x
გიორგი მამულაშვილი - "საქართველოს ბედი სამუდამოდ გადაეჯაჭვა ევროპას"

image


"ინტერმედია" გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს "საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის" დამფუძნებელთან, ორგანიზაცია "ევროპული ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელთან და საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსთან, გიორგი მამულაშვილთან.

-მოგესალმებით, ბატონო გიორგი. უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით ინტერვიუსათვის. პატივია, თქვენთან ერთად შევაჯამოთ 2022 წელი. თავდაპირველად, დავიწყოთ წლის ზოგადი მიმოხილვით. რა ძირითადი გამოწვევებით ხასიათდებოდა ეს წელი, როგორც გლობალურად, ისე ადგილობრივ დონეზე?

-მოგესალმებით, მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. ვფიქრობ, 2022 წელი ნამდვილად აღმოჩნდა გამოწვევებით აღსავსე პერიოდი, როგორც გლობალური მასშტაბით, ისე მიმდინარე ადგილობრივი პროცესებით. როდესაც ამ წელს ვაჯამებთ, რა თქმა უნდა, საუბარი უნდა დავიწყოთ უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომით. უკვე 300 დღეზე მეტია, რაც რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო გაუმართლებელი, ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია. უკრაინაში მიმდინარე ომი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, როგორც ევროპისთვის, ასევე, გლობალურად. რაც არაერთხელ ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა. იქნებოდა ეს სასურსათო კრიზისის საფრთხე, უკრაინის მიმართ დასავლეთის ქვეყნების მიერ უპრეცენდენტო მხარდაჭერის გაწევა, გაზრდილი ბირთვული საფრთხე თუ სხვა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო მამაც უკრაინელ ხალხს. ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის კონტურები სწორედ უკრაინაში იკვეთება, ასე რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მომდევნო თვეებს. თავისუფალი, დემოკრატიული სამყაროს ბედი ახლა უკრაინაში წყდება.

სწორედ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა აგრესიამ და უსაფრთხოების არქიტექტურის ასეთმა სწრაფმა ცვლილებამ გახადა შესაძლებელი იმ პროცესის დაჩქარება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე-ეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ამ მიმართულებით ქვეყნისათვის ისტორიული შესაძლებლობის ფანჯრის გახსნაა.

-თქვენ როგორ შეაფასებდით ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს? რამდენად იყენებს ქვეყანა გახსნილ შესაძლებლობის ფანჯარას?

-როგორც უკვე აღვნიშნე, მიმდინარე წელს საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2022 წელი ამ თვალსაზრისით გარდამტეხი მომენტია და ეს თითოეულმა ჩვენგანმა კარგად უნდა გაიაზროს. ასეთი შესაძლებლობები ხშირად არ ჩნდება და ფანჯარაც მუდმივად ვერ დარჩება ღია. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ეს მოცემულობა შექმნა იმ გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა, რაც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომმა და აგრესიამ მოიტანა.

როგორც იცით, მარტში საქართველოს მხრიდან გაკეთდა ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. შეგახსენებთ, რომ ამ განაცხადის გაკეთება მხოლოდ 2024 წელს იგეგმებოდა. პროცესები მნიშვნელოვნად დაჩქარდა. მიუხედავად იმისა, რომ წელს საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული მოვლენაა. კანდიდატის სტატუსის ამ ეტაპზე არ მინიჭებამ ერთგვარი იმედგაცრუება გამოიწვია და ეს გასაგებიცაა, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა შევაფასოთ ევროპული პერსპექტივის მონიჭების მნიშვნელობა. ამ გადაწყვეტილებით, ევროკავშირმა მისი გავლენის სივრცე ძალიან მკაფიოდ მოხაზა. დასრულდა დისკუსია გეოგრაფიულ საკითხზე, (თუ რამდენად არის საქართველო გეოგრაფიულად ევროპული სივრცის ნაწილი) და საქართველომ სამეზობლო პოლიტიკის სივრციდან გადაინაცვლა გაფართოების პოლიტიკის კონტექსტში. ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირმა ყველას უთხრა, რომ საქართველო ერთ დღესაც აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. საქართველოს ბედი სამუდამოდ გადაეჯაჭვა ევროპას. მარტივად რომ ვთქვათ, თუ აქამდე ევროკავშირი გვიყურებდა, როგორც მეზობელს, დღეს ის გვხედავს მისი ოჯახის პერსპექტიულ წევრად.

-როგორია თქვენი მოლოდინი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით?

-მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ივნისში საქართველომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებასა და დემოკრატიული პროცესების, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას. ახლა, ყველამ საერთო ძალისხმევა უნდა მივმართოთ ამ რეკომენდაციების სრულყოფილად და რაც შეიძლება მოკლე ვადაში შესასრულებლად. ასე, რომ ახლა ნიჰილიზმის დრო არ არის. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემი მოლოდინი პოზიტიურია და მჯერა, 2023 წლის ბოლოსთვის ქვეყანა მიიღებს ამ სტატუსს. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, არ გვაქვს უფლება ეს მომენტი და შესაძლებლობა გამოუყენებლი დარჩეს.

-პოზიტიური მოლოდინის მიუხედავად, რა სირთულეებს ხედავთ ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაში?

