x
პიროვნებათშორისი კონფლიქტის თავისებურებები და მისი მოგვარების გზები
image


ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში პიროვნულ ურთიერთობებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ურთიერთობა არის ერთმანეთზე დამოკიდებულ ადამიანებს შორის კავშირის არსებობა. ხშირად ურთიერთობისას ერთი ადამიანი მეტადაა დამოკიდებული სხვებზე, ზოგ შემთხვევაში კი - ურთიერთობა უფრო თანასწორია. თუმცა ნებისმიერი სახის ურთიერთობაში, თუნდაც საუკეთესო ურთიერთობაში, გარდაუვალია კონფლიქტი. ზოგჯერ, კონფლიქტის თავიდან არიდება რთულია, მაგრამ მის თავიდან არიდებაზე მეტად მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეგვეძლოს მისი გაკონტროლება და ვიცოდეთ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები, რისი მეშვეობითაც ხელს შევუწყობთ ჯანსაღი ურთიერთობების განვითარებას.


პიროვნებათშორისი კონფლიქტი გულისხმობს შეუთანხმებლობას ერთმანეთთან დაკავშირებულ ინდივიდებს შორის, რომლებიც საკუთარ მიზნებს ერთმანეთთან შეუთავსებლად აღიქვამენ. პიროვნებათშორისი კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანამშრომლებს და ა.შ შორის. პიროვნებათშორისი კონფლიქტი ჩნდება მაშინ, როდესაც: ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან - ერთი ადამიანის ქცევა გავლენას ახდენს მეორეზე; ორივემ იცის, რომ მათი მიზნები შეუთავსებელია; ერთმანეთს აღიქვამენ, როგორც დაბრკოლებას საკუთარი მიზნების მიღწევაში. შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო მეტად არიან ადამიანები ერთმანეთზე დამოკიდებულნი, მით უფრო მეტ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიშვას მათ შორის კონფლიქტი და აგრეთვე, უფრო დიდია კონფლიქტის გავლენა მათ ურთიერთობაზე.


საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კონფლიქტის თავიდან არიდებას გარკვეულ სირთულეებამდე მივყავართ, რომელთა მოგვარებაც სწორედაც რომ კონფლიქტის მეშვეობით იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა იმ შემთხვევაშიც, როდესაც ადამიანები კონფლიქტში ჩაბმას გადაწყვეტენ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ დამოკიდებულებას კონფლიქტის მიმართ, იმისათვის, რომ სწორად განსაზღვრონ კონფლიქტის არსი და ეფექტური გზით გადაწყვიტონ ის. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის კონფლიქტების მოგვარებას, დაკავშირებულია იმ მცდარ შეხედულებებთან, რომლებიც კონფლიქტის შესახებ არსებობს. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც კონფლიქტს ნეგატიურ შედეგებთან აიგივებს, მიიჩნევენ, რომ კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მათ ურთიერთობებს; რომ კონფლიქტი დამანგრეველია, რადგან ის მათი პიროვნების უარყოფით მხარეებზე მიუთითებს. ასევე, თვლიან, რომ რადგან კონფლიქტის დროს მიზნები შეუთავსებელია, კონფლიქტში აუცილებლად უნდა იყოს წაგებული და მოგებული. ისინი ყურადღებას საკუთარ სურვილებზე ამახვილებენ და ნაკლებად აწუხებთ ის, თუ რა სურს მეორე მხარეს, რაც, თავის მხრივ, ართულებს კონფლიქტის მოგვარებას. ამ ყველაფრის გამო, ფიქრობენ, რომ უმჯობესია კონფლიქტს თავი აარიდონ, რადგან დროთა განმავლობაში ნებისმიერი პრობლემა თვითონ მოგვარდება. მეორე მხრივ, როდესაც ადამიანები კონფლიქტს პოზიტიურ ჭრილში განიხილავენ, მიაჩნიათ, რომ კონფლიქტი ყოველდღიურ ცხოვრებაში გარკვეული ხარისხით ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. ისინი თვლიან, რომ კონფლიქტი იმგვარად უნდა გადაწყდეს, რომ ორივე მხარეს საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების საშუალება ჰქონდეს, რადგან კონფლიქტის გადაჭრა ასე უფრო მარტივია. მართლაც, კონფლიქტი არ გულისხმობს, რომ ერთი მხარე აუცილებლად მოგებული უნდა იყოს და მეორე - წაგებული. ორივე მხარე შეიძლება იყოს გამარჯვებული. შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში კონფლიქტმა შესაძლოა ადამიანებს შორის არსებული განსხვავებებისა და უთანხმოების გადაწყვეტას და ფაქტობრივად, მათ შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი. სხვა შემთხვევაში კი, კონფლიქტმა შესაძლოა ურთიერთობას ზიანი მიაყენოს - გააჩინოს ეჭვი, სევდა, თვითპატივისცემის დაქვეითება და ა.შ.



