x
ნევროტიზმი და პიროვნების ცვლილება გოგონებთან მოზარდ ასაკში
image

ნევროზის თეორია კარენ ჰორნის მიხედვით

ზოგადად ყველაფერი, რაც კი არღვევს ბავშვის უსაფრთხოებას მშობლებთან ურთიერთობისას, შფოთვის წყაროდ იქცევა. შფოთვიან, უსაფრთხოების განცდის არმქონე ბავშვს იზოლაციისა და დაუცველობის გრძნობის სამართავად მრავალფეროვანი სტრატეგიები უმუშავდება. ის შეიძლება გახდეს მტრულად განწყობილი, რათა გაუსწორდეს მათ, ვინც მას ცუდად ეპყრობოდა; ან გახდეს ძალიან დამჯერი, რათა დაიბრუნოს სიყვარული, რომლის დანაკლისსაც ის განიცდის. შეიძლება ბავშვს განუვითარდეს არარეალისტურ-იდეალიზებული თვით-ხატი არასრულფასოვნების გრძნობის კომპენსირებისთვის; ან მას საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის გრძნობა გაუჩნდეს, რათა ამ ფორმით მოიპოვოს თანაგრძნობა. შესაძლებელია ამ სტრატეგიებიდან რომელიმე მათგანზე მოხდეს ფიქსაცია. პიროვნების დინამიკაში კონკრეტულმა სტრატეგიამ შეიძლება ლტოლვის ან მოთხოვნილების ხასიათი მიიღოს. ჰორნი მათ ნევროტულ მოთხოვნილებებს უწოდებს, რადგან ისინი ირაციონალურ ნიადაგზე აღმოცენდება.

ჰორნიმ თავისი ფსიქოანალიტიკური გამოცდილების შედეგად ჩამოაყალიბა ნევროტული მოთხოვნილებების 10 პატერნი, რომლებიც დაფუძნებულია იმაზე, რასაც, მისი აზრით, ყველა ადამიანი საჭიროებს წარმატებისთვის. თუმცა ყოველი ნევროტიკი მისი პიროვნებისთვის სპეციფიკურ ამა თუ იმ ტენდენციას ავლენს. პრობლემა იმაშია, რომ საბაზისო შფოთვის დაძლევის ამ სამ ტენდენციას შორის გარდაუვალი კონფლიქტია. ჰორნის თანახმად, ჯანმრთელ ადამიანს ძალუძს ამ სამ ორიენტაციას შორის კონფლიქტის დაძლევა მათი ინტეგრირების გზით, რადგან ისინი ურთიერთგამომრიცხავნი არ არიან. ნევროტიკი კი უფრო ძლიერი საბაზო შფოთვის გამო იძულებულია მიმართოს ირაციონალურ, არაბუნებრივ ხერხებს: 1. ის აცნობიერებს მხოლოდ ერთ-ერთ ტენდენციას და უარყოფს ან განდევნის დანარჩენს; ან 2. ქმნის მე-ს იდეალიზირებულ ხატს, რომელშიც წინააღმდეგობრივი ტენდენციები გამქრალია, სინამდვილეში კი ეს ასე არ არის. იდეალიზირებული მე-ს არაჯანსაღ შედეგებად ჰორნის მიაჩნდა, მაგალითად, დიდების მოპოვების სურვილი, ავადმყოფური დამოკიდებულება სხვებზე, თვითდაკნინება. კონფლიქტის დაძლევის კიდევ ერთი ნევროტული ხერხია 3. შინაგანი კონფლიქტების ექსტერნალიზაცია. შედეგად, ადამიანი ამბობს: „მე კი არ მსურს სხვების ექსპლოატაცია, არამედ სხვებს უნდათ, გამიწიონ ექსპლოატაცია.“ ამგვარი ხერხი წარმოშობს კონფლიქტს ადამიანსა და გარე სამყაროს შორის.

მოძრაობა რაღაცისკენ: ადამიანი ცდილობს დაძლიოს შფოთვა აკვიატებული მისწრაფებით, რომ ადამიანებმა იგი მიიღონ, მოიწონონ, რათა მან თავი საჭირო ადამიანად იგრძნოს.

  • სიყვარულისა და მოწონების ნევროტული მოთხოვნილება.
  • პარტნიორი-მეურვის ყოლის ნევროტული მოთხოვნილება.