-ძირითადი გამოწვევა ალბათ დაკავშირებულია მძაფრ პოლარიზაციასთან, რაც შემდგომ ზეგავლენას ახდენს ფაქტობრივად ყველა პროცესზე. მუდმივი დაპირისპირება, უნდობლობა, ხისტი რიტორიკა და მუდმივი დაძაბულობა ხელს უშლის არაერთ საკითხზე პროგრესის მიღწევას. ასეთ გარემოში ძალიან რთულია შეთანხმების მიღწევა. თუმცა, ახლა როგორც არასდროს, ეროვნული ინტერესია თანხმობის ძიება, დიალოგი და თანამშრომლობის ხელშეწყობა. ეს ყველამ ერთად უნდა შევძლოთ. ამ მხრივ კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების როლი. ჩვენ უნდა გავხდეთ ხიდი გახლეჩილ პოლიტიკურ ძალებს შორის. ჩვენ ძალიან მკაფიოდ უნდა ვაჩვენოთ დაკვეთა-ყველამ გადადოს გვერდით ვიწრო ინტერესები და გაერთიანდეს და მთელი ძალისხმევით იმუშაოს ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების მისაღწევად. ჩვენი ეროვნული ინტერესი კი ისტორიულ ევროპულ ოჯახში ღირსეულად დაბრუნებაა, ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციითაცაა გამყარებული. ევროკავშირს კი ახლა ყველაზე მეტად ჩვენი ერთიანობის, ერთად მუშაობის ხილვა სურს.

-როგორია ამ პროცესში ახალგაზრდების როლი?

-ახალგაზრდების ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ის, რომ ახალგაზრდებს შეგვიძლია გვქონდეს პოზიტიური როლი გავლენა პროცესებზე ვფიქრობ, წელსაც დავადასტურეთ, ამის შესანიშნავი მაგალითი კი 26 მაისს, ორბელიანების ისტორიულ სასახლეში ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერ ახალგაზრდულ დეკლარაციაზე ხელმოწერა იყო. თამამად ვიტყვი, რომ ახალგაზრდული მიმართულებით ეს წლის ერთ-ერთი მოვლენაა. ჩვენ დეკლარირებულად დავადასტურეთ ერთგულება ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ. ეს იყო მკაფიო გზავნილი, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჩვენ ამ აქტით ვაჩვენეთ ერთიანობის მაგალითი ისეთი ეროვნული ინტერესის გარშემო, როგორიც ევროინტეგრაციაა. გავერთიანდით განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების, პროფესიული მიმართულების ახალგაზრდები და ავსახეთ საერთო პრინციპები, ღირებულებები ერთ დოკუმენტში. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისათვის.

-გარდა ევროკავშირისა, როგორია სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის დინამიკა?

-ვფიქრობ, გასული წლების მსგავსად, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის დინამიკა ძალიან დადებითია. თანამშრომლობა გრძელდება ფაქტობრივად ყველა დარგობრივი მიმართულებით. ის მხარდაჭერა, რასაც საქართველო სტრატეგიული პარტნიორისგან იღებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, წელს აქტიურად აღინიშნება ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. ახალგაზრდებმა ამ მიმართულებითაც შევძელით ძალიან კარგი პრეცენდენტის შექმნა-კერძოდ, ვგულისხმობ 29 ნოემბერს, ეროვნულ სასახლეში ხელმოწერილ ახალგაზრდულ მანიფესტს, რომელმაც მხარი დაუჭირა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. მანიფესტი, რომელსაც ხელი მოაწერა არაერთმა ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, ასევე, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტებმა, გამოხატავს მადლიერებას ამერიკის მთავრობისა და მეგობარი ამერიკელი ხალხის მიმართ ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და ღირსეული პარტნიორობისთვის. ეს აქტი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს საინფორმაციო ომის პირობებში, მაშინ, როცა რიგი ძალები ცდილობენ აშშ-ის დისკრედიტაციასა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის ჩრდილის მიყენებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება ეროვნული სასახლის თბილისის ამერიკულ კუთხის ეგიდით გაიმართა, გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო კუთხის კოორდინატორს, ქალბატონ ნათელა ურუშაძეს ძლიერი მხარდაჭერისათვის.

-და ბოლოს, როგორი გეგმებით ხვდებით 2023 წელს?

-ვფიქრობ, 2023 წელი ნამდვილად იქნება ძალიან აქტიური და დატვირთული. წინ შრომატევადი საქმეა შესასრულებელი. მნიშვნელოვანია, დროულად შევძლოთ პროგრესის მიღწევა, მათ შორის, ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან მიმართებით, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. დასაკარგი დრო არ გვაქვს, ასე რომ ახლა დროა მთელი ძალისხმევა მივმართოთ საქმისკენ და რაც მთავარია, დავძლიოთ პოლარიზაცია. მჯერა, ახალგაზრდები მნიშვნელოვან წვლის შევიტანთ ამ პროცესში. ვაფუძნებთ ახალგაზრდულ ფორუმს და ვგეგმავთ პანელური დისკუსიები, აქტიური შეხვედრები გავმართოთ ქვეყნის ყველა უნივერსიტეტში და არა მხოლოდ უნივერსიტეტებში. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გავაერთიანოთ იმ საერთო მიზნის გარშემო, რასაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჰქვია. ეს იქნება ღია ფორმატის დისკუსიები, სადაც თითოეულ ახალგაზრდას შეეძლება ჩართულობა, ასე რომ მოვუწოდებ მათ აქტიურობისკენ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდული ინიციატივების, იდეების გაჟღერება.

გარდა ამისა, ვხედავთ თუ რამდენად იზრდება შავი ზღვის მნიშვნელობა. მათ შორის, უსაფრთხოების კონტექსტში. ეს ხდება საკვანძო საკითხი, როგორც ევროკავშირთან, ისე ნატო-სთან თანამშრომლობის კონტექსტში. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ რიგი მნიშვნელოვანი ინიციატივების გაჟღერებას, ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს.


-მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის და გისურვებთ წარმატებას.

ლევან აკობია

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:ლევან აკობია
ლევან აკობია
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0