x
მეტი
  • 23.05.2024
  • სტატია:134826
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509208
"ორივენი ისეთი საყვარლები იყვნენ" - როგორ შედგა გიორგი შენგელაიას დებიუტი კინოში
image

11 მაისს(1937წ)დაიბადა კინორეჟისორი და სცენარისტი გიორგი შენგელაია, რომელმაც გადაიღო ისეთი ფილმები, როგორიცაა„ალავერდობა“ (1963) გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით. „ფიროსმანი“(1969) მხატვარ ნიკო ფიროსმანის შესახებ. ვესტერნი „მაცი ხვიტია“ (1966), "მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“(1973), მუსიკალური კომედია "სიყვარული ყველას უნდა, (1980) სათავგადასავლო ფილმი „ხარება და გოგია“ (1987) და სხვა.


დღეს მოგითხრობთ, თუ როგორ შედგა გიორგი შენგელაიას, როგორც მსახიობის დებიუტი ფილმში "ჩვენი ეზო".



იხსენებს რეზო ჩხეიძე:



"დავდივარ, ვეძებ მსახიობებს და მთავარი გმირები არ მყავს. ლამის ტრაგიკულ მდგომარეობაში ვარ. ვფიქრობ, ვფიქრობ: ვინ? ვინ? ამ ფიქრით მივედი ერთ აზრამდე: ვერიკოს და მიშა ჭიაურელს ჰყავთ ქალიშვილი, როგორ შეიძლება, ის უნიჭო და უინტერესო ადამიანი იყოს?! მივაკითხე სახლში. მითხრეს, მოსკოვში „ვგიკში“ სწავლობს და იქ არისო. ჩავჯექი თვითმფრინავში და გადავფრინდი. თან წავიღე სცენარის ორი ეგზემპლარი. მივედი „ვგიკში“, მოვიკითხე სოფიკო. მითხრეს, ბიბლიოთეკაში ზისო. შევედი ბიბლიოთეკაში, გადავხედე, ვათვალიერებ. ერთზე შევჩერდი, ვიფიქრე, ნამდვილად ის იქნება-მეთქი. მივედი და ვეკითხები: „ქალბატონი სოფიკო თქვენ ბრძანდებით?“ – გაიცინა, „ქალბატონი“ სოფიკო მე ვარო. თვითონ მიცნო, ვინც ვიყავი.

ერთი შეხედვითვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეტყობოდა, რომ დაძაბული იყო და საოცრად მეტყველი თვალები ჰქონდა. მაშინვე ვუთხარი, სცენარი მაქვს წამოღებული და მინდა მთავარი როლი ითამაშოთ-მეთქი. ასე პირდაპირ მივაჯახე. გაწითლდა, აენთო ამ მოულოდნელი საჩუქრით, გადაიკისკისა. მერე მკითხა, კიდევ ვინ თამაშობსო? რომ გაიგო, ბიჭსაც ვეძებდი, გიორგი შენგელაია მირჩია. თურმე შეყვარებულები იყვნენ. ინსტიტუტშივე ვნახე გიორგი, გადავეცი სცენარი და ვუთხარი, თუ თანახმა იქნებით, სხვას აღარ მოვძებნი-მეთქი. დამთანხმდნენ, ჩამოვიდნენ თბილისში და დავიწყეთ გადაღებები. საოცრად ჰარმონიულად ვმუშაობდით. ორივე არაჩვეულებრივი იყო, ყველა აქებდა, უცებ გახდნენ პოპულარულები

image

გადაღებაზე მუდამ მომზადებულ გავდივარ. რა თქმა უნდა, ბევრი ახალი იდეა მოედანზე იბადება, მაგრამ ეს ახალი იმის საფუძველზე იბადება, რითაც მომზადებული ხარ. სამი-ოთხი ნაბიჯით უნდა იყო კიბეზე ასული, რომ მეხუთე ნაბიჯი გადაღებაზე იპოვო. „ჩვენს ეზოში“ ბურთის წართმევის ეპიზოდი რომ არის, სცენარში ასე წერია: „ონ პასმატრელ ვ გლაზა, ი ანი პონიალი დრუგ დრუგა, ი ანი პალუბილი დრუგ დრუგა“. როცა მუშაობა დავიწყე, მივხვდი, რომ მარტო შეხედვა არაფერია, სხვა რამეა საჭირო, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა მომხდარიყო სიყვარულის დაბადება. ჰაერში რომ იჭერენ ბურთს და ძიძგილაობენ, ეს გადავიღე. ხელიდან რომ უვარდება ბურთი, გამოეკიდება, აგრძელებენ ბრძოლას და სიყვარული დაიბადება – ეს მიზანსცენები მერე გამოვიდა. კადრს რომ დააყენებ, მერე უამრავი ნიუანსი ჩნდება. მსახიობებსაც შეაქვთ თავიანთი წვლილი, ისეთ რამეს გააკეთებენ, რომ შენში ახალ ემოციას და იდეას იწვევენ.


