x
კულტურულად სპეციფიკური აშლილობები

მორბენალი ამოკი

მედიცინასა და სამედიცინო ანთროპოლოგიაში არსებობს ტერმინი „კულტურულად სპეციფიკური სინდრომი“ ან „კულტურით შემოსაზღვრული სინდრომი“, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ესა თუ ის ფსიქიატრიული და სომატური სიმპტომები დამახასიათებელია და გვხვდება ექსკლუზიურად რომელიმე კონკრეტულ კულტურაში. ამასთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ რეალურად არ არსებობს თვალსაჩინო ბიოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე ანომალიური მდგომარეობები, რომელებიც შეიძლება ამ სინდრომის გამომწვევი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად დაავადების მქონე ადამიანების მკურნალობა არა თუ თანამედროვე მიდგომებით, მედიკამენტოზური ჩარევებითა და სხვადასხვა სამედიცინო ტექნიკებით, არამედ ლოკალური, ხალხური მედიცინის მეშვეობით ხდება, რომელიც კონრეტულად იმ კულტურაშია მიღებული და რომელსაც ეფექტურობის გაცილებით მაღალი მაჩვენებელი აქვს.


რაც შეეხება უშუალოდ კონკრეტულ, კულტურულად სპეციფიკურ აშლილობებს მათგან განვიხილავ: ამოკს (რომელსაც „მორბენალი ამოკის“ სახელითაც მოიხსენიებენ), ჰიკიკომორს, ველური ღორის სინდომსა და კოროს. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლითაგან თითოეული უფრო მეტადაა დამახასიათბელი და გაცილებით ხშირად გვხვდება მამაკაცებში.


ამოკი ესაა მდგომარეობა, როცა ტრანსისმაგვარ მდგომარეობაში მყოფი ინდივიდები სასტიკ და ძალადობრივ ქცევებს ავლენენ. ამ დროს ინდივიდმა შეიძლება ძალიან მარტივად მოკლას სხვა ადამიანი/ცხოველი ან ჩაიდინოს სუიციდი. როგორც აღვნიშნე, ამოკი მიეკუთვნება კულტურულად სპეციფიკურ დაავადებათა რიცხვს და გვხვდება მალაიზიაში, პუერტო რიკოსა და ფილიპინების მოსახლეობაში. ამ კონკრეტულ კულტურებში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით ამოკი არის მდგომარეობა, როცა ეშმაკი ეუფლება ადამიანის სხეულს და იწყებს ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას, რასაც ინდივიდი ვერ აცნობიერებს. საინტერესოა, ის ფაქტი, რომ დაკვირვებების მიხედვით კულტურა განაპირობებს კონკრეტულად რა ქცევებით მოხდება მორბენალი ამოკის მანიფესტირება. თუ ადამიანი ეპიზოდის შემდეგ გადარჩება, მას დიდი ალბათობით არ ემახსოვრება მომხდარი. პრევენცია მიიჩნევა მწვავე შედეგებთან ბრძოლის ერთადერთ ოპტიმალურ გზად, გამომდინარე იქიდან, რომ შეუძლებელია ამოკის მდგომარეობის შეჩერება იმ რისკების გარეშე, რასაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა მოყვება. მორბენალი ამოკი, როგორც მენტალური დაავადება, დასავლეთის მედიცინის ისტორიაში 200 წელს ითვლის. აღსანიშნავია, რომ ის მამაკაცებში გაცილებით ხშირია, ვიდრე ქალებში.