მოძრაობა რაღაცის წინააღმდეგ: ადამიანი გადაწყვეტს, რომ მის გარშემო ყველა მტერია და ცხოვრება სხვებთან ბრძოლაა. მთელი მისი ქცევა მიმართულია იმის დემონსტრირებაზე, რომ მას არავინ სჭირდება და იგი მედგარია.

  • ცხოვრების ვიწროდ შემოსაზღვრის ნევროტული მოთხოვნილება.
  • ძალის (ძალაუფლების)ნევროტული მოთხოვნილება.
  • სხვათა ექსპლოატირების ნევროტული მოთხოვნილება – გამოიყენოს ისინი და იყოს მათზე უკეთესი.
  • საკუთარი პიროვნული მნიშვნელობის აღიარების ნევროტული მოთხოვნილება.
  • აღფრთოვანების ობიექტად ყოფნის ნევროტული მოთხოვნილება.

მოძრაობა რაღაცისგან: ადამიანი რეალობას ზურგს აქცევს, იკეტება, ცდილობს
არ ჩაერთოს ემოციურ ურთიერთობებში.

  • პირადი მიღწევებისაკენ სწრაფვის ნევროტული მოთხოვნილება.
  • თვითკმარობისა და დამოუკიდებლობის ნევროტული მოთხოვნილება.
  • სრულყოფილების, უნაკლოების ნევროტული მოთხოვნილება.
ეს პატერნები ჰორნიმ 3 კატეგორიაში მოათავსა. პირველი ორი პატერნი მოთავსდა
„პირფერობის“ (compliance) კატეგორიაში, რომელიც გულისხმობს „ხალხისკენ მიმართულებას“. ბავშვები, რომლებიც მშობლებთან ურთიერთობისას ხშირად აწყდებიან პრობლემებს, ხშირად მიმართავენ ამ სტრატეგიას. მიტოვებისა და უმწეობის შიში იწვევს შფოთვას. ეს კატეგორია გამოხატავს მოწონებისა და სიყვარულისკენ მისწრაფებას, ბავშვები ეძებენ პარტნიორს, ვისაც მიენდობიან.

შემდეგი კატეგორიაა „აგრესია, თავდასხმა“ (Aggression), სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხალხის წინააღმდეგ მიმართვა. ამ კატეგორიაში მოთავსებული ნევროტული ბავშვები ან ზრდასრულები ხშირად გამოხატავენ სიბრაზესა და მტრობას მათ გარშემო მყოფებზე. ასეთი ადამიანები მუდმივად საჭიროებენ მათი ძალაუფლების, სხვებზე კონტროლის, ექსპლოატაციის დამტკიცებას. ისინი ისწრაფიან ყურადღების ცენტრში ყოფნისკენ. სურთ, იწვევდნენ აღტაცებას თავის წრეში. მხოლოდ თავიანთი სურვილების დაკმაყოფილებისკენ არიან მიმართული.

მესამე კატეგორიაა „განმარტოება“ (Detachment), ანუ, ხალხისგან გამოცალკევებულნი. ამ კატეგორიის ადამიანებს არ ადარდებთ მშობლების გულგრილობა და ფიქრობენ, რომ უნდა იყვნენ თვითმყოფადები. ისინი ირჩევენ დამოუკიდებლობისა და მარტოობის გზას. ისინი უარს ამბობენ სხვების მიმართ რაიმე გრძნობაზე, განსაკუთრებით, სიყვარულსა და სიძულვილზე.

პიროვნების ცვლილება გოგონებთან მოზარდ ასაკში

კარენ ჰორნი გამოჰყოფდა პიროვნების ცვლილების 4 ტიპს:

  • გოგონა ჩაირთვება სუბლიმაციურ აქტივობაში, მას უვითარდება ეროტიკისადმი ზიზღი.
  • გოგონა ჩაირთვება ეროტიკულ სფეროში, იკარგება მუშაობისადმი ინტერესი და უნარი.
  • გოგონა ხდება ემოციურად განკერძოებული, იძენს განწყობას “მიმიფუთხებია ყველაფრისთვის“, გულით არაფერს აკეთებს.
  • გოგონას უვითარდება ჰომოსექსუალური ტენდენციები
იგი აღნიშნავდა, რომ მისი კლასიფიკაცია არასრული იყო და ეხებოდა მხოლოდ იმ ტიპებს, ვისთანაც თავად ჰქონია უშუალო შეხება. ასევე უშვებდა, რომ არ არსებობდა ქცევის ერთი წმინდა ტიპი, და ყოველთვის შეიძლებოდა ნებისმიერი შუალედური მდგომარეობის გამოვლინება.