image


აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა, დავამყაროთ არა კონფლიქტისგან თავისუფალი ურთიერთობები, არამედ ვიცოდეთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები, რათა კონფლიქტის შემთხვევაში ორივე მხარემ მოგებულად იგრძნოს თავი. ამიტომ მიშვნელოვანია ადამიანმა ისწავლოს კონფლიქტის წარმართვის გზები, რათა მოახერხოს კონფლიქტის ეფექტურად გადაჭრა. ამისათვის კი საჭიროა იცოდეს და ფლობდეს კონფლიქტის მართვის შემდეგ ოთხ ეტაპს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი არის კონფლიქტის განსაზღვრა, რომლის დროსაც აუცილებელია, რომ ადამიანებმა პრობლემა მაქსიმალურად კონკრეტული ტერმინებით განსაზღვრონ და ყურადღება აწმყოზე გაამახვილონ, რადგან წარსული შეცდომების გახსენების დროს ადამიანებს მოცემული კონფლიქტის საგანი ავიწყდებათ. ეს კი, თავის მხრივ, აფერხებს კონფლიქტის მოგვარებას. ამავე დროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ემპათიას. ადამიანებმა პრობლემას მეორე მხარის პოზიციიდან უნდა შეხედონ, რადგან შესაძლოა მეორე მხარის მიერ გამოთქმული შენიშვნები და პრეტენზიები სამართლიანი აღმოჩნდეს. მეორე ეტაპი არის კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლო გზების შესწავლა, რადგან უმეტესად, მოცემული კონფლიქტის გადაწყვეტა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი. ამ დროს ადამიანმა მარტო ან მეორე მხარესთან ერთად უნდა მიმოიხილოს ყველა შესაძლო ვარიანტი. აუცილებელია, რომ თავი აარიდონ მოგება-წაგების სტრატეგიას და ყურადღება კონფლიქტის გადაწყვეტის იმ გზებს დაუთმონ, რომელიც ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი იქნება. კონფლიქტის მართვის მესამე ეტაპს შერჩეული გზის შეფასება წარმოადგენს. ამ დროს ადამიანმა უთანხმოების გადაწყეტისთვის შერჩეული გზა გონებაში უნდა მოსინჯონ და თუ აღმოაჩენენ, რომ მათ მიერ არჩეული გზა არ მუშაობს, ყურადღება სხვა გამოსავლის პოვნაზე უნდა მიმართონ. კონფლიქტის მართვის მეოთხე და ბოლო ეტაპს წარმოადგენს კონფლიქტის გადაწყვეტის შერჩეული გზის მიღება ან უარყოფა. ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი ნახავს, რომ მის მიერ შერჩეული კონფლიქტის გადაწყვეტის გზა ეფექტურია, უნდა შეეცადოს მის მუდმივ გამოყენებას. თუმცა არ უნდა დაივიწყოს, რომ დროთა განმავლობაში შესაძლოა მასში გარკვეული სახის შესწორებების შეტანა გახდეს საჭირო.


image


საბოლოოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ურთიერთობის უნარი თანდაყოლილი არ არის, ადამიანები ამით არ იბადებიან. ის ნასწავლია, ამიტომ ეფექტური ურთიერთობა ყოველთვის მარტივი არ არის და ხშირად გაუგებრობასა და კონფლიქტს იწვევს. თუმცა მთავარია, რომ კონფლიქტი არ ასოცირდებოდეს ნეგატიურ მოვლენასთან, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს დადებითი ეფექტი. პირიქით, კონფლიქტი დიდ როლს ასრულებს ადამიანის ფუნქციონირებაში, მის პროფესიულ თუ ყოველდღიურ საქმიანობაში და თავის მხრივ, ხელს უწყობს პიროვნული ურთიერთობების გაუმჯობესებას. შესაბამისად, მის თავიდან არიდებაზე მეტად მნიშვნელოვანია, ადამიანებმა ისწავლონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები, რათა ორივე მხარემ მოგებულად იგრძნოს თავი. კონფლიქტის ამგვარი დარეგულირება საშუალებას მისცემს ადამიანებს კონფლიქტი დაინახონ, როგორც უთანხმოების მოგვარების გზა და არა როგორც კამათის მოგების საშუალება. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ურთიერთობების განვითარებას.

0
100
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მარიამ კოტრიკაძე
მარიამ კოტრიკაძე
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0