image



ჰიკიკომორი მენტალური დაავადებაა, რომელიც სპეციფიკურადად იაპონელ ახალგაზრდებში გვხვდება. ამ სიტუაციაში მოზარდი ყველანაირ კონტაქტს წყვეტს გარშემომყოფებთან, იკეტება სახლში თვეების განმავლობაში და მისი ძირითადი საქმიანობა შემოიფარგლება „ფიქრით“. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ახალგაზრდა ავლენს ობსესიურ-კომპულსური აშლილობის სიმპტომებსაც, რაც ძირითადად მოიცავს ოთახის წმენდის განმეორებითი პროცედურების განხორციელებას. როგორც სოციოლოგები ხსნიან, დაავადების ჩამოყალიბების მიზეზი ის გარემოებაა, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, როცა კოლეჯის კურსდამთავრებულები გარკვეული მიზეზების გამო არ/ვერ იწყებენ ოპერატიულად მუშოაბას, მათ უყალიბდებათ განცდა, რომ ისინი არღვევენ გარკვეულ ციკლს, რომელიც წინასწარაა გაწერილი კულტურის მიერ (სასწავლებლების დამთავრების შემდეგ ადამიანები მაშინვე იწყებენ მუშაობას და ეს არისერთგვარი ნორმა ამ კულტურაში). როცა ეს ხდება, ამ ადამიანებს უჭირთ დაუბრუნდნენ იმ მდგომარეობასა და სიტუაციას, რომელშიც მათი მომუშავე თანატოლბი ცხოვრობენ. ამ იზოლაციიდან და სამსახურის უქონლობიდან გამომდინარე ეს ადამიანები ოჯახის წევრების ხარჯზე იწყებენ ცხოვრობას. საინტერესოა, რომ თვითონ იაპონიაშც კი არ არის სრულად გაგებული დაავადების არსი და გამომწვევი მიზეზები სამედიცინო პერსონალის მიერ. ისინი ვერ აყალიბებენ დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებსა და კლასიფიკაციას, ამიტომაც დაავადების მქონე ადამიანები ვერ იღებენ შესაბამის მკურნალობას. აღსანიშნავია, რომ ჰიკიკომორი ხშირად მამაკაცებში გვხვდება, რომელთა ასაკი უმეტეს შემთხვევაში არ აღემატება 25 წელს.


image


კიდევ ერთი უცნაური შემთხვევაა „ველური ღორის სინდრომი“, რომელიც ექსკლუზიურად ახალგაზრდა მამაკაცებშია გავრცელებული და ახალ გვინეაში ფიქსირდება, კერძოდ გურურუმბას ტომში. ამ დაავადების მქონე ინდივიდები მოულოდნელად იწყებენ არარაციონალური, არაადეკვატური ქცევების განხორციელებას და ხდებიან აგრესიულები ადამიანების მიმართ. ეს აგრესია გამოიხატება მაგალითად იმაში, რომ ისინი სრულიად მოულოდნელად ესხმიან ადამიანებს თავს, ესვრიან ისრებს და ახორციელებენ სხვა აგრესიულ ქცევებს. ამ ეპიზოდის შემდეგ ინდივიდი ტოვებს რამდენიმე დღით საკუთარ საცხოვრებელს, გადის გარკვეულ გამოჯანმრთლების ფაზებს და დაბრუნების შემდეგ არის სრულიად ნორმალურ მდგომარეობაში. გურურუმბას ტომის წვრებს სჯერათ, რომ აღნიშნული სინდრომისა და მსგავსი არარაციონალური ქცევების გამომწვევი მიზეზი არის მკვდარი ადამიანის სული, რომელიც კბენს ცოცხალ ინდივიდს. მსხვერპლის მიერ გამოვლენილი ქცევები კი არის დასტური იმისა, რომ ადამიანს არ შეუძლია გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ ფრუსტრაციას და მას ასევე უჭირს საკუთარი ქცევის კონტროლი.


image


რაც შეეხება კოროს, ის დამახასიათებელია ჩინური კულტურისათვის და ძირითადად გვხვდება ჩინელ მამაკაცებში. ამ დაავადების მქონე ადამიანები მოჭარბებულად ფიქრობენ მოუწესრიგებელ სექსუალურ ცხოვრებაზე, არადამაკმაყოფილებელ სექსუალურ აქტზე, მასტურბაციაზე, რის გამოც ძირითადი ყურადღება და ფოკუსი კონცენტრირებულია მათ სასქესო ორგანოებზე. ამ მამაკაცებს აქვთ განცდა და შიში იმისა, რომ სასქესო ორგანოები მუცელში ჩაუბრუნდებათ, რასაც საბოლოოდ მათი სიკვდილი მოყვება. ეს განცდები იწვევენ ემოციურ დისტრესს, რაც რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. კორო უფრო მეტად გვხვდება ფსიქიატრიული ან ნევროლოგიური დაავადებების კონტექსტში. მისი ხანგრძლივობა ვარირებს კონკრეტული შემთხვევების მიხედვით (რამდენიმე დღიდან რამდენიმე წლამდე) და შეიძლება მიიღოს ქრონიკული ხასიათიც.

image

0
21
2-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა ივანიშვილი
გვანცა ივანიშვილი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0