პირველი ჯგუფის გოგონები ბუნებრივ ინტერესს ავლენდნენ სქესების ანატომიური და ფუნქციონალური განსხვავებებისა და გამრავლების მიმართ. ისინი ბიჭებით ინტერესდებოდნენ და უყვარდათ მათთან თამაში. პუბერტატის ასაკში ისინი მოულოდნელად იძირებიან ფიქრებში, რელიგიაში, ეთიკაში, ხელოვნებაში ან მეცნიერებაში და ეროტიკული სფეროს მიმართ ინტერესს კარგავენ. ამ დროს გოგონები არ მიდიან სამკურნალოდ, რადგან ოჯახი აღფრთოვანებულია მათი სერიოუზლობითა და ფლირტის სურვილის უქონლობით. სირთულეები თავიდანვე არ არის თვალსაჩინო, ისინი მოგვიანებით ვლინდება, განსაკუთრებით გათხოვების შემდეგ. ასეთი ცვლილებების პათოლოგიური ბუნება ძნელი შესამჩნევია ორი მიზეზის გამო: 1. ადამიანისგან ამ წლებში მოელიან გონებრივი საქმიანობისადმი ინტერესის ინტენსიურ განვითარებას 2. თავად გოგონა ძირითადად ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ სექსუალურობისადმი ზიზღს განიცდის, მას ჰგონია, რომ უბრალოდ ინტერესს კარგავს ბიჭების მიმართ.

მეორე ჯგუფის გოგონების შემთხვევა თითქმის აბსოლუტურად საპირისპირო შედეგს იძლება. ნიჭიერი, იმედის მომცემი გოგონები ინტერესს კარგავენ ყველაფრისადმი, გარდა ბიჭებისა. მათ არ შეუძლიათ კონცენტრირება გონებრივ სამუშაოზე. ისინი მთლიანად ერთვებიან ეროტიკულ სფეროში. ასეთ ცვლილებას, აგრეთვე ბუნებრივად თვლიან და იცავენ რაციონალიზაციის დახმარებით: ამ ასაკში გოგონებისთვის “ნორმალურია“ გადაერთოს ბიჭებზე, ცეკვებზე, ფლირტზე. თუმცა, აღნიშნული კატეგორიის გოგონებს გაშმაგებით უყვარდებათ ბიჭები ერთი მეორის მიყოლებით, რეალურად კი არც ერთი აინტერესებს, და მას შემდეგ, რაც ბიჭი დაპყრობილია, მიატოვებს მას, ან მის პროვოცირებას აკეთებს, რათა თავად ბიჭმა მიატოვოს. გოგონა თავის თავს გრძნობს საშინლად არამიმზიდველად, მიუხედავად საპირისპირო მტკიცებულებებისა, და ჩვეულებრივ, თავს არიდებს სექსუალურ ურთიერთობებს და რაციონალიზაციის სახით მოჰყავს საზოგადოებრივი აკრძალვები, თუმცა რეალური მიზეზი - მისი ფრიგიდულობაა. ის დეპრესიაში ვარდება ან უბედურებას მოელის, როცა გარშემო არ არიან მამაკაცები, რათა მისით აღფრთოვანდნენ. სხვა მხრივ, მისი დაუდევარი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ არ წარმოადგენს იმის ბუნებრივ შედეგს, რომ ბიჭებზე კონცენტრირებულობასთან დაკავშირებით სხვა ინტერესებმა უკანა პლანზე გადაიწიეს. გოგონა სინამდვილეში ძალიან პატივმოყვარეა და იტანჯება რაღაცის ბოლომდე მიყვანის უუნარობის გამო.

გოგონების მესამე ტიპს აკრძალვები ეხება როგორც სამუშაოს, ისე სიყვარულს. ამის შემჩნევა არაა ყოველთვის მარტივი. გოგონას არ აქვს სირთულეები კონტაქტების დამყარებაში, ის მეგობრობს გოგონებთან და ბიჭებთან, არის ძალიან განვითარებული, გულახდილად საუბრობს სექსუალურ თემებზე, თავს ისე აჩვენებს, რომ საერთოდ არ აქვს არავითარი პრობლემა, და ზოგჯერ შედის ამა თუ იმ სექსუალურ ურთიერთობებში, არ ერთვება რა მათში ემოციურად. ერთგვარად იგი განყენებული დამკვირვებელია საკუთარ თავზე, მაყურებელია საკუთარ ცხოვრებაში. იგი შეიძლება საკუთარ თავს არ გამოუტყდეს გულგრილობაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხანდახან მაინც აცნობიერებს, რომ მას არ აქვს ღრმა, ნამდვილი ემოცური შეთვისებულობა არავისა და არაფრისადმი. მისთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა. არსებობს ძლიერი წინააღმდეგობა მის ვიტალურობას, ნიჭიერებასა და გულჩაკეტილობას შორის. ჩვეულებრივ ის გრძნობს, რომ ცხოვრება მისთვის ცარიელიცაა და მოსაწყენიც.

