელოვან გზას გაუსხვა ხაზი. ერთ-ერთია იმიტაცია და მეორე - თამაში. ჩვეულებრივ, ადრეული ასაკის ბავშვები ინტერესდებიან იმით, რასაც უფროსები აკეთებენ და საკუთარ ცოდნას ხშირად ნანახის იმიტაციით იღრმავებენ. შესაბამისად, ვალდორფის პროგრამით მომუშავე მასწავლებლებისთვის მნიშვნელოვანია ბავშვებს ისეთი ღირებული რამ მიაწოდონ, რისი იმიტაციაც მათ შეეძლებათ. მაგალითად, ისინი მონაწილეობას იღებენ საკლასო ოთახის მასალების შეკეთებაში, საკვების მომზადებაში, მაგიდების გადმოწმენდაში, მცენარეების მოვლაში და სხვა. ამ ამოცანებიდან თითოეული ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია. ამგვარი იმიტაციით კი ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა საკლასო ოთახის კოლექტივში მათი წილი საქმე შეასრულონ და სხვებზე დაყრდნობა ისწავლონ. თემისადმი კუთვნილების გრძნობის მეორე მნიშვნელოვანი გზაა თამაში, რომლის ფარგლებშიც ბავშვები სხვადასხვა როლებს ირგებენ, ივითარებენ სოციალურ უნარებს, სწავლობენ ჯგუფში მოქმედებას, ცდიან კომუნიკააცის სხვადასხვა მეთოდებს. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ბავშვების სათამაშო გარემოს არ აქვს წინასწარგანსაზღვრული სტრუქტურა, მაგალითად საავადმყოფო, ციხე-სიმაგრე ან სხვა. ასევე, არ გამოიყენება ბევრი ისეთი მზა სათამაშო, როგორიცაა, მაგალითად პოლიციის ან სახანძრო მანქანები. თოჯინებსაც კი უნაკვთო სახეები აქვთ. ითვლება, რომ მნიშვნელოვანია სათამაშო მასალები პოტენციურად მრავალი დანიშნულებით გამოიყენებოდეს, ბავშვებს ტრანსფორმაციის შესაძლებლობა ჰქონდეთ და არა უბრალოდ ზრდასრული ადამიანების მიერ წინასწარ შექმნილი მასალების გამოყენება. საგულისხმოა, რომ ვალდორფის მოდელის მიხედვით მოწყობილი საკლასო ოთახი სახლს მოგვაგონებს. ფიზიკური გარემო ნაწილობრივ სამზარეულოს, ნაწილობრივ კი სათამაშო ოთახს წარმოადგენს და მისთვის დამახასიათებელია დელიკატური არომატები, მკრთალი სინათლე, მარტივი და ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ავეჯი. მასწავლებლები კი პატივს სცემენ ბავშვების პირად სივრცეს, იშვიათად ერევიან მათი თამაშის პროცესში და, ასევე, ძალიან იშვიათად ცდილობენ (თუ ასეთი რამ საერთოდ ხდება), რომ ბავშვის თამაში გაკვეთილად გადააქციონ.

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ თამაში მჭიდროდ არის დაკავშირებული ბავშვის განვითარებასა და მათ განათლებასთან. ბავშვებს თამაში სჭირდებათ და უფროსებმა მათ ამის საშუალება უნდა მისცენ. ამიტომაც, თამაშმა მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკავოს ადრეული ასაკისთვის განკუთვნილ სასწავლო პროგრამაში. ზემოთაღნიშნული მოდელები თამაშის ადრეული ასაკის ბავშვთა პროგრამაში ინტეგრაციის განსხვავებულ გზებს გვთავაზობენ. თითოეულ პროგრამას თავისი დამახასიათებელი თვისება აქვს, რომლითაც იგი დანარჩენი პროგრამებისგან გამოირჩევა. ამ პროგრამების მიხედვით, თამაშის ადრეული ასაკის ბავშვთა სწავლების პროგრამაში შეტანის სხვადასხვა გზა არსებობს, რაც ხელს უწყობს მრავალფეროვნებას და ზრდის ბავშვების ინტერესსა და ჩართულობას სწავლის პროცესში.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ კოტრიკაძე
მარიამ კოტრიკაძე
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0