გიორგი შენგელაია:


"დედის გარდაცვალების შემდეგ მე და ელდარმა გადავწყვიტეთ, მამის გზა გაგვეგრძელებინა. მოსკოვში ძალიან გვიჭირდა მარტო სტიპენდიით თავის რჩენა. საქართველოში ერთი ბიძაღა გვყავდა - სანდრო, ინჟინერი იყო და დიდი ოჯახი ჰყავდა შესანახი, ჩვენ რას დაგვეხმარებოდა... ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე ფილმებში არ ვითამაშე და შემოსავალი არ გამიჩნდა...

image

რეზო ჩხეიძემ "ჩვენ ეზოში" სოფიკო ჭიაურელი მიიწვია - მაშინ მოსკოვის კინოინსტიტუტში, სამსახიობოზე სწავლობდა. ეძებდნენ დათოს როლის შემსრულებელს... სოფიკო, მოგეხსენებათ, როგორი თამამი და ახტაჯანა იყო. უთხრა: - რატომ კარგავ დროს, მე მოგიყვან ბიჭის როლის შემსრულებელსო. მე და სოფიკოს უკვე გვიყვარდა ერთმანეთი, ფილმის მერე ხელიც მოვაწერეთ...

image


გიორგი და სოფიკო მაშინ ორივენი 19 წლისები იყვნენ.


სოფიკო ჭიაურელი:


ჩვენ ტოლები ვიყავით. ჯერ ვმეგობრობდით, მერე შეგვიყვარდა ერთმანეთი. 5 წელი, უბრალოდ, „დავდიოდით“, კინოში, მეგობრებთან სტუმრად, ახლა კი ეგრეთწოდებული თავისუფლებაა, დღეს გაიცნობენ, ხვალ კოცნიან და ლოგინში წვებიან, სამი დღის მერე აღარ ცნობენ ერთმანეთს… 19 წლისები ვიყავით, რომ დავქორწინდით. მე ვიყავი უბედნიერესი, როცა პირველი შვილი შეგვეძინა და დედა გავხდი. მერე შეგვეძინა მეორე ვაჟი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, ის იღებდა კარგ ფილმებს, მე ვთამაშობდი თეატრში, მიღებდნენ კინოში. მაგრამ წლების შემდეგ ჩვენს ურთიერთობაში უთანხმოებამ იჩინა თავი. ჩემს ცხოვრებაში დააკაკუნა მეორე დიდმა სიყვარულმა – კოტემ… ცხოვრებაში, მით უმეტეს, პირად ცხოვრებაში არ მოქმედებს არანაირი კანონები, მე მეწერა, რომ ორჯერ მეყვარებოდა…“

image

მედეა თიკანაძე, იმ სახლის ბინადარი, სადაც ფილმს იღებდნენ:


" მთელი ქართული კინოს ვარსკვლავები ამ ეზოში ტრიალებდნენ. სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, ორივე ისეთი საყვარლები, ისეთი შინაურები, რომ მეგონა, მართლაც ჩვენი ეზოს ბინადრები იყვნენ. სესილია თაყაიშვილი ყველას გვეფერებოდა. რომ დაგვინახავდა, აუცილებლად დაგვიძახებდა. ბატონ რეზოს მისალმებასა და მოკითხვას ვერ დაასწრებდი."


image

დეიდა ქეთო, იმ სახლის ბინადარი, სადაც ფილმს იღებდნენ:


"გიორგი შენგელაია მაშინ პატარა ბიჭი იყო, ალბათ 20 წლისა იქნებოდა, მაგრამ ცოტა პირქუში იყო. მიაფრთხიალდებოდა ეს სოფიკო, უნდოდა რაღაც ეთქვა, ეს კი თვალებში არ უყურებდა... თუმცა ეს რას უშლის სიყვარულს? სიყვარულის ყველაზე დიდი გამართლება ის არის, როცა ამ სიყვარულით შვილები ჩნდება. რაც უნდა მომხდარიყო მერე, მათ შვილები ჰყავთ, - მითხრა დეიდა ქეთომ და თავის ორასი წლის გამცილებელ საათს სევდით შეხედა. მერე, - წამო, დაგანახებ, გადაღებებს საიდან ვუყურებდი.."

image

0
304
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
304
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0