მეოთხე ჯგუფში შედიან გოგონები, რომლებმაც ზურგი აქციეს ბიჭებს და რომლებიც მარტო გოგონებთან მეგობრობენ. ამ მეგობრობის სექსუალური ხასიათი შეიძლება იყოს ან არ იყოს ცნობიერი. თუ გოგონა აცნობიერებს თავისი მიდრეკილებების სექსუალურ ხასიათს, ის შეიძლება დაიტანჯოს დანაშაულის ძლიერი გრძნობისაგან, შეიგრძნობს რა თავს დამნაშავედ. მისი დამოკიდებულება სწავლისა და მუშაობისადმი ჩვეულებრივ, ცვალებადია. იგი პატივმოყვარეა და დროდადრო დიდ უნარებს ავლენს, მაგრამ ხშირად არ ყოფნის სიმტკიცე და ვარდება “ნერვულ აშლილობაში“ პროდუქტიულობის ორ პერიოდს შორის შუალედებში.

ოთხივე ტიპს აქვს ერთი საერთო ტენდენცია: დაურწმუნებლობა საკუთარ თავში, როგორც ქალში; ანტაგონისტური ან კონფლიქტური დამოკიდებულება ბიჭების მიმართ და “სიყვარულის“ უუნარობა. თუ ისინი საერთოდ არ ამბობენ უარს ქალურ როლზე, ისინი ჯანყდებიან მის წინაშე ან ცამდე აჰყავთ იგი. ყველა შემთხვევაში სექსუალობასთან დაკავშირებულია მეტი დანაშაული, ვიდრე ამას აღიარებენ. ქალთა ტიპების კიდევ ერთი საერთო მახასიათებელია მტრული განწყობა ყველა ადამიანის მიმართ, თუმცა ეს მტრულობა სხვადასხვაგვარად ვლინდება ქალებთან და კაცებთან მიმართებაში. იმ დროს, როცა მამაკაცებისადმი მტრულობა შეიძლება იყოს სხვადასხვა ინტენსივობისა და მოტივაციის, და საერთოდ, შედარებით მარტივად ვლინდება, ქალებისადმი მტრულობა აბსოლუტურად დესტრუქციულია და ამიტომ ღრმადაა ქვეცნობიერებაში დამალული. თავად ისინი შეიძლება ბუნდოვნად ხვდებოდნენ ამ მტრულობის შესახებ, მაგრამ არასდროს აცნობიერებენ მის ძალასა და მისი შედეგების დამანგრევლობას.

ქალების ამგვარი მტრულობა მხოლოდ ნაწილობრივ აიხსნება ცხოვრებისეული ისტორიით. ისინი დედას საყვედურობენ - სითბოს, დაცვის, გაგების ნაკლებობის, ძმის მჯობინების, ზედმეტად მკაცრი პურიტანული სექსუალური აკრძალვებისთვის. მაგრამ ქალები თავადაც გრძნობენ, რომ ამგვარი სიძულვილი დედის “დანაშაულებებთან“ არათანაზომიერია. რეალური მიზეზები ქალის სიზმრებში, ოცნებებსა და ფანტაზიებში უნდა ვეძებოთ. ქალი ვერ აცნობიერებს ამ ფანტაზიების არსებობას, მაგრამ აგრძელებს მათზე პასუხის გაცემას დანაშაულის გრძნობით. გარდა ამისა, ქალებს ახასიათებთ ძლიერი შიშის განცდა და მათი ფსიქოლოგიური შინაარსის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. შიში ამბობს: შენ გქონდა სასტიკი, დამანგრეველი ფანტაზიები დედაშენზე და სხვა ქალებზე, ამიტომ შენ უნდა გეშინოდეს, რომ მათაც სურთ ზუსტად ასეთივე სახით გაგანადგურონ: “თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ“. შიშის აღნიშნული განცდა არაცნობიერია, მაგრამ გარეგნულად ვლინდება ისეთი სახის იპოქონდრიებში, როგორიცაა იმაში, რომ ქალი მუდამ ღელავს, რომ სხეულში რაღაც წესრიგში არ აქვს, ვერ გათხოვდება, ვერ შეძლებს შვილების ყოლას და ა.შ.

