x
გიორგი მამულაშვილი-"დღეს ევროპულ გზაზე ისტორიის ახალი გვერდის წერას ვიწყებთ"
image


საინფორმაციო სააგენტო „ინტერმედია“ გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს “ახალგაზრდული ფორუმის მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის” აღმასრულებელ მდივანთან, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიტიკოსთან, გიორგი მამულაშვილთან.


-მოგესალმებით, ბატონო გიორგი. უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ამ შესაძლებლობისთვის. თქვენთან წლის შემაჯამებელი ინტერვიუ ერთგვარ ტრადიციად იქცა, ინტერვიუს დავიწყებ წლის მთავარი მოვლენით-საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. საინტერესოა თქვენი შეფასების მოსმენა, რა ახალ შესაძლებლობებს ხსნის ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის?

-მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის, ყოველთვის მოხარული ვარ. უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით, თქვენც და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ მივულოცო ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის ისტორიული გადაწყვეტილება-საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. შეიძლება ითქვას, რომ ეს გარდამტეხი მოვლენაა ქვეყნის უახლეს ისტორიაში და დიდი ნაბიჯი, რომელიც მნიშვნელოვნად გვაახლოებს ჩვენს ეროვნულ ამოცანასთან, დაუბრუნდეს საქართველო ისტორიულ, ევროპულ ოჯახს და დაიმკვიდროს კუთვნილი ადგილი. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაიწყო თვისობრივად ახალი ეტაპი, ეს არის ურთიერთობის აბსოლუტურად განსხვავებული განზომილება, რაც არაერთ ახალ შესაძლებლობას ქმნის ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის. კანდიდატის სტატუსი მრავალი თაობის მუშაობის, გაწეული ძალისხმევისა და ბრძოლის დაფასებაა. სტატუსის მინიჭებით ევროკავშირმა მკაფიოდ დაადასტურა ერთგულება და მხარდაჭერა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, იმ ცივილიზაციური არჩევანის მიმართ, რომლის მიმართ უცვლელ ერთგულებას მრავალი საუკუნეა აჩვენებს საქართველოს მოსახლეობა.



-კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე არსებობდა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, დათქმა, რომელიც საქართველოს უნდა შეესრულებინა. ამ მიმართულებით მუშაობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, საერთო ჯამში როგორ შეაფასებდით პროცესს?

-ვფიქრობ, ამ პროცესის შეფასება სრულად და სამართლიანად მოახდინა ევროკომისიამ, რაც ასახულია მათ მიერ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში. ევროკომისიის შეფასებას სრულად ვიზიარებ და ამ მხრივ ალბათ ვერაფერს დავამატებ. თუმცა, ფაქტია, რომ ევროკომისიამ დაინახა მიღწეული პროგრესი რიგი მიმართულებებით, რის საფუძველზეც გასცა რეკომენდაცია საბჭოსთვის, რათა საქართველოს მინიჭებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბოლოო გადაწყვეტილება კი, როგორც აღვნიშნეთ, ევროპული საბჭოს ფარგლებში ევროპელმა ლიდერებმა 14 დეკემბერს მიიღეს და მათ გაიზიარეს ევროკომისიის რეკომენდაცია. ბუნებრივია, არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ 12 რეკომენდაცია სრულყოფილად შესრულდებოდა ერთი წლის განმავლობაში, მეტიც არის რეკომენდაციები, რომელთა იმპლემენტაციას დრო ან დროში დაკვირვება სჭირდება. ეს არაერთხელ აღმინიშნავს გასული წლის განმავლობაში. მაგრამ ფაქტია, რომ კომისიამ დაინახა მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც ასახულია ანგარიშში. გადაწყვეტილებაზე დადებითად იმოქმედა მოქალაქეთა ძლიერმა მხარდაჭერამ, საზოგადოების ძლიერმა ნებამ იყოს ევროპული სივრცის ნაწილი. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის გეოპოლიტიკური კონტექსტით მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, ევროკავშირი ითვალისწინებს რეგიონში გაზრდილ უსაფრთხოების რისკებს, არსებულ გამოწვევებს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთიდან მომდინარე აგრესიასთან. შესაბამისად, ყველა ამ ფაქტორმა ზემოქმედება მოახდინა საბოლოო გადაწყვეტილებაზე. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის, რომ ნაცვლად 12-ისა, ახლა ევროკომისიიდან გვაქვს ახალი 9 რეკომენდაცია, რომელთა შესრულებაზეც აქტიური მუშაობაა საჭირო და 2024 წელი სწორედ ამისათვის უნდა გამოვიყენოთ.


-როგორი იყო ამ მიმართულებით სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის როლი?

-სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა ევროკავშირისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ყოველთვის პრიორიტეტული და ანგარიშგასაწევია. ამ მხრივ მართლაც გამორჩეული იყო ქართული საზოგადოების ჩართულობა, განსაკუთრებით კი ნება მომეცით გამოვყო ჩემი თაობის, ახალგაზრდების აქტიურობა. გამოვარჩევდი „ახალგაზრდობის თანხმობის აქტის“ ინიციატივას, რაც დადებითად აისახა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ჩვენ მოვახერხეთ და გავაერთიანეთ ახალგაზრდული სივრცის ყველა აქტორი იმ ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების გარშემო, რომელიც მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოებრიობის ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი ევროპული მომავლისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა თაობამ გადავდგით დროული, მტკიცე ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და ვაჩვენეთ უპრეცენდენტო კონსოლიდაცია. თანხმობის აქტს ხელი მოაწერა 40-ზე მეტმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, არაერთი უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ და რაც მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა. საუბარია როგორც საპარლამენტო, ასევე, არასაპარლამენტო პარტიებზე. ასეთი ერთიანობის დემონსტრირება შთამბეჭდავი იყო ევროკავშირისთვის, რისი დასტურიცაა ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუციებიდან, მათ შორის, ევროკომისიიდან მიღებული წერილები. მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივას მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. შესანიშნავი შეხვედრები გვქონდა ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან, რომლებსაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე გადავეცით წერილები სახელმწიფოთა ლიდერების სახელზე, სადაც ვთხოვდით მათ მხარდაჭერას საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისათვის. ელჩებისგან მოვისმინეთ ინიციატივის დადებითი შეფასება და მივიღეთ ძლიერი მხარდაჭერა, რისთვისაც საჯარო მადლობას ვუხდი მათ.


