x
სწავლების მეთოდები
ზეპირსიტყვიერი მეთოდები ანუ ვერბალური მეთოდები ორ ჯგუფად იყოფა: აკრომატიკულ და ეროთემატიკურ მეთოდებად. პირველი გულისხმობს ცოდნის ზეპირსიტყვიერ გადაცემას მონოლოგიური, უწყვეტი გზით, ხოლო მეორე - ისეთ ზეპირსიტყვიერ მეცადინეობას, როცა სწავლების პროცესი კითხვა-პასუხის, დიალოგის წყვეტილი გზით მიმდინარეობს.

აკრომატიკული მეთოდები:

  • თხრობითი მეთოდი - სწავლების ის გზაა, როცა მასწავლებელი სასწავლო საკითხის გარშემო მოსწავლეებს მოუთხრობს, გადასცემს გარკვეულ ცოდნათა ჯამს. სწავლების ეს მეთოდი სასწავლო მასალის ზეპირსიტყვიერი ახსნის აკრომატიკულ მეთოდთა ჯგუფს განეკუთვნება. ამ მეთოდს სკოლის პრაქტიკაში საკმაოდ დიდი ხანია იყენებენ. შეიძლება ითქვას, რომ იგი მთელ რიგ შემთხვევაში სწავლების ძირითად მეთოდს წარმოადგენს, განსაკუთრებით ისეთ საგნებში, როგორიცაა ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია. ეს მეთოდი უმთავრესად გამოიყენება გაკვეთილის ძირითად ნაწილში, როცა მასწავლებელი ახალ მასალას გადასცემს. თხრობითი მეთოდი უზრუნველყოფს მოსწავლეების მიერ ცოდნის მტკიცედ შეთვისებას, ხელს უწყობს მოსწავლის ლოგიკური აზროვნების განვითარებას და ცოდნის გამომჟღავნება-გამოყენების ჩვევათა აღზრდას.
  • სასკოლო-ლექციური მეთოდი - სასკოლო ლექცია სწავლების ის გზაა, როცა მასწავლებელი დროის განსაზღვრულ მონაკვეთზე უწყვეტად, ლოგიკური თანმიმდევრობით გადასცემს მოსწავლეებს გარკვეულ ცოდნას, ხოლო მოსწავლეები ითვისებენ მას. ამ მეთოდს უმთავრესად მივმართავთ საშუალო სკოლის უფროს კლასებში, სადაც მოსწავლეთა საერთო განვითარება შესაძლებლობას გვაძლევს ხანგრძლივად შევაჩეროთ მისი ყურადღება ასახსნელ მასალაზე. ამ მეთოდს ვიყენებთ ყველა საგანში, განსაკუთრებით ისეთებში, როგორიცაა სამოქალაქო ისტორია და ლიტერატურა. უმაღლეს სკოლაში გამოყენებული ლექციური მეთოდისაგან სასკოლო-ლექციური მეთოდი იმით განსხვავდება, რომ უმაღლესი სკოლის მასწავლებელი წინასწარ არ ამოწმებს სტუდენტთა ცოდნას, სკოლაში კი მასწავლებელი ახალი მასალის გადაცემას მიმართავს მას შემდეგ, როცა წინასწარ შეამოწმებს მოსწავლეთა ცოდნას და დარწმუნდება, რომ ახალ მასალაზე გადასვლა შესაძლებელია.

ლექცია - ლექციის მეთოდი თხრობითი მეთოდისაგან ძირითადად იმით განსხვავდება, რომ იგი საკითხთა უწყვეტ გადაცემა-გაშუქებას შეიცავს სასწავლო დროის თითქმის მთელი მონაკვეთის მანძილზე. ლექცია, როგორც მეთოდი და ცოდნის გადაცემის ფორმა, ძირითადად უმაღლეს სკოლაში გამოიყენება, ამიტომ მას უმაღლესი სკოლის დიდაქტიკის ასპექტში ვიხილავთ. ლექცია უმაღლეს სკოლაში არა მარტო ძირითადი მეთოდია, არამედ სწავლების ორგანიზაციის ძირითადი ფორმაც. მას, როგორც სწავლების ორგანიზაციის ძირითად ფორმას ახასიათებს:

1) სტუდენტთა მტკიცე, უცვლელი შემადგენლობა (კურსი),


2) მეცადინეობის ზუსტი განსაზღვრა დროში და მისი მოწყობა სათანადო განრიგით (სამეცადინო ცხრილით),

3) მეცადინეობის წარმართვა ფრონტალურად ერთასა და იმავე თემაზე,

4) პროფესორ-მასწავლებლის ხელმძღვანელი როლი.


ეროთემატიკური მეთოდი - ეროთემატიკურ მეთოდთა ჯგუფს ძირითადად განეკუთვნება საუბრის მეთოდი. საუბრის მეთოდი სწავლების ის გზაა, როცა მასწავლებელი კითხვების დასმით და მოსწავლეთაგან პასუხების მიღებით აწარმოებს ან ახალი მასალის გადაცემას, ან გადაცემულის სისტემაში მოყვანას და მოსწავლეებში ცოდნის განმტკიცებას, ანდა მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება-შეფასებას. საუბრის მეთოდისათვის დამახასიათებელია: ა) მასწავლებლის მიერ კითხვის დასმა და ბ) დასმულ კითხვაზე მოსწავლისაგან პასუხის გაცემა. ეს გზა გამოიყენება როგორც ახალი მასალის ახსნისათვის, ასევე განსაკუთრებით განმეორება-განმტკიცებისა და ცოდნის შემოწმება-შეფასებისათვის. საუბრის მეთოდის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებში დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევის შესამუშავებლად, ე.წ. სწავლის სწავლისათვის, სწავლების პროცესის სრულყოფა-აქტივიზაციისათვის.

რაც შეეხება საუბრის მეთოდის გამოყენების მნიშვნელობას გადაცემული მასალის სისტემაში მოყვანისა და ცოდნის განმტკიცებისათვის, აგრეთვე მოსწავლეთა აკადემიური წარმატების შემოწმება-შეფარდებისათვის, აქ მისი ადგილი განუზომლად დიდია, ამ მეთოდის გამოუყენებლად შეუძლებელიც იქნებოდა მოსწავლეთა ცოდნის სისტემაში მოყვანა, განმტკიცება და შემოწმება-შეფასება.

0
261
8-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი ხოსიტაშვილი
ქეთი ხოსიტაშვილი
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0