პუბერტატის ასაკის განმავლობაში ლიბიდოზოური დაძაბულობა იზრდება - სექსუალური სურვილები სულ უფრო დაჟინებული ხდება და გარდაუვალად ეჯახება ბრალისა და შიშის კედელს. მოზარდს აქვს უკვე რეალური შესაძლებლობა, რომ შეიძინოს სექსუალური განცდების გამოცდილება, რაც აძლიერებს შიშისა და ბრალის გრძნობას. ამ დროს იწყება მენსტრუაცია, რომელიც გოგონასთვის აღიქმება, როგორც მასტურბაციის ტრავმატული შედეგი. თეორიული ცოდნა მასტურბაციის შესახებ არაფერს არ ცვლის, რადგან ეს ცოდნა ზედაპირზე ძევს, ხოლო შიში კი- სიღრმეში, და ისინი ერთმანეთს არ ეხებიან. სიტუაცია მწვავდება. სურვილი და ცდუნება ძლიერია, არანაკლებ ძლიერია შიშიც. აუტანელია ცნობიერი შიშის დაძაბულობის ქვეშ ცხოვრება: “სიკვდილი მირჩევნია მუდმივ შიშში ყოფნას“, - ამბობენ პაციენტები. მსგავს სიტუაციაში ცხოვრებისეული საჭიროება ადამიანს აიძულებს ეძიოს დაცვის საშუალებები, ანუ იგი ავტომატურად ცდილობს იმგვარად შეიცვალოს თავისი ცხოვრებისეული პოზიცია, რომ თავი აარიდოს შიშს ან საიმედოდ შემოიღობოს მისგან. ქალების აღნიშნულ ოთხივე ტიპს უვითარდება ამ პროცესში თავისი ხასიათის საპირისპირო თვისებები და მიდრეკილებები, თუმცა მიზანი ერთია - შემოიღობოს თავი ერთი და იგივე შიშისგან.

ქალიშვილი პირველი ჯგუფიდან თავს იცავს შიშისგან, უარს ამბობს სხვა ქალებთან შეჯიბრებაზე და ქალურ როლს თითქმის სრულიად გაურბის. მისი შეჯიბრის მოთხოვნილება მოწყდება საწყის ნიადაგს და გადაინერგება ინტელექტუალურ ნიადაგში. შეჯიბრი ყველაზე საუკეთესო ხასიათისთვის, ყველაზე მაღალი იდეალებისთვის, იმისთვის, რომ იყო საუკეთესო სტუდენტი- იმდენად დაშორებულია მამაკაცისთვის შეჯიბრებისგან, რომ მისი შიშები მნიშვნელოვნად სუსტდებიან. მისი სრულყოფილებისკენ სწრაფვა ამავდროულად ეხმარება დანაშაულის გრძნობის დაძლევაში. ის წლობით შეიძლება თავის თავს დაკმაყოფილებულად გრძნობდეს. მედლის უკანა მხარე ვლინდება მაშინ, როცა ის ბოლოს და ბოლოს საქმეს დაიჭერს მამაკაცთან და განსაკუთრებით, თუ თხოვდება. ხშირად შეიძლება დავაკვირდეთ, თუ როგორ ინგრევა მისი თვითკმარისობა და თავდაჯერებულობა, და მხიარული, ნიჭიერი და დამოუკიდებელი ქალი მოულოდნელად გადაიქცევა ღრმად დაუკმაყოფილებელ ქალად, რომელიც შერყეულია თავისი უმნიშვნელობის შეგრძნებით, ადვილად ვარდება დეპრესიაში და არაფრის დიდებით არ სურს თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა (უპირველეს ყოვლისა - ოჯახში). იგი სექსუალურად ფრიგიდული აღმოჩნდება და ქმართან სასიყვარულო ურთიერთობის ნაცვლად მასთან შეჯიბრს იწყებს.