-და როდესაც დღეს საქართველოს უკვე მიენიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი, რა არის შემდეგი ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე?

-როგორც წესი ქვეყნისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მიიღება გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყებაზე გაწევრებასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს ევროპულ გზაზე ისტორიის ახალი გვერდის წერას ვიწყებთ. კანდიდატის სტატუსი არ არის პროცესის დასასრული, პირიქით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული პროცესის დასაწყისი. ჩვენ ახლა ამ საწყის წერტილში ვართ. ამიტომ, აუცილებელია განწყობების სწორი მართვა, გადაჭარბებულმა მოლოდინებმა შეიძლება დააზიანოს კიდეც პროცესი. ჩვენ ახლა უნდა მოვემზადოთ მრავალწლიანი, შრომატევადი, აქტიური პროცესისთვის. თუმცა, სანამ ევროკავშირი მიიღებს საქართველოსთან მიმართებით წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნას, რა გადაწყვეტილებაც მაგალითად 14 დეკემბერს მიიღეს უკრაინისა და მოლდოვის მიმართებით, მანამ აუცილებელი იქნება ევროკომისიის ახალი 9 რეკომენდაციის შესრულება. სწორედ ამ პრიორიტეტების შესრულებასა და მიღწეულ პროგრესზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როდის გაიხსნება საქართველოსთვის მოლაპარაკებების პროცესი. თავის მხრივ მოლაპარაკების პროცესის გახსნაც არ იძლევა რაიმე გარანტიას და საზოგადოება ამასაც უნდა აცნობიერებდეს. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, მოლაპარაკებების 35 რაუნდი, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა დარგობრივ მიმართულებას და გულისხმობს არაერთი რეფორმის გატარების აუცილებლობას, რამაც რეალურად უნდა გვაქციოს ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ჩვენი ამოცანაც ხომ ესაა, მივიღოთ რეალური ცვლილებები, გაუმჯობესდეს ყოველდღიურობა და თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს პროცესით მიღებული სარგებელი. ასე, რომ კანდიდატის სტატუსი შესაძლებლობაა, მწვანე შუქია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და მეტი ძალისხმევა მივმართოთ ევროპული ინტეგრაციის პროცესისკენ.


-თქვენ ახსენეთ ევროკომისიის ახალი 9 რეკომენდაცია. მათგან რომელზეა საჭირო მეტი ძალისხმევის მიმართვა?


-შეიძლება ითქვას, რომ ყველა ამ რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად. ამ 9 დათქმიდან ალბათ საინტერესო სიახლეა რეკომენდაცია, რომელიც ეხება ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლას. ამ მიმართულებითაც როგორც სახელმწიფოს, ასევე, საზოგადოების როლი, მათ შორის, ახალგაზრდების როლი დიდია და ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ თანატოლებთან, რათა ეფექტურად დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციის ნაკადებს. მით უფრო მაშინ, როდესაც საინფორმაციო ომის პირობებში გვიწევს ცხოვრება, ჩვენც და ევროკავშირსაც. მოგეხსენებათ, 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, სწორედ ამიტომ, ბუნებრივია რომ ერთ-ერთი დათქმა მთლიანად ეხება სამართლიანი, თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის დაფიქსირებაც და ჩვენ ამ მიმართულებით მომავალი წლის განმავლობაში უნდა ვიმუშაოთ. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2024 წელი არჩევნების წელია თავად ევროკავშირისთვისაც. გამოწვევად რჩება პოლარიზაცია და ამ მიმართულებით აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა. ასევე, სასამართლო რეფორმის განხორციელების საკითხი.


-და ბოლოს, როგორია თქვენი გეგმები 2024 წლისთვის?


-ვფიქრობ, 2024 წელი საქართველოსთვის კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება. თუ შევძლებთ აქტიურ მუშაობას, და ეს აუცილებლად უნდა მოვახერხოთ, არსებობს რეალური შესაძლებლობა 2024 წლის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღოს. ახლა ეს უნდა იყოს ყველას ამოცანა. მნიშვნელოვანია, რომ ვიმოქმედოთ დროულად, სანამ შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა. ვფიქრობ, ამ მხრივ მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება ახალგაზრდებისთვის. ამ მიმართულებით ახლაც ინტენსიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ, იანვარში დასრულდება კონსულტაციები, რის შემდეგაც ფართო საზოგადოებას გავაცნობთ სამოქმედო გეგმას. ახალგაზრდებისთვის ამ გზაზე გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, კომუნიკაციის ახალი არხები, რაც გაზრდის მათ ჩართულობასა და მონაწილეობას, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ეს იქნება ძალიან აქტიური წელი და მზად უნდა ვიყოთ მეტი ძალისხმევის გაღებისთვის. მჯერა, აქტიური მუშაობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 2024 წლის დეკემბერში ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის მოლაპარაკების გახსნაზე. სხვა ალტერნატივა არც გვაქვს, ასე რომ მომავალ წელს თითოეული მოქალაქის აქტიურობა და მაღალი ჩართულობა იქნება გადამწყვეტი.


-მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის.

0
9
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0