ქალიშვილი მეორე ჯგუფიდან უარს არ ამბობს სხვა ქალებთან შეჯიბრზე. შიშისგან თავის დაღწევის ტიპიური ხერხია მამაკაცზე ჩაბღაუჭება. მამაკაცური აღფრთოვანების ეს გაუმაძღარი სურვილი სულაც არ მიუთითებს, რომ მას ბუნებისგან უფრო ჭირდება სექსუალური დაკმაყოფილება. რეალურ სექსუალურ ურთიერთობებში ისიც ფრიგიდული აღმოჩნდება. მამაკაცები მისთვის მხოლოდ დამშვიდების წყაროს წარმოადგენენ, და ეს თვალსაჩინო ხდება, როცა მათთან ურთიერთობა უფუჭდება. მისი შიში გარეთ გამოდის, იგი მოუსვენარი ხდება, თავს მიტოვებულად გრძნობს. მამაკაცური აღფრთოვანების მოპოვება დამატებით მას იმის შიშისგან გათავისუფლებაში ეხმარება, რომ იგი “არანორმალურია“. ამრიგად, მას მხოლოდ ახალ-ახალი გამარჯვებები თუ დაამშვიდებენ.

ქალიშვილების მეოთხე ჯგუფი პოტენციურად ჰომოსექსუალია და ცდილობს პრობლემის გადაწყვეტას ქალებისადმი თავისი დესტრუქციული მტრულობის ზეკომპენსაციის დახმარებით. მათი ვნებების ძალას ყველაზე უკეთესად გამოსახავს თითქმის პარადოქსული ფორმულა: “მე არ მძულხარ, მე მიყვარხარ“. ეს ცვლილება შეიძლება აღიწეროს, როგორც სიძულვილის სრული, ბრმა უარყოფა. ქალიშვილების სიზმრები მეოთხე ჯგუფიდან ჩვეულებრივ ასახავენ უმაღლესი ხარისხის ძალადობასა და სისასტიკეს იმ გოგონასადმი, რომლისადმიც ისინი გრძნობენ ცნობიერ შეთვისებულობას. ქალიშვილებთან ურთიერთობაში წარუმატებლობას ისინი სასოწარკვეთამდე მიჰყავს, ხშირად ლამის თვითმკვლელობამდეც- კი, რაც მიუთითებს მათი აგრესიის შიგნით მიმართვაზე.

ჩამოთვლილი ჯგუფების მიზანია შიშისაგან გათავისუფლება, ემოციური შეთვისება რაღაცასთან, მიღწევებთან, მამაკაცებთან, ქალებთან. რაც შეეხება მესამე ჯგუფის კატეგორიას, მათი გზაა საკუთარი გრძნობების ჩახშობა და ამით თავისი შიშის ჩახშობაც. “ნუ შეეთვისები ემოციურად და ტკივილს თავს აარიდებ“, -განცალკევების ეს პრინციპი შესაძლოა, ყველაზე ეფექტიანი და ყველაზე მყარი დაცვაა შიშისგან, მაგრამ მისი ფასიც, ალბათ მეტისმეტად მაღალია, რამეთუ ეს ჩვეულებრივ შეეწყობა ცხოვრების ხალისისა და სპონტანურობის საერთო შემცირებას და ცხოვრებისეული ენერგიის საგრძნობლად დაქვეითებას.

კარენ ჰორნი უშვებდა გარკვეულ პიროვნულ ცვლილებებს დროთა განმავლობაში, და ხაზს უსვამდა, რომ არსებობდა გარდამავალი ფორმები თითოეულ კატეგორიათა შორის. მან გამოყო რამდენიმე შენიშვნა პროფილაქტიკაზე და მკურნალობაზე. 1)პროფილაქტიკა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ეფექტური, თუ ცხოვრების პირველივე დღეებიდან იწყება და ბავშვს ვასწავლით, რომ იყოს უშიშარი და გამძლე იმის მაგივრად, რომ შევაშინოთ. 2)რაც შეეხებოდა მკურნალობას, მას ეჭვი შეჰქონდა ფსიქოანალიზზე უკეთესი მეთოდების არსებობაში. აღნიშნული დარღვევები, ცალკეული ნევროტული სიმპტომებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივ, მიუთითებდნენ მთლიანი პიროვნების საკმაოდ მერყევ ფუნდამენტზე. “თუმცა ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს“, აღნიშნავდა იგი, “რომ ამ შემთხვევაშიც კი ცხოვრება ხშირად საუკეთესო მკურნალი აღმოჩნდება ხოლმე“.

0
209
შეფასება არ არის
ავტორი:ანი იმნაძე
ანი იმნაძე
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0